ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული.
„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.
საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა საჯარო შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში [კანონით, მოწევა ასევე აკრძალულია სადარბაზოშიც, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი].
ახალი დადგენილება პარლამენტმა სწორედ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე მიიღო 13 აპრილს.
პარლამენტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) [ამ კანონისადმი] მხარდაჭერის მაჩვენებელიც. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს.“
პარლამენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ [რომლითაც მთელი რიგი აკრძალვები დაწესდა], „მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონადაა აღიარებული; მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით“.
ამ თემაზე ვრცლად:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/340051/