მთავარი,სიახლეები

შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

15.04.2021 • 33886
შეიძლება კოვიდით ინფიცირება ქუჩაში? – რას ამბობენ გერმანელი მეცნიერები

აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს.

აეროზოლების კვლევის საზოგადოების მკვლევარებმა 11 აპრილს გაავრცელეს ღია წერილი. მათ გერმანიის მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, პანდემიის სამართავად არ გამოიყენონ კომენდანტის საათი.

გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში და ამავდროულად ნიღბის გარეშე ყავის დალევა კაფეში მეგობრებთან ერთად არ არის ის ზომები, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტში მათთან მეცნიერების წერილზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სუფთა ჰაერზე კოვიდით ინფიცირება იშვიათად ხდება და საჭირო დისტანციის შენარჩუნების შემთხვევაში ინფიცირების რისკი მინიმალურია.

„თუ შემოვიღებთ აკრძალვას სახლიდან გასვლაზე, ეს იქნება სიგნალი მოსახლეობისთვის, რომ ქუჩაში გასვლა საშიშია. მაგრამ ეს სრულებით არ არის ასე,“ – აცხადებს ფიზიკოსი გერჰარდ შოიხი, რომელიც ადრე GAeF-ს ხელმძღვანელობდა.

მართალია, ქუჩაში კოვიდით ინფიცირების საფრთხე უფრო დაბალია, ვიდრე დახურულ შენობაში, თუმცა მნიშვნელოვანია კორონავირუსის იმ ვარიანტების გათვალისწინება, რომელთაც მუტაცია განიცადეს.

ინფექციის გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ე.წ. აეროზოლები – სითხის უმცირესი ნაწილაკები, რომლებსაც ინფიცირებული სუნთქვისას გამოყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ სუფთა ჰაერზე ეს ნაწილაკები უფრო ნაკლებად არიან საშიში, ვიდრე დახურულ შენობაში.

„ეს დაკავშირებულია ჰაერის აქტიურ ცირკულაციასთან“ – განმარტავს „დოიჩე ველესთან“ ნიკო მუტერსი, ბონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

მას ეთანხმება ბირგიტ ვენერიც, ლაიბნიცის ტროპოსფერული კვლევითი  ინსტიტუტის მკვლევარი. მეცნიერის თქმით, სუფთა ჰაერზე სუნთქვისას სითხის ნაწილაკები უფრო სწრაფად შრება.

მიუხედავად ამისა, ქუჩაში კორონავირუსით ინფიცირების რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ინფიცირება შესაძლებელია, როცა საუბარია განსაზღვრულ ფართობზე ადამიანების დიდ თავშეყრაზე. ასე, რომ სოციალური დისტანციის დაცვა [მეტრ-ნახევარი] სუფთა ჰაერზეც საჭიროა.

„თუ ასე არ ვიზამთ და ვილაპარაკებთ ერთმანეთთან სახის სახესთან ახლოს მიტანით და ხმამაღლა, შეიძლება დავაინფიციროთ თანამოსაუბრე,“ – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი ალექსანდრ კეკულე.

დასკვნა ასეთია: საჭიროა გადახვევისა და გადაკოცნისგან თავის შეკავება, ხოლო ჩვეულებრივი შეხვედრისას, როცა, მაგალითად, გვერდით ჩაუვლით ადამიანს, ინფიცირების რისკი არ დგება – ამბობს ექსპერტი.

_____________

მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მასალებზე დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: