მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ხულოდან: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?

10.03.2021 • 2069
მოქალაქე ხულოდან: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?

„ვინ იცის, რამდენი ხანია ეს იაილები ჩვენი, მაგრამ არ გვაძლევენ,“ – გვითხრა ვარლამ ხოზრევანიძემ, რომელსაც ბათუმში საპროტესტო აქციაზე შევხვდით. გუშინ, 9 მარტს, წაბლანელებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვარლამი წაბლანელი არ არის, ის სოფელ ბოძაურში ცხოვრობს, მაგრამ წაბლანელების აქციას შეუერთდა: „სოლიდარობას ყველაზე დიდი ძალა აქვს,“ – ფიქრობს ვარლამ ხოზრევანიძე. მან თავისი პრობლემების შესახებ მოგვიყვა.

„ჩემი სოფელი „გოდერძის“ გზაზეა, სოფლის მთა ანუ საზაფხულო საძოვრები კი, კურორტთან ახლოსაა, სათხილამურო ტრასის გვერდით და ზოგმა იაილების გაქირავებაც დაიწყო… ეს იაილები სახელმწიფო საკუთრებაა, ან სატყეო ფონდის. ჩემი კითხვაა: ჩვენს იაილებს რატომ არ გვაძლევს სახელმწიფო?“ – კითხულობს ვარლამ ხოზრევანიძე.

ბოძაურის იაილები გოდერძის სათხილამურო ტრასიდან. ფოტო „ბოძაურის“ ფეისბუქგვერდიდან

ვარლამ ხოზრევანიძე გვიყვება, რომ პრობლემა გახდა სოფელში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციაც, სადაც ნიგვზის ხეები აქვს დარგული და წლებია სარგებლობს. ეს მიწაც სატყეო ფონდისაა.

„ჩემს სახლთან ახლოს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი მამაპაპისეული მიწაა, ახლაც მე ვსარგებლობ და პრობლემა არ შეუქმნია სატყეოს, მაგრამ რატომ უნდა სატყეოს ჩემი მიწა? ასეთი მდგომარეობა აქვს კიდევ 5 ოჯახს. ყველგან ნიგვზის ხეებია და დღემდე ჩვენ ვსარგებლობთ. 2016 წელს გადასცეს სატყეო ფონდს ისე, რომ არაფერი შეუსწავლიათ. უბრალოდ, ღირსების საკითხია. ყველამ უნდა სცადოს სამართლიანობის და საკუთარი უფლებების დაცვა,“ – მიიჩნევს ვარლამ ხოზრევანიძე.

ვარლამ ხოზრევანიძე სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას და სპორტს ასწავლის. „ისე რუსულის მასწავლებელი ვარ პროფესიით, ვასწავლიდი კიდეც რუსულს, მაგრამ 2008 წლის ომის მერე აღარ მინდა, შინაგანი პროტესტის გამოო,“ – დასძინა ვარლამ ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

„ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლება გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად,“ – საკუთარი შთაბეჭდილება გაგვიზიარა  ვარლამ ხოზრევანიძემ მას შემდეგ, როცა გვითხრა, რომ სკოლაში ამ საგანს ასწავლის და საპროტესტო აქციის მონაწილეებს გახედა – „ეს აქციაც ამას აჩვენებს, რომ ვინც უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებს, ხშირად ის არღვევს… ჩვენც ხშირად გვეზარება, ან არ ვიცით, როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები. სამართლებრივი განათლება გვაკლია ყველას,“ – მიიჩნევს ის.

„აღიარებას ეს მიწები არ ექვემდებარება და სხვის ქონებას ხომ არ განვკარგავთ?“ – ამბობს ხულოს მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელი, ზურაბ თავართქილაძე. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარება სატყეო ფონდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს მიწები 2016 წლამდეც სატყეო ფონდს ეკუთვნოდა.

„ტყე იქ არ არის პრაქტიკულად, მაგრამ სატყეო ფონდის მიწებია. სატყეომ რომ მიატოვოს, გადავა სახელმწიფო საკუთრებაში და მერე დაჩქარებული წესით მოხდება რეგისტრაცია. ესენი ძალიან კარგი ხალხია, პირადად ვიცნობ, მაგრამ მერიას არანაირი ბერკეტი არ აქვს,“ – გვითხრა ზურაბ თავართქილაძემ.

ბოძაურის მთა, იაილები, ფოტო „ბოძაურის“ ფეისბუქგვერდიდან

„ძალიან რთულია ტყის ფონდიდან მიწის ამორიცხვა, მე არ მახსენდება ასეთი კონკრეტული შემთხვევა,“ – გვითხრა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა, ჯამბულ ნაკაშიძემ. მისი განმარტებით, მსგავს საკითხებს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო სწავლობს, რადგან ტყის ქონებაც სახელმწიფოს ეკუთვნის.

„როგორც ვიცი, საჭიროა დასაბუთება, რა ინვესტიცია განხორციელდება, რა პირობებით და ამ შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს კერძო საკუთრებაში,“ – აღნიშნა ჯამბულ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“.

რთულ პროცედურაზე გააკეთეს აქცენტი ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრშიც. აქ განმარტეს, რომ თუ მოქალაქეს სოფლად ან საზაფხულო იაილებზე საკუთრების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი აქვს, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს.

„არსებობს სხვა შემთხვევაც, როცა აღიარების კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მოგვმართავს და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მთავრობას განსახილველად, თუმცა ასეთი არ გვქონია,“ – გვითხრეს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრში. ამ დრომდე ხულოს მერიის საკუთრების კომისიას სატყეო ფონდიდან მიწების ამორიცხვის თხოვნით ქონების მართვის სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

ბოძაურის იაილებზე, სადაც საზაფხულო სახლი აქვს ვარლამ ხოზრევანიძესაც, სატყეო ფონდის გარდა მიწის ნაკვეთების ნაწილი ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. კურორტის ირგვლივ არაერთი სახლია, თუმცა კერძო მესაკუთრეები ამ დრომდე არ არიან.

რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში იალაღებს იყენებდნენ და საძოვრებზე სახლებიც აქვთ, მათ შორის, კურორტ „გოდერძისთან“ ახლოს, ანუ სარფიან ადგილას? – კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

ბოძაურის იაილები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: