აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 17 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 26 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 6 კოვიდით დაავადებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.

ავტოავარია ბათუმში, უნივერსიტეტის წინ – ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 17 მარტს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ავტოავარია მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული, რომლებსაც ზედაპირული ტრავმა ჰქონდათ,  კლინიკაში გადაიყვანეს.

 

 

კოვიდის 382 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 382  ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით.

16 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში 3 665 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 3 370  შემთხვევაა, 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 80 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება  5 339 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 617 პირი, აჭარაში – 352, იმერეთში – 728.

მინისტრი არ ესწრება საჩივრის განხილვას, რომლითაც ბულვარში 16-სართულის აშენებას აპროტესტებენ

დღეს, 17 მარტს, აჭარის განათლების სამინისტროში „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული  საჩივრის ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. ორგანიზაციები ბათუმის ბულვარში კომპანია „ამბასადორის“ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის კანონიერების შესწავლას ითხოვენ.

სხდომას არ ესწრება აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქმეს განიხილავს სამინისტროს იურისტი თამარ სირია.

საჩივრის განხილვამდე „ბათომი“ და EMC-ი მშენებლობის შეჩერებასაც ითხოვდნენ, ვიდრე არ დადგინდებოდა ნებართვის კანონთან შესაბამისობა, თუმცა განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო იმ მოტივით, რომ მშენებელი კომპანია ფინანსურად დაზარალდებოდა.

მინისტრმა მიიჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა პანდემიით გამოწვეული სოციალური ფონი რეგიონში – სამსახურს დაკარგავდნენ ამ მშენებლობაზე დასაქმებულები.

მინისტრმა ზუსტად ისე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, როგორც ეს თავის წერილობით განმარტებაში „ამბასადორი ბათუმს“ ჰქონდა.

იგივე პოზიცია აქვს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს [თავისი წერილობითი განმარტება მინისტრს ამ უწყებამაც წარუდგინა]  სააგენტოში მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა სხდომიდან:


_____________________

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.

სად ამოქმედდა აჭარიდან გურიისკენ მიმავალ გზებზე სიჩქარის კონტროლის რადარები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია აამოქმედა.

2021 წლის 16 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია ამოქმედდა:

  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (გმირთა მოედანი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრამდე (ბახვის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრიდან (ბახვის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (გმირთა მოედანი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრიდან (ანასეულის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (ქაქუთის ხიდი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (ქაქუთის ხიდი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ;
  • საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრამდე (ანასეულის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ.

სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1238 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

ავტოავარია ბათუმში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დღეს, 17 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / 17.03.2021

რატომ გაითიშა შუქი – “ენერგო-პრო ჯორჯიას” პასუხი

ბათუმში, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში შუქის მიწოდება ერთდროულად შეწყდა. ამ დროისთვის (00:40) უცნობია, როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ან რის გამო გაითიშა შუქი.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შუქის გათიშვის მიზეზი ამ კომპანიის ქსელი არ არის და არც ავარიული დაზიანებაა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, პრობლემა სავარაუდოდ “სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს, საიდანაც ელექტროენერგია მოეწოდება “ენერგო-პრო ჯორჯიას”.

“ბათუმელები” ამ ეტაპზე ვერ დაუკავშირდა “სახელმწიფო ელექტროსისტემას”.

ინფორმაცია განახლდება.

შუქის გათიშვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს “სახელმწიფო ელექტროსისტემა”:

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთის“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო,” – აღნიშნულია “ელექტროსისტემის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოში არც ნინო ინაიშვილი აღარ იქნება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლების საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში აღარ შედის „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. ის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრია 2014 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. ნინო ინაიშვილი არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველოს” წევრი.

შოთა გუჯაბიძის შემდეგ, ნინო ინაიშვილი კრიტიკულად განწყობილი მეორე პირია, რომელიც ამ საბჭოს წევრი აღარ იქნება. კულტურული მემკვიდრეობის აქტიური დამცველი ნინო ინაიშვილი ოპერატიულად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას ბიზნესჯგუფების იმ პროექტების შესახებ, რასაც სააგენტო განიხილავდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროექტია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ნინო ინაიშვილისგან შეიტყო საზოგადოებამ, თუ როგორ „გარდაიქმნა“ თავდაპირველად დამტკიცებული „ამბასადორი ბათუმის“ 4-სართულიანი პროექტი 16-სართულიანად.

საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში შედის სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიქტორია ბერიძე. ის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. მოადგილის ფუნქცია კი საბჭოს ახალ წევრს, არქიტექტორ ზვიად ბურჭულაძეს ჩააბარეს.

ზვიად ბურჭულაძე პარალელურად სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრია, ძეგლების საბჭოს წევრად ის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა წარადგინა.

განახლებული საბჭოს ახალი წევრი გიზო ფარცხალაძე იქნება. ის მშენებელ – კონსტრუქტორია და საბჭოს წევრად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. პარალელურად ის არის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრი. ეს საბჭო ითანხმებს ძეგლის დაცვის არეალში ძეგლიდან 150 მეტრში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს.

ბათუმის მერიის წარმომადგენელი საბჭოში ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი იქნება. საბჭოში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი იქნება მინისტრის მოადგილე, პროფესიით მხატვარი კაკო ძნელაძეც.

საბჭოში შევა ასევე სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების სპეციალისტი მაგდა სარჯველაძე. ის კომისიის მდივანი იქნება.

განახლებულ საბჭოში არ არის არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საბჭოს შემადგენლობის განახლების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა სააგენტოს დირექტორმა მისი დაკომპლექტების წესი შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება, თავის მხრივ, საბჭოდან შოთა გუჯაბიძის დათხოვნას უკავშირდება. სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა მას ცოტა ხნის წინ საბჭოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. საზოგადოება „ბათომში“ კი მიაჩნიათ, რომ მისი დათხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიან პროექტზე თანხმობასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკა იყო.

ცვლილების თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება და უნდა იყოს დარგის სპეციალისტი.

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი სამუშაო.

დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი

„დამირეკეს თუ არა, მამაშენი ცოცხალ-მკვდარი დავტოვეთ საავადმყოფოშიო, გამოვვარდი სახლიდან, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ ფუნდუკიდი, რომელიც 15 მარტს პოლიციელებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. თამაზ ფუნდუკიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს.

„მამაჩემი 80 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ის ჩემს ახლობელთან მყავდა დატოვებული ქალაქში,“ – გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი, „ღამით დამირეკა ახლობელმა, სასწრაფომ წაიყვანა მამა, ძალიან ცუდად იყოო… ფეხით წამოვედი სოფლიდან, ვფიქრობდი, ოღონდაც ცოცხალს ჩავუსწრო და ჩავხედო თვალებში მამას-მეთქი, ორი საათი ვიარე, კლინიკას ვუახლოვდებოდი, როცა პოლიციამ გამაჩერა“.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, მან პოლიციის თანამშრომელს, თემურ ზოიძეს აუხსნა მისი მდგომარეობა, რის შემდეგაც პოლიციელმა კლინიკაში ინფორმაცია ტელეფონით გადაამოწმა.

„ჩამსვა მანქანაში, ვიფიქრე, მიმიყვანს კლინიკაში-მეთქი და პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა. პოლიციაში შემიყვანეს, ფურცელი მომაწოდეს და მითხრეს, ამას მოაწერე ხელიო – ჯარიმა იყო 2-ათასლარიანი.

ვუთხარი პოლიციელებს, რომ მამა მიკვდებოდა, რომ ვერც კი გავიხსენე, რა ნომერზე უნდა დამერეკა, როცა სახლიდან გამოვედი… პოლიციელს ვუთხარი ისიც, რომ პენსიონერი ვარ, ფსიქიკური დაავადების გამო პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ, რომ წამლებით ვდგავარ ფეხზე…“- გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი. მან საჯარიმო ქვითარი გვაჩვენა და შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობაც.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, პოლიციელმა დაჯარიმების შემდეგ იგი კლინიკაში ავტომანქანით მიიყვანა.

„საავადმყოფოს დაცვის ბიჭებს უთხრა, დილის ხუთ საათამდე არ გაუშვათო და წავიდა. დაცვის ბიჭები დამეხმარნენ და მამა მანახეს. ექიმებმა თქვეს, აპარატზეა შეერთებული და სძინავსო. ვითხოვე და ამიშვეს მასთან, ხელით როცა შევეხე, მამამ თვალები გაახილა და გაოცებულმა შემომხედა, აქ საიდანო და მერე ისევ ჩაიძინა… მამა ახლაც აპარატზეა შეერთებული… მე დილის ხუთ საათამდე დაცვის ბიჭებთან ერთად ვიყავი, სკამზე დამჯდარს დამათენდა და მერე წამოვედი სახლში,“ –  გვიყვება თამაზი.

თამაზ ფუნდუკიდის თქმით, მისი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: დედ-მამის და მისი.

„ჩემთან ერთადაა ჩემი 10 წლის შვილიც, მეუღლეს დავშორდი,“ – გვითხრა თამაზ ფუნდუკიდმა.

იგი პოლიციის მიერ გუშინ გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. მას სამართლებრივად საია დაეხმარება.

საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის თქმით, ამ დრომდე კომენდანტის საათის დროს ათობით დაჯარიმებულმა გაასაჩივრა ჯარიმა, თუმცა პოლიციის სამმართველოს ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილებია. პოლიციის უარის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია საჩივრით სასამართლოს მიმართოს, თუმცა ამ დრომდე კომენდანტის საათის ჯარიმების საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ განუხილავს. სასამართლო ვადებში შეზღუდული არ არის, ამ დროს მოქალაქეს შეჩერებული აქვს ჯარიმის გადახდის ვალდებულება.

მედიაში რამდენიმე თანამდებობის პირის შესახებ გავრცელდა ვიდეო, როცა ისინი სავარაუდოდ კომენდანტის საათს, ან პანდემიის დროს დაწესებულ რეგულაციას არღვევენ. ბოლო ასეთი შემთხვევა პარლამენტის წევრს – ანზორ ბოლქვაძეს უკავშირდება, რომლის სასტუმროშიც წვეულება გაიმართა, თუმცა ბოლქვაძე ამბობს, რომ ვიდეომასალა გასულ წელსაა გადაღებული.

„ბათუმელებს“ ამ და სხვა შემთხვევებზე შრომის ინსპექციამ არ მიაწოდა ინფორმაცია, დადგინდა თუ არა სამართალდარღვევა და რა სანქციები გატარდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც სწავლას აუდიტორიებში აგრძელებენ [ფოტო]

უმაღლეს სასწავლებლებში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 მარტიდან შერეული მეთოდით განახლდა სწავლა. სტუდენტების ნაწილს თეორიული სალექციო კურსები დისტანციურად ჩაუტარდებათ.

სამედიცინო მიმართულების, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინის, სამედიცინო რეაბილიტაციის, ქიმიის, ფიზიკის, არქიტექტურისა და ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს კი, გარდა თეორიული სწავლებისა, კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული ლექციები აუდიტორიებსა და უნივერსიტეტის სამედიცინო ბაზებზე ჩაუტარდებათ.

ბსუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თუკი ეპიდვითარების რისკები მკვეთრად შემცირდება, შესაძლოა გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 2021 წლის 17 მაისიდან მთლიანად აუდიტორიებში გაგრძელდეს.

„ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა“ – რას ამბობენ ასოციაციები და მთავრობა

„ფუტკარი მასობრივად იხოცება,“ – ამბობენ მეფუტკრეები, რომლებიც ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის საჭიროებას ხედავენ.

მეფუტკრეების თქმით, ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი ტკიპაა, რომელმაც წლების განმავლობაში იმუნიტეტი გამოიმუშავა და მასზე შესაწამლი საშუალება აღარ მუშაობს. ამ საქმის პროფესიონალები ფუტკრის დახოცვის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ.

„ჩვენი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა. ფუტკრის მასობრივი განადგურების მთავარი მიზეზი მეფუტკრეების ნაკლები კვალიფიკაციაა, მათ ამ ცოდნას არავინ აწვდის. რეგიონში ერთი პროფესიონალი მეფუტკრეც კი არაა, რომ აზრი ჰკითხონ, არც ვეტერინარიის სამსახურია ამ მიმართულებით,“ – გვიყვება კახაბერ ზირაქიშვილი, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას კახეთში 1000-მდე ფუტკრის სკა აქვს, ასოციაციაში კი 200-მდე მეფუტკრეა გაერთიანებული.

კახაბერ ზირაქიშვილის თქმით, მას ფუტკრების მხოლოდ 10 პროცენტი დაეხოცა, რადგან რეგულარულად იღებს ახალ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ უნდა უშველოს ფუტკარს და პერიოდულად აახლებს მიდგომებს. კახაბერი ამბობს, რომ ასოციაცია ზუმშეხვედრებს მართავს მეფუტკრეებთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პრობლემაა შემოტანილი შესაწამლი საშუალებების ხარისხიც.

„ამ შესაწამლი საშუალებების უმრავლესობა ფალსიფიცირებულია, სახელმწიფო ამას ამოწმებს, მაგრამ ფაქტია, რომ არ მუშაობს მედიკამენტები… ხშირია შემთხვევაც, როცა მეფუტკრე ენდობა მხოლოდ ვეტაფთიაქის კონსულტანტის რჩევას, რომელსაც წამლის გაყიდვის ინტერესი უფრო აქვს, ვიდრე შედეგის.

ეს აისახა თაფლის ხარისხზეც. თუ ნახავთ დახლებზე გამოტანილ თაფლს, ზემოდანაა მხოლოდ მოსხმული ხარისხიანი თაფლი…

ზუმშეხვედრებს ვატარებთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მეფუტკრეების დიდ ნაწილს ისევ ჰგონია, რომ შეასხურებს ამ პრეპარატს და მორჩა. იქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, სიხშირე გასათვალისწინებელია – რამდენჯერ შეწამლავ და როდის… მეფუტკრეების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს, ან მისი გამოყენება არ იცის,“ – უთხრა კახაბერ ზირაქიშვილმა „ბათუმელებს“.

მეფუტკრე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კვლევასაც კი არავინ ატარებს იმის დასადგენად, თუ რა არის ფუტკრის მასობრივი განადგურების მიზეზი. კახაბერ ზირაქიშვილის დაკვირვებით, ეს გამოიწვია ამინდის გლობალურმა ცვლილებამ და გარემოს დაბინძურებამაც.

კახაბერ ზირაქიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო მეფუტკრეებს ვერაფერს სთავაზობს და აქამდე რაც შესთავაზა, იმანაც არ გაამართლა.

„ძირითადად დააფინანსეს მეფუტკრეთა კოოპერატივები, მაგრამ ამან არ გაამართლა, იმ სკების უმრავლესობა ცარიელია, თუ გადაამოწმებთ… გაიხარჯა ყველაფერი, მაგრამ შედეგი არის ნული.

ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯგუფურ მუშაობაზე მიდრეკილი არ ვართ, კოოპერატივის პრობლემა, ყველა ერთმანეთს უყურებს მაგ დროს და საქმეს არავინ აკეთებს,“ – საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს კახაბერ ზირაქიშვილი.

აჭარის რეგიონში ფუტკრების 60 პროცენტის განადგურებაზე საუბრობს მანანა ბოლქვაძეც. იგი აჭარის მეფუტკრეთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელია, სადაც 109 მეფუტკრეა გაერთიანებული. მანანასაც თაფლის ბიზნესი აქვს და ამბობს, რომ საბედნიეროდ მან საკუთარი ფუტკრების ოჯახების უმრავლესობის გადარჩენა შეძლო.

„ტკიპებმა გამოიმუშავეს იმუნიტეტი და აღარ შველით ეს შესაწამლი საშუალებები. ამიტომაც, მე გამოვიყენე მჟავები, ეს არის აპრობირებული მეთოდი ევროპის ქვეყნებში, მაგრამ მის გამოყენებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. მჟავების გამოყენება ეფექტურია და ეს ჩემი სკების შემთხვევაში კარგად ჩანს, მაგრამ მისი გამოყენება სახიფათოა როგორც ადამიანისთვის, ასევე ფუტკრისთვის, თუ არ დაიცავი დოზა და ტემპერატურული რეჟიმი,“ – გვითხრა მანანა ბოლქვაძემ.

მანანა ბოლქვაძე ახლა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრეზენტაციას ამზადებს თემაზე: როგორ უნდა გამოიყენონ მეფუტკრეებმა მჟავას შემცველი შესაწამლი პრეპარატები. იგი ამბობს, რომ ამ ცოდნას ადგილზე თითოეულ მეფუტკრეს მიაწვდის, თუკი პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს.

რის გამო დაიხოცა ფუტკარი და რას სთავაზობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეფუტკრეებს? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღის განმავლობაში ამ თემაზე საუბრისთვის დრო ვერ გამოძებნეს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში კი სოფლის განვითარების სააგენტოში გადაგვამისამართეს.

„ვახორციელებთ ექსტენციის [ადგილზე სწავლების] პროგრამას რეგიონებში, კვირაში ორჯერ იმართება შეხვედრები ფერმერებთან, მათ შორის, მეფუტკრეებთან… ექსტენციის პროგრამა მეფუტკრეებისთვის ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში არ არის. როგორც ვიცი, ცალკე აპირებენ და უმჯობესია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰკითხოთ,“ – გვითხრა ლაშა შალამბერიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტო მოგვაწვდიდა ინფორმაციას, თუ რის გამო დაიხოცა ფუტკარი, ან რა გამოსავალია ახლა, თუმცა ამ უწყებიდანაც სამუშაო დღის ბოლომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რატომ აღარ აქვს სამინისტროს მეფუტკრეების ხელშემწყობი პროგრამები, ან რატომ აღარ მოქმედებს მეფუტკრეთა კოოპერატივების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამა? – სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი მის კომპეტენციას სცდება.

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის თანამშრომელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა

ტრანსგენდერი ქალი დადუ კარა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარში დაცვის თანამშრომელმა, ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, დაცვის თანამშრომელი შელაპარაკებისას იყენებდა ღიად დისკრიმინაციულ ტერმინებს.

„ანბანის კოშკის მიმდებარედ ვმოძრაობდით მოპედით მე და ჩემი მეგობარი, ველობილიკზე. წინ გადამიდგა დაცვის პოლიციელი და მითხრა, რომ არ შეიძლება ბულვარის ტერიტორიაზე მოპედით სიარული, ჩამობრძანდი და ხელით გადაიყვანე ტერიტორიიდანო. ვთხოვე, რომ გზამდე, სანამდეც დაახლოებით 10 მეტრია დაშორება, მიეცა საშუალება გადავსულიყავი, რადგან ხელით გამიჭირდებოდა ჩამქრალი მოპედის გადაყვანა, მაგრამ დამიწყო ხელით ჯაჯგური, მაგდებდა მოპედიდან, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არც პირბადე ეკეთა, არც სახელი-გვარი მითხრა და გამოვიძახე პოლიცია.

დამაჯარიმეს 20 ლარით, რისი წინააღმდეგიც არ ვყოფილვარ, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა რაც გააკეთა, უფლებამოსილების გადამეტებაზე გაცილებით უარესია,“- ამბობს ტრანსგენდერი ქალი.

ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლით, კვადროციკლითა (ელექტროტრანსპორტით) და მოპედით გადაადგილება აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

ტრანსგენდერი ქალი მიიჩნევს, რომ ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია, რადგან დაცვის თანამშრომელი შელაპარაკებისას იყენებდა დისკრიმინაციულ ტერმინოლოგიას: „ჩხუბის დროს მეძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მათ შორის პიდარასტს“ – ამბობს ის.

საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს ადვოკატი სალომე ღოღობერიძე იცავს, რომლის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება ძალადობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.

„გამომძიებელს მივაწოდეთ დაწვრილებითი ინფორმაცია და ახლა ველოდებით მათი მხრიდან რეაგირებას,“ – გვითხრა სალომე ღოღობერიძემ.

ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ტრანსგენდერი ქალის მეგობარი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას.

„ბათუმელები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების უფროსს, ირმა გრძელიძეს ესაუბრა. ის ადასტურებს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტმა წელს მიღება შეწყვიტა და ამერიკულ დიპლომს მხოლოდ ის სტუდენტები მიიღებენ, ვინც ამჟამად სწავლობენ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის გასვლა ამ ვადაში თავიდანვე იყო განსაზღვრული.

„წელს სან დიეგომ მიღება არ გამოაცხადა და ეს წინდაწინ სწორედ ასე იყო გამიზნული, რომ ეს პროცესი დასრულდებოდა და ამ პროგრამებს გადაიბარებდნენ ის ინსტიტუციები, რომლებთანაც სან დიეგოს ჰქონდა მჭიდრო კავშირი.

რეალურად, სან დიეგოს უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა ამ მიმართულებით, ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესში, რის შემდეგაც ჩვენმა ორმა პროგრამამ – კომპიუტერულმა მეცნიერებამ და ელექტრულმა ინჟინერიამ საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET) მიიღო. ეს თავისთავად ნიშნავს პროგრამების მაღალ ხარისხს. ეს აკრედიტაცია 2026 სასწავლო წლამდე გვაქვს მიღებული“, – ამბობს ირმა გრძელიძე.

თუმცა, აკრედიტაციის მიუხედავად, თსუ-ს აღნიშნულ პროგრამებზე ვინც ჩააბარებს და დაასრულებს, მიიღებს ქართულ ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს და არა სან დიეგოს ამერიკულ დიპლომს.

„ეს არის თსუ-ს პროგრამა, მაგრამ ზუსტად იგივე აკრედიტაცია და რესურსები რაც ჰქონდა სან დიეგოს უნივერსიტეტს. აკადემიური პერსონალიც არის სან დიეგოს მხარდაჭერით გადამზადებული“, – ამბობს ირმა გრძელიძე.

სან დიეგომ საქართველოში სამ უნივერსიტეტში შექმნა თავისი პროგრამებისთვის ბაზები, ეს ბაზები დარჩება ზემოთ დასახელებულ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში და მსურველები შეძლებენ საერთაშორისო (ABET) დონის პროგრამების გავლას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული უნივერსიტეტების დიპლომს მიიღებენ.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში შვიდი წლის წინ შემოვიდა და 2016 წლისთვის უკვე 217 ქართველი სტუდენტი იღებდა ამერიკულ განათლებას.

სან დიეგოს უნივერსიტეტი ამერიკაში ყოველწლიურად, კვლევითი გრანტების სახით, 115 მილიონ დოლარს ხარჯავს.

უნივერსიტეტის მიზანი იყო ხელი შეეწყო საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ელექტრონული ინჟინერიის, ბიოქიმიის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა-განვითარებისთვის. 2017 წლიდან კი ამ პროგრამებს სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობებიც დაემატა.

______________________

მთავარი ფოტო: სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზა ილიაუნში

აქ წაიკითხეთ რას ამბობდა მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სან დიეგოს უნივერსიტეტის გახსნის წინ.

ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

ამავე თემაზე:

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

ქუთაისის აეროპორტში განახლებული ტერმინალით მგზავრები აპრილიდან ისარგებლებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ, გაფართოებულ ტერმინალში მგზავრების მიღებას 15 აპრილიდან შეძლებს.

აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ბარამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამუშაოების დასრულება 2021 წლის მაისის ბოლოს იგეგმება.

„ამჟამად მიმდინარეობს ძველი და ახალი ტერმინალების შეერთების ფაზა. უნდა გაერთიანდეს და ერთი მთლიანი ტერმინალი იქნება,” – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა ბარამიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლონურმა კომპანიამ – Dimark group-მა უკვე დაამონტაჟა ბარგის მართვის სისტემა და სატესტო რეჟიმში აამუშავა.

ტერმინალში მოწყობილია 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ეგრეთ წოდებული baggage drop off-ი იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინრეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას დამოუკიდებლად შეძლებენ.

ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნაცვლად 5 ათასი კვ/მეტრისა, იქნება 30 ათას კვ.მეტრი. ეს აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრს შეუფერხებლად გაატარებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის 17 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტში ფრენების აღდგენას, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.

„საქართველოს მთავრობამ პირველ თებერვალს გამოაცხადა, რომ მოხსნა ფრენებზე შეზღუდვა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია საქართველოს მიმართულებით იფრინოს. ახლა ჯერი არის ავიაკომპანიებზე. მათ უნდა უღირდეთ, მგზავრთნაკადი უნდა ჰყავდეთ. იცით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ გვიშვებენ ტურისტულად ევროპაში [კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო], ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში ვიზა გვჭირდება. ქუთაისიდან კი, მოგეხსენებათ, ძირითადად ევროპული მიმართულებები იყო.

ამ ეტაპზე ძირითადად თბილისის აეროპორტია დატვირთული. ბათუმიც არ მუშაობს, შიდა ფრენები ხორციელდება მხოლოდ. მარტის ბოლოდან, აპრილის დასაწყისიდან იგეგმება ბათუმში [ფრენების განახლება], უკრაინული ავიაკომპანიები აანონსებენ ფრენებს,“ – ამბობს ნანა ბარამიძე „ბათუმელებთან“.

___

ამავე თემაზე:

17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის

„პირველ აპრილს დაველოდებით“ – რა უთხრა მთავრობამ სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულებს

„პირველ აპრილს დაველოდებით, თუ ისევ არ გახსნიან სარიტუალო დარბაზებს, სავარაუდოდ, 5 აპრილს ორგანიზებულ საპროტესტო აქციას გავმართავთ, ყველა გამოვალთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ გოგონა ხალვაშმა, იგი დღეს, 16 მარტს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეა.

საპროტესტო აქციაზე სარიტუალო დარბაზებში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ, ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილეს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ.

„კონკრეტულად ვერაფერი გვითხრეს, დაგვპირდნენ, რომ შეიტანენ ამ საკითხს განსახილველად და პირველ აპრილს გვეცოდინება პასუხი,“ – ამბობს გოგონა ხალვაში.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან დასრულდა.

„მოგვეცით მუშაობის საშუალება“ – ბათუმში სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები აქციას მართავენ

გავასაჯაროვოთ საქმის მასალები – დოროყაშვილის ადვოკატი ბასილაშვილის მხარეს მიმართავს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე მიმართავს ბასილაშვილის დაცვის მხარეს, საჯაროდ დაეთანხმონ დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის მასალების გასაჯაროებას.

ამის შესახებ ანა აბაშიძემ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

„მივმართავ ბასილაშვილის მხარეს და მის წარმომადგენლებს. არც ერთხელ არ გვიკადრია მტკიცებულებების გამოქვეყნება, რომელიც უამრავია, ვიდეოებით დაწყებული, მიმოწერებით გაგრძელებული, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეები და ა.შ., რომელიც, პირდაპირ გეტყვით, ვინც გვლანძღავთ, შეიცვლით აზრს და შეგრცხვებათ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა.

მივმართავ მათ [ბასილაშვილის დაცვის მხარეს], ეს არის სისხლის სამართლის მასალები, რომელზეც ვრცელდება მკაცრად პერსონალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება. ჩვენ რომ არაეთიკურები ვიყოთ, დღეს მედიაში იქნებოდა ბევრი მასალა, რომელიც ჩვენ ამოგვასუნთქებდა. ეს არ ვიკადრეთ და არ ვიკადრებთ, ოღონდ უკვე ვართ ისეთ პოზიციაში, თითქოს ჩვენ ვიტყუებით და ამას მხარს უჭერს და ახალისებს მოწინააღმდეგე მხარე.

პირდაპირ ვეუბნები, კანონი ითხოვს თქვენს თანხმობას, რომ მე გამოვაქვეყნო საქმის მასალები, მათ შორის ისეთი მასალები, რომელიც ხალხს აჩვენებს როგორი მოძალადეა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საჯაროდ გთხოვთ დამეთანხმოთ, მომცეთ ნება გავასაჯაროვო სისხლის სამართლის მასალები.

თუ ამ თანხმობას საჯაროდ არ მეტყვით, გასაგები იქნება რას ერიდებით. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენი პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება,“ – განაცხადა ანა აბაშიძემ.

__________________

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

 

4000 ლარი გრანტი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის – განაცხადების მიღება დაიწყო

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გასცემს გრანტებს  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოებისთვის და მისი ოდენობა არაუმეტეს 4000 ლარს შეადგენს.

პროექტები დაფინანსდება რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებითაც. ასეთ შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებისთვის მაქსიმალური თანხა განისაზღვრება კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო ინიციატივებისა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მიმართულებით.

განაცხადების მიღება გაგრძელდება 4 აპრილის ჩათვლით სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ან სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242.

ელისაშვილი ითხოვს პარლამენტში მოუსმინონ ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებს

ბულვარში 16 სართულის მშენებლობას პარლამენტში დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ის იყო ბათუმში და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა შეხვდეს ბათუმელებს, რომლებიც უკვე სამი თვეა აპროტესტებენ ბულვარში მშენებლობას, მაგრამ მათი ხმა არავის ესმის:

„ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. ვიცით, რომ მშენებლობაც კარგია, განვითარებაც კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა უკვე ღმერთმა უწყის მერამდენე ჯერზე ჩავარდა და ჩავარდა აგერ ბოლოს ერთი კვირის წინ. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის კოსმოსში კორპუსები, ვისაც რა უნდა იმას აშენებს, როგორც უნდა ისე აშენებს, სადაც უნდა ისე აშენებს და კაცი გამკითხავი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში, ყველამ ვიცით, ეს არის ბულვარი. მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აშენება არაფრის არ შეიძლება, არადა 19-სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი.

სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე 19 სართულამდე ავიდა და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება. როგორც ჩანს, საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს.

ამდენად, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ – ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, ისინი არიან მზად ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს“.

___

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა ახლახან გასცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

„იქ რაც შენდება, მიუღებელია“ – წულუკიანი ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

„იქ რაც შენდება, მიუღებელია“ – წულუკიანი ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი ბათუმის ბულვარში 16 სართულის მშენებლობასთან დაკავშირებით თავისი კოლეგის, ალეკო ელისაშვილს  განცხადებას გამოეხმაურა. „როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ამ შეფასების პასუხად თეა წულუკიანმა თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა მათი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს უწოდებენ „მექრთამეს“:

„აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ის თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. თქვენ, როგორც ჩანს, ამბავი იცით… ერთადერთი, რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა, მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ იქ რაც შენდება, მიუღებელია და ბატონ რიჟვაძესთან მქონია ამ თემაზე საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც იქ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს 9 და 12-სართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო და რიჟვაძე იყო ის, ვინც, ასე ვთქვათ, მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს და უკვე ვთქვი, რომ ეს არც მე არ მომწონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

___

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა გასცა იანვრის ბოლოს. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის – ჯანმოს ცნობით, ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქალებზე ძალადობა მსოფლიოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და საგანგაშოდ ადრეულ ასაკში იწყება.

მონაცემების თანახმად, დაახლოებით 736 მილიონი ქალი, ანუ ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში აწყდება ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. ჯანმო წერს, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეს მონაცემები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

„25 წლამდე ყოველ მეოთხე ქალს უკვე აქვს პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოცდილება,“ – წერს ჯანმო.

ორგანიზაციის ცნობით, ქალებზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა პარტნიორის მხრიდან სასტიკი მოპყრობა, ამავე დროს, მსოფლიოში ქალების 6 პროცენტი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იმ კაცებისგან, რომლებიც არ არიან მათი ქმრები ან პარტნიორები. ჯანმო აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა არსებული სტიგმის გამო სრულად ვერ ხერხდება.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ COVID19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება ქალებზე ძალადობის რისკი.

ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

ჯანმოს ცნობით, ძალადობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ახალგაზრდა ქალები არიან.

 

naec -ი პროზაული ნაწარმოების შექმნაზე კონკურსს აცხადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ცენტრის ინფორმაციით, საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას.

„მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა იყოს გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის“, – აცხადებს ცენტრი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, კონკურსის მიზანი ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევაა, რომლებსაც ცენტრი ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირების დროს გამოიყენებს.

გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

  • I ადგილი – 1500 ლარი
  • II ადგილი – 1000 ლარი
  • III ადგილი – 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს  წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 17 მარტიდან 17 მაისის 18:00 საათამდე ავტორმა ნაწარმოები უნდა გაგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge

ცენტრის ინფორმაციით, შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში რაიმე სახით გამოქვეყნება სასკოლო შეფასების მიზნით გამოყენებამდე არ იქნება შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით)“, – ამბობს ნაეკი.

„მოგვეცით მუშაობის საშუალება“ – ბათუმში სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები აქციას მართავენ

დღეს, 16 მარტს, ბათუმში, მთავრობის სახლთან სარიტუალო დარბაზებში დასაქმებული პირები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, მათ უკვე აღარ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ეკონომიკურ კრიზისს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვითაა გამოწვეული.

უკვე თვეებია საქართველოში არ მუშაობენ სარიტუალო დარბაზები, კოვიდის გამო აკრძალულია ქორწილები, ქელეხები და ხალხმრავალი ღონისძიებები. დაწესებული შეზღუდვები საქართველოში ეტაპობრივად იხსნება, თუმცა ამ დრომდე შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება სარიტუალო დარბაზებს.

„ჩვენ უკან არიან ოჯახები, რომელთაც შემოსავალი არ აქვთ, გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ერთადერთი შემომტანები იყვნენ ოჯახში და ისინი თვეებია შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. გვინდა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მთავრობას, მოგვცენ მუშაობის საშუალება რეგულაციების დაცვით, თორემ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფნი, კიდევ უფრო გავღატაკდებით. ყველა რეგულაციის დაცვაზე თანახმა ვართ“ – აცხადებენ აქციაზე.

„უკვე დავალომბარდე ყველაფერი, რისი დალომბარდებაც შეიძლებოდა. როგორ უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცით“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ერთი სარიტუალო დარბაზი ათობით ადამიანს ასაქმებს. ეს არიან მუსიკოსები, მზარეულები, მიმტანები, დამლაგებლები და ა.შ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ.

თიბისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება 

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია – იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული!

ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს  გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ.  პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/consumer-rights-day

კვირეულის ფარგლებში, კომერციული  ბანკების ჩართულობით  არაერთი აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ტექსტური და ვიდეო ფორმატის მასალების კონკურსი, რომელიც ეროვნული ბანკის,  კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება.  კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

[checklist]

  • კატეგორია „ბლოგი“ – ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისათვის;
  • კატეგორია „ვიდეო“ – ვიდეო ფორმატის („Vlog“, „Motion Design“) ნამუშევრებისათვის.

[/checklist]

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 15 მარტს დაიწყება და 1 თვე გაგრძელდება. კონკურსის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1983 წლიდან აღნიშნავენ  და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

აშშ-ის სენატმა შინაგან საქმეთა მდივნის პოსტზე მკვიდრი ამერიკელი დაამტკიცა — ისტორიული ნაბიჯი

აშშ-ის სენატმა ბაიდენის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მდივნის პოსტზე დაამტკიცა დებრა ჰაალენდი, რომელიც ამერიკის მკვიდრი პირველი ქალი იქნება ამ პოსტზე. ამერიკული მედია ჰაალენდის მიერ პოსტზე დამტკიცებას ისტორიულ ნაბიჯს უწოდებს.

მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰაალენდმა ისტორია შეცვალა. 2018 წელს იგი იყო ამერიკის მკვიდრი მოსახლე ორი ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც კონგრესში აირჩიეს.

დებრა ჰაალენდი 60 წლისაა. იგი შტატებში არსებული 574 ტომიდან ერთ-ერთს, ლაგუნა პუებლოს წარმომადგენელია.

ჰაალენდი უხელმძღვანელებს 70 000-მდე თანამშრომელს, მისი სამსახური მართავს ნაციონალურ პარკებს, ნაკრძალებს და ისეთ ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა წყალი და ნავთობი. დებრა ჰაალენდი ასევე პასუხისმგებელი პირი იქნება გარემოს დაცვით საკითხებსა და მთავრობის მხრიდან ამერიკის მკვიდრ ტომებთან ურთიერთობისას.

„გარდიანის“ ცნობით, 2020 წლის მონაცემებით, ამერიკელი ინდიელები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 2 პროცენტს შეადგენენ.

_______________

ფოტო: worldoil.com 

კოლეჯი „გოლდენ სიი“ ბათუმში – დუალური სწავლება და მუშაობა გამოცდების გარეშე!

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი „გოლდენ სიი“ მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას სწავლას დუალურ რეჟიმში იწყებს. კოლეჯში სტუდენტები მისაღები გამოცდების გარეშე მიიღებიან,მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

[checklist]

  • მზარეული
  • კონდიტერი
  • სარესტორნო მომსახურება
  • სასტუმრო მომსახურება
  • ბუღალტერი
  • მასაჟისტ-რეაბილიტატორი
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები(აიტი)

[/checklist]

ჩვენი პარტნიორებია: The Grand Gloria Hotel , Euphoria Hotel Batumi, Intourist Batumi Hotel & Casino Piazza Batumi, Jrw Welmond Hotel Spa Casino Sky Tower, Hotel Raddison Blue Batumi, Windham Batumi.

საბუთები მიიღება 10 დღის განმავლობაში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49.

შესაძლებელია ელექტრონული რეგისტრაციაც. გამოაგზავნეთ საბუთები ელ-ფოსტაზე: batumigoldensea@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53.

www. goldensea.ge

537 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი – კოვიდი საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით.

15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.81 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.45%

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში 3 658 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე 3 308 შემთხვევაა, 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 85 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 478 პირი, აჭარაში – 363, იმერეთში – 702.

აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევაა | 16 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 94 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 25 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან, 10-მა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.

ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” ნეკა დოროყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს:

“გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო.

ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.
სოლიდარობა ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!”.

____________________

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალი აქვს წარდგენილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს.

ჯერჯერობით სასამართლო განხილვები არ დასრულებულა.

12 მარტს ჩოგბურთელის ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ, სახალხო დამცველს მოუწოდა, დაიცვას ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც „ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია“.  ჭკადუას თქმით, ხედავს, რომ მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელში “[მიმდინარეობს] მასობრივი  შტურმი ნიკოლოზ ბასილაშვილის იმიჯზე, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ”.

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს.

რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს 10 404 ბავშვი? – ამ საკითხზე  „განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარეს“ ირინა ხანთაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ფაქტი თავისთავად საგანგაშოა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის თვისობრივი გამოკვლევა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„უდავოდ დიდი ციფრია, კატასტროფული მაჩვენებელია. პოზიტიურია ის, რომ უკვე საჯაროდ ვსაუბრობთ ამაზე და დაზუსტებულად. ამ პრობლემაზე ადრე საუბრობდა „იუნისეფი“, რომ არსებობდნენ ბავშვები, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში და მათი უფლებები უგულებელყოფილი იყო, თუმცა ეს ეჭვი არ იყო დასაბუთებული“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, პრობლემის უკეთ გაანალიზებისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რა კატეგორიის ბავშვები არიან სკოლის მიღმა, რატომ დარჩნენ სკოლის გარეთ, სად არიან ისინი დღეს, რით არიან დაკავებული.

„ამის ცოდნა უკეთ დაგვანახებს, თუ სად უშვებდა სისტემა შეცდომას. რატომ მოხდა, რომ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა მივიღეთ“, – ამბობს ხანთაძე.

მისი აზრით, პირველ რიგში, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ გაუმართავია სოციალური სამსახურების სერვისები ქვეყანაში. „განათლების სფერო ფაქტობრივად ახლა იწყებს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარებას და ალბათ გარკვეულწილად დავაგვიანეთ ამ ინსტიტუტის განვითარება. ასევე, ეს გვაჩვენებს, რომ მეტი კოორდინაციაა საჭირო იმ უწყებებს შორის, რომლებსაც ბავშვზე ზრუნვა ეკისრებათ.

მას შემდეგ, რაც სურათის სიმწვავე დავინახეთ, აუცილებელია ამ პრობლემის ჩაღრმავებული შესწავლა, რომ გავიგოთ, სად არიან ეს ბავშვები, ხომ არ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი, შესაძლებელია ნაწილი ის ბავშვებიც იყვნენ, ვინც მშობლებს გაჰყვნენ ემიგრაციაში. არ ვიცით, ეს სეგმნეტი შედის თუ არა ამ ათი ათასში, ამიტომ საჭიროა ზუსტი კვლევა. კვალიფიციურად უნდა გაანალიზდეს როგორც მიზეზები, ასევე პრობლემის გადაჭრის გზები რა შეიძლება იყოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებების ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა გაღვივდა და გაიზარდა. დღეს კი ქვეყანაში ცხოვრობს ათასობით ბავშვი, რომელთა კონსტიტუციური უფლება – მიიღონ განათლება, დარღვეულია.

„შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებმა არ იცოდნენ სათანადო წერა-კითხვაც. შესაძლოა სახლის პირობებში ვინმე გადის კიდეც განათლებას. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ზუსტად, სხვა შემთხვევაში დაშვების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ახლა არ გვაქვს ჩაშლილი ინფორმაცია, ამიტომ ძალიან ჭირს სიღრმისეულად რამის თქმა“, – გვეუბნება ხანთაძე.

ფაქტი აჩვენებს, რომ განათლების სამინისტრო არც იმ მონაცემებს აგროვებს, სკოლამდელი ასაკის რამდენი ბავშვი დარჩა სკოლის მიღმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ექნება ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებმაც  სკოლაში სწავლა ვერ გააგრძელეს.

ირინა ხანთაძის თქმით, ეს მიუთითებს უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის პრობლემაზეც. „ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების მონაცემების შედარება გარკვეულწილად საჭიროა და ამ პროცესში განათლების სამინისტრო უნდა თანამშრომლობდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებთან, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლინდნენ ის ოჯახები, საიდანაც ბავშვის ჩართვა სასკოლო განათლებაში ფერხდება“.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ წლობით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, როგორ უნდა მოახერხონ ამ ბავშვებმა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მათ სკოლის გარეთ ყოფნით მიიღეს, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ აუცილებელია თითოეული ბავშვის ზუსტი საჭიროების დადგენა და მასზე მორგებული სერვისის მიწოდება.

„ახლა საჭიროა ფიქრი იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამ ბავშვებისთვის. მართალია დაგვიანებით, მაგრამ აუცილებელად უნდა გააკეთოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

ის, რომ სახელმწიფო გულგრილი იყო ქუჩაში მყოფი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმართ, ამაზე 2015 წლის სტატისტიკაც მეტყველებს – მაშინ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ 400-ზე მეტი ბავშვი სასკოლო სივრცის მიღმა იყო დარჩენილი.

მაშინ ამ კატეგორიაში სახელმწიფო განიხილავდა ბავშვებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ, არ დადიოდნენ  სკოლაში და იყვნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მაშინ ითქვა, რომ ამ ბავშვებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მუშაობდა, რომელიც საპილოტე იყო და ფინანსდებოდა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. 2015 წელს 79 000 ლარი იყო ამ საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა რა შედეგი გამოიღო პროგრამამ, არც განათლების სამინისტროს და არც ჯანდაცვას შესაბამისი ანგარიში არ წარმოუდგენია.

ერთადერთი, რაც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ „ბათუმელებს“ უთხრა, იყო ის, რომ 400-დან მხოლოდ 75  ბავშვს შესთავაზეს სერვისებში სრულად ჩართვა, რაც აჩვენებდა პრობლემის სიმწვავეს.

ამ მონაცემებიდან შვიდი წლის შემდეგ კი გვაქვს სურათი, რომელიც ცხადყოფს, რომ 400 მიუსაფარი და განათლებას მოკლებული ბავშვი 10 ათასით გაიზარდა ქვეყანაში.

„წლების წინ, როცა გარკვეულ ციფრებზე იყო საუბარი, მაშინ უნდა ყოფილიყო სათანადო რეაგირება. სტანდარტული და ტრადიციული მიდგომა ამ ბავშვებთან ალბათ არ იმუშავებს, ამიტომ საჭირო იქნება განსხვავებული მიდგომების გამოყენება. დროულად უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია სასწავლო სივრცეში ან შრომით ბაზარზე, პროფესიული უნარების დაუფლებით“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

ბათუმელი პოლიციელი, რომელსაც გამოსახლებას უპირებენ და რომელმაც საკონსტიტუციოში დავა მოიგო

„თუ საკუთარი უფლება არ დავიცავი, სხვას როგორ დავიცავ?“ – კითხულობს რემზი შარაძე, რომელიც უკვე 25 წელია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. რემზი მაჭახლის ხეობაში მუშაობს. ეს ის უბნის ინსპექტორია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იუსტიციის მინისტრს მოუგო. ამჯერად ისევ ბათუმის სასამართლომ უნდა განსაჯოს – გამოასახლებენ თუ არა ბინიდან უბნის ინსპექტორს და მის ოჯახს.

რემზი შარაძეს 2014 წელს „იშ ბანკში“ სესხი აუღია და ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე ,ძველ კორპუსში, ბინა უყიდია. სესხის აღებამდე ის ფლობდა 25.2 კვადრატულ მეტრ ბინას ისევ ზუბალაშვილზე, სესხის აღების შემდეგ კი, ამავე ბინის მეზობლად 43 კვადრატი ბინა შეიძინა.

„სესხი იყო ხუთწლიანი, დაახლოებით 33 ათასი დოლარი ავიღე და უნდა დამეფარა ჯამში 41 ათასი დოლარი… ჩემი მეუღლე ამ დროს თურქეთში მუშაობდა, 15 თვე სესხს ვიხდიდი უპრობლემოდ, შემდეგ მეუღლე  ავად გახდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო… გაგვიჭირდა სესხის გადახდა,“ – ამბობს რემზი შარაძე.

2017 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გადაწყვიტა, რომ ბინა, რომელშიც რემზი შარაძის ოჯახი ცხოვრობდა, აუქციონის წესით გაყიდულიყო.

2018 წელს ბინა აუქციონზე გაიტანეს და მისი მესაკუთრე „იშ ბანკი“ გახდა.

2019 წელს რემზი შარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა და დავა მოიგო – ამ პერიოდიდან ანტიკონსტიტუციურად არის მიჩნეული განმეორებით აუქციონზე ქონების გატანის წესი. კონკრეტულად კი, რემზი შარაძემ იუსტიციის მინისტრის 2011 წლის ბრძანება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც „მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს 0 ლარს“.

ქონების აუქციონზე გატანის წესი იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია გაწერილი. ამ ბრძანების მიხედვით, თუ ქონება პირველ და განმეორებით აუქციონზე ვერ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. ამ დროს ქონების საწყისი ფასი 0 ლარია.

„ეს არის ელიტური კორუფციის შესაძლებლობა,“ – მიიჩნევს უბნის ინსპექტორი. ის დაზარალებულად მიიჩნევს თავს, რადგან იმის მიუხედავად, რომ მისი ბინები აუქციონზე გაყიდეს [ერთი ბინა 43 500 ლარად, მეორე – 16 500 ლარად], მას ბანკისთვის ისევ დარჩა ფული გადასახდელი – აუქციონიდან მიღებულმა შემოსავალმა სესხი სრულად ვერ დაფარა.

„ამის გამო მეც და ჩემს თანამშრომელსაც, ვინც თავდებად დამიდგა, ხელფასის ნახევარს გვაჭრიდნენ. ეს არის ყაჩაღობა… გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით გვაჭრიდნენ ხელფასს, ესეც იყო უკანონობა,“ – უთხრა რემზი შარაძემ „ბათუმელებს“.

რემზი შარაძე ახლა აქცენტს აკეთებს კანონზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, რომლის მე-20 მუხლის მიხედვით:

„კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

რა არის გამოსავალი, როცა ცხადია, რომ უბნის ინსპექტორს ბანკის სესხი სრულად არ დაუფარავს, ხოლო ქონება უკვე ბანკს ეკუთვნის? – უბნის ინსპექტორი მიიჩნევს, რომ გამოსავალი შეთანხმებაა, თუმცა მის ოფიციალურ წერილებს და შეტყობინებებს ბანკი არ პასუხობს. რემზი შარაძის თქმით, „იშ ბანკმა“ უკვე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინიდან რემზი შარაძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე განმარტავს, რომ კანონის ის ნორმა, რაზეც უბნის ინსპექტორი მიუთითებს, ეხება სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ დრომდე ეს ნორმა [აღსრულების შეჩერება] არ შეხებია სამოქალაქო საქმეს.

„ამ შემთხვევაში ითვლება, რომ აღსრულება დასრულებულია, რადგან აუქციონი დასრულებულია და უძრავი ქონება რეალიზებულია, გამოსახლება უკვე ცალკე სამართლებრივი დავაა,“ – მიიჩნევს იურისტი მირზა მამულაძე, რომელსაც ნაკლებად აქვს იმის მოლოდინი, რომ ინსპექტორმა საქმე მოიგოს, როცა სასამართლო გამოსახლების მოთხოვნას განიხილავს.

უბნის ინსპექტორი საია-ს ამ შეფასებას არ ეთანხმება და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აუქციონის დასრულებით რეალურად სააღსრულებო წარმოება არ დასრულებულა და ამას მოწმობს კერძო აღმასრულებლის მოქმედებაც, რომელმაც რემზი შარაძის ხელფასს ყადაღა დაადო.

„კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ წერია, რომ აღსრულების შეჩერება ეხება, როგორც განაჩენს, ასევე გადაწყვეტილებებს. ის, რომ აქამდე არ შეხებია ეს სამოქალაქო საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქოს არ ეხება, ან არ უნდა შეეხოს. რაც შეეხება აღსრულებას, იგი განმარტებულია აღსრულების ეროვნული სააგენტოს ინტერნტეგვერდზე და წერია, რომ აღსრულება ნიშნავს სასამართლოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დადგენილი ვალდებულების სისრულეში მოყვანას. კერძო აღმასრულებელს ჩემს შემთხვევაში არ შეუწყვეტია, ან არ შეუჩერებია სააღსრულებო წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,“ – განმარტავს რემზი შარაძე.

რემზი შარაძე მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაარღვია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც:

„არ უნდა მიეცათ აღმასრულებლისთვის ხელფასის ჩამოჭრის უფლება ჩემთვის და ჩემი კოლეგისთვის, ვინც თავდებად დამიდგა. აღმასრულებელმა მოგვმართა და შენ მიხედე დანარჩენსო… ეს მინიმუმ უნდა განეხილათ სპეციალურ დეპარტამენტში. სასამართლომ თქვა, რომ სხვა ქონება მიექცეს აღსრულებაში, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავალი არ იქნება საკმარისი კრედიტის დასაფარადო. მაგრამ ქონება არაა ხელფასი,“ – მიიჩნევს რემზი შარაძე.

უბნის ინსპექტორი აკრიტიკებს პროკურატურასაც:

„თავდებობას ხელს აწერს ჩემი მეუღლეც, მაგრამ იგი ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის საქართველოში არ იყო. დოკუმენტებით დასტურდება, რომ იგი 2014 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრამდე თურქეთში იყო… ამ ფაქტზე, ანუ ხელმოწერის გაყალბებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ იგი ამ დრომდე დასრულებული არ არის,“ – აღნიშნა რემზი შარაძემ „ბათუმელებთან“. თუმცა ის ვერ ხსნის, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა, ან რა სარგებელი მიიღო ამით ბანკმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „იშ ბანკს“, როგორც გამოძიების შესახებ, ასევე იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ წარმოუდგენია ბანკს პრობლემის მოგვარება, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ აუქციონის გამართვა „ნულოვანი წესით“ არაკონსტიტუციურად მიიჩნია. ბანკში გვიპასუხეს, რომ კლიენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მესამე პირებს ვერაფერს მოუყვებიან.

ბანკში კომენტარზე უარი განაცხადეს.

„მეუბნებიან, რემზი, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო, მაგრამ არ შემიძლია…“ – გვითხრა საუბრის დასასრულს რემზი შარაძემ, – „თანამშრომლები მეუბნებიან უფრო ამას. სახლში ცოლი და შვილებიც იმავეს ამბობენ. მე, სამართალდამცველი ამ დღეში ვარ, როცა კანონები ვიცი და მოქალაქემ, ვინც კანონი არ იცის, რა უნდა ქნას? მე ვაპირებ ადვოკატობა დავიწყო…“

 

 

 

შს მინისტრს ახალი, მეხუთე მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე დაინიშნა ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.

ალექსანდრე დარახველიძე პროსამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

ვის მიჰყიდა მთავრობამ 1 ლარად მიწა ზღვასთან, რომელიც 1.5 მილიონადაა შეფასებული

სახელმწიფომ ბათუმში მილიონ-ნახევრად შეფასებული ქონება სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გაყიდა. 7138 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტბეთის ქუჩაზე #5-ში ინვესტიციის განხორციელების პირობით გაასხვისეს. მთავრობა ინვესტორს – შპს „აიკონ ჯგუფს“ ამჯერად არც ასნომრიანი სასტუმროს აშენებას სთხოვს და არც მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს.

მწვანედ მონიშნულია გასხვისებული მიწის ნაკვეთი

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განკარგულებით, შპს „აიკონ ჯგუფს“ მიწის ნაკვეთი ბათუმში, ტბეთის #5-ში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, ტექსტილის საწარმოს მშენებლობისთვის გადაეცა.

განკარგულების მიხედვით, კომპანიამ საპრივატიზებო თანხა – 1 ლარი ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია ამ მიწის ნაკვეთზე ტექსტილის საწარმო ორ წელში შექმნას და 6 მილიონ 195 784 ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს. იმავე დოკუმენტის თანახმად, მფლობელი ვალდებულია შენობას პროფილი მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ეს კი ირიბად იმასაც ნიშნავს, რომ ხუთი წლის შემდეგ კომპანიას შეეძლება ტექსტილის საწარმო ზღვასთან ახლოს სასტუმროდ გააკეთოს.

მიწის ნაკვეთი რომ მილიონ-ნახევრადაა შეფასებული აუდიტის მიერ, ამის შესახებ გამოქვეყნებული იყო „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდზე.

მიწის ნაკვეთი ბათუმის ხელოვნების ცენტრთან ახლოსაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, კომპანიას პროექტის შეთანხმება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც მოუწევს.

შპს „აიკონ ჯგუფი“ საქართველოში 2008 წელსაა დაფუძნებული და კომპანიის ასევე პროცენტს თურქეთში დაფუძნებული კომპანია „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთი“ ფლობს. კომპანიის დირექტორები არიან გია ლომინაძე და დავით ჯაიანი.

ტურიზმის დასახმარებლად 610 600 ლარი დაიხარჯა, სამინისტრომ კი არ იცის რა შედეგი დადგა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ იცის, რამდენად დაეხმარა „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროგრამის ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, სამინისტროსა და ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, „ლიბერთი ბანკიმა“ და „საქართველოს ბანკმა“ ჯამში 2 811 300 ლარის მოცულობის სესხი გასცეს 40 ბენეფიციარზე. გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610.6 ათასი ლარი [მათ შორის, 2016-2019 წლებში − 460.6 ათასი ლარი].

აუდიტის მიხედვით, გაცემული სესხები წარმოადგენს 2007-2013 წლებში სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან/კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას.

აუდიტი აცხადებს, რომ „პროგრამის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში არსებული არაეფექტიანი მექანიზმების არსებობის გამო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდა უფრო გადახდისუუნარობის რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას, ვიდრე აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას“.

„აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამით/შესაბამისი ხელშეკრულებებით არ განისაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, სამინისტროს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენად დაეხმარა აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას,“ – აცხადებს აუდიტი.

რაც შეეხება რეფინანსირებული სესხების მიზნობრიობას – „სესხების 62.5% აღებული იყო საოჯახო ტიპის სასტუმროების და მცირენომრიანი სასტუმროების გარემონტების, რეკონსტრუქციისა ან/და კეთილმოწყობის მიზნით, 10% – ბინების გარემონტების და კეთილმოწყობისთვის, 16.5% − კაფე-ბარების და სხვა ტურისტული მიმართულებების გამო. არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიმართულებით საქმიანობა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ჩანს. სულ ასეთი შემთხვევების წილი დაფინანსებული ბენეფიციარების 10%-ია“.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ბენეფიციარების 78%-ს სესხი წარმოშობილი აქვს 2004-2008 წლებში. აღნიშნული სესხების გადაუხდელობის მიზეზად ბენეფიციარები ასახელებენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განვითარებულ კრიზისს. ცალკეულ შემთხვევაში სესხების გადაუხდელობის მიზეზია ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრის უმუშევრად დარჩენა/გარდაცვალება, ასევე სესხის თანხების არასწორი მენეჯმენტი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „აუდიტის ჯგუფს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა პროგრამის ბენეფიციარებთან. 40 ბენეფიციარიდან 15 მათგანის ტელეფონი გამორთული იყო ან არ პასუხობდა, ან/და ნომერი არ არსებობს. ინტერვიუების მიხედვით, ბენეფიციარების ნაწილი საქმიანობს ტურისტული მიმართულებით, რომელთა უმრავლესობამ პანდემიის გამო დაკარგა მნიშვნელოვანი შემოსავლები და მიმდინარე ეტაპზე სესხის გადახდის პრობლემა აქვთ. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბენეფიციარი, ვისთანაც დაკავშირება ვერ მოხერხდა, იმყოფება მოვალეთა რეესტრში“.

[toggle title=”აუდიტის რეკომენდაცია ნახეთ აქ:“] „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ საბოლოო შედეგის, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო აქტიურობის ზრდის მისაღწევად, სპეციალურად შექმნილმა მსესხებელთა რეესტრის შემდგენმა კომისიამ თითოეულ შემთხვევაში დეტალურად გამოიკვლიოს პრობლემის წარმოშობის მიზეზები და მხოლოდ სათანადო კრიტერიუმების და მიზნობრიობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცეს დადებითი რეკომენდაცია.

ამასთანავე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშაოს ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების უკან დაბრუნება“. [/toggle]

 

აუდიტის ამავე ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან ხორციელდება დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მათი მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განკუთვნილია აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.

„ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს − ის ადგილები, რომლებიც დასრულებულია და ვიზიტორებს უნდა იღებდეს, მოუვლელი და მიტოვებულია.

პროგრამის დაგეგმვის და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს გამოვლენილი გარემოებები ადასტურებს, რომ სამინისტროს, როგორც პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობის მიმართულებით აქვს პრობლემები, რაც საბოლოოდ იწვევს პროგრამის განხორციელების შეფერხებას და მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღებას,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

[toggle title=”საპიკნიკე ადგილებთან დაკავშირებით ვრცლად ნახეთ აქ:“]

„არასათანადოდ დაიგეგმა ასევე დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მშენებლობის სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში. კერძოდ, სამინისტრომ ისე შეისყიდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან დასასვენებელი – საპიკნიკე ადგილის მშენებლობის სამუშაოები, რომ არ შეისწავლა სამშენებლო ტერიტორიასთან მიმართებით ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები საკუთრებასთან დაკავშირებით, რამაც მშენებლობის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

ქვეპროგრამის მოსალოდნელი შედეგების შეფასების გარეშე დაგეგმვასა და განხორციელებას ადასტურებს ასევე ის, რომ აშენებული ფართები დღემდე უფუნქციოდაა.

2019 წელს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს ხიდთან მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილთან ერთად და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეპროგრამა თავიდანვე არ ითვალისწინებდა ქონების მესამე პირებისთვის გადაცემას. ქედის მუნიციპალიტეტს უძრავი ქონება გადაეცა მოვლა-პატრონობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტს, დამატებითი პირობების გარეშე, მხოლოდ შემდგომში განკარგვის (დროებით სარგებლობაში) გაცემის მიზნით [შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს გამოცხადებულ აუქციონზე განხორციელდა ქონების იჯარით გაცემა].

ფიზიკური დათვალიერებით ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ არ ხორციელდება ქონების სათანადო მოვლა-პატრონობა. შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად უფუნქციო, მიტოვებული და დაბინძურებულია.  ობიექტს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ვიზიტორი ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, ხოლო ქონება მოუვლელობისაგან ზიანდება და ღირებულებას კარგავს“. [/toggle]

 

აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მოწყობის სამუშაოებზე – ეს სამუშაოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2018 წელს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შეისყიდა.

საბოლოოდ კი, როგორც აუდიტი წერს, აღმოჩნდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.

ამ სამუშაოებში კი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით თანხა დაიხარჯა. მაშინ როდესაც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული – „თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ.“

[toggle title=”ამ საკითხზე აუდიტის ანგარიშიდან ნახეთ აქ:“]

„ხელშეკრულებით, მიწოდების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბერი. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადო პროცედურების დროულად განუხორციელებლობის გამო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 30 აპრილამდე. საბოლოოდ, პროექტი დასრულდა 2019 წლის 27 ივნისს.

„პროექტის დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტს არ მიეწოდებოდა წყალი და გაუმართავი იყო საკანალიზაციო სისტემა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის არ არსებობდა საჩრდილობელი და არ იყო მოწყობილი მისასვლელი კიბე.

ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ პროექტის დაგეგმვის ეტაპზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა სათანადო კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან: თავიდანვე შესაძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ დაკვირვებისთვის აუცილებელი იქნებოდა საჩრდილობლის მოწყობა, ასევე მისასვლელად საჭირო იყო კიბე და ა.შ. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება იყო 151.7 ათასი ლარი, დაგეგმილ ვადებში არ განხორციელდა და ვერ შეასრულა ის ფუნქციები, რის გამოც გაწეულ იქნა საბიუჯეტო ხარჯები.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ სათანადო მოვლა-პატრონობის განუხორციელებლობის გამო დაზიანებული იყო გარე განათება და შენობის ფასადი, ასევე ეზოს ტერიტორიაზე ღობის დაზიანების გამო აღინიშნებოდა ანტისანიტარია.

არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის დასაწყისში ელექტრონული ტენდერის გზით დამატებით განახორციელა წყალმომარაგების, კიბისა და საჩრდილობლის მოწყობის სამუშაოების, ღირებულებით − 28.1 ათასი ლარი, შესყიდვა.

განმეორებითი შესყიდვის საჭიროება მიუთითებს, რომ ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე არ იქნა შეფასებული არსებული გამოცდილება მსგავსი პროგრამების განხორციელების დროს, ასევე ის საჭიროებები, რომლებიც აუცილებელია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისას.

შედეგად, დროულად არ განხორციელდა პროექტი, ხოლო სამუშაოების არასრულყოფილად განხორციელების გამო დაზიანდა მისი ნაწილი და თავიდან გახდა საჭირო საბიუჯეტო სახსრების გაწევა“.

[/toggle]

 

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სამსახურმა 2021 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა.

მარტოხელა კაცისთვის სუროგაციის გზით შვილის ყოლის აკრძალვას საია ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილ აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, ექსტრაკორპორული განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ წყვილებს – ცოლ-ქმარს ან 1 წლის განმავლობაში ერთად მცხოვრებ ქალსა და მამაკაცს.

„საქართველოს კანონმდებლობით, სპერმის დონორობის გზით მარტოხელა ქალსაც აქვს დედად გახდომის შესაძლებლობა.

რაც შეეხება მარტოხელა მამაკაცს, საქართველოს კანონმდებლობა ამ უკანასკნელს უკრძალავს ხელოვნური განაყოფიერების გზით გახდეს მამა.

იმისათვის, რომ მამაკაცმა ისარგებლოს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესაძლებლობით,  ამისათვის მას მოეთხოვება ან დაქორწინდეს, ან კონკრეტულ მისამართზე, ერთი წლით, დარეგისტრირდეს ქალთან ერთად.

ამასთან, ასეთმა მამაკაცმა უნდა ამტკიცოს, რომ უნაყოფოა და არ შეუძლია ბუნებრივი გზით იყოლიოს შვილები, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ერთადერთი საშუალებაა შვილის ყოლისათვის.

ამგვარი შეზღუდვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას. პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით გახდეს ბავშვის გენეტიკური მშობელი. სწორედ ამ უფლებას არღვევს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/477861/

საქართველოს წყლებში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია საფლაგმანო ხომალდი “CRISTOBAL COLON”-ი (ესპანეთი), “REGINA MARIA” (რუმინეთი), “KEMALREIS”-ი (თურქეთი) და “SMELI” (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.

შსს-ს ინფორმაციით, საპორტო ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.

ნატოს საფლაგმანო ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში
ფოტო: შსს

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, – ამბობს შსს.

ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს.

სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.

  • გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 ცალი] სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.
  • მოტოციკლები ეტლის გარეშე კი [A2; ძრავის მოცულობა: 400 – 650 კუბ.სმ; 9 ცალი] – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღის ვადაში.

[toggle title=”მოტოციკლების ტექნიკური მახასიათებლები დეტალურად ნახეთ აქ:“]

[/toggle]

ტენდერის პირობის მიხედვით, „მომსახურების სააგენტო აპირებს შესყიდული მოტოციკლის პრაქტიკული გამოცდისათვის შესაბამისად ადაპტირებას [მოტოციკლზე უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა – ვიდეოკამერის თვალი, სენსორი, ინფორმაციის წვდომის მოდემი]. ამასთან, შემოთავაზებულ მოტოციკლზე სხვადასხვა ელმოწყობილობის დამონტაჟების მიუხედავად, უნდა გავრცელდეს საგარანტიო პირობები.“

 

[toggle title=”მოტოციკლის მართვის უფლების მისაღები გამოცდების მოთხოვნები ნახეთ აქ:“]

მუხლი 15. მოტოციკლის მართვის უფლების მისაღები გამოცდების ორგანიზაცია და მოთხოვნები

  1. მართვის უნარი და ჩვევები, როგორც წესი, მოწმდება უეტლო მოტოციკლზე ან მოტოროლერზე.
  2. მძღოლობის კანდიდატს უნდა შეეძლოს შემდეგი მანევრების შესრულება:

ა) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან-მაღალზე და პირიქით;

ბ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარის დროს, საფეხურიდან ფეხის აუღებლად;

გ) მცირე რადიუსის მოხვევისა და მობრუნების (“საგაბარიტო წრე”, “ზიგზაგი”, “რვიანი”) შესრულება.

  1. გამოცდა აღარ გრძელდება, თუ გამოსაცდელმა ვერ შეასრულა “ზიგზაგი” ან “რვიანი”.
  2. მოტოციკლების მართვის ელემენტების შესრულებისას ორი და მეტი შეცდომის დაშვების შემთხვევაში კეთდება შეფასება “ვერ ჩააბარა”:

ა) “წრის” ან “ზიგზაგის”, ან “რვიანის” შესრულებისას შეეხო საგზაო ვაკისს;

ბ) გაჩერებისას, როცა ძრავა მუშაობდა, ვერ შეძლო გადაცემის გამორთვა.

წყარო: შს მინისტრის ბრძანებასატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესების დამტკიცების შესახებ

სააგენტოს ინფორმაციით: „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1 და B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები:

  • რვიანი;
  • ზიგზაგი;
  • საგაბარიტო წრეში მობრუნება (მხოლოდ “A კატეგორიისა და A1” ქვეკატეგორიისათვის);

[/toggle]

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სერვისის მიწოდება, რაც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, მომსახურების ცენტრებში თებერვლის თვიდან აღდგენილია.

საქართველოში მართვის მოწმობის გაცემა მოპედების შემთხვევაშიც იგეგმება.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ .

მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე საუბარი ორი წლის წინ დაიწყო. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს შევიდა.

პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილებით კი, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურები გაგრძელდა.

ამ თემაზე ვრცლად:

https://netgazeti.ge/news/377552/

 

მთავარი ფოტო: pexels
Exit mobile version