თითქმის ერთი წელია საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვებით უწევთ გადაადგილება.
12 მარტის მონაცემებით, თურქეთში წასვლის მსურველთათვის რამდენიმე სიახლეა – შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პირობები.
ვიზიტი თურქეთში
[checklist]
15 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონელექტრონული განაცხადის ფორმა. ელექტრონული ანკეტა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
[/checklist]
ოფიციალური ინფორმაციით, ამ რეგულაციის მიზანია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი. მას შემდეგ, რაც მოქალაქე პირადი მონაცემებს შეიყვანს ვებგვერდზე, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. HES კოდის გენერირებას. კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისას.
მეორე ცვლილება ეხება PCR ტესტს.
[checklist]
სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესული უცხო ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულები არიან საზღვარზე წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე. ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა რამე 15 აპრილის შემდეგ.
[/checklist]
დასაქმება თურქეთში
კიდევ ერთი სიახლე ეხება თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალ რეგისტრაციას. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა.
[checklist]
იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ამ სააგენტოს ვებგვერდზეabroadworkers.moh.gov.ge პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი.
[/checklist]
აუცილებელია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ და საზღვარზე თან იქონიონ 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილი და მისი ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, 2020 წლის 3 აგვისტოდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი მოქმედებს. თურქეთში შესვლისთვის აუცილებელია ოფიციალური მიწვევა დამსაქმებლისგან.
დღეს, 12 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დილით უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, დღის განმავლობაში კი იგეგმება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა შესული.
ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ სიტუაციას, ამიტომაც, ახლა არის დრო პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა იხმარონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელის და ქალბატონ დეგნანის როლი, არის ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.
პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმეა უკვე თვითონ იპოვონ გამოსავალი ჩვენი დახმარებით, გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და გაუმკლავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია. ეს არის ხედვა იმისკენ, რომ უფრო გავერთიანდეთ.
დილით შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხდები სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვნახავთ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს,“ – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოში „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
ის საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, პარტიებს შორის დიალოგს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად გაუწევს მედიაციას.
სენაკში ო.ბ.-მ დედას ორლულიანი თოფით, ახლო მანძილიდან ესროლა იმიტომ, რომ ის ქალია. ეს პროკურატურის ვერსიაა. შემთხვევაა 29 იანვარს მოხდა.
პროკურატურა ბრალდებულს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, გასროლის შედეგად ქალს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები აქვს. სამედიცინო დახმარების შედეგად ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ბრალდებულს სენაკის სასამართლომ უკვე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
27 წლის ნაირა ხოზრევანიძე ორი შვილის დედაა. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არ აქვს სახლი და არც სამსახური. 240 ლარიდან, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან, 200 ლარს ბინის ქირაში იხდის. საჭმელს უფასო სასადილოდან იღებს.
როგორია ცხოვრება პანდემიაში, უსახლკაროდ, ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ მამასთან ერთად – ნაირა ხოზრევანიძე „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“.
პანდემიამდე
ვერ ვიტყვი, რომ არ მიჭირდა, მაგრამ სამსახური მაინც მქონდა. პანდემიის დაწყებამდე „გრილ შაურმაში“ ვმუშაობდი, ღამის ცვლაში. დღე ბავშვებს ვუვლიდი, ღამე ვტოვებდი მამაჩემთან და დილამდე ვმუშაობდი. დღეში 15 ლარი მქონდა ანაზღაურება, მეშაურმის დამხმარე ვიყავი. 450 ლარი გამომდიოდა ხელფასი. გაჭირვებით, მაგრამ მყოფნიდა. მართალია, დღე და ღამე არეული მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს აღარ დავეძებდი.
რაც პანდემია დაიწყო, ვერ გავედი და ვერსად ვიმუშავე. ვეცადე, ბევრი ვეძებე სამუშაო, რესტორნებში და კაფეებშიც ვიყავი. უფროსები მეუბნებოდნენ, კი ბატონო, მოდი, იმუშავე, მაგრამ ჩვენც ცუდ დღეში ვართ, ფული რომ ვერ გაგატანოთ შენს შვილებთან, მერე რა ვქნათო?
უსახლკარობა
15 წლის გავთხოვდი, მეცხრე კლასიდან, არასრულწლოვანი ვიყავი. საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ მოვასწარი. სწავლა აღარც გამიგრძელებია. 9 და 6 წლის შვილები მყავს. ბიჭი მესამე კლასშია, გოგო წელს მივიდა სკოლაში. 7 წელი ჩაისუბანში ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე. მერე გავშორდით. ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ ოჯახი. მერე ის გარდაიცვალა.
განქორწინების შემდეგ წამოვედი და ნაქირავებში ვარ. ჩემი ქმრის სახლიდან რამეს ვერ მოვითხოვ, ძალიან ბევრი პატრონი ჰყავს იმ სახლს. თუმცა ჩემი მაზლი მეხმარება.
ჩემი შემოსავალი არის მხოლოდ 240 ლარი სოციალური დახმარება და 60 ლარი ბავშვების კვების ვაუჩერი. საჭმელი უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ბინა ნაქირავები მაქვს. ვცხოვრობთ მე, მამა, რომელიც მძიმე ავადმყოფია და ბავშვები.
ყველაზე რთულია, როცა მარტო ხარ. არავინ გყავს, ვინც გვერდში დაგიდგება და დაგეხმარება. ვისი იმედიც გექნება.
კიდევ უფრო რთულია, როცა არ იცი, როდის შემოგიღებს კარს „ხაზეიკა“ და როდის გკითხავს – თანხას როდის მაძლევთ? როცა გეუბნება – დავიღალე ამდენი ტყუილით, როდის გადაიხდითო? მერე შენ დგები და ეხვეწები – „გამიგე, დღესაც გამიგე, ხვალ წავალ, რაღაცას ვნახავ და გადაგიხდი“.
მერე შენ მიდიხარ და ეძებ. სახლში დაბრუნებულს კი 9 წლის შვილი გეუბნება – დედა, მეპატრონე იყო მოსული – შენ გიკითხაო. ხვდები, რატომაც გიკითხა.
მეუბნება „ხაზეიკა“ დამიცალე ბინაო. სად წავიდე? ამ ბინაში თუ ვერ ვიხდი ქირას, მეორეს როგორ გადავუხდი?
ნაირა ხოზრევანიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვინც 10 მარტს ბათუმის მერიის მიერ “იაფი სახლის” პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსში შეიჭრა
მარტოხელა დედა სტატუსის გარეშე
მარტოხელა დედის სტატუსი არ მაქვს. არ გეკუთვნის, რადგან ბავშვები მამის გვარზე არიანო. არადა, წლებია მარტო ვზრდი ჩემს შვილებს. ვინმეს დახმარების გარეშე.
ყოველდღე ვეძებ სამსახურს. ისე გამიჭირდა, ვიფიქრე საზღვარგარეთ წავალ-მეთქი, მაგრამ როგორ წავიდე? შვილები ვის დავუტოვო?
პანდემიამ რა შეცვალა
უფრო მეტად გამიჭირდა, ვიდრე მანამდე მიჭირდა. ისეთი გაჭირვება გამოვიარე, ასეთი გაჭირვება არასდროს გამომივლია. შვილებს რომ შევხედავდი, გული მეწვოდა. მშიას რომ მეტყოდნენ, გული მიკანკალებდა. საჭმელს იმდენს ვაკეთებდი, როგორმე ჩემს შვილებს და მამაჩემს ჰყოფნოდათ. ჩემს თავს აღარ ვდარდობდი.
გამოსავალი
ბათუმის მერიამ ააშენა კორპუსები. გავიგეთ, რომ შეიძლება ამ კორპუსებში გაჭირვებულებმა მიიღონ ბინა. სხვა გაჭირვებულ ოჯახებთან ერთად მივედით იმ კორპუსთან. შევიჭარით, მაგრამ პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანა.
მთავრობამ თვალი უნდა გაახილოს და ამ გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს. 150-200 ლარს ვიხდი ქირაში. ქირის ფულს ამ კორპუსის ბინაში გადავიხდი, ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემი იქნება.
კომპანია სილქნეტი 11 წელია ოპერირებს ბაზარზე და სთავაზობს ბიზნესსა და ცალკეულ მომხმარებელს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.
საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მდებარე საქართველოს გენერალური საკონსულოს ცნობით, მიღწეულია შეთანხმება ქალაქის მერთან თესალონიკში საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას.
შეხვედრა თესალონიკის მერთან, კონსტანტინოს ზერვასთან თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ 11 მარტს გამართა.
„ნოდარ კომახიძემ თხოვნით მიმართა თესალონიკის მერს საკვირაო სკოლისთვის შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და ისტორიის შესწავლას. ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ საკვირაო სკოლის არსებობა ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
კონსტანტინოს ზერვასმა საკვირაო სკოლის გახსნასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა და თანადგომის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ იგი საკვირაო სკოლისთვის გადმოგვცემს თესალონიკის საჯარო სკოლის შენობას,“ – აღნიშნულია თესალონიკში მდებარე საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.
საბერძნეთში, საქართველოს საელჩოს 2013 წლის მონაცემებით, 150 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. თესალონიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 12 მარტის 21 საათიდან 13 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით:0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 მარტს, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გაზეთი „ბათუმელები“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის მედიასკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
„ბათუმელების“ მედიასკოლის მსმენელები სამი თვის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჟურნალისტიკაში.
მედიასკოლის მონაწილეები ისწავლიან ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერას, ციფრული მედიის სპეციფიკას, მედიაწიგნიერების ისეთ საკითხებს, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ.
პროგრამის მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს ტრენერების დახმარებით. მათ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე batumelebi.ge.
მედიასკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. 2 მონაწილე შეირჩევა „ბათუმელებში“ სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის.
მედიასკოლაში სწავლა უფასოა.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს
კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები)
უნდა შეეძლოს გამართულად წერა
კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა პროგრამაში) ელექტრონულ ფოსტაზე stajiori.batumelebi@gmail.com. სათაურში (subject) ქართული შრიფტით. მიუთითეთ: მედიასკოლა და თქვენი სახელი და გვარი [მაგალითად: მედიასკოლა – ანა ბერიძე].
თუ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, ფოტორეპორტაჟი, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.
კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი.
„ბათუმელები“ თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს. გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა მედიასკოლის მონაწილე 15 ახალგაზრდა.
სწავლება „ბათუმელების“ მედიასკოლაში გაიმართება კვირაში სამჯერ. მედიასკოლის ტრენერები იქნებიან გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები. სწავლება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამა მედიასკოლა ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროგრამას ფინანსურად მხარს უჭერს ამერიკული ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს 30 წლის კაცი, რომელმაც სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა 11 წლის ბავშვის მიმართ.
პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის – 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.“
შაბათს, 13 მარტს, ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც მუსიკოსებიც უერთდებიან საკუთარი შემოქმედებით.
აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა.
მოქალაქეები 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეიკრიბებიან, აქედან კი „ამბასადორის“ მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლებენ.
„მოლაშქრეები დავიკავებთ იმ სივრცეს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და არა კერძო მენაშენეს!
თუ ხელისუფლება არ აჩერებს მავნებლურ მშენებლობას და არ იცავს სახალხო ინტერესს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ სივრცე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და არ მივცეთ უფლება მენაშენეს გაანადგუროს საჯარო საკუთრება!
ჩვენთან ერთად იქნებიან მუსიკოსები, რომლებიც თავისი შემოქმედებით გააპროტესტებენ მშენებლობას.
შემოგვიერთდით და დავიწყოთ სახალხო მოძრაობა, რომელიც გადაარჩენს ძველ ბულვარს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“- წერენ აქციის ორგანიზატორები აქციის ფეისბუქგვერდზე.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo.
„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.
ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ სხვა ფორმით მათ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა ვერ შეძლეს.
„იაფის სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სულ ოთხი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, სადაც 80 ბინაა.
ვის ეკუთვნის ბინა „იაფ სახლში“ და როდის მიიღებენ მას ადამიანები – „ბათუმელები“ ბათუმის მერის მოადგილეს, ლელა სურმანიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ლელა, 2013 წლიდან შენდება „იაფი სახლი“ ბათუმში. ოთხივე კორპუსის მშენებლობა წლებია დასრულებულია. რატომ ვერ შეარჩიეთ ამ დრომდე ოჯახები, რომლებიც ამ კორპუსებში იცხოვრებდნენ?
პირველი ორი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2019 წელს. როდესაც ბათუმის მერიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, დაიწყო მოქალაქეების განაცხადების მიღებაც, ეს იყო გასული წლის მარტი, თუმცა პანდემიის გამო სამი თვით გადაიდო განცხადებების მიღება და სამი თვის შემდეგაც მოქალაქეების თხოვნით კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, გასული წლის ოქტომბერში შემოსული იყო სულ 249 განაცხადი. ამის შემდეგ მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გადაარჩია განაცხადები. პირველ ეტაპზე 74 განაცხადი არ დაკმაყოფილდა და მხოლოდ 20 განაცხადი იყო სრულყოფილად შევსებული. დანარჩენი განაცხადები გაიგზავნა უკან ხარვეზების შესავსებად. დღევანდელი მონაცემებით, 110 მოქალაქის განაცხადია სრულყოფილად შევსებული. გარდა ამისა, შექმნილია საპრეტენზიო კომისია. 10-მა მოქალაქემ, რომლებსაც ჩვენ უარი ვუთხარით განაცხადების გადარჩევის დროს, მიმართა საპრეტენზიო კომისიას. ამ კუთხით განხილვა დასრულებული არ არის.
რა ეტაპია ახლა?
ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც გადაარჩევს ამ განცხადებებს და მათ სარეიტინგო ქულებს მიანიჭებს. საუკეთესო შედეგის მქონე 40 განმცხადებელი იქნება დაკმაყოფილებული ბინებით პირველ ეტაპზე. ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, უნდა ჩაუტაროს ოჯახებს ინტერვიუ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და რეიტინგის მიხედვით დალაგება. ამისთვის კომპანიას ექნება ორთვიანი ვადა. ვფიქრობთ, დაახლოებით ორთვე-ნახევრის ვადაში ეს ორმოცი განმცხადებელი მიიღებს ბინას.
თქვენ აპირებდით გარკვეული კრიტერიუმების დაზუსტებას, თუ ეს მეორე ეტაპს ეხება, როცა ისევ 40 ოჯახი უნდა შეირჩეს?
კრიტერიუმი უბრალოდ დაზუსტდა, ანუ კონკრეტულად იქნა მითითებული, რომ ოჯახს არ უნდა ჰქონდეს 65 ათას სარეიტინგო ქულაზე ნაკლები სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში. ეს ეხება იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ. ვინაიდან ბავშვებზე დახმარება გაიცემა მაშინ, როცა ოჯახს 100 ათასამდე ქულა აქვს, ჩვენ დავაკონკრეტეთ, რომ ოჯახს არ უნდა ჰქონდეს 65 ათასზე ნაკლები ქულა, ანუ მანამდე ზოგადად გვედო, რომ ოჯახი საარსებო შემწეობას არ უნდა იღებდეს. ამ ეტაპზე ვისაც უარი ეთქვა და შეიცვალა მისი სოციალური სტატუსი, მას შეუძლია მეორე ეტაპიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ ეტაპზე შერჩეულია 110 განაცხადი, საიდანაც უნდა შეირჩეს 40 ოჯახი.
რა კრიტერიუმებით შეირჩევა 110 ოჯახიდან 40, ვისაც უნდა მოუწიოს ბინა?
შეფასდება ბათუმში რეგისტრაცია და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ბათუმში რეგისტრირებული. თუმცაღა, რაც უფრო დიდი ხანია ცხოვრობს ბათუმში, მას ენიჭება უპირატესობა. ასევე სპეციალური ფორმულით გამოითვლება შემოსავლების ინდექსი, სხვა რაიმე ტიპის შემოსავალი აქვს თუ არა ოჯახს. უპირატესობა მიენიჭება ასევე ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ან ახალდაქორწინებული ოჯახი, როცა ახალგაზრდები არიან, მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ ეს თანხა… ამ ყველაფრის დაჯამების მიხედვით შედგება რეიტინგი. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ ბინებს, ეძლევათ შესაძლებლობა მეორე ეტაპზე თავიდან შეიტანონ განაცხადი.
როდის დაიწყება მეორე ეტაპი?
მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, ეს დაიწყო მარტში და გაგრძელდება სამ თვეს. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მეორე ეტაპისთვის ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ განაცხადები შემოდის პირდაპირ მერიაში და სამუშაო ჯგუფს შეუძლია პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ამ დოკუმენტებზე, ხარვეზებისთვის დამატებითი დრო აღარ იქნება საჭირო… პირველ ეტაპზე როცა დასრულდა მთლიანად განაცხადების მიღება, შემდეგ დაიწყო მათი გადარჩევა.
რატომ მიიჩნიეთ, რომ ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება?
ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეს გააკეთოს შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომ არ იყოს პრეტენზია. აქ შემოტანილი აქვთ განაცხადი საჯარო სამსახურის რიგით თანამშრომლებსაც, ვისაც ხელფასი აქვს… გვინდოდა, რომ დისტანცირებული იყოს ეს საბოლოო შერჩევა, რომ იყოს მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე.
ვინც შეიჭრა „იაფი სახლის“ ბინებში, მათ რამდენად აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ბინა? თქვენ ალბათ გაეცანით მათ ისტორიებს.
ვისთანაც მქონდა შეხება, ისინი ძირითადად ბათუმში არ არიან რეგისტრირებულები, ასევე არიან სოციალურად დაუცველები. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების უმრავლესობა „იაფი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიციარები არ არიან. მე მქონდა კომუნიკაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და გავიგე, რომ იქ იყვნენ ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ შშმ შვილები, ვისაც ეხმარებიან ბინის ქირით, თუკი არიან ეკომიგრანტები, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, რომლითაც ხდება ბინების შეძენა. ინდივიდუალურად არის ყველა საკითხი გასავლელი.
„იაფი საცხოვრისის“ პროგრამა არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალო შემოსავალი და შეუძლიათ 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად იხადონ ამ ბინის საფასური. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ იყიდონ ბინა ან ბანკის სესხი აიღონ, მაგრამ არც სახელმწიფოს შემწეობაზე არიან დამოკიდებული.
რა თანხის გადახდა მოუწევთ ადამიანებს ყოველთვიურად „იაფ სახლში“?
კვადრატული მეტრის ღირებულება ამ საცხოვრებელ კორპუსებში არის 1085 ლარი. გააჩნია ბინის ფართობს, საშუალოდ მინიმალური ყოველთვიური გადასახადი გამოდის 208 ლარი და 60 თეთრი და მაქსიმალური არის 461 ლარი.
გრძნობს თუ არა მერია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წლების განმავლობაში გაჭიანურდა ეს პროცესი და ვისაც ეკუთვნის ბინა ამ პროგრამის მიხედვით, მათ ეს არ მიუღიათ?
ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს პროცესი ისეთი ინტენსივობით და ისე სწრაფად არ მიმდინარეობდა, როგორც იყო დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ მართლაც ობიექტური მიზეზები არსებობდა. მშენებლობის პროცესის შეფერხებაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არაა ჩემი კომპეტენცია და არც იმ წლებში მიმუშავია. მემკვიდრეობა არის იმისთვის, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, თუმცა ამაზე პასუხი აიღეს უკვე ადამიანებმა.
ობიექტური მიზეზები არსებობდა – მთელი სამი თვით იყო შეჩერებული განაცხადების მიღება, თორემ ჩვენი გათვლებით, გასული წლის ბოლოსთვის ეს პროცედურა უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება ტენდერის გამოცხადებას, ჩვენ უნდა გვცოდნოდა განაცხადების საშუალო რაოდენობა მაინც, რომ ამის მიხედვით გამოგვეცხადებინა ტენდერი. ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ 100 განაცხადზე, ეს ციფრი გაიზარდა 110-მდე, ანუ ხარვეზი შეავსო კიდევ 10-მა ადამიანმა და ამას შესაძლოა დაემატოს რამდენიმე, თუკი საპრეტენზიო კომისიამ რომელიმე დააკმაყოფილა.
რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც „იაფ სახლში“ შეიჭრნენ? ისინი ამბობენ, რომ მათი ამგვარი ქმედების მიზანი არის ყურადღების მიქცევაც, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ.
მე გუშინაც ვესაუბრე ამ ადამიანებს ადგილზე. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა არ არის ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ამ პროგრამის ფორმატი კი არის აბსოლუტურად სხვა და არ არის გათვალისწინებული იმ ოჯახების დაცვა, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მათთვის გათვალისწინებული. ამიტომაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ისინი შეისწავლიან ამ შემთხვევებს ცალ-ცალკე, ისინი ნაწილს ეხმარებიან ბინის ქირით, ნაწილთან არის გარკვეული გაუგებარი მომენტი, როცა სტიქიის შედეგად ფაქტის დადგენაა საჭირო და ამაში დაეხმარებიან, რომ შემდეგ ეკომიგრანტების პროგრამით ისარგებლონ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ამ ადამიანების უმრავლესობას ვერ ეხმარება.
ვინც ბათუმშია რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველია, ისინი სარგებლობენ ბათუმის მერიის სოციალური პროგრამებით. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველებისთვის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა არ გვაქვს.
საქართველოს აზერბაიჯანული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით.
21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავს.
„ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, კომენდანტის საათი, აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს,“ – აღნიშნულია აზერბაიჯანული თემის განცხადებაში.
„ნოვრუზის დღესასწაულის სრულფასოვნად ჩატარება საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ რომ ნოვრუზის დღეს დაემთხვა (21 მარტი). შესაბამისად, ჩვენმა თემმა ვერ შევძელით სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვანი შესრულება.
ჩვენ საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს.
ამასთანავე, არსებული შედარებით შემცირებული დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს, მთელს საქართველოში გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის, და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა“ – ვკითხულობთ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების, პლატფორმა „სალამის“ განცხადებაში.
აზერბაიჯანული თემი მიიჩნევს, რომ არასწორი იქნება ნოვრუზის დღესასწაულზე მხოლოდ ქვემო ქართლში ან მხოლოდ საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება.
„ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ.
…ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 21 მარტისთვის გააუქმოთ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთად ვიზეიმოთ ბუნების გამოღვიძების და გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული, ნოვრუზი“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პლაფტორმა „სალამი“ ავრცელებს.
საქართველოში მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია 22 თებერვალს გამოქვეყნდა და მას უკვე ათასამდე მოქალაქე აწერს ხელს.
„მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას.
ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების გაძლიერებაში.
სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურული წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი,“ – წერია პეტიციაში.
მსოფლიო ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენისა და საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო საკომუნიკაციო კომპანიას [კონსულტანტს] დაიქირავებს.
სამინისტრო კონსულტანტისგან სწრაფი რეაგირების პროექტის პრომოუშენის გარდა ითხოვს, რომ მან „უზრუნველყოს ყოვლისმომცველი, ზუსტი და მკაფიო ინფორმაციის გავრცელება ხელმისაწვდომი ვაქცინებისა და საქართველოს მთავრობის იმუნიზაციის გეგმაზე – კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, რომ მოსახლეობამ შეძლოს ინფორმირებული არჩევანი კოვიდზე ვაქცინაციის შესახებ“.
„საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განსახორციელებლად. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად“, – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.
კონსულტანტის მიერ შესაბამისი მომსახურების ფასის დასადგენად სამინისტრო ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი წინადადება სამინისტროს არაუგვიანეს 2021 წლის 22 მარტის 16:00 საათამდე, ელექტრონულად უნდა წარუდგინონ.
კონსულტანტს სამინისტრო, სავარაუდოდ, ერთი წლით დაიქირავებს.
[toggle title=”კონსულტანტის საჭირო კვალიფიკაცია ნახეთ აქ:“]
სამინისტროს ინფორმაციით, „კონსულტანტებს შეუძლიათ შექმნან ასოციაცია [მსოფლიო ბანკისთვის მისაღები ასოციაცია არის ქვეკონსულტაცია ან ერთობლივი საწარმო და წარდგინებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის ხასიათი] მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული“.
კონსულტანტის საჭირო კვალიფიკაცია:
• მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
• მინიმუმ შვიდი ანალოგიური მასშტაბის განხორციელებული პროექტი.
• სასურველია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან სამუშაო გამოცდილება.
• კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის მინიმალური 5-წლიანი გამოცდილება [მაგ. ვებსაიტის შინაარსი და ბლოგინგი, სოციალური მედია, მედია, პრესრელიზები].
შეფასებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებები.
[/toggle]
—
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და 22 მარტის კვირის ნაცვლად ქვეყანაში ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა. საუბარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზაზე.
საქართველოში COVID19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა მთავრობამ 2021 წლის 21 იანვარს დაამტკიცა.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი კი, ჯანდაცვის მინისტრის 3 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა, რომელშიც ცვლილება 4 მარტს შევიდა.
ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო კრეისერი „ერნესტ რენანი“ დგას. გემი საიდუმლოდ დატვირთეს. 236 მძიმე ყუთში, 12 ტომარასა და დიდ კალათში ერთ ღამეში შეგროვილი ქართული განძია. გემს გეზი კონსტანტინოპოლისკენ აქვს, სადაც ყუთები სამხედრო ხომალდ „ბიენ ჰოაზე“ უნდა გადატვირთონ და მარსელამდე ჩაიტანონ.
ასე უნდა გადაურჩეს ქართული საგანძური სისხლით მოსულ საბჭოთა ხელისუფლებას.
ეროვნული საგანძურით და პირველი რესპუბლიკის მთავრობის ქონებით დატვირთული „ერნესტ რენანი“ ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წელს და ზუსტად ამ დღეს, 11 მარტს ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.
ფრანგული სამხედრო კრეისერი ,,ერნესტ რენანი”-„Ernest Renan”. საფოსტო მარკა/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია.
კრეისერი სამ დღეს მიცურავს დანიშნულების ადგილამდე. კონსტანტინოპოლში გადაწყვეტენ, რომ ტომრებში მოთავსებული განძიც ყუთებში ჩააწყონ და ასე გადატვირთონ „ბიენ ჰოაზე“.
„ბიენ ჰოა“ ძველი სამხედრო გემია. მცირე აზიიდან, აფრიკიდან, ეგვიპტის ნავსადგურებიდან გადაჰყავს დაჭრილები და ომში დაღუპულთა ნეშტებს მიასვენებს.
ექვთიმე თაყაიშვილი დარდობს. გემი არ ეიმედება. კაპიტანიც კი მიიჩნევს, რომ ხომალდი შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს მწყობრიდან, თუმცა სხვა არჩევანი არ არის – რთულია იპოვო გემი, ვისი კაპიტანიც საიდუმლო განძის გადატანას გარისკავს.
ექვთიმე თაყაიშვილს განძეულის გატანის, საფრანგეთში შენახვის, დაცვისა და დაბრუნების ისტორია დაწვრილებით აქვს აღწერილი ემიგრანტულ ნაშრომებსა და მოგონებებში. ცალკე ამბავია, რის ფასად შეძლო მან საქართველოს სიმდიდრის შენარჩუნება საფრანგეთში, თუმცა განძის შეგროვება, დახარისხება და გემამდე მიტანაც არ იყო მარტივი.
განძის გემით გატანამდე ორიოდე კვირით ადრე, 1921 წლის 21 თებერვლის საღამოს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრ ექვთიმე თაყაიშვილს თბილისის სასწრაფოდ დატოვების აუცილებლობაზე ესაუბრება.
მეორე დღეს ხაზინის ქონების ევაკუაციას და ქუთაისში გაგზავნას გეგმავენ. ჟორდანია ამბობს, რომ მუზეუმების უძვირფასესი ნივთებიც უნდა გაიხიზნოს.
ექვთიმე ამ ამბავს მუზეუმების გამგეებს ატყობინებს. მთელი ღამე ფუთავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეროვნულ საგანძურს და ყუთებში აწყობენ. ექვთიმე სატვირთო მანქანით ჩამოუვლის მუზეუმებს, ყუთებს აღნუსხავს და განძი ქუთაისისკენ მიაქვს.
დამფუძნებელი კრების ყველა წევრი ქუთაისში იყრის თავს. ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის თხოვნით, ექვთიმე რამდენიმე დღის განმავლობაში ახარისხებს გელათის მონასტრის ნივთებისგან სამუზეუმო ექსპონატებს. წითელი არმია ამ დროს ქუთაისს უახლოვდება. აუცილებელი ხდება განძის ბათუმში გადატანა.
საქართველოს დამფუძნებელთა კრება/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
დიდი იმედი აქვთ, რომ განძის საზღვარგარეთ წაღება არ იქნება საჭირო, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად.
დამფუძნებელთა კრება განძის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილს ნიშნავს, მთავრობა – ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, იოსებ ელიგულაშვილს.
იოსებ ელიგულაშვილი/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია
ქუთაისის ხაზინაში დიდძალი ქონებაა დაგროვილი წასაღებად. ეს არის ხაზინის, მუზეუმებისა და ეკლესიის ქონება ერთად.
მუზეუმების ნივთები ქუთაისის ხაზინამ ჩალაგებული და გამზადებული მიიღო. ხოლო საეკლესიო ნივთები, ფინანსთა მინისტრის თხოვნით, ექვთიმემ ეკლესიისა და ხაზინის წარმომადგენელთა თანდასწრებით გადაარჩია. სამუზეუმო ნივთებს ყუთებში აწყობენ, არასამუზეუმოს – მიტროპოლიტ ნაზარის ეკლესიის წარმომადგენელს აბარებენ სიით და ხელსაც აწერინებენ, რომ მიიღო.
ექვთიმე თაყაიშვილი/წყარო: წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია
კონსტანტინე კანდელაკი, იოსებ ელიგულაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და თბილისის ხაზინის გამგე ბეკი მთელ ღამეს ატარებენ ხაზინაში, ნივთებს ახარისხებენ, ბეჭდავენ, უნდა მოასწრონ: სპეციალური მატარებელი ქუთაისიდან გვიან ღამით უნდა გავიდეს ბათუმისკენ.
ყუთებს სადგურამდე სატვირთო მანქანით მიეზიდებიან. თბილისის ხაზინის გამგე და ელიგულაშვილი სადგურში ხვდებიან ყუთებს და ვაგონში აწყობენ, დანარჩენები ხაზინიდან გზავნიან ყუთებს. საიდუმლო ოპერაცია გათენებამდე გრძელდება. გაწამაწიაში ერთი ყუთი იკარგება, ატყდება ძებნა და ერთი ამბავი. ხაზინის მოხელეები ანგარიშს აჩვენებენ ექვთიმეს და კანდელაკს, რომ თითქოს წინა ჯერზე მეტი ყუთი გაიგზავნა სადგურზე და სულ ეს იყო გაუგებრობის მიზეზი.
დრო გადის, უნდა იჩქარონ. კანდელაკი სთხოვს ექვთიმეს დროულად მივიდეს სადგურზე, რომ მატარებელი დაიძრას. ექვთიმე შინ მიდის, სადაც გასამგზავრებლად მომზადებული მეუღლე ხვდება.
ყველა ყუთი უკვე სადგურშია და ვაგონში ალაგებენ. 31 ყუთიდან სადგურში 30 აღმოჩნდება. ელიგულაშვილი და ბეკი ამბობენ, ერთი ყუთი არ მიგვიღიაო.
დაკარგულია ყუთი, რომელშიც ყველაზე ძვირფასი საეკლესიო ნივთებია. ამ ყუთის დატოვებას სამღვდელოება ითხოვდა ექვთიმესგან დაჟინებით.
ბოლქვებად ასდის კვამლი ორთქლმავალს და იცდის. ნახევარ საათს უნდებიან დაკარგული ყუთის ძებნას, ამასობაში მზეც ამოდის და ჯერ კიდევ არ დაძრულან. ექვთიმე თაყაიშვილი თავზარდაცემულია. ფეხის მოცვლას არ აპირებს ქუთაისიდან, სანამ ყუთს არ იპოვიან.
გადამზიდავებს მოჰკითხავენ სად წაიღეთო და აურზაური ატყდება: წელში გავწყდით, მთელი ღამე ვიმუშავეთ და მადლობის მაგიერ ქურდობას გვწამებთო? რაც მოგვცეს, ის მოვიტანეთ, გზაში არაფერი დაიკარგებოდაო.
კაცებს გზავნიან სატვირთოს გავლილი გზის დასათვალიერებლად, მაგრამ ამაოდ.
კანდელაკს აღვიძებს ექვთიმე და ეუბნება, არ შემიძლია, ვერ წავალ ქუთაისიდან ამ ყუთის გარეშე, ვრჩებიო. კანდელაკი არწმუნებს, რომ წასვლა გარდაუვალია. მთელი ქონება დაიკარგება, მერე შეიძლება აღარც გაგვიშვან, გპირდები აქ ვიქნები, მოვძებნი, გამოვიძიებ საქმეს და დაგაწევ გზაშიო, პირობას დებს.
კონსტანტინე კანდელაკი/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია
ექვთიმეს სხვა გზა აღარ რჩება და სადგურში ბრუნდება. ხალხია შეყრილი და ჩოჩქოლია.
ავად თუ კარგად მატარებელი დაიძრა და გეზს ბათუმისკენ იღებს. განძს მცველად 6 კაცი მიჰყვება. 3 მარტს ვაგონი უკვე ბათუმშია.
5 მარტს ყუთები ნავსადგურში მდგარ კრეისერზე გადააქვთ, სხვა ძვირფას ყუთებთან ერთად, რომელიც ბორჯომიდან ჩამოიტანეს.
ექვთიმეს სიხარულს საზღვარი არ აქვს – გადაზიდვისას დაკარგული ყუთი ჩნდება, ყველაზე ძვირფასი ნივთებით სავსე. ყუთებს თვლით აბარებენ ფრანგულ კრეისერს.
ეროვნული განძით დატვირთული „ერნესტ რენანი“ ბათუმის ნავსადგურს 1921 წლის 11 მარტს ტოვებს.
ექვთიმეს და ელიგულაშვილს კრეისერზე არ უშვებენ, სამხედრო გემზე არასამხედრო პირთა ყოფნა არ შეიძლება. დანიშნულზე 1 საათით ადრე მიდიან ქანცგაწყვეტილი ექვთიმე თაყაიშვილი და ელიგულაშვილი ბათუმის ნავსადგურში, მაგრამ კრეისერი უკვე შორსაა და ტალღებს მიაპობს, ამიტომ პატარა გემში სხდებიან და ასე ჩადიან კონსტანტინოპოლამდე.
სამხედრო გემი „ბიენ ჰოა”-„Bien-Hoa”. საფოსტო მარკა/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია
შემდეგ ყველაფერს „ბიენ ჰოაზე“ აბარგებენ. კონსტანტინოპოლიდან მარსელამდე მოგზაურობისას „ბიენ ჰოა“ თითქმის 1 თვეა ზღვაში. 10 აპრილს კი 249 ყუთი მარსელამდე ჩადის. განძი პარიზში საქართველოს წარმომადგენლობის წარწერით იბეჭდება.
თუმცა აღმოჩნდება, რომ სურათებიანი ყუთი №102 მარსელამდე არ ჩასულა და დაკარგულია.
„უსათუოდ საქმე გვაქვს ბოროტმოქმედებასთან, რომელიც ქუთაისშია ჩადენილი, ხოლო გამოურკვეველია, ვინ იყო მისი ჩამდენი: ხაზინის მოსამსახურენი, რომელნიც ყუთებს აძლევდნენ სადგურზე წასაღებად მილიციონერებს, თუ მილიციონერები, რომელნიც ამ ნივთებს ეზიდებოდნენ სადგურზე?“ – წერს ექვთიმე თაყაიშვილი მოგონებებში.
ყუთებად დახარისხებული საუკუნოვანი საუნჯე საქართველოს 24 წლით დატოვებს. მანამ, სანამ 1945 წლის 11 აპრილს პარიზიდან თბილისის აეროპორტში არ ჩამოფრინდება 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი ქართული საგანძურით დატვირთული თვითმფრინავით.
____________________
სტატია მომზადებულია ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებსა და ემიგრანტულ ნაშრომებზე დაყრდნობით.
„გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება,“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში.
პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა ან მასთან კავშირში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, ინფორმირება ოპერატიულად მოხდეს.
ელექტრონული ანკეტა საზღვრის კვეთისას შემოწმდება. პირს, თუ ის შევსებული არ აქვს ან არასწორი ინფორმაცია აქვს მითითებული, დაეკისრება ჯარიმა. ასევე მესაზღვრეს უფლება აქვს ასეთი ანკეტის მქონე პირი არ შეუშვას ქვეყანაში.
ანკეტაში მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. HES კოდის გენერირებას. HES კოდი საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისათვის.
„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც.
ბინები მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში უნდა გადასცეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
პროგრამის მონაწილეთა განაცხადების მიღება მერიამ 2020 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. პირველ ეტაპზე „იაფ სახლებში“ ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული.
მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება შეწყდა, მერიამ პროგრამის კრიტერიუმები რამდენჯერმე შეცვალა.
ბოლო ცვლილებით „იაფ სახლში“ ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-მდეა.
„ბენეფიაციართათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე“ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს დასრულდება.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ორ ეტაპად უნდა შეისწავლოს:
პირველი ეტაპი – მერიის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან [მინიმუმ 110 ბენეფიციარი] ორი თვის განმავლობაში [ანუ, ესენი არიან ბენეფიციარები, რომლებიც უკვე შეტანილი განაცხადების საფუძველზე შეარჩია მერიის კომისიამ]; მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის მიწოდებიდან სამი თვის განმავლობაში, ხოლო მთლიანად 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში [არაუმეტეს 500 აპლიკანტი]:
მერიის მიერ მიწოდებული განცხადებების შესწავლა-გადარჩევა, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს;
აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
აპლიკანტი ოჯახების მონაცემების შესწავლა, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენა, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირების იდენტიფიკაცია, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც უნდა ახლდეს აპლიკანტი ოჯახების გამოკითხვის პროცესის ამსახველი ფოტო-აუდიომასალა.
აპლიკანტი ოჯახების ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა.
ამასთან, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ეს ღონისძიებები უნდა განახორციელოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ბენეფიციართა შერჩევის დამტკიცებული ინსტრუმენტის საშუალებით. ტექნიკური პირობების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს მერიასთან შეთანხმებით.
[toggle title=”ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ ნახეთ აქ:“]
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ხუთწლიანი გამოცდილება კვლევების ჩატარების კუთხით.
პრეტენდენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში (2016, 2017, 2018, 2019, 2020წწ) თითოეულ წელს, განხორციელებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურება (სოციოლოგიური კვლევების ჩატარება) უწყვეტად;
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ცხრილის სახით;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა გ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები.[/toggle]
ბათუმის მერიამ აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. 40 ბინა მერიას 2020 წლის თებერვალში უკვე ჩაბარებული ჰქონდა, თუმცა ბინები ბენეფიციარებს ამ დრომდე ვერ გადასცა. მერიას მოგვიანებით კიდევ 40 ბინა ჩაბარდა [სულ 4 ხუთსართულიანი კორპუსი].
პროგრამის ფარგლებში აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები შეიჭრნენ. პოლიციამ ისინი იმავე დღეს გამოიყვანა.
ამის შემდეგ მერიამ, ვინაიდან „ყოველდღიურად არსებობდა საშიშროება აღნიშნულ ობიექტებში განმეორებით შეჭრისა და ქონების დაზიანებისა“, სახლების პირველ სართულზე, ფანჯრებზე, რკინის გისოსები დაამონტაჟა.
შენობაში მოქალაქეები განმეორებით ისევ შეიჭრნენ გუშინ, 10 მარტს. ისინი კვლავ პოლიციის ძალით გამოიყვანეს შენობიდან.
„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინი იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რის მიხედვითაც ბინის საფასური მცირე თანხით მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.
„ეს არის ცუდი და უკანონო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სურთ წყაროს გაგება,“ – მიიჩნევს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სულხან სალაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ დღეს, 11 მარტს გამოტანილი განჩინების შესახებ. განჩინების მიხედვით, პროკურატურას შეუძლია TV პირველიდან ამოიღოს „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საკუთრების ამსახველი ჩანაწერები“.
„პროკურატურა ითხოვს ყველაფერს, რაც ამ ჩანაწერებთან არის დაკავშირებული და არა მხოლოდ იმ ჩანაწერს, რაც ეთერში გავიდა. ეს არის პრაქტიკულად არაპირდაპირი გზა წყაროს დასახელებისკენ. როგორც ცნობილია, წყაროს დასახელების ვალდებულება არ არსებობს,“ – ამბობს სულხან სალაძე.
საია-ს ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მთავარი საფრთხე ახლა არის არამხოლოდ ის, რომ პრეცედენტი შეიქმნება, როცა მედიას აიძულებენ წყაროს დასახელებას, არამედ ეს თვითცენზურას შეუწყობს ხელს და ადამიანები ამა თუ იმ დანაშაულის შესახებ ჟურნალისტებს აღარაფერს ეტყვიან.
განჩინების მიხედვით, „საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ძალა“.
რას გულისხმობს „პროპორციული ძალის“ გამოყენება, როდესაც ცნობილია, რომ TV პირველი წყაროს დასახელებას არ აპირებს?
„პროცესები იმდენად შორსაა წასული, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, ტელევიზიის საქმიანობის პარალიზებას ან ხელშეშლას, მაგალითად, ამოიღონ კომპიუტერები და ასე შემდეგ… იტყვიან, რომ აი, წინააღმდეგობა გამიწიეს, როცა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება მსურდაო. ცალკე შეფასების კატეგორიაა, რა შეიძლება იყოს ეს პროპორციული ძალა, ამ კუთხით განჩინება არ არის დეტალური და ის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე.
იურისტი ამ პროცესის პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ პროკურატურამ უკვე იცის, რა არ უნდა გამოიძიოს. სულხან სალაძის დაკვირვებით, ამ საქმიდან პირდაპირ ჩანს, როგორ მოქმედებს პროკურატურა ხელისუფლების მითითების შესაბამისად.
„გამოძიება უნდა დაწყებულიყო ჩანაწერის ეთერში გასვლის მომენტიდან, გნებავთ, ანონსის გასვლის მომენტიდან და არა ორი-სამი დღის შემდეგ, როცა ყველამ ყველაფერი თქვა, როცა მმართველმა პარტიამ თქვა, რა არის გამოსაძიებელი და შემდეგ იგივე გადაამღერა პროკურატურამ. ჩვენ გამოძიებამ უნდა გვითხრას, რა მოხდა და არა ხელისუფლების წარმომადგენელმა… ერთია, რა ვითარებაში გაკეთდა ეს ჩანაწერი, როდის და რა გარემოებაში, რაზეც გამოძიება დაიწყო, მაგრამ თუ ამ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ჩვენ მმართველმა პარტიამ არ უნდა გვითხრას, რა მოხდა სინამდვილეში, ან რა თქვა ამის შესახებ პრემიერმა შეხვედრაზე. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უთხრა მთავარი მესიჯი პროკურატურას, რა არ უნდა გამოიძიოს,“ – გვითხრა სულხან სალაძემ.
___
„ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს, რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.
ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ყოფილი ინსტიტუტის შენობა, სადაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ცნობილი ფილმის, მონანიების კადრები გადაიღო, ისევ გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი შპს „გუმბათი ჯგუფია“, კომპანიამ ამ ქონებაში 1 მილიონ 125 000 დოლარი გადაიხადა.
ყოფილმა მესაკუთრემ შპს „Tam Geo”-მ ეს ქონება: ყოფილი ინსტიტუტის ორსართულიანი შენობა ბათუმის ბულვართან [513,3 კვ.მ.] და მასზე დამაგრებული ნაკვეთი [982 კვ.მ] ასევე, რუსთაველის 30-ში მდებარე ნაკვეთი [3670 კვ.მ] 2012 წელს იყიდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. კომპანიამ ამ უძრავ ქონებაში 1,5 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადა.
შპს „Tam Geo”-მ 2012 წელს ჯამში საკუთრებაში მიიღო 4 652 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა – მილიონ-ნახევრად. წლების შემდეგ კი ამ ქონების მხოლოდ ნაწილი [ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა და მასთან დაკავშირებული მიწა] 1 მილიონ 125 000 დოლარად გაყიდა [ეს საერთო ქონებაში გადახდილ ფასზე მხოლოდ 375 000 ლარით არის ნაკლები].
შპს „Tam Geo” – რომელმაც ვალდებულება აიღო და ვერ შეასრულა, არამხოლოდ მოგებული დარჩა, მან სახელმწიფოს ქონების ხარჯზე დიდი ფულიც გააკეთა. საქმე იმაშია, რომ მეორე მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია „ბაბილონ თაუერს“ აშენებდა და ვერ დაასრულა, ასევე სარფიანად გაიყიდა.
გაწელილი პროცედურების, პირგასამტეხლოს დაკისრების, შემდეგ ჩამოწერა-პატიებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მრავალჯერ განახლების მიუხედავად, Tam Geo-მ ამ პროექტის დასრულება ვერ შეძლო და მშენებარე პროექტი რუსთაველის ქუჩაზე თავისი მიწით 24 მილიონ 990 000 ლარად გაყიდა. შემძენი კომპანია „ემ სი ქონსთრაქშენია“.
ახალმა მფლობელმა აიღო ყველა ის ვალდებულება, რასაც ყოფილ მეპატრონეს, Tam Geo-ს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
ჩამოწერილი პირგასამტეხლო – სახელმწიფოს კიდევ ერთი ზარალი
წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილს, აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა. ახალი პირობებით Tam Geo-ს 2012 წელს აღებული ვალდებულება 2022 წლამდე გადაუვადეს. კომპანია გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც, რაც ასევე მილიონობით ლარი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა – აღმოჩნდა, რომ მაშინ მხოლოდ რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი გაყიდეს, ნინოშვილის 23-ში არსებული ქონება კი დაიტოვეს.
ნინოშვილის 23-ში მდებარე ქონება „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანიის – შპს „EVENTUS“-ის საკუთრებად იყო დარეგისტრირებული. 2020 წლის დეკემბრიდან ამ კომპანიის 88 %-ს „გუმბათი ჯგუფი“, დარჩენილ 12 პროცენტს კი ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირი ნატო ჭანტურია ფლობს.
ბათუმი. ნინოშვილის ქუჩა #23
ბოლო წლებში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფუნქციონირებდა. შენობის ფასადისა და ეზოს ვიზუალის მიხედვით, წლების განმავლობაში ამ ძეგლს არავინ უვლიდა.
ბათუმი. ნინოშვილის ქუჩა #23 – ამ ეზოში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმის მონანიების კადრებიბათუმში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოშია გადაღებული თენგიზ აბულაძის “მონანიების” რამდენიმე სცენა, მათ შორის გულიკოს ცეკვა ვარლამის კუბოსთან.
ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაცია შენობიდან 2010 წლის ბოლოს გამოასახლეს. ვიდრე ქონებას გაყიდდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი წერილით მიმართეს. ისინი მინისტრს სთხოვდნენ შენობა ინსტიტუტისთვის დაეტოვებინა, თუმცა სამინისტრომ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.
რას გეგმავს ახალი მფლობელი
„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის, ლაშა ბალაძის ინფორმაციით, კომპანია ძეგლს რესტავრაციას ჩაუტარებს და შეუნარჩუნებს ძველ იერ-სახეს – მასშტაბს, ფასადს. კომპანიას ჯერ შესაბამისი პროექტი მზად არ აქვს:
„ახლა სპეციალისტები პროექტზე მუშაობენ. ფასადსა და მასშტაბს არ შევეხებით, მაგრამ ვმუშაობთ შიდა სივრცის დაპროექტებაზე, აქაც არ იქნება დიდი ცვლილებები, შემდეგ კი პროექტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარვუდგენთ“ .
ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველა შემთხვევაში, ჰიპერტენზიის მკურნალობისას კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნევროლოგი შორენა კუნჭულია ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში, დაბალანსებულ კვებასა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს წნევის დარეგულირებისთვის.
ჯანმო: ეს არის მდგომარეობა, რომელშიც სისხლძარღვები მუდმივად არიან მაღალი წნევის ქვეშ. სისხლი სისხლძარღვების საშუალებით გულიდან სხეულის ყველა სხვა ნაწილს მიეწოდება. ყოველი შეკუმშვისას გული სისხლს ტუმბავს სისხლძარღვებში. არტერიული წნევა იქმნება გულის მიერ სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე გადაქაჩვისას მიხეთქებული სისხლის ძალით. რაც უფრო მაღალია წნევა, მით უფრო ძნელია გულისთვის სისხლის ქაჩვა.
ქალბატონო შორენა, რა არის არტერიული ჰიპერტენზია?
არტერიული ჰიპერტენზია არის რამდენჯერმე დაფიქსირებული მაღალი არტერიული წნევა და ძირითადად ეს დიაგნოზი ისმება, თუ პაციენტს აღენიშნება წნევის ხანგრძლივი და მყარი მატება. ერთჯერადად მომატებული მაღალი წნევა, რომელიც ვითარდება ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე, არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს.
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და სჭირდება რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და სისტემატური მკურნალობა, რომელიც ექიმმა უნდა მართოს.
50-60 წლის ასაკში უფრო ხშირია ჰიპერტენზიის დიაგნოზი, თუმცა დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა მომართვიანობა, ანუ ახალგაზრდა პაციენტებიც ხშირად მოგვმართავენ მომატებული წნევით.
რამდენად მნიშვნელოვანია კვების რაციონი ჰიპერტენზიის დროს?
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვებას.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გამო აქვს ადამიანს ჰიპერტენზია. მაგალითად, თუ ჰიპერტენზია არის მეორეული – სისხლძარღვოვანი წარმოშობის ან განვითარდა რაიმე ორგანული დაავადების ფონზე, იგივე გულის უკმარისობის, ათეროსკლეროზის, თირკმლის უკმარისობის გამო – მარტო კვება ვერ მოაწესრიგებს წნევას, მაგრამ მედიკამენტებთან კომბინირებულად სამკურნალო დიეტით კარგ შედეგს ვაღწევთ.
თუ ჰიპერტენზია მეტაბოლური დისფუნქციის ფონზეა განვითარებული, ანუ იგივე ჭარბი წონა, ნახშირწყლების ფუნქციის დარღვევა, მომატებული ქოლესტერინი, სისხლის მომატებული შედედების უნარი, ჯანსაღი კვებით, სითხის სათანადო რაოდენობის მიღებითა და მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლით შესაძლებელი ხდება წნევის დარეგულირება.
NCDC: გლობალურად, ყოველი 10 მოზრდილიდან სამს მაღალი წნევა აღენიშნება. ჰიპერტენზიით დაავადებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; ხოლო მათ შორის, ვინც იცის, რომ აქვს მაღალი წნევა, გარკვეული ნაწილი არ იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
როგორი კვებაა რეკომენდებული ჰიპერტენზიისას და რა პროდუქტებს უნდა მოერიდოს პაციენტი?
დიეტა ძირითადად უნდა იყოს დაბალანსებული, ეს ნიშნავს, რომ რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:
არის პროდუქტები, რომლებიც ჰიპერტენზიის დროს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, ეს არისსუფრის მარილი, ცხოველური ცხიმები და ნახშირწყლები (ძირიტადად ტკბილეული).
მარილის დღიური ნორმა შეიძლება იყოს 3-5 გრამი (ჩაის კოვზზე ნაკლები), მაგრამ თუ არის თირკმლის პათოლოგია, გულის უკმარისობა ან სხვა რისკფაქტორები, მაშინ მარილი სრულად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.
რაციონი უნდა იყოს გამდიდრებული კალიუმის, მაგნიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტებით, ასეთია ზღვის პროდუქტები.
ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სითხის რაოდენობა მივიღოთ სტანდარტების დაცვით, კერძოდ, პაციენტმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს მინიმუმ ლიტრ-ნახევარი სითხე, წვნიანი კერძების ჩათვლით. სითხის მიღება გადანაწილებული უნდა იყოს დღის განმავლობაში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებად.
თუ პაციენტს აქვს, მაგალითად, თირკმლის ან გულის უკმარისობა, სრულად უნდა ამოვიღოთ მწნილი და მსგავსი სახის დაკონსერვებული პროდუქტი.
ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ბოსტნეულიდან ძირითადად ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, გოგრა; კვირაში ერთხელ ან ორჯერ დასაშვებია კვერცხის მიღება, ბოსტნეული და მწვანილი აუცილებელია, რძის პროდუქტებიდან დასაშვებია უცხიმო რძე, მაწონი, ხაჭო კეფირი, უმარილო ყველი, მაგრამ შეზღუდულია არაჟანი, ნაღები და ნაყინი. ნებისმიერი ხილის მიღება დაშვებულია.
ასევე, ნებადართულია შვრიის, წიწიბურას, მაკარონის ფაფები, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს მიდრეკილება ჭარბი წონისკენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 11 მარტის 21 საათიდან 12 მარტის 21 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ნალექი [თოვლ-ჭყაპის სახით].
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5– 10 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 13 მარტს, ღამით, მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით, თუმცა დღისით გამოიდარებს და მომდევნო 2 დღეს, 14-15 მარტს ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქობულეთში, წმ. კირიონ მეორის სახელობის სკოლაში ორ მასწავლებელს და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა დაიხურა.
საჯარო სკოლებში ამ დროისთვის არდადეგებია გამოცხადებული, თუმცა როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
„ეს კერძო სკოლაა და სწავლა გრძელდებოდა. ამ დროისთვის სკოლა დახურულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. 2 მასწავლებელთან და მოსწავლეებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადასული,“ – ამბობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობს.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში სულ 17 პედაგოგი და ათამდე მოსწავლეა კოვიდით ინფიცირებული.
დღეს, 11 მარტს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იქ, სადაც წყლის ონკანისა და სარკის ინსტალაციაა დამონტაჟებული, აბაზანის აქსესუარები: ტაშტი, პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს.
ანონიმი არტისტი BIIMO ამბობს, რომ ამ ფორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხელსაბანის დამონტაჟებას აპროტესტებს.
ფოტო: BIIMO
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დამონტაჟდა ონკანი და სარკე. სეირნობისას ვიფიქრე ხელს დავიბან-თქო, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა.
თუ ვინმეს დაგჭირდებათ წყალი, პირსახოცი, საპონი და დასაბანი ღრუბელი, მოვიტანე და შეგიძლიათ გამოიყენოთ. იქვეა „ჯორკოც” – წერს BIIMO ფეისბუქზე.
BIIMO-მ ონკანზე აბაზანის ღრუბელი ჩამოკიდა და ტაშტები დააწყო.
ინსტალაცია სახელწოდებით „მეხსიერება” ბათუმში 2020 წელს გააკეთეს აბაშიძის ქუჩაზე, სახლის კედელზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის ავტორი ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძეა.
„წარმოდგენილია სარკე, ძველებური ფუნქციონირებადი ონკანით. სარკე ასახავს მიმდინარე მდგომარეობას (ერთგვარ რეფლექსიას) და ონკანიდან წამოსული წყალი მას მარადიულ ბრუნვაში უშვებს,“ – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.
სარკისა და ონკანის ინსტალაცია ფეისბუქზე ბათუმელების განხილვის საგანი გახდა, არაერთი ბათუმელი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავსი ინსტალაცია არ უნდა გაკეთებულიყო.
„ვინ იცის, რამდენი ხანია ეს იაილები ჩვენი, მაგრამ არ გვაძლევენ,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ, რომელსაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე შევხვდით. გუშინ, 9 მარტს, წაბლანელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვარლამი წაბლანელი არ არის, ის სოფელ ბოძაურში ცხოვრობს, მაგრამ წაბლანელების აქციას შეუერთდა: „სოლიდარობას ყველაზე დიდი ძალა აქვს,“ – ფიქრობს ვარლამ ხოზრევანიძე. მან თავისი პრობლემების შესახებ მოგვიყვა.
„ჩემი სოფელი „გოდერძის“ გზაზეა, სოფლის მთა ანუ საზაფხულო საძოვრები კი, კურორტთან ახლოსაა, სათხილამურო ტრასის გვერდით და ზოგმა იაილების გაქირავებაც დაიწყო… ეს იაილები სახელმწიფო საკუთრებაა, ან სატყეო ფონდის. ჩემი კითხვაა: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?“ – კითხულობს ვარლამ ხოზრევანიძე.
ვარლამ ხოზრევანიძე გვიყვება, რომ პრობლემა გახდა სოფელში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაც, სადაც ნიგვზის ხეები აქვს დარგული და წლებია სარგებლობს. ეს მიწაც სატყეო ფონდისაა.
„ჩემს სახლთან ახლოს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი მამაპაპისეული მიწაა, ახლაც მე ვსარგებლობ და პრობლემა არ შეუქმნია სატყეოს, მაგრამ რატომ უნდა სატყეოს ჩემი მიწა? ასეთი მდგომარეობა აქვს კიდევ 5 ოჯახს. ყველგან ნიგვზის ხეებია და დღემდე ჩვენ ვსარგებლობთ. 2016 წელს გადასცეს სატყეო ფონდს ისე, რომ არაფერი შეუსწავლიათ. უბრალოდ, ღირსების საკითხია. ყველამ უნდა სცადოს სამართლიანობის და საკუთარი უფლებების დაცვა,“ – მიიჩნევს ვარლამ ხოზრევანიძე.
ვარლამ ხოზრევანიძე სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას და სპორტს ასწავლის. „ისე რუსულის მასწავლებელი ვარ პროფესიით, ვასწავლიდი კიდეც რუსულს, მაგრამ 2008 წლის ომის მერე აღარ მინდა, შინაგანი პროტესტის გამოო,“ – დასძინა ვარლამ ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.
„ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლება გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად,“ – საკუთარი შთაბეჭდილება გაგვიზიარა ვარლამ ხოზრევანიძემ მას შემდეგ, როცა გვითხრა, რომ სკოლაში ამ საგანს ასწავლის და საპროტესტო აქციის მონაწილეებს გახედა – „ეს აქციაც ამას აჩვენებს, რომ ვინც უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებს, ხშირად ის არღვევს… ჩვენც ხშირად გვეზარება, ან არ ვიცით, როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები. სამართლებრივი განათლება გვაკლია ყველას,“ – მიიჩნევს ის.
„აღიარებას ეს მიწები არ ექვემდებარება და სხვის ქონებას ხომ არ განვკარგავთ?“ – ამბობს ხულოს მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელი, ზურაბ თავართქილაძე. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარება სატყეო ფონდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს მიწები 2016 წლამდეც სატყეო ფონდს ეკუთვნოდა.
„ტყე იქ არ არის პრაქტიკულად, მაგრამ სატყეო ფონდის მიწებია. სატყეომ რომ მიატოვოს, გადავა სახელმწიფო საკუთრებაში და მერე დაჩქარებული წესით მოხდება რეგისტრაცია. ესენი ძალიან კარგი ხალხია, პირადად ვიცნობ, მაგრამ მერიას არანაირი ბერკეტი არ აქვს,“ – გვითხრა ზურაბ თავართქილაძემ.
„ძალიან რთულია ტყის ფონდიდან მიწის ამორიცხვა, მე არ მახსენდება ასეთი კონკრეტული შემთხვევა,“ – გვითხრა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ჯამბულ ნაკაშიძემ. მისი განმარტებით, მსგავს საკითხებს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო სწავლობს, რადგან ტყის ქონებაც სახელმწიფოს ეკუთვნის.
„როგორც ვიცი, საჭიროა დასაბუთება, რა ინვესტიცია განხორციელდება, რა პირობებით და ამ შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს კერძო საკუთრებაში,“ – აღნიშნა ჯამბულ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“.
რთულ პროცედურაზე გააკეთეს აქცენტი ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრშიც. აქ განმარტეს, რომ თუ მოქალაქეს სოფლად ან საზაფხულო იაილებზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი აქვს, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს.
„არსებობს სხვა შემთხვევაც, როცა აღიარების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მოგვმართავს და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მთავრობას განსახილველად, თუმცა ასეთი არ გვქონია,“ – გვითხრეს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრში. ამ დრომდე ხულოს მერიის საკუთრების კომისიას სატყეო ფონდიდან მიწების ამორიცხვის თხოვნით ქონების მართვის სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
ბოძაურის იაილებზე, სადაც საზაფხულო სახლი აქვს ვარლამ ხოზრევანიძესაც, სატყეო ფონდის გარდა მიწის ნაკვეთების ნაწილი ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. კურორტის ირგვლივ არაერთი სახლია, თუმცა კერძო მესაკუთრეები ამ დრომდე არ არიან.
რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იალაღებს იყენებდნენ და საძოვრებზე სახლებიც აქვთ, მათ შორის, კურორტ „გოდერძისთან“ ახლოს, ანუ სარფიან ადგილას? – კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე პასუხი ვერ მივიღეთ.
განათლების სამინისტროში ამბობენ – „ჩვენ ხელი არ გვიხლიაო“ და „დარწმუნებით ვიცით ისიც, რომ ჩვენი არც ერთი თანამშრომელი ამ ამბავთან არანაირ კავშირში არ არისო“, თუმცა სამინისტროსთვისაც და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმის ბულვარისთვისაც“ ფაქტია, რომ მათი ბანერი სამინისტროს შენობის წინ, სამთავრობო შენობის დაცვის ხედვის არეალში გაქრა.
აჭარის განათლების სამინისტროს „წინაეზოში“, ღობეზე ბანერი წარწერით – „არ დავთმობთ ბულვარს“ ძეგლის დამცველებმა 4 მარტს გამოფინეს. ამ დღეს მათ სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და რუპორით მიმართეს მინისტრ ხაჯიშვილს: „შეაჩერე ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა.“
5 მარტს, დილით, ბანერი გაქრა ისე, რომ არავის დაუნახავს ვინ მოიპარა და როგორ. არადა, ასე დღისით- მზისით განათლების სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობის წინ, სადაც ვიდეოსათვალთვალო კამერებიც არის დამონტაჟებული და სამთავრობო დაცვაც აკონტროლებს ტერიტორიას, ბანერი ისე მოიპარეს, რომ არავის არაფერი გაუგია.
„ღობე, რომელზეც ბანერი განვათავსეთ, სახელმწიფოს ტერიტორიაზეა – მარტივად დავამაგრეთ, არაფერი დაგვიზიანებია. წარწერაც არ შეიცავდა რაიმე შეურაცხმყოფელ ტექსტს. მაინც ვფიქრობდი, რომ არ გააჩერებდნენ დიდხანს, ამიტომ სამინისტროს დაცვასაც ვთხოვეთ ყურადღება მიექცია. ბანერი მაინც გაქრა. ახლა გვეუბნებიან, რომ არ იციან ვინ წაიღო. ამ ბანერისთვის 200 ლარი ჯიბის ფულიდან შევაგროვეთ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
„ბათუმელებმა“ კი არაოფიციალურად დაადგინა, რომ 5 მარტის დილას განათლების სამინისტროს ეზოში მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა მივიდა და „ამ მანქანიდან გადმოსულმა კაცმა ბანერი წაიღო… უფროსი იყო შაინიძეო.“
მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, რომელი კანონის რომელი მუხლის დარღვევის გამო წაიღეს ბანერი და აპირებენ თუ არა ის დაუბრუნონ პატრონს. ინსპექციაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს – „ჩვენ არ წაგვიღია“, გვითხრეს. თუმცა ის დაგვიდასტურეს, რომ მუნიციპალურ ინსპექციაში ნამდვილად მუშაობს გელა შაინიძე და ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.
„ბათუმელებთან“ ბანერის წაღებას არ ადასტურებს არც გელა შაინიძე. სატელეფონო საუბარში მან გვითხრა, რომ „ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათი დღე სამსახურში არ ყოფილა და საინტერესოა, ვინ ისარგებლა მისი სახელით“.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ ეს წნეხი ყველასთვის ერთნაირი არ იყო.
პანდემიის დროს კაცებმაც და ქალებმაც აღნიშნეს, რომ მეტ დროს უთმობდნენ ოჯახურ საქმიანობასა და ბავშვების მოვლას, თუმცა ამ მხრივ იმთავითვე არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ აქაც იჩინა თავი.
“ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს კაცების 47%-მა განაცხადა, რომ არასდროს დაულაგებია სახლი, 43%-მა თქვა, რომ არასდროს მოუმზადებია კერძი, ხოლო 33%-მა დაადასტურა, რომ არასდროს მოუვლია ბავშვებისთვის. საოჯახო საქმის ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გადასვლის შემდეგ”.
ქალები უფრო მეტად არიან ჩართული თითქმის ყველა საოჯახო საქმეში, ვიდრე კაცები, გამონაკლისს წარმოადგენს შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. კვლევაში ქალების მხოლოდ მცირე რაოდენობა აღნიშნავს, რომ საოჯახო საქმეს არ ასრულებს. 2% არასოდეს ასუფთავებს, ხოლო 3% არასოდეს ამზადებს კერძს.
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დასაქმების მხრივ ქალები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ქალთა დაახლოებით ნახევარი ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად მიიჩნეოდა, არც დასაქმებული იყო და არც სამსახურს ეძებდა. კაცების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 16 პროცენტს შეადგენდა. “ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაანაზღაურებადი ოჯახური შრომის ტვირთია, რომელსაც საქართველოში ძირითადად ქალები ეწევიან”.
პანდემიამ გააუარესა მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მენტალური ჯანმრთელობა, კვლევისას გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, თუმცა გენდერული განსხვავება აქაც საკმაოდ მაღალია – ქალების 57% და კაცების 40%.
კვლევაშივე იკვეთება, რომ ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ ქალის ვალდებულებაა. ბავშვებიან ოჯახებში მცხოვრები ქალების მხოლოდ 6%-ს არასოდეს მოუვლია ბავშვებისთვის, მაშინ, როცა მსგავს სიტუაციაში კაცების ერთი მესამედია. კაცების 18%-მა განაცხადა, რომ ისინი არასდროს ამეცადინებენ ბავშვებს, იგივე ფაქტი კი ქალების მხოლოდ 7%-მა აღნიშნა. ასევე, ქალების 7% არასოდეს თამაშობს ბავშვებთან, ხოლო კაცების 12%-ს არასდროს უთამაშია იმავე ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან.
რესპონდენტებს ჰკითხეს, ოჯახის რომელი წევრი უთმობს ყველაზე მეტ დროს საოჯახო საქმიანობას. ქალებმა თქვეს, რომ მხოლოდ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა ისეთ საქმეებზე, როგორიცაა არაანაზღაურებადი ზრუნვის და მოვლის სამუშაო. ქალების 69%-მა აღნიშნა, რომ პასუხისმგებელია დასუფთავებაზე; 54% პასუხისმგებელია ბავშვებთან თამაშზე ბავშვებიან ოჯახებში; 46% ამბობს, რომ ავალია ბავშვების მოვლა-პატრონობა და 44% ოჯახის სამეურნეო საქმიანობაზე ზრუნავს.
ქალებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები კაცია (12%) პასუხისმგებელი დასუფთავებაზე, ბავშვებთან თამაშზე (4%), ბავშვებზე ზრუნვაზე (5%) ან საშინაო საქმეების მართვაზე (35%).
თავისუფალი დრო:
მეტი ქალი (23%), ვიდრე კაცი (14%) მიიჩნევს, რომ გაცილებით მეტი დრო ეხარჯება სწავლაზე მაშინ, როცა კაცები შედარებით მეტ დროს თავისუფლად ატარებენ (19%), ვიდრე ქალები (13%).
გენდერული ნიშნით სხვაობა გამოჩნდა სოციალიზაციის თვალსაზრისითაც, კერძოდ, პანდემიის და ფიზიკური დისტანცირების პირობებში კაცები ქალებზე უფრო ხშირად გადიოდნენ სახლიდან.
არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას.
არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე გითხრათ, ამ პროგრამის გარეშე რომ ჩავირიცხე უკეთესია, რადგან ერთ წელს აღარ დავკარგავ,“ – ამბობს არზუ.
მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს. სკოლაში ქართული ენის სწავლებას კვირაში 5 საათი აქვს დათმობილი, „თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე სრულყოფილად დაეუფლოს ენას,“ – მიიჩნევს არზუ.
არზუ ბაირამოვა ტრენინგზე ახალგაზრდულ ცენტრში
მისი აზრით, სახელმწიფო სათემო ცენტრებს უნდა აძლიერებდეს და ხელს უწყობდეს უფასო პროგრამების დანერგვას, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ქართულის სწავლა და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.
„სკოლაში ქართულს აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი მასწავლიდა. ვფიქრობ, ენას ფლობდა, თუმცა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ინტენსიური მეცადინეობა მაინც დამჭირდა. ცოტა დრო იყო დარჩენილი ეროვნულ გამოცდებამდე, ამ პერიოდში ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე ქართულად, არ მეძინა, ღამეებს ვათენებდი და ბოლოს და ბოლოს ჩავაბარე.
უნივერსიტეტშიც კარგად ვსწავლობ, ზოგჯერ ტერმინების გაგება მიჭირს ხოლმე, მაგრამ ქართველი მეგობრები მყავს და ძალიან მეხმარებიან,“ – გვეუბნება არზუ.
16 წლის ასაკში არზუმ გადაწყვიტა, თანატოლებს დახმარებოდა და პროექტი დაწერა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ქართულ ენას, ინგლისურს, ხატვას ასწავლიდნენ.
„მე პირადად ვასწავლიდი ქართულს და ინგლისურსაც ახალგაზრდებს. ამ პროექტში მეზობელი სოფლებიდანაც დადიოდნენ ახალგაზრდები სასწავლო ცენტრში. კილომეტრობითაა ზოგიერთი სოფელი დაშორებული ერთმანეთს, იყო ტრანსპორტიც პრობლემები, რომელიც ახლაც არსებობს და ამის მიუხედავად, ახალგაზრდები მაინც დადიოდნენ სასწავლებლად. მოტივაცია არსებობს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს სკოლებში ქართული ენის სწავლება, რომ მათ აღარ დასჭირდეთ არც 1+4 პროგრამა და არც კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ ქართული ისწავლონ.
ამ ცენტრში ათობით ახალგაზრდა გადამზადდა და ძალიან დიდი ინტერესია დღემდე – ამჟამად 200-მდე წევრი გვყავს კიდევ. სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომ არ ჩამორჩნენ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები განვითარებას,“ – გვითხრა არზუ ბაირამოვამ.
არზუ ბაირამოვა ახალგაზრდულ ცენტრში
მისი თქმით, ქართული ენის შესწავლით უფროსი თაობის მოსახლეობაც არის დაინტერესებული, რადგან ბევრ პრობლემას აწყდებიან. „დაბრკოლებები ექმნებათ ადამიანებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, რადგან ვერ წერენ განცხადებას, საბუთების მომზადებაში ჩვენ გვთხოვენ ახალგაზრდებს დახმარებას. არ შეუძლიათ კომუნიკაცია სასწრაფო დახმარებასთან, რადგან ან ქართულად ელაპარაკებიან, ან რუსულად. აზერბაიჯანული არც ერთმა ოპერატორმა არ იცის. ამიტომ ჩვენ გვთხოვენ, რომ დაველაპარაკოთ სასწრაფოს.
პანდემიამ შეგვაფერხა და როცა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ძალიან მინდა ხანდაზმულებისთვისაც დავწერო პროექტი და მათაც დავეხმარო ქართული ენის შესწავლაში. მინდა, რომ თვითონ ვასწავლო ამ ადამიანებს ქართული. იმდენი მაინც რომ ისწავლონ, კომუნიკაცია მოახერხონ,“ – ამბობს არზუ.
მისი თქმით, ადგილობრივებს, ვინც საერთოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, არც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქვთ სრულყოფილი წვდომა. „ამასწინათ მკითხეს, 500 ლარი რიგდება თურმე და ეს რისი კომპენსაციააო. არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია. აზერბაიჯანულენოვანი რადიო და ტელევიზია ჩვენს რეგიონში მაუწყებლობს, თუმცა ბევრ სოფელში, მათ შორის, არც ჩვენს სოფელში, არ აღწევს სიხშირე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს პრობლემაც მოგვარდება“.
არზუს აზრით, სახელმწიფო ენის შესწავლაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია – მოსახლეობასაც და სახელმწიფოსაც. „მოსახლეობას მზაობა აქვს, დაინტერესებულია, თუმცა სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს მათ. მეტი წილი სახელმწიფოზე მოდის. ბევრი უფასო პროგრამა უნდა შესთავაზოს მათ სახელმწიფომ,“ – ამბობს არზუ.
მის თქმით, ბევრი სიახლეა განათლების სისტემაში და ძალიან ცოტა შემთხვევაშია ეთნიკური უმცირესობები გათვალისწინებული. „ვფიქრობ, მეტი პროგრამა უნდა არსებობდეს უმცირესობების გასაძლიერებლად, რადგან ძალიან დიდია დაინტერესება.“
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 13.2 პროცენტია. აქედან ყველაზე მსხვილ ჯგუფებს წარმოადგენენ აზერბაიჯანელები – 6. 2 პროცენტით და სომხები – 4.5 პროცენტით.
ჭიათურის მაღაროსთან უნივერსიტეტის სამთო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი დგას, პრაქტიკა უნდა გაიაროს, მაღაროელები არ უშვებენ: გადმოცემაა ასეთი, თუ მაღაროში ქალი ჩავა, იქ უბედურება დატრიალდებაო, ეუბნებიან. ბედად მხცოვანი და პატივსაცემი სამთო ინჟინერი დგას ახლომახლო. ჩავყვები გოგოს მაღაროში, მოხუცი ვარ, დღე-დღეზე უნდა გავქრე და თუ რამე დამემართება, ჯანდაბასო, ამბობს. სტუდენტს ცრურწმენის არ სჯეროდა, არც არაფრის ეშინოდა.
იმ დღეს მოხუცი სამთო ინჟინერი და ახალგაზრდა სტუდენტი მშვიდად ამოვიდნენ მაღაროდან.
სტუდენტი, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი პირველი არქიტექტორი ქალი გახდება საქართველოში.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1929 წელს არქიტექტურის ფაკულტეტი ორმა სტუდენტმა დაამთავრა: მარიამ სოკოლოვამ და არჩილ ქურდიანმა. კურსელები შემდეგ დაქორწინდნენ. არჩილის მამა, გიგო [გრიგოლ] ქურდიანი ცნობილი ინჟინერი იყო. მისი დაპროექტებულია ლესელიძის ქუჩა, ელბაქიძის დაღმართი და სხვა. გიგო ქურდიანმა დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპროექტებასა და მშენებლობაში.
ქეთევანმა სტუდენტობიდანვე დაიწყო მუშაობა. გერმანული სააქციო საზოგადოება „ალტებაუგის“ დაკვეთით სპარსეთის დიდებულისთვის დააპროექტა ვილა, ააშენა ჩაის ფაბრიკა ჩაქვში, კოლხეთის ოდესღაც ჭაობით დაფარულ მიწაზე ახალი სოფლები გააშენა.
1947 წელს მეუღლესთან ერთად დააპროექტა გორის სასტუმრო ,,ინტურისტი“, მონაწილეობა მიიღო მოსკოვში აშენებული საქართველოს პავილიონის შექმნაში.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მეუღლესთან, არჩილ ქურდიანთან ერთად
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის არქიტექტურულ პროექტებს შორის არის ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი სახლები ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სახლი ძველი ვახუშტის, ახლანდელი ბაგრატიონის ქუჩაზე №65, მეცნიერ-მუშაკთა საცხოვრებელი სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე და ა.შ.
დოლიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე მდგარ ამ სახლს ერთი ისტორია უკავშირდება.
საქართველოში პირველი არქიტექტორი ქალის, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის დაპროექტებული მეცნიერ-მუშაკთა სახლი თბილისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე
„ამიტანეთ თუ შეიძლება ბოლო სართულზე ყველაზე დიდი ურო“
ზემოხსენებული სახლი დოლიძის ქუჩის ასახვევთან სტალინის ბრძანებით აშენდა. დაკვეთა იყო, რომ საბჭოთა რესპუბლიკის ყველა დედაქალაქში აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მეცნიერ-მუშაკებისა და აკადემიკოსებისთვის. 1953 წელს ბრძანების გამცემი გარდაიცვალა. სახლების აშენება მოესწრო მხოლოდ ბაქოსა და თბილისში.
ქეთევანი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მშენებლობას. ერთხელაც შენიშნა, რომ ბოლო სართულზე რამდენიმე ფანჯრის რაფა ერთ ზოლზე სწორად არ იყო განლაგებული. სთხოვა მშენებლებს ხარვეზი საღამომდე გაესწორებინათ. მისულა გვიან და შეუმოწმებია. მწვანეთვალება, გამხდარი და ტანმორჩილი ქეთევანის შენიშვნა არ გაითვალისწინეს.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მშენებლობაზე
„ამიტანეთ თუ შეიძლება ბოლო სართულზე ყველაზე დიდი ურო“ – უთქვამს ქეთევანს ქვის მთლელებისთვის და თავად მოუნგრევია ყველა სწორად თუ არასწორად განლაგებული ფანჯრის რაფა იმ სართულზე.
გამოცვენილან მშენებლები, უნახავთ – დამტვრეულია რაფები. დაურეკავთ ცეკას მდივანთან. ქეთევანია აქ, არქიტექტორი რომ არის და დაგვიმტვრია ყველაფერი, დროზე ვეღარ დავამთავრებთ სახლსო.
დამალაპარაკეთო – ცეკას მდივანმა.
ელაპარაკეო – მიუწოდებიათ ყურმილი ქეთევანისთვის.
ვის ვესაუბრებიო – უკითხავს ქალს.
ცეკას მდივანი ვარო – ხმამ.
აქ კიდე, მე ვარ ცეკას მდივანიო – უპასუხია ქეთევანს და საუბარი დაუსრულებია.
მიბრუნებია მშენებლებს: დროზე შეასწორეთ, თორემ ცეკას მდივანი ვეღარ გიშველითო – უთქვამს.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის დაპროექტებული მეცნიერთა სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე
თავისსავე დაპროექტებულ სახლში ქეთევანს ერთი დიდი ბინა გადასცეს. მისი ძალიან ახლო მეგობარი ყოფილა პორტრეტისტი ქეთევან მაღალაშვილი. მხატვარი სხვენის მოუხერხებელ ბინაში ცხოვრობდა თურმე, ფეხები სტკიოდა და ძლივს ადიოდა იქამდე. ეს ბინა არქიტექტორმა მეგობარს, ქეთევან მაღალაშვილს აჩუქა.
ნიკო ნიკოლაძის შორტები
ქეთევანის დედა, მხატვარი მარიამ ფორაქიშვილი იყო – გერმანული წარმოშობის ცნობილი ქართველი ფერმწერის, ოსკარ შმერლინგის მოწაფე. მამა, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სოკოლოვი, მეფის რუსეთის დროს გადასახლებული და მერე უკან დაბრუნებული სამხედრო იურისტი ყოფილა.
ოჯახის ხშირი სტუმარი იყო ნიკო ნიკოლაძე. ხალისობდა ქეთევანთან და მამამისთან ჭადრაკის თამაშით. ქეთევანს გასაოცარი მათემატიკური უნარები ჰქონია. სამნიშნა რიცხვებს ამრავლებდა და ყოფდა წამში, ზეპირად.
ნიკო ნიკოლაძე ამ დროს ევროპიდან ახალჩამოსული იყო. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ხანდახან შორტებითაც დადიოდა.
საბჭოთა სტუდენტები ნიკოლაძის შორტებს კაპიტალისტურ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, პირდაპირ ვერაფერს უბედავდნენ და ქეთევანისთვის უთხოვიათ: ვიცით თქვენი ოჯახის მეგობარია და შეაპარეთ რამენაირად ნიკო ნიკოლაძეს, შორტებით ნუ ივლის უნივერსიტეტშიო.
ერთხელაც ისევ მისულა ფორაქიშვილ-სოკოლოვებისას ნიკო ნიკოლაძე ჭადრაკის სათამაშოდ. ნაძლევზე უნდა გეთამაშოთ, ჯერ არ გეტყვით რაზე, მაგრამ თუ მოგიგებთ, დამპირდით, რომ შემისრულებთ თხოვნასო – უთქვამს ქეთევანს. კარგიო, დათანხმებია ნიკო ნიკოლაძე.
მოუგია ჭადრაკის ის პარტია ქეთევანს და უთხოვია, აღარ იაროთ რა შორტებით უნივერსიტეტშიო.
იცოდა ნიკო ნიკოლაძემ – არ ადარდებდა ქეთევანს ასეთი ამბები და შენიშვნა უნივერსიტეტიდან მოდიოდა. შეუსრულებია სტუდენტისთვის თხოვნა.
მამასთან ერთად, გადასახლებაში
ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი რუსეთიდან ქართველზე დაქორწინების განზრახვით ჩამოსულა. მარიამ ფორაქიშვილი გაუცნია და დაქორწინებულან. სამხედრო იურისტ ნიკოლოზს ჯარისკაცისა და ოფიცრის დავისას ჯარისკაცი გაუმართლებია. გადაუსახლებიათ მეფის რუსეთის დროს – ოფიცერი როგორ გაამტყუნე ჯარისკაცთანო.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მშობლებთან, მარიამ ფორაქიშვილთან და ნიკოლოზ სოკოლოვთან ერთად
სოკოლოვს გადასახლებაში ოჯახიც გაჰყვა. ეკრძალებოდათ საქართველოში, ასევე დიდ ქალაქებში ცხოვრება. უწევდათ სომხეთისა და აზერბაიჯანის პატარა სოფლებში, ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყოფნა სხვადასხვა დროს. ქეთევანს სწორედ ამ მძიმე წლებში უსწავლია სომხური და აზერბაიჯანული ენები.
რაღაც პერიოდი ოჯახი სიონის ეკლესიის დეკანოზის, გიორგი ასათიანის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ასათიანები მარიამ ფორაქიშვილის დედის ნათესავები იყვნენ.
ბარნოვის ქუჩა. სახლი №44
სახლი, სადაც ქეთევანმა ოჯახთან ერთად გაატარა მთელი ცხოვრება, ახლაც დგას, ბარნოვის 44-ში. ეს სახლი ჯერ კიდევ არჩილ ქურდიანის მამამ, გიგო ქურდიანმა ააგო, მას შემდეგ აქ ოჯახის 6 თაობის არქიტექტორების სახელოსნოა. არ შეცვლილა კაბინეტი, სადაც პროექტებზე საუკუნის დასაწყისიდან მუშაობდა ქეთევანი მეუღლესთან, არჩილ ქურდიანთან ერთად. სახლს აქვს მემორიალური დაფაც.
ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა თაობის არქიტექტორები ამ სახლის ერთ სახელოსნოში უკვე 125 წელია მუშაობდნენ და მუშაობენ.
ქეთევანი და არჩილი
ოჯახი დღემდე ინახავს ნახაზებს, მიმოწერას, ნეგატივებს, დოკუმენტებს, წიგნებს, ძველ ფოტოებს – ყველაფერს, რაც წარსულისგან შემორჩათ, თუმცა ქურდიანების არქივის დიდი ნაწილი 90-იან წლებში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის შვილიშვილი, არჩილი მიიჩნევს, რომ ბებია კიდევ ბევრ პროექტზე იმუშავებდა, რომ არა დიდი ტრაგედია – 50 წელს მიტანებული იყო, როცა 12 წლის ვაჟი გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისმა პროდუქტიულობამ თანდათან იკლო.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1988 წელს, 83 წლისა გარდაიცვალა.
ქეთევანმა ზედმიწევნით იცოდა ქართული ჩუქურთმის სტრუქტურა, ფილოსოფია და თავისებურებები. არჩილ ქურდიანი იხსენებს, როგორ ასწავლიდნენ მამამისს, გიორგი ქურდიანს მშობლები ქართულ ჩუქურთმას.
ხრუშოვის დროს აიკრძალა ეროვნული ნიშნის მატარებელი ყოველგვარი დეკორის გამოყენება არქიტექტურაში. 50-იან წლებში, როცა ქეთევანის შვილი, გიორგი ქურდიანი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ქართული ჩუქურთმის სწავლება აკრძალული იყო .
„ბარნოვის სახლი საკრალური ადგილია ჩვენთვის. აქ ყველას საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. საინტერესო გულისხმობს ბევრ სირთულეს და კარგ დღეებსაც. ამის სინთეზია საინტერესო. ეს სახლი ყველას გვიცავდა როგორღაც და აქ ყოველთვის ვიმარჯვებდით, ასეთი ძალა აქვს ჩემთვის ამ ადგილს. ბებია-ბაბუას ოქრო და ბრილიანტი არასდროს უგროვებიათ, არასდროს ჰქონიათ სიმდიდრის დაგროვების ვნება.
აგროვებდნენ წიგნებს და უცხოურ ჟურნალებს. ასეთი გამოცემები მაშინ დიდი ფუფუნება იყო. ქეთევანს და არჩილს დართეს ნება გამოეწერათ პროფესიული ჟურნალები. ჩვენი ბიბლიოთეკა სავსეა საბჭოთა დროს გამოწერილი გერმანული, იტალიური და ფრანგული არქიტექტურული გამოცემებით“, – ამბობს არჩილ ქუდიანი.
ქურდიანების ოჯახის ექვსივე თაობა არქიტექტორია.
1918 წელს ქეთევანის მეუღლის, არჩილის მამამ – გიგო ქურდიანმა დაარსა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება და მისი თავმჯდომარე გახდა. გიგოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის მეუღლე, გიგოს შვილი, არჩილ ქურდიანი, თბილისის პირველი მთავარი არქიტექტორი იყო. ძეგლთა დაცვის სამსახური სწორედ არჩილ ქურდიანის დაარსებულია.
ქეთევანისა და არჩილის შვილის, გიორგი ქურდიანის არქიტექტურულ პროექტებს შორის აღსანიშნავია „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც საზეიმო ვითარებაში 1976 წელს დასრულდა.
გიორგი ქურდიანის შვილს, არჩილ ქურდიანს, ნამუშევარი აქვს რამდენიმე პროექტზე ბაბუასთან – არჩილ ქურდიანთან და მამასთან, გია ქურდიანთან ერთად.
არჩილის ვაჟს, გიორგი ქურდიანს არქიტექტურის, დიზაინისა და თეორიული არქიტექტურის ფაკულტეტზე მაგისტრატურა დამთავრებული აქვს ლიხტენშტეინის სამეფოში.
2006 წელს მამა-შვილ გია და არჩილ ქურდიანებს „წლის საუკეთესო არქიტექტორების“ წოდება მიანიჭეს.
2009 წელი არქიტექტორთა კავშირმა ქურდიანების წლად გამოაცხადა, ქართულ არქიტექტურაში საუკუნოვანი მოღვაწეობისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ქურდიანების საერთო შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფია რამდენიმე ასეული ობიექტი, როგორც არქიტექტურული, ასევე დიზაინერული ნამუშევრები, შენობა-ნაგებობები, ინტერიერი, ავეჯი, ჭურჭელი, ბუხარი, ჭაღი, ქსოვილი და ა.შ.
ოჯახის წევრების ერთობლივი შემოქმედებითი ცხოვრება 125 წელს ითვლის და მოიცავს სამ, XIX, XX და XXI საუკუნეებს.
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის მიერ დაპროექტებული შენობები
სასტუმრო ინტურისტი გორში/არქიტექტორი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი
საცხოვრებელი სახლი ყოფილი ვახუშტის, ახლანდელი ბაგრატიონის ქუჩაზე
საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე
საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე
მთავარ ფოტოზე: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია – ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი საკუთარ კაბინეტში მუშაობისას.
საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უძრავ ქონებას [მიწას] მოქალაქე სპორადული წესით დაირეგისტრირებს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციით.
დღემდე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა ის ქონება/მიწა, რომელიც ოჯახს დარეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში.
—
მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად მიდის ადგილზე და ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო, მაგრამ აჭარაში რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.
სპორადულირეგისტრაციის დროს კი, მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.
მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.
იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დღეს, 10 მარტს, ფიცი დადო. იუსტიციის მინისტრი საქართველოში საქმიანობას გააგრძელებს მანამ, სანამ ის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას არ შეუდგება. თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის მოსამართლედ გასული წლის 19 დეკემბერს აირჩიეს.
დღეს ჰააგის სასამართლოში ახალარჩეულმა ექვსმა მოსამართლემ დადო ფიცი. გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლე 9 წელი იქნება.
კოტე ანანიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უკვე დატოვა. ის ბოლო ერთი თვე რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მანამდე კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
„ეგ გამორიცხულია,“ – გვიპასუხა კოტე ანანიაშვილმა, როცა მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა თანამდებობის დატოვება იმას, რომ ის გიორგი გახარიას კადრი იყო. კოტე ანანიაშვილმა თქვა, რომ დამატებით არაფრის თქმა არ სურს და განცხადება საკუთარი ნებით დაწერა.
კოტე ანანიაშვილმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას.
კოტე ანანიაშვილის ნაცვლად რეგიონული პოლიტიკის სამსახურს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.
___
კოტე ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ზუსტად ერთი თვის წინ დანიშნეს