განათლება,მთავარი,სიახლეები

21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

10.03.2021 • 2438
21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის

არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას.

არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც  ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე გითხრათ, ამ პროგრამის გარეშე რომ ჩავირიცხე უკეთესია, რადგან ერთ წელს აღარ დავკარგავ,“ – ამბობს არზუ.

მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს. სკოლაში ქართული ენის სწავლებას კვირაში 5 საათი აქვს დათმობილი, „თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლე სრულყოფილად დაეუფლოს ენას,“ – მიიჩნევს არზუ.

არზუ ბაირამოვა ტრენინგზე ახალგაზრდულ ცენტრში

მისი აზრით, სახელმწიფო სათემო ცენტრებს უნდა აძლიერებდეს და ხელს უწყობდეს უფასო პროგრამების დანერგვას, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ქართულის სწავლა და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.

„სკოლაში ქართულს აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი მასწავლიდა. ვფიქრობ, ენას ფლობდა, თუმცა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ინტენსიური მეცადინეობა მაინც დამჭირდა. ცოტა დრო იყო დარჩენილი ეროვნულ გამოცდებამდე, ამ პერიოდში ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე ქართულად, არ მეძინა, ღამეებს ვათენებდი და ბოლოს და ბოლოს ჩავაბარე.

უნივერსიტეტშიც კარგად ვსწავლობ, ზოგჯერ ტერმინების გაგება მიჭირს ხოლმე, მაგრამ ქართველი მეგობრები მყავს და ძალიან მეხმარებიან,“ – გვეუბნება არზუ.

16 წლის ასაკში არზუმ გადაწყვიტა, თანატოლებს დახმარებოდა და პროექტი დაწერა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ქართულ ენას, ინგლისურს, ხატვას ასწავლიდნენ.

„მე პირადად ვასწავლიდი ქართულს და ინგლისურსაც ახალგაზრდებს. ამ პროექტში მეზობელი სოფლებიდანაც დადიოდნენ ახალგაზრდები სასწავლო ცენტრში. კილომეტრობითაა ზოგიერთი სოფელი დაშორებული ერთმანეთს, იყო ტრანსპორტიც პრობლემები, რომელიც ახლაც არსებობს და ამის მიუხედავად, ახალგაზრდები მაინც დადიოდნენ სასწავლებლად. მოტივაცია არსებობს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს სკოლებში ქართული ენის სწავლება, რომ მათ აღარ დასჭირდეთ არც  1+4 პროგრამა და არც კილომეტრების გავლა იმისთვის, რომ ქართული ისწავლონ.

ამ ცენტრში ათობით ახალგაზრდა გადამზადდა და ძალიან დიდი ინტერესია დღემდე – ამჟამად 200-მდე წევრი გვყავს კიდევ. სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომ არ ჩამორჩნენ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები განვითარებას,“ – გვითხრა არზუ ბაირამოვამ.

არზუ ბაირამოვა ახალგაზრდულ ცენტრში

მისი თქმით, ქართული ენის შესწავლით უფროსი თაობის მოსახლეობაც არის დაინტერესებული, რადგან ბევრ პრობლემას აწყდებიან. „დაბრკოლებები ექმნებათ ადამიანებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, რადგან ვერ წერენ განცხადებას, საბუთების მომზადებაში ჩვენ გვთხოვენ ახალგაზრდებს დახმარებას. არ შეუძლიათ კომუნიკაცია სასწრაფო დახმარებასთან, რადგან ან ქართულად ელაპარაკებიან, ან რუსულად. აზერბაიჯანული არც ერთმა ოპერატორმა არ იცის. ამიტომ ჩვენ გვთხოვენ, რომ დაველაპარაკოთ სასწრაფოს.

პანდემიამ შეგვაფერხა და როცა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ძალიან მინდა ხანდაზმულებისთვისაც დავწერო პროექტი და მათაც დავეხმარო ქართული ენის შესწავლაში. მინდა, რომ თვითონ ვასწავლო ამ ადამიანებს ქართული. იმდენი მაინც რომ ისწავლონ, კომუნიკაცია მოახერხონ,“ – ამბობს არზუ.

მისი თქმით, ადგილობრივებს, ვინც საერთოდ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, არც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქვთ სრულყოფილი წვდომა. „ამასწინათ მკითხეს, 500 ლარი რიგდება თურმე და ეს რისი კომპენსაციააო. არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია. აზერბაიჯანულენოვანი რადიო და ტელევიზია ჩვენს რეგიონში მაუწყებლობს, თუმცა ბევრ სოფელში, მათ შორის, არც ჩვენს სოფელში, არ აღწევს სიხშირე. ამიტომ  კარგი იქნება, თუ  ეს პრობლემაც მოგვარდება“.

არზუს აზრით, სახელმწიფო ენის შესწავლაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აკისრია – მოსახლეობასაც და სახელმწიფოსაც. „მოსახლეობას მზაობა აქვს, დაინტერესებულია, თუმცა სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს მათ. მეტი წილი სახელმწიფოზე მოდის. ბევრი უფასო პროგრამა უნდა შესთავაზოს მათ სახელმწიფომ,“ – ამბობს არზუ.

მის თქმით, ბევრი სიახლეა განათლების სისტემაში და ძალიან ცოტა შემთხვევაშია ეთნიკური უმცირესობები გათვალისწინებული. „ვფიქრობ, მეტი პროგრამა უნდა არსებობდეს უმცირესობების გასაძლიერებლად, რადგან ძალიან დიდია დაინტერესება.“

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 13.2 პროცენტია. აქედან ყველაზე მსხვილ ჯგუფებს წარმოადგენენ აზერბაიჯანელები – 6. 2 პროცენტით და სომხები – 4.5 პროცენტით.

______________________________________

ამავე თემაზე:

რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: