მთავარი,სიახლეები

ხვალ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

12.03.2021
ხვალ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

შაბათს, 13 მარტს, ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც მუსიკოსებიც უერთდებიან საკუთარი შემოქმედებით.

აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა.

მოქალაქეები 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან შეიკრიბებიან, აქედან კი „ამბასადორის“ მშენებლობის ადგილზე გადაინაცვლებენ.

„მოლაშქრეები დავიკავებთ იმ სივრცეს, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ და არა კერძო მენაშენეს!

თუ ხელისუფლება არ აჩერებს მავნებლურ მშენებლობას და არ იცავს სახალხო ინტერესს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ სივრცე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და არ მივცეთ უფლება მენაშენეს გაანადგუროს საჯარო საკუთრება!

ჩვენთან ერთად იქნებიან მუსიკოსები, რომლებიც თავისი შემოქმედებით გააპროტესტებენ მშენებლობას.

შემოგვიერთდით და დავიწყოთ სახალხო მოძრაობა, რომელიც გადაარჩენს ძველ ბულვარს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“- წერენ აქციის ორგანიზატორები აქციის ფეისბუქგვერდზე.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo.

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.

_________________

ფოტოზე: „ამბასადორის“ მშენებლობა ბათუმის ბულვარში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008