განათლება,მთავარი,სიახლეები

8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

14.04.2021 • 959
8 მლნ ლარი გამოუყვეს ფონდს, სადაც აუდიტმა დარღვევები აღმოაჩინა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უპრეცენდენტოდ მაღალ დაფინანსებას – 8 მილიონ ლარს მიიღებს ფუნდამენტური კვლევებისთვის.

„დაფინანსება მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის კონკურსია გამოცხადებული, „რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შემზღუდველი საკონკურსო პირობები და არათანაბარი მიდგომა

„ბათუმელები“ გაეცნო 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც რუსთაველის სამეცნიერო ფონდში, 2017-2019 წლებში, გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულებას ეხება.

მაგალითად, სახელმწიფო აუდიტი ამ ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების კონკურსთან დაკავშირებით წერს, რომ 2017-2018 წლებში, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფისა და ფონდის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, დაზუსტების უფლების გარეშე, საგრანტო კონკურსიდან 1 116 855 ლარის ღირებულების შვიდი სამეცნიერო პროექტი მოიხსნა. „მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, ფონდმა საშუალება მისცა კონკურსანტებს დაეზუსტებინათ ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, მონაწილეები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში“.

აუდიტის დასკვნაში  ნათქვამია, რომ ფონდის მიერ შემუშავებული რეგულაციები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან:

„აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ 2018 წელს, ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პირველივე ეტაპიდან მოიხსნა 45 საგრანტო პროექტი“.

შეფასება განსხვავებული საპროექტო დოკუმენტაციით

ამ ნაწილში აუდიტი ამბობს, რომ საგრანტო წინადადებების შესაფასებლად ექსპერტებს წარედგინებათ აპლიკანტის ინგლისურენოვანი ვერსია, ხოლო ხელშეკრულება ფორმდება ქართულ ვერსიაში ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე.

„ფონდი არ ახორციელებდა საპროექტო დოკუმენტაციის ინგლისური და ქართული ვერსიების შედარებას. შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში პროექტის ინგლისურენოვან ვერსიაში ექსპერტი აფასებდა კვლევის მიზნებს, ამოცანებს, მეთოდოლოგიასა და ინოვაციურობას, რომელზეც შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, კონკურსანტი არ იღებდა ვალდებულებას“.

აუდიტის მასალების მიხედვით, 2017-2019 წლებში ასეთი 12 შემთხვევა გამოვლინდა, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება პროექტის ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის.

ეს „მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა კონკურსიდან მოხსნის საფუძველი გამხდარიყო“, – ამბობს აუდიტი.

სამეცნიერო შეფასება დაუსაბუთებელი ჩარევით

სახელმწიფო აუდიტი ფუნდამენტური კვლევების კონკურსის დროს გამოვლენილ კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ფონდის არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ კონკურსანტები 2017 წელს ჩატარებულ კონკურსში:

„პროექტების შეფასების შედეგების ხელახლა გადახედვას 192 პროექტის ნაცვლად, დაექვემდებარა მხოლოდ 82 პროექტი, რამაც გავლენა იქონია კონკურსის საბოლოო შედეგებზე“.

გამოყენებითი კვლევების კონკურს

აუდიტმა დარღვევები გამოავლინა ფონდის მიერ ჩატარებულ გამოყენებითი კვლევების კონკურსშიც. კერძოდ, გამოვლინდა ადმინისტრირების ნაკლოვანებები:

„ტექნიკური ექსპერტიზის არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსებულია 1 959 600 ლარის ღირებულების ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ გამარჯვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს“.

არაპატენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები

ამავე დასკვნის მიხედვით, გამოყენებითი საგრანტო კვლევების კონკურსის ადმინისტრირებისას არ არის გათვალისწინებული პატენტის ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანოს, საქპატენტის დასკვნები, კონცეფციის პატენტუნარიანობასთან დაკავშირებით.

„შედეგად, დადგენილი ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით დაფინანსდა 2 068 330 ლარის ღირებულების საგრანტო პროექტი“.

საგრანტო პროექტების შესრულება

დარღვევა გამოვლინდა 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის დაფინანსების ნაწილშიც, რომელსაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებდნენ.

„ფონდმა აიღო ვალდებულება დაეფარა დაფინანსების 50%, რაც ეწინააღმდეგება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ნორმას, რომლის მიხედვით, დაფინანსება უნდა შეადგენდეს 30%-ს. შესაბამისად, ფონდის ხელმძღვანელობამ დაუსაბუთებელად აიღო ვალდებულება, ზედმეტად აენაზღაურებინა გრანტის მიმღები სუბიექტებისთვის 35 334 ლარი,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

დაუსაბუთებელი სამივლინებო ანაზღაურება

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ დააფინანსა სასტუმროსა და დღიური ნორმის ხარჯები, საერთო ღირებულებით – 20 055 ლარი.

აუდიტი ამბობს, რომ მივლინებული პირები იმყოფებოდნენ 30 კმ-მდე მანძილზე, საიდანაც შესაძლებელი იყო სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება. თუმცა, მივლინებული პირები იმავე ადგილას უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი საცხოვრებლით“.

დაუსრულებელი კვლევები

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფონდში აღრიცხულია 8 313 517 ლარის საგრანტო პროექტები, რომლებიც 2010 -2019 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ფონდს არ აქვს შემუშავებული კრიტერიუმები შესრულების ვალდებულების გადავადების შესახებ. შედეგად, ფონდმა დააკმაყოფილა ყველა მიმართვა ვალდებულების გადავადებასთან მიმართებით და არ შეწყვიტა ხელშეკრულება არც ერთ გრანტის მიმღებთან,“ – წერს აუდიტი.

ამავე დასკვნის მიხედვით, ფონდის გადაწყვეტილებები ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული. „საპასუხო წერილებში არ არის ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ცვლილებებზე.

რიგ შემთხვევებში ცვლილების საფუძველია სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები. შედეგად, ხელშემკვრელ მხარეებთან საკითხების დაზუსტება არათანაბარ პირობებში ხორციელდება,“ – ამბობს აუდიტი.

სამეცნიერო ღირებულების შეფასების უგულებელყოფა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2017-2019 წლებში საგრანტო დაფინანსებისთვის გაწეულია 50 849 179 ლარის საკასო ხარჯი. თუმცა ფონდი „სამეცნიერო ღირებულებისა და ეფექტიანობის შეფასებას არ ახორციელებს“.

ეთანხმება თუ არა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებებს და რა შეიცვალა ფონდში ამ დასკვნების გაცნობის შემდეგ? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ფონდსაც მიმართა. თუმცა ჯერჯერობით ფონდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: