მთავარი,სიახლეები

„ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

14.04.2021 • 983
„ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

საზოგადოება „ბათომი“ მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 14 აპრილს,  17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს.

„ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს,“ – იქნება აქციის სლოგანი.

„დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი დასაცავია არა მხოლოდ ბათუმი და მისი ისტორია, ბულვარი, პლაჟი, რივიერა და მისი ულამაზესი სივრცე, არამედ ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც, რომლებიც სისტემას პროფესიულად უპირისპირდებიან.

14 აპრილს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან  შევიკრიბოთ და ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირება და ქალაქის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა დანაშაულია,“ – წერია ღონისძიების ფეისბუქგვერდზე.

საჯარო მოხელე, რომლის პოსტიდან გათავისუფლებასაც დღეს ბათუმში გააპროტესტებენ, ირაკლი ჯინჭარაძეა, ბათუმის ბულვარის ახლა უკვე ყოფილი დირექტორი.

12 აპრილს ის ბულვარის დირექტორობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მისი საჯარო პროტესტი ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომაზე.

ამ დღეს საკრებულოში ბულვარის მოპირდაპირე მხარეს პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილებოდა, ირაკლი ჯინჭარაძემ კი განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის, რადგან მსგავს პრაქტიკას შედეგი არ მოუტანია. ბულვარის ყოფილმა დირექტორმა მაშინ ასევე აღნიშნა, რომ პლაჟის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დადგეს რეალობა, როცა ვეღარავინ შევა პლაჟზე თანხის გადახდის გარეშე.

„ეს კი შეუძლებელია, ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის. არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გვაქვს, ამიტომ ის უნდა იყოს ყველასათვის.

ბათუმის ბულვარის პლაჟით სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ჰყოფნით!“ – განაცხადა საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ირაკლი ჯინჭარაძემ.

ირაკლი ჯინჭარაძემ 12 აპრილს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ტელევიზიით შეიტყო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ქალაქის დასაცავად იბრძოლებს.


„დაიცავი ბულვარის“ აქტივისტი, ირმა ზოიძე ამბობს, რომ ირაკლი ჯინჭარაძის პროტესტმა 30 მარტის სხდომაზევე  გააღიზიანა საკრებულოს წევრები.

„ბულვარის დირექტორს, რომელსაც პირდაპირ აქვს ვალდებულება დაიცვას და გაუფრთხილდეს ბულვარს, იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც იქ ხდება,  სთხოვდნენ დაეტოვებინა დარბაზი, სადაც ბულვარის საკითხი განიხილებოდა, წარმოგიდგენიათ ხომ?

მოსალოდნელი იყო რომ ამ ტიპის პროტესტის შემდეგ, რაც ჯინჭარაძემ გამოხატა, მას თანამდებობას დაატოვებინებდნენ, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ ასე ღიად ვერ დაუპირისპირდებოდნენ.

საკრებულო და მთავრობის თავმჯდომარე მიხვდნენ, რომ ირაკლი არ ხუმრობდა და მისი პროტესტი სხვა საჯარო მოხელეებისთვისაც იყო ნიშანი, ამიტომ მისი სამაგალითოდ დასჯა იყო აუცილებელი. ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება სხვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ ამგვარი განცხადებები დასჯადია.

ეს არის ადამიანის დევნა, ბრძოლა იმის წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

მოვითხოვთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ამ ფორმით ურთიერთობა და მართვა სისტემური დანაშაულია, რასც არ შევეგუებით“ – ამბობს „დაიცავი ბულვარის“ აქტივისტი, ირმა ზოიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: