მთავარი,სიახლეები

კერძო კომპანიის მადანს შეწირული ქალაქი [ვიდეო]

14.04.2021 • 2135
კერძო კომპანიის მადანს შეწირული ქალაქი [ვიდეო]

ზესტაფონის ბაზართან ახლოს კერძო კომპანიამ 11 180 კვ.მეტრი ტერიტორია გადათხარა. ახლა აქ დაახლოებით 3-სართულიანი სახლის სიმაღლის ორმოა ამოთხრილი. არ ვიცით, ამის გამო რა საფრთხე შეექმნა აქ არსებულ შენობებს, სადაც მოქმედი კომერციული ობიექტებია განთავსებული, რადგან ეს საკითხი ჯერ არავის შეუსწავლია. კომპანიას აქ სასარგებლო წიაღისეულის ამოღების უფლება ისე მისცეს, რომ მისი მოპოვების ტექნოლოგიური სქემა არ წარუდგენია. ამ ლიცენზიაში „ოცნების“ შემწირველმა ბიზნესმენმა და მისმა პარტნიორმა მილიონი ლარი გადაიხადეს.

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ზესტაფონის  მუნიციპალიტეტისთვის დასაქმების მთავარი ადგილია. აქ ერთ მონაკვეთში, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძვირფასი ლითონი სილიკომანგანუმი.

ძვირფასი ლითონის ამოსაღებად კომპანია თვეების განმავლობაში სამუშაოებს აწარმოებდა ისე, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებში ადამიანები მუშაობდნენ. სამთავრობო სტრუქტურებიდან არავის უფიქრია იმაზე, რომ აქ დასაქმებულებისთვის კომპენსაცია თუნდაც იმისთვის გაეთვალისწინებინათ, რომ სამუშაოების წარმოების პერიოდში, როდესაც მათი შენობების ქვეშ „ყველაფერი ზანზარებდა“, დროებით შეჩერების შესაძლებლობა მისცემოდათ.

2020 წლის ოქტომბერში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ლითონის ქერქული ნარჩენების მოპოვებაზე ლიცენზია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე გასცა.

ლიცენზიის მფლობელ კომპანიას შპს „ემანუკას“ 11 180 კვადრატულ მეტრზე 83 151 ტონა ნედლეულის ამოღების უფლება მოიპოვა და ამოიღო კიდეც. კომპანიას ასევე მისცეს ტერიტორიის 10 მეტრ სიღრმეზე ამოთხრის უფლება – ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიამ 1 მილიონი ლარი გადაიხადა.

ლიცენზიის მოქმედების ვადად ერთი წელი განისაზღვრა, კომპანიას 2021 წლის ოქტომბრამდე აქვს სამუშაოების გაგრძელების ვადა და ვინაიდან ქუჩის მოპირკეთება ჯერ კიდევ არ დაუწყია, სავარაუდოდ ზესტაფონში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მინიმუმ წლის ბოლომდე გადათხრილი იქნება.

„ჭანტურიას ქუჩაზე, რომელიც არის მოქმედი სავაჭრო გზა და ერთადერთი ადგილი ზესტაფონში, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული, შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირე მეწარმეებისთვის არის ეს ქუჩა. ამ ქუჩის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის მოპოვებისთვის გასცეს ლიცენზია ისე, რომ არავის არ უფიქრია ამ ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემაზე, ასევე ამ ქუჩის მიმდებარე შენობების კონსტრუქციულ მდგრადობაზე, იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს სამუშაოები მათ შეუქმნის. ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებდა ეს ქუჩა პანდემიის პირობებში, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა ეს ხალხი“, – ამბობს ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორ-ურბანისტი.

ანა ზესტაფონელია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი „ლელოდან“. წინასაარჩევნოდ მან ქალაქში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტებიც გამოითხოვა და შეისწავლა.

ის, როგორც არქიტექტორ-ურბანისტი, ეჭვქვეშ აყენებს ასევე ამოთხრილი ტერიტორიის შევსების ტექნოლოგიას:

„ეს ორმო შეავსეს ორ დღეში, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, ამიტომაც ეს ქუჩა ყოველთვის პრობლემური იქნება. ამაზე გადაგებული ასფალტი იქნება დროებითი და ის ერთი წელიც ვერ იმუშავებს. ამ ქუჩის მშენებლობის ნებართვა გასცა ზესტაფონის მერიამ  12 თვის ვადით. ეს არის კატასტროფა ამ ადამიანებისთვის. ანუ აგვისტოსა და სექტემბერში იქ გაუსაძლისი ვითარება იქნება, ამას ემატება სატრანსპორტო კოლაფსი, რაც იქ არის შექმნილი. ადამიანები მუშაობდნენ პირობებში, როდესაც მათი შენობის ქვეშ ყველაფერი ზანზარებდა.“

სალიცენზიო პირობები წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის ბრძანებით განისაზღვრა [ #1166ს] შესაბამისი სამუშაოების დაწყების ნებართვა ზესტაფონის მერისგან კომპანიამ 2021 წლის იანვარში მიიღო. ნებართვის მიხედვით, მერიამ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება მისცა, ბრძანებაში ჩაიწერა, რომ ეს არის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები.

შპს „ემენუკა“ 2020 წლის ივლისში დააფუძნეს, კომპანიის 50-50 პროცენტს შალვა სირაძე და გიორგი ხუტაშვილი ინაწილებენ.

შალვა სირაძემ 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს კი „ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ასევე 60 000 ლარი. შალვა სირაძე რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და წილების მფლობელია. ის იყო ასევე შპს „აუდორ მედია ჰაუის“ დირექტორი, სადაც მისი პარტნიორი დავით კეზერაშივილიც იყო.

ზესტაფონში კიდევ სამი ქუჩაა გადათხრილი, რაც ადგილობრივების თქმით, გაუსაძლის ვითარებას ქმნის – გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების ჯგუფს როგორც გამოძახების ადგილზე, ასევე გამოძახებიდან საავადმყოფომდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: