მთავარი,სიახლეები

როცა აუდიტის დასკვნის გამო ერთ ჩინოვნიკს სჯიან და სხვებს არა – ბულვარის დირექტორის საქმე

13.04.2021 • 2274
როცა აუდიტის დასკვნის გამო ერთ ჩინოვნიკს სჯიან და სხვებს არა – ბულვარის დირექტორის საქმე

ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების მთავარ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დაასახელეს, მაშინ, როცა ასეთივე კრიტიკული დასკვნისა და თითქმის იდენტური შეფასების გამო თანამდებობა არ დაუტოვებია სხვა არც ერთ ჩინოვნიკს. აუდიტმა დასკვნა 2020 წელს გამოაქვეყნა, ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე კი საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთვის“ პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გადაცემას ღიად დაუპირისპირდა.

აქ წაიკითხეთ: „წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის“ – ბათუმის ბულვარის დირექტორი

 

დღეს, 13 აპრილს, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მოტივზე საუბრისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტები. მაშინ, როცა სახელმწიფო აუდიტი არანაკლებ კრიტიკულია, მათ შორის ჯაბა ფუტკარაძის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების მუშაობის შეფასებისას.

აუდიტს არანაკლები კითხვები აქვს აჭარის მთავრობის, ასევე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასა და ამ ქონების გასხვისების ფასებზე, რაშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობს, მინისტრი ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას არ გრძნობს და აუდიტის შეფასებას უწოდებს „სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას“.

ჯაბა ფუტკარაძეს არც ის უქმნის უხერხულობას, რომ სამინისტრო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული თანხის ამოღებას ვერ ახერხებს და ეს თანხა 75 მილიონი ლარია. აუდიტი სწორედ ამაზე და სამინისტროში არსებულ ბევრ სხვა პრობლემაზე წერს.

აქ წაიკითხეთ: 75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი

იმავე მიზეზით – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  გაცილებით მწვავე დასკვნის გამო თანამდებობიდან არ დაუთხოვიათ, მაგალითად, არჩილ ჩიქოვანი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მისი უწყების შემოწმების შემდეგ დაწერა, რომ აჭარის გზების დეპარტამენტში თანხა არამიზნობრივად დახარჯეს, ჩაიბარეს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც ექსპერტის მიერ არ იყო დადასტურებული.

კვლევა ეხებოდა 2016-2017 წლების შესყიდვებს, როცა დეპარტამენტს სწორედ არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ამ ამბის შემდეგ ის დაწინაურდა კიდეც: თორნიკე რიჟვაძემ მეგობარი და მეჯვარე ჯერ მთავრობის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად გადაიყვანა, დღეს კი ის ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია და სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, მერობის კანდიდატი იქნება „ოცნებიდან.“

აქ წაიკითხეთ: დარღვევები აჭარის გზების დეპარტამენტის საქმიანობაში – აუდიტმა ანგარიში გამოაქვეყნა

გზების დეპარტამენტის მიერ გახარჯულია საბიუჯეტო სახსრები, მაშინ, როცა ფარული სამუშაოს აქტებით არ არის დადასტურებული სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება, არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ფარულ სამუშაოებზე არ არის დადგენილი მოცულობები.

დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს.

რა წერია ბულვარის საქმეში, რისთვისაც ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს

აუდიტის დასკვნა, რის საფუძველზეც ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს, ბათუმის ახალ ბულვარში ფილების, ბორდიურებისა და ჭების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ეხება. პროკურატურა და ასევე ანტიკორუფციული სამსახური ბულვარის ადმინისტრაციას ბიუჯეტის ფულის არამართლზომიერ ხარჯვას ედავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სამუშაოს შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 2018 წლის თებერვალში გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 083 556 ლარი იყო. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა, ხელშეკრულება კი 2 041 884 ლარზე  გააფორმეს გამარჯვებულ შპს „მონოლითი 2005-თან“.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ახალ ბულვარში ბუნებრივი გრანიტის ფილების დემონტაჟი და ადგილზე დასაწყობება, ხოლო შემდგომ იმავე მოცულობის ფილების დაგება, პროექტის შესაბამისად.

აუდიტორი წერს, რომ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ფილების დაგების სამუშაოებისთვის შემსყიდველმა გადაიხადა ჯამში 483 978 ლარი, სადაც 143 635 ლარი სსიპ – ბათუმის ბულვარის საკუთრებაში უკვე არსებული ფილების ღირებულებაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო განფასებული და, შესაბამისად, არც − გადახდილი.

თანხის გადახდის შემდეგ, ბულვარის ადმინისტრაციაში შეცდომა გაანალიზეს და მისი გამოსწორების მიზნით 2020 წლის 20 ივლისს სასამართლოს მიმართეს სარჩელით, მიმწოდებლისათვის 102 462 ლარის უკან დაბრუნებაზე. ეს არის უშუალოდ ფილების ღირებულება.

აუდიტორი წერს, რომ  საქმის მასალების შესწავლის პერიოდში, სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა და მოთხოვნის მოცულობა 143 635 ლარამდე გაიზარდა.

დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ჯამში 3 224 კვ.მ. მეორეული ფილები და ბორდიურები დატვირთა, მიიტანა და დაცალა მერიის სამეურნეო ეზოში, რისთვისაც 27 912 ლარი გადაუხადეს. თუმცა ბათუმის ბულვარსა და მერიას შორის გაფორმებული მატერიალური აქტივების მიღების აქტის თანახმად, მერიას ჯამში მიღებული აქვს 1782 კვ.მ ფილა. შესაბამისად, არ დასტურდება 12 484 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუდიტმა დაადგინა, რომ  ბათუმის ბულვარმა საკუთარ ფილებში გადაიხადა 143 635 ლარი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის – 12 484 ლარი. შედეგად, ჯამში ზედმეტად გადახდილია 156 119 ლარი.

 

რას ამბობენ „მონოლითი 2005-ში“ 

„ეს შეცდომაა, ფილის ღირებულების თანხა კომპანიას არ წაუღია, წავიღე ფილაზე გაწეული სამუშაოს ღირებულება“, – ამბობს შპს „მონოლითი 2005“- ის დირექტორი.

მერაბ დოლიძე აცხადებს, რომ საპროექტო დოკუმენტით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი  კომპანიისთვის ბულვარის ადმინისტრაციას არ გადაუხდია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ შეცდომას და ბულვარში შესრულებული სამუშაოს ხარჯის სრულად დასაბუთება შეუძლია. ის იმედოვნებს, რომ ამ ყველაფერს სასამართლო გამოარკვევს.

„მზად ვარ ამ საკითხზე ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, გაჩვენოთ ყველა დოკუმენტი.  ჩვენ სუსმაც დაგვკითხა, პროკურატურამაც და ყველაფერი დადგინდება. აქ საქმე გვაქვს ტექნიკურ შეცდომასთან, რიგი ჩანაწერების გაკეთებას ითხოვდა სატენდერო დოკუმენტაცია და თუ ამ ყველაფერს სრულყოფილად არ შევავსებდ, დისკვალიფიკაციას მომცემდნენ. საპროექტო დოკუმენტით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ჩვენ არ წაგვიღია, ელექტრონული ვაჭრობის დროს თანხა დავაკელით თავიდანვე და საბოლოოდ 300 000 ლარით ნაკლებად შევასრულეთ სამუშაო.

ამოღებული ფილა დავჭერით და დავაგეთ, ამაზე შევთანხმდით, მაგრამ დოკუმენტურად არ არის ასახული, ესეც იყო შეცდომა. დატეხილი ფილები გავიტანეთ მათივე თანხმობით, აქ ვერ დავჭერით, რადგან სქელი იყო, წავიღეთ ქუთაისში სპეციალურ დანადგარზე, გავწიე დამატებითი ხარჯი 48 000 ლარი, რომ ეს ფილები არ გადაგვეყარა და გამოგვეყენებინა. ჩვენ აუდიტს ყველა ეს დოკუმენტი და შესაბამისი ზედნადებები წარვუდგინეთ. შევასრულეთ დამატებითი სამუშაოები, რომლისთვისაც ანაზღაურება არ მოგვითხოვია“, -ამბობს მერაბ დოლიძე.

ის აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შემდეგ მისი ღირებულება კიდევ უფრო შემცირდა. ჩვენ დაზუსტებაც მოვითხოვეთ ხელშეკრულებაში, მე საპროექტოსაც მივმართე დაზიანებულ ფილებთან დაკავშირებით, ამას არ დავაგებ-მეთქი – სხვა სურათს მივიღებდი. ამის შემდეგ კიდევ შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება. ყველა საბუთს რომ გადახედოთ, კარგად მიხვდებით, რომ იქ დანაშაული არ მომხდარა“.

 

რას გვაჩვენებს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტები

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით, ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა. დასტურდება მერაბ დოლიძის ინფორმაციაც, რომ ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა და ის საბოლოოდ 1 842 859 ლარზე ჩამოვიდა. ეს პირველი შეთანხმების ფასთან შედარებით 199 025 ლარით ნაკლებია, ხოლო ტენდერის საწყის ღირებულებასთან შედარებით 240 694 ლარით ნაკლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: