,,იაფი სახლის” კორპუსში მოქალაქეები ისევ შეიჭრნენ

ბათუმში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის მიმდებარედ მერიამ ააშენა, მოქალაქეები შეიჭრნენ. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. სახლის ეზოში ახლა ათობით მოქალაქე და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ბათუმის მერიის მიერ აშენებული ხელმისაწვდომი „იაფი სახლის“ კორპუსებში, ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული.

ცნობილია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე, თუმცა ამ კრიტერიუმებს ბინის ყველა მსურველი ვერ აკმაყოფილებს.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინიც იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რის მიხედვითაც ბინის საფასური მცირე თანხით მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

„150 ლარს ვიხდი ახლა ქირაში, კატა არ ჩერდება, ისეთი სახლია, რომ მოვკვდე, ჩემს შვილს პატრონი აღარ ეყოლება, სახლიც არ დარჩება. უნარშეზღუდულია, წერა-კითხვა არ იცის. ადრე დავდიოდი და სიგარეტს ვყიდდი. გადავიხდი მეც მაგ 200 ლარს თვეში, რომ ვიმათხოვრო, გადავიხდი, ოღონდ მომცენ ბინა”, – ამბობს გოგუცა ელიაშვილი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც დღეს „იაფი სახლის კორპუსში“ სხვებთან ერთად შეიჭრა.

„ჩვენ არ ვართ რეციდივისტები, ტყუილად არაფერს ვითხოვთ. მე, ქმარი და შვილიშვილები ნაქირავებ ერთ ოთახში, ხუთნი ვცხოვრობთ ერთად. ხან ვაშლს ვყიდით, ხან რას. სოციალური დახმარება არ გვაქვს. ესაა ქვეყანა? გაღატაკებულები ვართ. როცა ხმები სჭირდებოდათ, მიიღეს. ზედა ლეღვაში ვცხოვრობდით, გადაყირავებულია სახლი, უკანონოდ არაფერს ვითხოვთ, გეოლოგის დასკვნაც გვაქვს, 2 კომლი ვცხოვრობდით იქ ერთ სახლში, 15 წელია ამ დღეში ვართ, დაგაკმაყოფილებთო, მაგრამ არაფერი”, – ამბობს „იაფ სახლში“ შეჭრილი კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ასევე სამართალდამცავებმა გამოიყვანეს სახლიდან ეზოში.


ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

დღეს საქართველოში კოვიდის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა

10 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა  22 127 ტესტი კოვიდზე.

9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე 342 ადამიანი მკურნალობს კოვიდსაავადმყოფოში, 1 447 პირი კი – საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 384 პირი, აჭარაში – 470, იმერეთში – 679.

აჭარაში კოვიდით პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 30 ახალი შემთხვევა | 10 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი, 11-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა.

ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 20 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ღარიბაშვილმა ყოფილი ელჩი დანიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ილია დარჩიაშვილი იქნება. იგი ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 მარტს, დანიშნა.

მთავრობის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი.

დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მანამდე კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.

1:0 – დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა ანგარიშით 1:0. გამარჯვების მომტანი გოლი დინამო ბათუმის ნახევარმცველმა, გიული მანჯგალაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით დინამო ბათუმს 7 ქულა აქვს და დროებით პირველ ადგილზე გადადის.

გუნდებს შორის მატჩი დღეს, 9 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა.

 

განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი

აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა. სამაგიეროდ ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხით დაადასტურა, რომ „ამბასადორის“ შესაძლო ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება.

EMC- სა და „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილებში, სადაც ის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კომპანიის შესაძლო ზიანზე წუხს, გამოჩნდა მინისტრის წინასწარი განწყობაც, რა შეიძლება იყოს სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შემდეგ.

მაია ხაჯიშვილი საერთოდ არ უშვებს, რომ შესაძლოა ნებართვა გაბათილდეს და თუ კომპანიას გაცილებით მეტი სამუშაო ექნება შესრულებული, უფრო დიდ  ფინანსურ ზარალს მიიღებს, ვიდრე შეჩერების შემთხვევაში.

მეტიც, მაია ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ბულვარში მშენებლობის შეჩერება რეგიონის სოციალურ ფონს დაამძიმებს.

ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და EMC-მ მინისტრს 26 თებერვალს მიმართეს და ითხოვეს შეისწავლოს ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის სამშენებლო ნებართვის კანონიერება. მანამდე კი მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.

ამონარიდი აჭარის განათლების მინისტრის წერილიდან, რომელიც არასამთავრობოებს გაუგზავნა:

„სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ცალსახად დაადგინეს, რომ შპს ,,ამბასადორი ბათუმმა“, რომელსაც გააჩნდა კანონიერი ნდობა აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, მათ საფუძველზე განახორციელა სამართლებრივი და ფინანსური ხასიათის მოქმედებები და აქტის მოქმედების შეჩერება მიაყენებდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.“

 მინისტრის განმარტებით, ზიანი გამოიხატება შემდეგში:

„სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შპს ,,ანაგი“ [მშენებელი კომპანია – ავტ] უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა შპს ,,ამბასადორი ბათუმთან“ დადებული ნარდობის ხელშეკრულება [ნარდობის ხელშეკრულებით კომპანია კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო წინასწარ განსაზღვრული პირობების თანახმად, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური – ავტ.]. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შპს ,,ამბასადორი ბათუმს“ ეკისრებოდა როგორც მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა, ასევე ჯარიმა. ამასთანავე, შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულებები დაქირავებულ პერსონალთან, რაც გამოიწვევდა პანდემიის პირობებში არსებული სოციალური ფონის დამძიმებას პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის.“

მინისტრის თქმით, წარმოდგენილი მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ:

შპს ,,ამბასადორი ბათუმის“ მიერ, მიღებული ნებართვის საფუძველზე, განხორციელდა მასშტაბური ხასიათის ფინანსური ოპერაციები და შესრულდა მოცულობითი სამუშაოები, რის შედეგადაც უფლებააღმჭურველი აქტი გარკვეულ ნაწილში აღსრულდა, ხოლო დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოების შეჩერება გამოიწვევდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, რომლის ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. საპირწონედ არსებობდა მხოლოდ საჩივრის განხილვამდე აქტის შეჩერების მოთხოვნა. როგორც წესი, აქტის შეჩერების მიზანია, აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში არ გართულდეს მისი აღსრულება. აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ რამდენიმე არგუმენტით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა​ EMC-ისა და “საზოგადოება ბათომის” მოთხოვნა.

რას ამბობს კანონის მუხლი, რომლითაც მინისტრი თავის გადაწყვეტილებას ამართლებს

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ასევე განმარტავს, რომ მას არ შეეძლო მშენებლობის შეჩერება საქართველოს „ნებართვებისა და ლიცენზირების“ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად და განმარტავს: „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სამინიტროს ბრძანებით დასაბუთდა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება და რატომ არ შეჩერდა გასაჩივრებული აქტის მოქმედება.“

ამონარიდი სამინიტროს წერილიდან

კანონის იმ თავში, რომელზეც მინისტრი მიუთითებს, სიტყვა-სიტყვით წერია:

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის [სარჩელის] განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

EMC- ის იურისტის, ვლადიმერ ქუთათელაძის განმარტებით, ეს მუხლი იმას გულისხმობს, რომ გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს პროცესს, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს შეეძლო:

„როგორც წესი, ადმინისტრაციული აქტი, მისი გასაჩივრების მომენტიდან ჩერდება, მაგრამ არის გამონაკლისი, როცა გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს გაჩერებას. იქვე არის მინაწერი, რომ მხარის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ის. სამინიტროს ამის სრული რესურსი და ბერკეტი აქვს. თუმცა ეს არის მათი დისკრეციული უფლება, ანუ კანონი არჩევანის საშუალებას აძლევს, შეუძლია შეაჩეროს ან არ შეაჩეროს.“

EMC-ის შეფასებით ამ გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ გაითვალისწინა, რომ მშენებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია. მეტიც, მისი დასაბუთება ემყარება მხოლოდ კომპანიის ინტერესისა და მისი ფინანსური ზარალის შესახებ მსჯელობას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „საზოგადოება ბათომის” სახელით EMC სასამართლოს მიმართავს და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.
____
ამავე თემაზე:

„იმ სამღვდელოებას სცემეს, რომელმაც მეუფეს სექსუალური კადრები აჩვენა“ – ინტერვიუ თეოლოგთან

„ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტის გაგრძელებაა… მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს, რომელიც უპირისპირდება მეუფე პეტრეს. არავინ იცის, წავა თუ არა მეუფე პეტრე ვა-ბანკზე და როდის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ.

  • ბატონო მირიან, ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს შორის არაერთი ღია კონფლიქტი ვნახეთ. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ამჯერად – ეს იყო არსებული კონფლიქტების გაგრძელება, თუ რამე ახალი მიზეზია? 

ეს დაპირისპირება აქამდე არსებული კონფლიქტების გაგრძელებაა, ფორმები შეიცვალა, მაგრამ მიზეზი ახალი არ არის. აქამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ კონფლიქტებს თან არ ახლდა და გუშინდელ ინციდენტში ეს იყო სიახლე – საჯარო ცემა-ტყეპა სამღვდელოებაში.

ამ ეპარქიაში სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, როცა მეუფე პეტრე გადაიყვანეს ეპარქიიდან [მეუფე პეტრე ცაავა 2019 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს სინოდის წევრობიდან, როცა მან ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ სხდომაზე პატრიარქი ილია II „პედერასტიასა და მამათმავლობაში ამხილა“.] ის გადაიყვანეს ეპარქიიდან, რომელიც წლების განმავლობაში მის მიერ იყო ფორმირებული.

მეუფე პეტრეს ნაცვლად დანიშნეს მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც იყო რუსეთუმე, თუმცა მას ეყო ჭკუა და მოხერხება, არ დაეწყო ძირეული ცვლილებები. როგორც ჩანს, მეუფე გრიგოლი ხედავდა, რომ კონფლიქტი მაინც მწიფდებოდა და უკან, წალკაში დაბრუნდა.

მის ნაცვლად დანიშნეს მეუფე სტეფანე. ის დაცინვისა და შარჟის ობიექტი არაერთხელ გახდა სამართლიანად.

  • ვინ არის მეუფე სტეფანე? 

მეუფე სტეფანე [კალაიჯიშვილი] არის წარმოშობით ახალციხის მიდამოებიდან და გამოირჩევა ფუნდამენტალისტური შეხედულებებით. ის საკმაოდ მოუმზადებელია თავის პროფესიაში და ცნობილია იზოლაციონისტური პოზიციებით. მას ასეთი გამართლებაც კი მოჰყავს, რომ კოსმოსში, შეზღუდულ სივრცეშია სიცოცხლე, რომელშიც კოსმონავტები იმყოფებიან, იზოლაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიო.

ის არის ხშირად დაცინვის ობიექტი, რადგან არაადეკვატური პოზიციებით გამოირჩევა, მაგალითად, სიზმარი, რომელიც მან უქადაგა მრევლს და რომლის მიხედვითაც მან ჟანგიანი მახვილით განგმირა ნიანგები. ეს მან მიიჩნია ნიშნად, რომ ქართველი ერი დაამარცხებს კორონას.

ამ დონის პიროვნებაზეა საუბარი და ეს ართულებს მის სერიოზულად, ავტორიტეტად აღქმას.

  • რა მიზნით დანიშნეს მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში? 

ეს არ იყო საპატრიარქოს მხრიდან გამიზნული ნაბიჯი, ან სტრატეგია, მაგრამ რადგან კაცია იქ არ გაჩერდა და უკან წავიდა, ვიღაც უნდა გამოეგზავნათ. ამ შემთხვევაში ისარგებლეს ტერიტორიული პრინციპით, ვინც უფრო ახლოს იყო. ცაგერი და ლენტეხი მიბმულია, როგორც ცნობილია, სამეგრელოს რეგიონს და სთხოვეს, რომ წასულიყო.

  • გუშინდელ სხდომაზე მეუფე სტეფანემ ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, ანანია კალანდიას კი, ბოლო გაფრთხილება მისცა. რამდენად დასაბუთებული იყო ეს გადაწყვეტილება და რა მიზანს ემსახურებოდა მღვდელმსახურების დასჯა? 

ეს გადაწყვეტილება ამ ეპარქიის მხრიდან საერთოდ არ იყო დასაბუთებული… მეუფე სტეფანე ჩასულიც კი არ იყო ეპარქიაში, რომ გადაწყვიტა რაღაც ცვლილებების განხორციელება და მოითხოვა სხვა ტაძრებში მსახური დიაკვნები გადასუყლიყვნენ საკათედრო ტაძარში, ანუ მისი პირადი დიაკვნები გამხდარიყვნენ. ამით დაიწყო ეს დაპირისპირება. მანამდე ეს დიაკვნები გამოირჩეოდნენ მეუფე პეტრეს მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. ერთ-ერთი მათგანი ტიროდა კიდეც, როცა მეუფე პეტრე გაუშვეს და ამბობდა, პატრიაქი კი მიყვარს, მაგრამ ჯოჯოხეთში ვერ წავყვებიო.

ჩემი ინფორმაციით, მეუფე სტეფანე წარმოადგენს საპატრიარქოს და გუშინდელი დაპირისპირება არის საპატრიარქოს და მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირების გაგრძელება. პირადი შეუთავსებლობა რომ ჰქონდეს მეუფე სტეფანეს, ასეთი არ მსმენია. აღმოჩნდა, რომ ეპარქიის სამღვდელოება არის ლოიალური მეუფე პეტრეს მიმართ. ისინი დარწმუნებულნი არიან მის სიმართლეში, დარწმუნებულნი არიან ასევე, რომ ის დაისაჯა უსამართლოდ. ეპარქიის სამღვდელოება ამ მდგომარეობას არ ეგუება, ისინი მეუფე პეტრეს დასჯას არ იღებენ, როგორც მისაღებ გადაწყვეტილებას.

  • რის მიღწევა სურს ამჯერად მეუფე პეტრეს? 

გუშინდელი დაპირისპირებიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას გააჩნია შინაგანი პროტესტი და პროტესტი ექნებოდათ, ვინც არ უნდა დაენიშნათ იქ. ის, რომ საქმე მიჩუმათდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამას შეეგუენ. პროტესტი არ არის ამოწურული ეკლესიის შიგნით.

თემა, რომელზეც პეტრე საუბრობდა, ძალიან უხერხულია და მე პირადად ვემიჯნები ადამიანების დევნას და შევიწროებას სექსუალური ნიშნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეუფე პეტრემ მაღალი იერარქიის წარმომადგენლების სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, საკმაოდ ბლომად დაუტოვა საკუთარ სამღვდელოებას, როგორც კონტრიარაღი, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოიყენონ.

  • თქვენი ინფორმაციით, ამ თემაზე იყო საუბარი ეპარქიის გუშინდელ სხდომაზე? 

სავარაუდოდ გუშინ მეუფე სტეფანემ სცადა, რომ ჩაეტარებინა კრება, მან ყველა დაიბარა კრებაზე. ამ დროს უკვე არსებობდა ძალიან დიდი დაძაბულობა. კრებაზე დაისვა საკითხი, რამდენად სამართლიანად დასაჯეს მეუფე პეტრე. სამღვდელოებამ თავის არგუმენტად მოიყვანა ვიდეოკადრები და როგორც მეუფე ლუღლუღებდა, აჩვენეს კიდეც მას ეს კადრები. აქ გამოავლინეს მორალისტური რეაქცია და სცემეს იმ სამღვდელოებას, ვინც მეუფეს კადრები აჩვენა. ვისაც სცემეს, ეს ჯგუფი გამოვარდა გარეთ და შემდეგ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა – მოაჯირი გადატყდა და ხალხი გადმოცვივდა.

  • რა შეიძლება მოხდეს ახლა? 

ახლა რეალურად ძალიან რთული და სულელური სიტუაციაა: მოგეხსებათ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის დასჯადი ქმედება, მეუფე პეტრე რომ წავიდეს ვა-ბანკზე და თქვას: მე თუ ვტყუი, მაშინ ეს ხალხმა განსაჯოს და ეს კადრები გაასაჯაროვოს, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. მეუფე პეტრემ ძალიან კარგად იცის, როგორ პროკურატურასთან და სასამართლოსთან ექნება შემდეგ საქმე.

ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო, იყო სინოდალური მოსმენა, რადგან ამ ვიდეოების ნახვას ამ შემთხვევაში ექნებოდა შიდა მოსმენის სახე და პროკურატურა თუ ვინმეს დაიჭერდა, მაშინ მთელი სინოდი უნდა დაეკავებინა. რა განვითარება შესაძლოა მოჰყვეს ამ დაპირისპირებას, რთული სათქმელია.

რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრე იძულებული გახდება წავიდეს გადამწყვეტ და პრინციპულ საკითხზე, რადგან დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, გამოდის, რომ ის არის ცრუ ბრალმდებელი და ჭორებსაყოლილი ადამიანი. ადამიანმა თავისი ლოგიკიდან გამომდინარე დასდო ბრალი პატრიარქს, რასაც კიდევ ერთხელ ვემიჯნები, მაგრამ ამის დამამტკიცებელი არგუმენტი საზოგადოებას დღემდე არ უხილავს, ამიტომ ის ეცდება სიტუაცია როგორმე სათავისოდ შეცვალოს.

  • ამ ვითარებაში რა როლი აქვს „დეკანოზ მამალაძის საქმეს“? 

ეს საქმე, ცხადია, არის მიბმული ამ თემატიკაზე, სწორედ მამალაძის დაკავების შემდეგ გააქტიურდა ეს თემა, მაგრამ მამალაძის დაკავება არის მაგალითი მეუფე პეტრესთვის, როგორ შეიძლება მოექცნენ – შესაძლოა, ციხიდან ხმის გაღების საშუალებაც აღარ ჰქონდეს. მართალია, მამალაძე რაღაც წერილებს ციხიდან იწერება, მაგრამ ეს წერილები პირდაპირ არაფერს ამბობს, მამალაძე ვერ მიდის გადამწყვეტ ნაბიჯზე, არ ვიცით, რის გამო, ოჯახის უსაფრთხოება, თუ რა არის.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

ეს სიტუაცია ჰგავს დაახლოებით ამბავს, როცა ამერიკაში ან იტალიაში მაფიას უპირისპირდებოდნენ ადამიანები და როცა ისინი მოწმეებად გამოდიოდნენ სასამართლოში, ამის სანაცვლოდ მათი ოჯახის წევრებს ხოცავდნენ.

  • ეკლესიას რა რესურსი აქვს, რომ არსებული პროტესტი ამოწუროს? 

თუ სიტუაციას უკან გადაიყვანენ და მეუფე სტეფანეს ჩასვლამდელ სტატუს-კვოს აღადგენენ, მაშინ შესაძლოა წვრილფეხა სამღვდელოებამ აღარ ითავოს ეს კონფლიქტები, მაგრამ კომენტარებიდან ჩანს, რომ ეს ვიდეოკადრები არსებობს. ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოდის, რომ ვიღაცამ უკანონოდ მოიპოვა სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

თუ გამოძიება დაიწყება, მაშინ სიტუაცია ბევრად დაიძაბება და ამ შემთხვევაში მეუფე პეტრესაც არაფერი დარჩება, გარდა ვა-ბანკისა – ეს ადამიანები, რომლებიც თავად აღაღტკინა, რაღაცნაირად უნდა დაიცვას, თუ ღირსება გააჩნია.

  • გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ საპატრიარქომ აქცენტი გააკეთა კერძო საკუთრებაში შეჭრაზე. პრესსსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო მცდელობა ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის…“ 

ანდრია ჯაღმაიძე იმდენად შეუსაბამო პოზიციაზე იმყოფება, რომ მას შინაგანი ან სხვაგვარი მზაობა არ გააჩნია, თუნდაც პროსაპატრიარქო პოზიციები გამოხატოს. რეზიდენცია როგორ შეიძლება პირადი საკუთრება იყოს, როცა სიტყვები „რეზიდენცია“ და „კათედრა“ ნიშნავს საჯარო შეკრების ადგილს, ეს არის სათემო კუთვნილება.

საპატრიარქოს ვერ წარმოუდგენია ჟურნალისტების ასეთი ჩართულობა, ეს აღიზიანებთ მათ ყველაზე მეტად. მათი სურვილია, რომ მედია არ ჩაერთოს და საშუალება მიეცეთ ერთმანეთს გაუსწორდნენ, თუნდაც ცემა-ტყეპით ერთმანეთში მოგვარდნენ, ჟარგონით რომ ვთქვათ. ამის  საშუალება რომ არ ეძლევათ, ამის გამოა საპატრიარქო გაბრაზებული. სინამდვილეში, ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა იყო ის, რაც კრების შიგნით ხდებოდა.

  • რა სტრატეგიაზე გადავა საპატრიარქო და მასთან დაპირისპირებული მეუფე პეტრე? 

საპატრიარქოს სტრატეგია არის ეს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… საპატრიარქო სამღვდელოების პროტესტს დღემდე აიგნორებს. მე გამოვრიცხავ, რამე შეიცვალოს. მათი მიზანია, როგორმე ეს თემა არ გახდეს საჯარო პატრიარქის გარდაცვალებამდე.

თუ პატრიარქი გარდაიცვალა და დაიწყო მისი სამარკო ნიშნით გადამუშავება, როგორც წმინდანის, შემდეგ უკვე კადრების და სხვა მასალების გამოყენებით შეუძლებელი იქნება რაიმეს დამტკიცება, ან სიტუაციის შეცვლა. მხარე, რომელიც გარდაცვლილ პატრიარქზე რაიმეს თქმას გაბედავს, ვერაფერს მოიგებს. ამ სქემით საპატრიარქოში შიში არ აქვთ, რომ მეუფე პეტრე ვა-ბანკზე წავა, თუმცა რატომ არ აქვთ ეს შიში, არ ვიცი: დააშინეს, არ დააშინეს, ან როგორ აქვთ ეს ამბავი გადაწყვეტილი. ფაქტია, რომ ამ დრომდე მეუფე პეტრეც ბევრ საკითხზე საჯაროდ მსჯელობისას ბოლომდე ჩვენს ინფორმირებას არ ახდენს.

___

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე [კალაიჯიშვილი] პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების შესახებ, რომელსაც საეკლესიო პირები ბოლო პერიოდში მუდმივად განიხილავენ

სად გაითიშება შუქი 10 მარტს აჭარაში – იხილეთ ქუჩებისა და სოფლების ჩამონათვალი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 10 მარტს, ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტების გარკვეულ ნაწილს ხუთ მუნიციპალიტეტში.

ხელვაჩაურში შუქი გაეთიშება შემდეგ სოფლებს: კირნათს, მარადიდს, მირვეთს, ქედქედსა და მიმდებარე სოფლებს 13:00-დან 18:00 საათამდე.

ქობულეთში სოფლებს: ხალას, ჩაისუბანს, ბობოყვათს, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს.

ასევე, – დ.აღმაშენებელის, რუსთაველის, კოსტავას, ნინოშვილის, ქიაჩელის, პოპოვისა და მიმდებარე ქუჩებს.  ფიჭვნარის, ჩოლოქისა და დაბა ჩაქვის დასახლებების ნაწილს 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში.

ქედაში  სოფლებს: დოლოგანს,ზუნდაგას, მახუნცეთსა  და მიმდებარე სოფლებს 11:40-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში.

შუახევში სოფლებს: გომარდულს, ბარათაულს, ჭვანას, ჟანივრს, მახალაკიძეებს, კარაპეტსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე, დაბა შუახევის ნაწილს – 13:30-დან 18:30 საათამდე.

ხულოში სოფლებს: თაგოს, განახლებას, ჩაოს, დიოკნისს, ბოძაურსა და მიმდებარე სოფლებს – 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში.

როგორ აირიდა ბათუმის მერმა „დიდი სკანდალი“ – ინტერვიუ ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის შესყიდვის ჩავარდნა მერიამ პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა. კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერეს, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები ჯგუფიდან თავიანთი განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ოქმში არ ჩაუწერიათ, რომ რამდენიმე მათგანს ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და მაღალი იყო რისკი, რომ კონკურსის ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა. საქმე ბათუმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის, გენგეგმის მთავარი ნაწილის, სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებას და 2-მილიონიან შეკვეთას ეხება.

კომისიაში იყვნენ ისინიც, ვინც მერიის დაკვეთით საკონკურსო პირობების [ტექნიკური დავალება] მომზადებაზე იმუშავა, შემდეგ კი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათთან დაკავშირებული კომპანიები დარეგისტრირდნენ. კომისიაში კონკურსის მონაწილე ხუთივე მონაწილეს აღმოაჩნდა თავისი ლობი, ამიტომ ისინი კომისიიდან გავიდნენ. ბოლოს კი მერიას რესურსი აღარ დარჩა, რომ ხუთი პრეტენდენტიდან ერთი შეერჩია.

პროცესს აქტიურად აკვირდებოდა ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი. მას კონკურსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის შეფასება ვთხოვეთ.

  • ბატონო გიორგი, ეს სფერო თქვენთვის კარგად ნაცნობია, იცნობთ მერიის მუშაობასაც, აკვირდებოდით ტენდერთან დაკავშირებულ პროცესებს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, მიზანმიმართულად ჩაშალა მერიამ კონკურსი?

მაღალი თანამდებობის პირი როცა ხარ, მერი ან მოადგილე, ელემენტარული ხედვა უნდა გქონდეს. რეალურად პირიქითაა მდგომარეობა. საფრთხეს უფრო ხედავენ ამ დოკუმენტის არსებობაში, მაინც და მაინც მოქმედ მერს არ ვგულისხმობ, არამედ ყველას, ამ დრომდე ვინც იყო. ისიც უნდა შეგეძლოს იდეები გაიზიარო, ამათ ჰქონდათ შანსი, რომ ბოლომდე გაყოლოდნენ პროცესს…

რთულია ახლა ამის ახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ხელისუფლებაში. ყველა, ვინც იყო ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, რეალურად არიან შემთხვევით, არსაიდან მოსული ადამიანები, რომელთაც საქალაქო მეურნეობის, ურბანული სისტემის მართვის გამოცდილება არ აქვთ და ვერც ამის აუცილებლობას ხედავენ, ვერ ხედავენ ასევე პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ისინი მოჰყავთ.

ჰგონიათ, რომ თუ ხარ კარგი მინისტრი, ბიბლიოთეკის გამგე ან მფრინავი, ამის გამო შეიძლება დაინიშნო მერად. რაც შეეხება გენგეგმას, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც სჭირდება ყურადღება და თანამონაწილეობა ყველა ეტაპზე – არ შეიძლება რომელიმეს გამოყოფა, დავალების დაწერა არის პირველი.

დიახ, ვამბობ, რომ ჩააგდეს კონკურსი და პროცესი დიდი ხანი მიდიოდა ამ მიმართულებით. იდეა თუ არ გაქვს კარგად გააზრებული… იმიტომ კი არ უნდა აკეთებდე გენგეგმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა, ან მოსახლეობა გთხოვს, არამედ იმისთვის, რომ შენი იდეების რეალიზაცია მოახერხო, მმართველობის ელემენტარული ინსტრუმენტები გჭირდება, ერთ-ერთი მთავარი სწორედ გენგეგმაა. ეს არ არის მხოლოდ მშენებლობის მართვა, როგორც ყველას წარმოუდგენია, ეს არის მთელი ქალაქის სისტემის მართვა, რადგან დოკუმენტი ინტეგრირებულია და ყველა სფეროს მოიცავს, ტრანსპორტიც გენგემით იმართება, ეკონომიკაც – უახლოესი ათი წლის ქალაქის განვითარების ყველა ხედვა უნდა იყოს ამ დოკუმენტში თავმოყრილი.

ამიტომ, როცა დავალება იწერება, სჭირდება ძალიან სწორი მიდგომა. მერის განყოფილებები წერენ ხოლმე ეკონომიკური განვითარების დარგობრივ ხედვებს, განათლების განვითარების ხედვებს, მაგრამ ქალაქის ყველა დარგის განვითარებას რომ თავი მოუყარონ ერთ დოკუმენტში, ამის პოტენციალი მერიას არ აქვს.

  • როცა დაიწყო ტექნიკური დავალების მომზადება, მაშინ გამოჩნდა, რომ მერია მხოლოდ საკუთარი რესურსით ამას  ვერ შეძლებდა, დაიქირავეს სპეციალისტი, რომელიც დაეხმარა მათ. კონკურსის შეწყვეტის ოქმის მიხედვით, ეს სპეციალისტი კომისიიდან გავიდა, გავიდნენ სხვებიც. არ უნდა გაეთვალისწინებინა მერიას, რომ ამავე ხელშეკრულებით დაევალდებულებინა მათთვის კომისიაში მუშაობა?

სწორედ ეს მაქვს მხედველობაში, როცა გეუბნებით, რომ ვინც არ უნდა დაიქირავოს, პროცესს  მერია მართავს, დამკვეთი მართავს – მერიის ყველა სამსახურის დაინტერესება უნდა ჩანდეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არასწორად დააკომპლექტეს როგორც კომისია, ასევე პირობებიც. თავისი პრეისტორია აქვს მაგ პირობებსაც. ჩანდა გაუგებარი დამოკიდებულება ამ პირობების მიმართ. არ მინდა მაგაზე საუბარი. ეს წინა მერის დროს იყო, ისე გაიტაცა იმ პირობებმა, რომ ღრუბლებიდან ლაპარაკობდა – პირველი სატენდერო პირობების შემქმნელები და დამკვეთებიც ლიტერატურაში იყვნენ გადავარდნილები, არასერიოზული მიდგომები იგრძნობოდა თავიდანვე. თან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ არქიტექტურის სამსახურს შერჩა ეს საქმე. რეალურად ასე არ უნდა იყოს, მერიის მთელმა შემადგენლობამ უნდა გაიაზროს ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, ყველამ უნდა იმუშაოს ყველა ეტაპზე, მათ შორის კომისიის დაკომპლექტება არის პრინციპული საკითხი.

მითხრეს, ხომ არ შემოხვალ კომისიაშიო, არავისგან არავითარი გარანტია არ გვქონდა – ეს მართლა რთული დოკუმენტია, რომელსაც სერიოზული კვალიფიკაციის მქონე ჯგუფმა უნდა მოჰკიდოს ხელი. აქ ასეთი ჯგუფის შექმნას არც ველოდი, შესაბამისად არც ვიყავი გარანტირებული… შემდეგ ისე მოხდა, რომ სხვებმა მიმიწვიეს [გულისხმობს კონკურსში მონაწილე კომპანიას – ავტ.] თავიდანვე ვთქვი უარი კომისიის წევრობაზე – ან იქ უნდა იყო, ან აქ – ორივე, თავისთავად, არ შეიძლება.

ისე მიდიოდა პროცესი, რომ ეჭვებს ტოვებდა. კომისიაში არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც ჯგუფში შეიძლება გავლენა ჰქონდეთ. კონკურსის ჩაშლის მიზეზად რაც დასახელდა, არასერიოზულია. ერთ სხდომას თუ სპეციალისტები არ ან ვერ დაესწრნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლებოდა ორი კვირის შემდეგ იმავე სხდომის ჩატარება.

  • ოქმები რაც გვაქვს ამ კონკურსთან დაკავშირებით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კომისიას არ უმუშავია? 

არ ვიცი, არ გავცნობივარ ოქმებს. მთავარი იცით რა არის? – თითქოს თავს არიდებენ ამ კომისიაში მონაწილეობას, პასუხისმგებლობის ეშინიათ ან არ აქვთ გარანტია, რომ პროცესი სწორად იმართება. იგივე განცდა აქვთ კონკურსის მონაწილეებსაც, კომისიის წევრებსაც – რაღაცა არასწორია, ვერ გიხსნით. დეტალები არ ვიცი. კომისიებს უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო მონაცემები. ის, რომ მოსაზრების დონეზე რაღაც ხედვა დაფიქსირებულიყო, ასეთი სავალდებულო მოთხოვნა არ იყო. ძირითადი იყო ასევე სპეციალისტების გამოცდილება.

როგორც ჩანს, რამდენიმე მონაწილესთან ინტერესების საფრთხე გამოჩნდა, მონაწილეებს ალბათ ჰყავდათ პირობითად თავიანთი წარმომადგენელი კომისიაში, ვინ ვის რთული სათქმელია, მაგრამ შეიძლება იეჭვიანა ვიღაცამ, რომ მეორე ტურში დარჩებოდა ორი ან სამი კომპანია, როცა თითოეულს ეყოლებოდა თავისი დამცველი, ლობისტი კომისიაში. შეიძლება ამას მოჰყოლოდა სკანდალი, სერიოზული კონფლიქტი ბოლო ეტაპზე. მე უფრო ამ ვერსიისკენ ვიხრები.

  • რომ დავაკონკრეტოთ – გაჩნდა ეჭვი, რომ კონკურსანტ კომპანიებს ჰქონდათ კავშირები კომისიის წევრებთან?

დიახ. ვიცით, რომ რამდენიმე წევრი გავიდა კომისიიდან, მაგრამ გავიდნენ გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ. შეიძლება ესეც იყო კონკურსის ჩაშლის მიზეზი. რთულია ყველა დეტალზე საუბარი, თუ მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაინახა ასეთი საფრთხეები, შესაძლოა რეალურად ამის გამო ჩაშალა კონკურსი და არა დაუსწრებლობის და რაღაც სხვა მიზეზით. ანუ დაინახა საფრთხე, რომელსაც ის ვერ გააკონტროლებდა. შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფს დაეწყო ერთმანეთთან ბრძოლა ბათუმის გენგეგმისთვის. შეიძლება მან აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი არ იძლეოდა გარანტირებულ შედეგს.

  • 17-კაციან კომისიაში ფაქტობრივად მერიის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი შედის, მათ შორის მთავარი ფინანსისტი, ქონების მართვის სპეციალისტი და სხვები. დარგის სპეციალისტებზე მეტნიც არიან შესაძლოა, მაგრამ გამოდის მაინც ვერ შეაფასა არჩილ ჩიქოვანმა კომისიის რესურსი – ხომ შეეძლო სხვა ქალაქებიდანაც მოეწვია სპეციალისტები, თუ ამის საჭიროება იყო?

ვფიქრობ, მერიის ბევრი თანამშრომელი არც უნდა იყოს კომისიაში, მერია ისედაც სრულად უნდა იყოს მობილიზებული. არავინ უკრძალავდა მას, რომ პირადად აეღო პასუხისმგებლობა პროცესის მართვაზე, ან დაენიშნა ვინმე, უფრო ხშირი შეხვედრები ყოფილიყო ამ საკითხზე მერიის სხვადასხვა სამსახურს შორის, განეხილათ დეტალები. მთელი პროცესი ტექნიკური დავალების დაწერიდან შედეგების შეჯამებამდე საყურადღებოა და თავისით არ ხდება ეს. სიმართლე გითხრათ, ჩანდა არასერიოზული დამოკიდებულება.

ურბანისტიკა რთული საკითხია და იმ შემადგენლობით, როგორც არის დაკომპლექტებული კომისია, ბათუმის მერიის სამსახურს, ამ პროცესის მართვა გაუჭირდებოდა. მე მგონი, გაექცათ პროცესი…

იგივე კომისია თუ დარჩებოდა, გარანტირებულად გეუბნებით, რომ ვერ შეძლებდა [მუშაობას], ან დაუშვებდნენ  სამ-ოთხ სპეციალისტს, რომლებიც შესაძლებელია ვიღაცის ლობისტები იყვნენ. მოლოდინი იმისა, რომ ისინი დოკუმენტს შეაფასებდნენ და გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩემთვის პირადად ძალიან დაბალი იყო. ამიტომ  მერის გადაწყვეტილება თავის დაღწევას ჰგავდა – შესაძლოა ეს იყო მოსალოდნელი სკანდალის განეიტრალება – სკანდალი ბოლოს აუცილებლად იქნებოდა.

  • გამოდის, მერი ვერც კომისიას დაეყრდნობოდა და ვერც კომპანიის კეთილსინდისიერების იმედად დარჩებოდა? 

დიახ. კომისიაში ჰყავდა თავისი თანამშრომლები და მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც საჭირო მომენტში გამოეცალნენ ხელიდან. ამ ამბის არც არქიტექტურის სამსახურზე შეტოვება იყო სწორი, ამიტომაც მერმა თავისი შეცდომის გამოსწორება სცადა და წინასწარვე გაანეიტრალა სიტუაცია, შეიძლება მან კონკრეტული საფრთხეებიც დაინახა. შესაძლოა იმიტომაც არ ჩანს ოქმებში სამუშაო პროცესი, რომ იყო ქვედა დინებები. აჭარის ტელევიზიას მისცა მერმა კომენტარი ამ საკითხზე სამი დღის წინ, სადაც მან თქვა, რომ ერთ კვირაში ისევ აპირებს კონკურსის გამოცხადებას. ეს რადიკალურად ცვლის სიტუაციას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გაიაზრა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ან პირიქით, გამოჩნდა ვიღაცა ახალი მონაწილე, რომელმაც თავის დროზე დარეგისტრირება ვერ მოასწრო და მისთვის მოასუფთავეს ველი – რთულია ამაზე ლაპარაკი.

  • ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უნდა ჩაატაროს კონკურსი მერიამ, რომ მაქსიმალურად დააზღვიოს პროცესი?

მაგის მზა რეცეპტი არ მაქვს. შესაძლოა ეს დოკუმენტი ყველა გავლენისგან არ იყოს დაზღვეული, მაგრამ მინიმუმ სანდო უნდა იყოს პროცესი. მისაუბრია დეველოპერებთან და მათგან ყოველთვის იგრძნობა დამოკიდებულება – წერეთ და იკითხეთ ან ჩამოკიდეთ კედლებზე და გქონდეთო.

ბათუმის მერიის სამსახურს არ ჰყოფნის გავლენები, რომ ასეთი სერიოზული პროცესის ორგანიზება მოახდინოს… ისიც უნდა ითქვას, რომ მენაშენეების დამუშავებული ხელისუფლება გვყავს, თავის თავს რომ დეველოპერებს უწოდებენ, არწმუნებენ მას, რომ არ არის საჭირო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. ამ საფრთხეს ვხედავ და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს განეიტრალებულია.

  • როგორ შეიძლება დეველოპერმა დაარწმუნოს მერი, რომ არ სჭირდება ქალქმშენებლობითი დოკუმენტი, როცა ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რას უნდა დაჰპირდეს, რა უნდა უთხრას?

რა ვიცი, როგორ უნდა დაუჯერო. ძალიან მიამიტები რომ ვიყოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებას იდეის დონეზე სჯერა დეველოპერების. ადამიანების მიმართ, ვინც რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ, არის დამოკიდებულება, რომ ისინი აჩერებენ აჭარის განვითარებას, მტრები არიან და პრიმიტიულად ესმით ეკონომიკური განვითარება.

საჭიროა თუ არა სკოლაში სქესობრივი განათლება? | გამოკითხვა

საქართველოში სქესობრივი ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები სკოლაში არ ისწავლება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც სქესობრივი განათლების საკითხებზე ინფორმაციას ბავშვებსა და მოზარდებს სკოლა აწვდის, ასწავლიან იმასაც, თუ როგორ შეიძლება ამოიცნო სექსუალური ძალადობის ნიშნები, სექსუალური შევიწროება და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, უნდა იღებდეს თუ არა მოსწავლე ინფორმაციას სკოლაში სქესობრივი განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ?

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. მონაწილეობა ანონიმურია.


საჭიროა თუ სკოლაში სქესობრივი განათლება?


სად უნდა მიიღოს ინფორმაცია ბავშვმა სექსუალური ძალადობის ამოცნობის შესახებ?


როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ ბავშვზე სექსუალური ძალადობის შესახებ?

ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან ქართველი მოსწავლეები აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში სქესობრივ განათლებაზე

გერმანიაში დასაქმების 95 632 მსურველიდან ჯერ 50 დასაქმდება | სააგენტოს მონაცემები

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს  ინფორმაციით, დაიწყო გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი.

ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით 300 ვაკანსიაა გერმანიიდან შესული, მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისში, მეტწილად კი ივნისში დასაქმებას გულისხმობს.

სააგენტოს ინფორმაციით, თითოეული ვაკანსია 3-თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს: მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სპეციალურ ვებგვერდზე 95 632 პირია რეგისტრირებული. კანდიდატთა უმრავლესობა დედაქალაქიდანაა, მეორე პოზიციას კი აჭარის რეგიონი იკავებს. სააგენტო აქცენტს პირველ ეტაპზე რეგიონებზე გააკეთებს, ვინაიდან რეგიონებში მცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ.

„რეგისტრირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ვაკანსიებისას, ამიტომ, ჩვენ შემდეგი პრინციპი ავიღეთ – შემოსული ვაკანსიები თანაბრად უნდა გადავანაწილოთ რეგიონებზე. სქემა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული – უშუალოდ გერმანული მხარეა პროცესში ჩართული,“ – განმარტავს ნინო ველთაური, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ნინო ველთაური ამბობს, რომ ვინაიდან აჭარის მცხოვრებლებს, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში სეზონურად მუშაობის გამოცდილება აქვთ, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა, პირველ ეტაპზე მოქალაქეები აჭარის მუნიციპალიტეტებიდან შეარჩიეს:

„თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩიეთ დაახლოებით 450 კანდიდატი, რომლებსაც დავუგზავნეთ შეტყობინებები და აჭარის მუნიციპალიტეტებში ინდივიდუალურ გასაუბრებაზე სააპლიკაციო ფორმების შესავსებად დავიბარეთ. ამ პროცესში აქტიურად დაგვეხმარა აჭარის დასაქმების სააგენტო.

ინდივიდუალური კომუნიკაციისას გავაცანით კონკრეტული ვაკანსია, მისი პირობები, ანაზღაურება, ხარჯები და თანხმობის შემდეგ შევავსეთ აპლიკაციები“.

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ივსება ორი დოკუმენტი – განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა. ორივე ფორმა გერმანული მხარის მიერ არის მოწოდებული და მათი შევსება სავალდებულოა, სოციალური დაზღვევის ფორმის საფუძველზე ახდენენ იდენტიფიცირებას, დასაქმებულს სოციალური დაზღვევის გადასახადი ეხება თუ არა.

ნინო ველთაურის ინფორმაციით, 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტი შეარჩიეს, შევსებული დოკუმენტები გერმანულ მხარეს გადაუგზავნეს და ამ დროისთვის სააგენტო მოლოდინის რეჟიმშია:

„დამსაქმებლებმა სახელობითად უნდა წარმოგვიდგინონ შერჩეული ადამიანების სია, თუ ვისთან გააფორმებენ შრომით ხელშეკრულებას“.

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის შემდეგ, 9-10 მარტს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები:

„შეტყობინებები გაგზავნილია 450 აპლიკანტთან, რომლებიც იმავე პრინციპით შეირჩნენ. შემდეგ გვინდა გადავინაცვლოთ ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონი მოვიცვათ“.

ვაკანსიებს გერმანიიდან დასაქმების ხელშეწყობის ეროვნულ სააგენტოში კვლავ ელიან.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეებიდან პირველ ეტაპზე გერმანიაში მხოლოდ 500 დასაქმდება.

გარდა ამისა, გერმანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში 2021 წლის პირველი იანვრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვრა – 9.50 ევროდ [სრული ჯამი; გადასახადების ჩათვლით], ხოლო ამავე წლის ივლისიდან იგი 9.60 ევრო გახდება.

ამავე თემაზე: 

42 კითხვა და პასუხი გერმანიაში დროებით დასაქმებაზე

7500 ლარი გრანტი დევნილი და ეკომიგრანტი მეწარმეებისთვის – კონკურსი

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯამში, გრანტს 25 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სვანეთის რეგიონებში ეწევიან.

სააგენტოს ინფორმაციით: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელსაც ბიზნესი რეგისტრირებული აქვს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე და ბიზნესი არის მოქმედი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 9 მარტს, დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამმართველოებსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში მიიღება [მაგალითად, აჭარაში:  ბათუმი, ლ. ასათიანის ქ.N25; ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზ. N141; ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ.N1;.], ბიზნესგეგმის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც.

დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალისა და ბიზნესგეგმის აპლიკაციის სანახავად, გადადით ამ ბმულზე.

მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას

თბილისში მცხოვრები მშობელი ხატია ეგუტია პეტიციას ავრცელებს და მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს: ბავშვის უფლებები და თავისუფლებები და სქესობრივი განათლება.

მშობლის აზრით, ამ ტიპის განათლების მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია. ამაზე მეტყველებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი და „ის მძიმე სტატისტიკა სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შესახებ, რასაც სახალხო დამცველის თუ შსს-ს ანგარიშებში ვხედავთ“, ასევე ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი საქართველოში.

„მე ორი შვილი მყავს და მიმაჩნია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ და ასევე  ჰქონდეთ ცოდნა  რა არის ძალადობა, რომ დაცული იყვნენ მისგან,“ – ამბობს ხატია ეგუტია „ბათუმელებთან“. ის იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას სხვა მშობლებიც დაუჭერენ მხარს და  განათლების სამინისტრო და პარლამენტი გაითვალისწინებენ მშობლების მოთხოვნებს.

პეტიციის ტექსტი დღეს, 9 მარტს, გავრცელდა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს:

[checklist]

  • ბავშვის უფლებები და თავისუფლებები

[/checklist]

საგანი ისწავლებოდეს პირველი კლასიდან და ბავშვის განვითარების შესაბამისად, სკოლამ ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია კანონით დაცული მათი უფლებების შესახებ.

აუცილებელია ბავშვებს მარტივი ფორმით მიეწოდოს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს მათთვის რთულად გასაგები საკანონმდებლო ტერმინები. ბავშვმა უნდა შეძლოს გაარჩიოს სხვადასხვა შესაძლო ძალადობის საფრთხე და ფლობდეს ინფორმაციას უფლების დაცვის როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

[checklist]

  • სქესობრივი განათლება

[/checklist]

თანამედროვე გლობალურ სამყაროში (მათ შორის ინტერნეტსივრცეში) არსებული უამრავი მცდარი ინფორმაციის არსებობის პირობებში, კრიტიკულად აუცილებელია ბავშვებმა სპეციალისტებისგან მათი ასაკის შესაბამისი ფორმით მიიღონ ზუსტი, სამეცნიერო ხასიათის ინფორმაცია ადამიანის სექსუალობის შესახებ. სწავლების საფუძველზე ბავშვები ეტაპობრივად შეიძენენ სქესობრივ ცოდნას. სწავლებამ უნდა მოიცვას იმ თემების განხილვა, რომლებიც ეხება ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში მიმდინარე ხილულ და უხილავ ცვლილებებს, ასევე, ორსულობას, მშობიარობას, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვას; ვენერიულ დაავადებებს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სხვა.

სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ბავშვები ბაღის ასაკიდან იღებენ  სექსუალურ განათლებას (მაგ.ნიდერლანდებში), ასევე, შვეიცარიაში პირველი კლასიდან იწყება სწავლება.  ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლებისა და მშობლებისთვის არსებობს სექსუალური განათლების ორი განსხვავებული მოდული, ლიბერალური და კონსერვატიული მიმდინარეობის სწავლება და შესაძლებელია არჩევა.

პეტიციის ტექსტში მოყვანილია ამონარიდები ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციიდან:

„საქართველო არის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო და აღებული აქვს ვალდებულება მიმართოს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას,  რათა ბავშვი დაიცვას ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ (კონვენციის მუხლი 19).

საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“  მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, მისი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადება. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა.  ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან, აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციის და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამების და მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.

ასევე, ამავე კანონით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასაცავად.“-ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

______________________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

სოციალისტური რევოლუცია ბათუმიდან დაიწყო | 119 წელი 9 მარტის შემდეგ

ავტორი: შოთა გუჯაბიძე

მეოცე საუკუნე დაიწყო. ბათუმის ძირითად ნაწილს ნავთის ქარხნის მუშები შეადგენენ. მუშები ბათუმის შორიახლოდან ჩამოდიოდნენ, გურიიდან და აჭარიდან. თუმცა უფრო შორიდანაც ეტანებოდნენ ბათუმს საშოვარზე.

მოდიოდნენ ხანაც ლუკმა-პურის, ხანაც უფრო დიდის იმედით. ცრემლმორეული ტოვებდნენ ოჯახებს, სახლ-კარს, მევალეებს. გახდებოდნენ აქ რომელიმე ქარხნის მუშა, გადაუბრუნებდა ტვინს რომელიმე მარქსისტი, რომელსაც უკვე გადაბრუნებული ჰქონდა სხვა მარქსისტისგან. დაიჭერდა მერე ამ შენს მარქსისტს ოხრანკა პროკლამაციებით უბეში და წებოთი და ფუნჯით ხელში. იქეთ დაჰქონდა მერე მოსაკითხი ცოლ-შვილს ჯუმათიდან.

1901 წლის ბოლოს როტშილდის ქარხანაში მუშაობას იწყებს სოსო ჯუღაშვილი. მთლად მეორე დღე საეჭვოა, მაგრამ ძალიან მალე ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი ღამით გაჩნდა და იმის მიუხედავად, რომ ქალაქში მრავალი წელია არსებობდა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, ცეცხლს მაინც ვერაფერი დააკლეს. ფუტი კიდევ რამდენიმე დღე ასდიოდა ქარხანას.

დასაჯეს და დაითხოვეს ტექნიკური და პასუხისმგებელი ჩინოვნიკები, მაგრამ ძიებამ უშუალო დამნაშავე ვერ იპოვა.

სოსო დაპატიმრებას გადარჩა. როგორც ჩანს, აქ გაჩერებას არ აპირებდა და მომავალს შორიდან ჭვრეტდა.

ბათუმის ციხე

ჯუღაშვილმა როტშილდის ქარხნის დირექტორს მოკვლა გადაუწყვიტა. ვანდშტეინს სახლიდან სამსახურში მიმავალს ესროლეს ეტლში. ვანდშტეინი გადარჩა და იმავე დღეს გემით დატოვა ბათუმი.

ქარხნის დირექციამ ზუსტად იცოდა, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა და ხელფასების გაცემაზე უარი განაცხადა.  ამის შემდეგ სტალინს აღარ გასჭირვებია ფართომასშტაბიანი გაფიცვისა და მიტინგის ორგანიზება. თუმცა სოსოს ჯერ სტალინი არ ჰქვია, „ბარცხანის გუბერნატორს“ ეძახიან. ბარცხანა მაშინ მუშათა უბანი იყო.

1902 წლის 8 მარტს მომიტინგეები ბათუმის ციხესთან შეგროვდნენ და დაპატიმრებულების განთავისუფლება მოითხოვეს. ხალხი ძალიან ბევრი იყო და ვერანაირი მუქარით ვერ დაშალეს. ვითარების შესახებ აცნობეს გუბერნატორს. მოვიდა გუბერნატორი დრიაგინი ეტლით. მუშებმა ახლა მას მოსთხოვეს პატიმრების განთავისუფლება. გუბერნატორმა უარი განაცხადა და უფრო სასტიკი ღონისძიებით დაემუქრა. ხალხი ადგილიდან არ იძროდა.

მღელვარება მატულობდა. მაშინ გუბერნატორმა ჯარი მოითხოვა. მოვიდა ჯარი. ჯარს ხელმძღვანელობდა უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე. მუშები არ ცხრებოდნენ, კვლავ ხმაურობდნენ და დრიაგინი კვლავ იმუქრებოდა, მაგრამ არავინ ისმენდა მის მუქარას. მაშინ გუბერნატორმა ჯარს უბრძანა, რომ მომიტინგეებს გარს შემორტყმოდა და ყველა დაეპატიმრებინა.

ხუთასამდე მუშა დააპატიმრეს და წაიყვანეს ელექტრონის ქუჩაზე. სახელი ახალი შერქმეული ჰქონდა ქუჩას. წინა წელს ამ პატარა ქუჩის და პეტერბურგ-ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ელექტრონის ქარხანა ააშენეს და ბათუმის ქუჩები ლამპიონით განათდა. იქამდე ქუჩას სახელი ვერ მოუფიქრეს. უსახელო კი არ იყო, „უსახელო” ერქვა სახელად.

ამ ქუჩის კუთხეში საპატიმრო იყო, „პერესილნიე კაზარმის“ ეძახდნენ. გასაკატორღებელ და მისჯილ პატიმრებს იქ ამწესებდნენ. ციხეში ამდენი ადგილი აღარ იყო და სწორედ აქ დაამწყვდიეს ეს დაპატიმრებული ხუთასამდე მუშა.

“პერესილნიე კაზარმი” ელექტრონის ქუჩაზე

ამის გარდა ციხიდან გამოიყვანეს დაპატიმრებული მუშების წარმომადგენლები და ისინიც ყაზარმებში შეყარეს.

ღამით ჯარისკაცებმა ხელი შეუწყვეს და რამდენიმე მუშა გააპარეს სახლში, მაგრამ დილით უკლებლივ დაბრუნდნენ საპატიმროში. ჩაის დალევასაც მოასწრეს.

9 მარტის დილით დრიაგინმა ჩამოიარა საპატიმრო და ხელახლა მოისმინა პატიმრების მოთხოვნები. მუშებმა კვლავ განთავისუფლება მოითხოვეს. გუბერნატორმა კვლავ უარი განაცხადა, მაგრამ სადილზე მეოთხედის ნაცვლად ნახევარი გირვანქა ხორცი შეჰპირდა. მუშებმა სიცილი ატეხეს. დრიაგინმა პურის ულუფაც გაზარდა.

ამასობაში როტშილდის ქარხნის მუშები მიუახლოვდნენ ყაზარმას რევოლუციური სიმღერით. მუშებმა ისევ პატიმრების განთავისუფლება მოითხოვეს. დრიაგინი ისევ უარზე დადგა. მაშინ ჩვენც დაგვაპატიმრეთო, მოსთხოვა გოგიბერიძემ, რომელიც მუშების ჯგუფს მოუძღოდა.

გუბერნატორმა ესეც უარყო და განაცხადა, ყველაფერს უმაღლესი ხელისუფლება გადაწყვეტდა ტფილისში. მუშებმა მაინც არ მოვიცვლით ფეხს და აქვე დაველოდებით ტფილისის გადაწყვეტილებასო. ელექტრონის ქუჩა ხალხით იყო გადატენილი. ყაზარმებიდან მუშები ყვიროდნენ, ქვემოდან – მომიტინგეები. ყურთასმენა აღარ იყო.

უეცრად ოდესის ქუჩიდან ჯარი შემოვიდა. ჯარს უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე მეთაურობდა. მუშები ეცნენ ყაზარმას და ღობეების მტვრევა დაიწყეს. „პომენშე კროვოპროლიტია” – უბრძანა დრიაგინმა ანთაძეს და იქაურობას გაეცალა.

გაისმა გასროლა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და პირველი მუშაც დაეცა. სროლა ჯერ მუშებიდან დაიწყოო, ამტკიცებდა მერე ანთაძის რაზმის ოფიცერი ნიკოლოზ იმნაძე. რამდენიმე წამში ყველაფერი დამთავრდა და პატარა ქუჩა დაჭრილ-დახოცილებით აივსო.

ბრძანებას არ დაემორჩილა მხოლოდ შტაბსკაპიტანი კლდიაშვილი და დაისაჯა კიდეც იქამდე გაუგონარი ქმედებისთვის. ფაიტონები რომ მოიყვანეს დაჭრილთა  და დახოცილთა წასასვენებლად, მიწა და სისხლი აზილა ერთმანეთში მთელს ქუჩაზე ფაიტონის ბორბლებმაო, დაწერს მერე თავადვე. თხუთმეტი დაღუპული და ორმოცდაათამდე  დაჭრილი დათვალა ადგილზევე, ვისაც ჰქონდა დათვლის თავი.

ეს პირველი რევოლუციური გამოსვლა იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სოციალისტური რევოლუცია ბათუმიდან დაიწყო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე.

ეს ცოდვა კი გვაძევს კაცობრიობის წინაშე და ეს უნდა ვაღიაროთ.

მუშების დაკრძალვა სახალხო ღონისძიებად იქცა. თხუთმეტივე ერთად დაკრძალეს სოუქსუზე გზის პირას. სასაფლაო ისე გაიზარდა იმის მერე, კაი გაყოლაზე დაშორდა გზას.

ბათუმის გასაბჭოებისთანავე ელექტრონის ქუჩას 9 მარტი დაარქვეს და ობელისკი აღმართეს დაღუპული მუშების სიით და ბოლოში ხუთქიმიანი ვარსკვლავით. ოღონდ ზოგიერთის სახელი ვერ გაიხსენეს და ზოგიერთისაც – გვარი.

მარტშივე, ოღონდ 1990 წელს, ბათუმელებმა ნამუსის მოწმენდა დავაპირეთ რევოლუცია რომ დავიწყეთ და პირველებმა დავამხეთ ლენინის ძეგლი. ოღონდ ეგ არის, რომ ქობულეთელებმა დაგვასწრეს წკიპზე, სულ ორიოდე საათით. თუმცა რამ გაგვყო.

დავით კლდიაშვილი

უფროსი კაპიტანი ესტატე ანთაძე დიდად ნანობდა მომხდარს და მალევე გადაიყოლა დარდმა. 9 მარტიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრებენ სოსო ჯუღაშვილს და სრულ ერთ წელიწადს მოხეხავს ბათუმის ციხეში. დავით კლდიაშვილი მაშინ უკვე წერდა და ნელ-ნელა მთელი მსოფლიო გაიგებს მის სახელს.

იმდენი ქარტეხილების მერე საკუთარი სიკვდილით აღესრულება 1931 წელს მისი უდიდებულესობის არმიის თავზეხელაღებული პოდპოლკოვნიკი დავით სამსონის ძე კლდიაშვილი.

ობელისკი დღესაც დგას სოუქსუზე. მთლად მოუვლელსაც ვერ დაარქმევ. დადიან ყოველ 9 მარტს კომუნისტები და სანთელს ანთებენ.

 

სტატიაში გამოყენებულია ფოტომასალა შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექციიდან. ფოტოების გამოყენება სტატიის ავტორთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

ქედაში 2 თვის წინ მდინარის წაღებული ხიდი ჯერ არ აღუდგენიათ

ქედაში, სოფელ წონიარისში, ხიდი ამ დრომდე არ აღუდგენიათ. ხიდის ნაწილი ადიდებულმა აჭარისწყალმა 12 იანვარს წაიღო. მას შემდეგ ხიდზე გავლა შეუძლებელია. 

ადგილობრივების თქმით, მათ დამატებით დაახლოებით 12 კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ შემოვლითი გზით შინ მისვლა შეძლონ.

„პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მიიჩნევენ აჭარის გზების დეპარტამენტში. აქ ვერ გვითხრეს, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მინიმუმ ახალი ხიდის პროექტის მომზადება და ტენდერის გამოცხადება. გზების დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ, როდის ექნებათ წონიარისელებს ხიდი.

„დასკვნით ეტაპზეა საპროექტო და ექსპერტიზის პროცესი, რომელთა დასრულების შემდგომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი სამუშაოს შესრულების შესყიდვაზე… აღნიშნულ პროცესებს ხიდის მოცულობისა და სირთულის გამო გარკვეული დრო დასჭირდა. ყველა ის პროცესი, საპროექტო და ექსპერტიზა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრიდან.

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, „სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ“.

„გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება,“ – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას –  „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, – თქვა კელი დეგნანმა.

 

მთავარი ფოტო: შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში / ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

IT ტრანსფორმაცია სილქნეტს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებულ კომპანიად გარდაქმნის

 სილქნეტი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ გასული წლის დასასრულს IT ტრანსფორმაციის პროექტი დანერგა, რაც უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური გარდაქმნაა სატელეკომუნიკაციო სფეროში. ეს საშუალება აძლევს კომპანიას, უპასუხოს  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს, რათა მომხმარებელს  კიდევ უფრო სწრაფად და მოქნილად მოემსახუროს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით.

„პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პერიოდის განმავლობაში იყო სხვადასხვა სახის შეფერხებები მომსახურებისა და დავალიანების აღრიცხვის კუთხით, რამაც ჩვენს მომხმარებელს შეუქმნა დისკომფორტი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ ამ დროისათვის დარჩენილი პრობლემები.

ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით  შეფერხებებისთვის. ამ პროექტისთვის მზადება არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელსყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამომავლოდ შეუფერხებელი და სწრაფი მომსახურება შევთავაზოთ აბონენტებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩატარებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია.

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული მომხმარებელი. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ აირჩიეთ ჩვენი მომსახურება.  IT ტრანსპფორმაციის პროექტი საშუალებას მოგვცემს, შეუფერხებლად გავაგრძელოთ თქვენი მომსახურება – აღნიშნულია სილქნეტის განცხადებაში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის  

ავტორთა ჯგუფი – ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

მარიამ მორჩაძე

საქართველოს კულტურა და ისტორია ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ფასდაუდებელი და ყველაზე დიდი საგანძურია, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომელსაც ყველანი ერთად უნდა ვიცავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც შექმნა ქალაქის იდენტურობა, ახლა საფრთხეშია, რადგან დაიწყო კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო კონვენციების მიმართ ვალდებულებების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის გათვალისწინების გარეშე. ამის იმედად დარჩენილი ბათუმელები დღეს ზღვისპირა ბულვარის ისტორიულ კოლონადებთან საპროტესტო აქციებს მართავენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაიცვან ქალაქის კულტურული სივრცე – ბათუმის ბულვარი განადგურებისგან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით[1], 2011 წლის 21 თებერვალს მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კი იცავს კანონი[2] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 2011 წლიდან არის ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ფაროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა სხვა ბევრ საერთაშორისო კონვენციასთან ერთად, ვალდებულია არა მხოლოდ უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და შენარჩუნება, არამედ წაახალისოს ინოვაციური მიდგომები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეტი პოპულარიზაციისთვის.

აგრეთვე, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-მა ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“[3] ყურადღება გაამახვილა ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე, ცხადია, საკითხს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს.

[toggle title=”სქოლიო 1, 2, 3″]

1.საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

2. საქართველოსსაკანონმდებლო მაცნე

3. იკომოსი

[/toggle]

ამ სტატიის საშუალებით ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს გვინდა ხაზი გავუსვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობას და აგრეთვე, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში მაღლივი მშენებლობის შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ და ურბანულ საფრთხეებს.

მარიამ მორჩაძე

ეს საკითხი ჩემში ინტერესსა და პროტესტს იწვევს პირველ რიგში იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, ჩვენი წინაპრების მიერ ჩემს ქალაქში დატოვებულ ისტორიულ და კულტურულ სიმდიდრეს გავუფრთხილდე და ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო მისი განსაკუთრებულობის შენარჩუნებასა და დაცვაში.

მეორე რიგში იმიტომ, რომ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, რომელსაც გააჩნია განვითარების გენერალური ურბანული გეგმა, სადაც მშენებლობები არ მიმდინარეობს ქაოტურად და უკანონოდ და სადაც პროექტები ხორციელდება უპირველესად ქალაქის მცხოვრებლების სასარგებლოდ. მესამე რიგში კი იმიტომ, რომ ვალდებული ვარ ხმა ამოვიღო უსამართლობის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მჯეროდეს, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამასთან, უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ეპოქაში არსებული გამოწვევების გათვალისწინება და ქალაქების ურბანული განვითარების თანამედროვეობასთან ოპტიმიზება.

თანამედროვე ქალაქს სჭირდება მეტი ინვესტირება ახალგაზრდებში, ადგილობრივ დონეზე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარებაში, ინოვაციური იდეების წახალისებასა და გონიერი ქალაქის შექმნაში, რაც უნდა ხდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.

სალომე წერეთელი

სალომე წერეთელი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინახავენ ჩვენს იდენტობას, ხასიათსა და ისტორიას.  მათი შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თითქოს „გატკეპნილი“ სიტყვებია ეს, მაგრამ ჩვენი წარსული სწორედ ამ ძეგლებით ცოცხლობს ჩვენში. ისინი გვახსენებენ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. მათი მოსპობით ვანადგურებთ ჩვენს ისტორიას და არაფერს ვუტოვებთ მომავალ თაობას. ბათუმის ბულვარი უნდა შენარჩუნდეს.

 

 

დავით ბიბილეიშვილი

ბათუმის ბულვარი, რომელიც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არის უნიკალური ადგილი ყველა ადამიანისთვის – მათ შორის, ახალგაზრდების თვითგამოხატვისთვის, არ შეიძლება ამ ერთიანი სივრცის განადგურება.

დავით ბიბილეიშილი

მაშინ, როცა ევროპა ცდილობს მწვანე სივრცეები დაიცვას, გააფართოოს და გაამრავლოს  იმისთვის, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს და სხვა მომავალ თაობებს გვქონდეს  შესაძლებლობა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, ბათუმის ბულვარში დაგეგმილი მშენებლობა ევროპული ხედვის უკუპროპორციული გადაწყვეტილებაა. ეს მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

ბათუმის ბულვარი ყველასია, როგორც ბათუმელების, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეების. ის, ასევე ღიაა საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისა და ტურისტებისთვისაც. არ შეიძლება ამ ერთიანი სივრცის განადგურება, ყველას უნდა ჰქონდეს სოციალიზაციის შესაძლებლობა ბათუმის ბულვარში.

ესმა გუმბერიძე

საჯარო კულტურულ-დასასვენებელი სივრცეები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ისინი სხვადასხვა პროფესიის, წარმოშობის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანებს ერთად ყოფნის, ერთმანეთის გაცნობის, აზრთა გაცვლისა და ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ასეთი საჯარო სივრცეები მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. მათი გაქრობა პირიქით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის დიალოგისთვის, ერთმანეთზე დაკვირვების, ერთმანეთის მოტივირების შესაძლებლობას გააქრობს.

ესმა გუმბერიძე

ბულვარის შეკუმშვა ან გაქრობა გამოიწვევს იმას, რომ სოციალურად გაჭირვებულებით დასახლებული უბნებიდან ადამიანები ვეღარ ისეირნებენ მდიდრების გვერდით. ერთად სეირნობა თანასწორობის მოჩვენებით განცდას მაინც ქმნის. ადამიანები ერთმანეთის ცხოვრების წესს, პრობლემებს უყურებენ, ბაძავენ, იზიარებენ გამოცდილებას და თუ მართლა გვინდა, რომ „ქართველობა“, ანუ საქართველოსთვის უნიკალურად დამახასიათებელი თვისებები არ დავკარგოთ, უნდა შევინარჩუნოთ ასეთი სივრცეები. სწორედ პარკები, ბულვარები და სხვა საერთო საჯარო სივრცეები სძენს ქალაქებს თვითმყოფადობას. ასეთ ადგილებში ჩანს საზოგადოების დასვენების, ურთიერთობის, გართობის კულტურა.

მარიამ ხუროშვილი

მარიამ ხუროშვილი

იმის გამო, რომ ჰაერის ნაკადი ზღვიდან შემოდის, სანაპირო ზოლზე დაწყებულმა ნებისმიერმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა საგრძნობი ეკოლოგიური ზიანი შეიძლება მოიტანოს. უშუალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, საინტერესოა, რამდენად არის ჩატარებული გარემოსა და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება (ESIA), რა სახის რისკები და გადაჭრის გზებია შემოთავაზებული. ასევე, მნიშვნელოვანია თუ რამდენად დაიცავს რეგულაციებს კომპანია იმ მხრივ, რომ მშენებლობის ნარჩენი მთლიან ქალაქში არ გაიფანტოს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური ზიანი იქნება ჰაერის დაბინძურება. ამ უკანასკნელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტურისტების ნაკადის შემცირებაც, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალაქის მცხოვრებლების შემოსავალი.

კულტურული მემკვიდრეობა ევროპის საბჭოს კონტექსტში

ევროპის საბჭო, თავის 47 ევროპულ წევრ ქვეყანასთან ერთად, ბოლოს დამატებულ კულტურასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, როგორც დემოკრატიული მმართველობის ელემენტებზე, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე.

საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ 2005 წლის ჩარჩო კონვენცია  (ფარო კონვენცია) [4] ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს, როგორც მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობას. მასში ზოგადად განისაზღვრა მეხსიერების, გაგებისა და იდენტურობის საერთო წყაროს კონტექსტით გააზრებული საერთო ევროპული მემკვიდრეობა. ყურადღება გამახვილდა ამ მემკვიდრეობის წვლილზე შემოქმედებასა და სოციალურ ერთობაში, აგრეთვე იდეალებზე, პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც წარმოიშვა წარსული კონფლიქტების გამოცდილებით და პროგრესის მიღწევის მცდელობებით.

კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის პოლიტიკის დოკუმენტებში

ევროკავშირის ხელშეკრულებებში კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირების შედეგად ინსტიტუციონალურად გადაიდგა პირველი ნაბიჯები კულტურის მხარდასაჭერად და 1995 წელს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი სპეციალური სამოქმედო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. 1996-2000 წლებში განხორციელებული პროგრამა მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და მასზე ხელმისაწვდომობას, ქსელებისა და პარტნიორობის დამყარებას, აგრეთვე მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის იუნესკო და ევროსაბჭო, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ევროკავშირის მიერ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის ინიციატივებისა და მხარდამჭერი ქმედებების პირველი ჩანაწერი გაკეთდა ევროკომისიის მიერ 2014[5] წელს, რომლის მიზანი იყო ევროპული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და შეფასების სტრატეგიული მიდგომის შემუშავება. ამ დოკუმენტის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა 2017[6] წლის აგვისტოში.

[toggle title=”სქოლიო 4, 5, 6″]

4. ფარო კონვენცია

5.ევროკომისია

6. ევროპული მემკვიდრეობა – სტრატეგია [/toggle]

დეპუტატი წუხს, რომ მინისტრები მის სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს არ პასუხობენ

ნამახვანიჰესთან დაკავშირებით მინისტრებს – ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომაზე უსმენენ დეპუტატები და საკითხით დაინტერესებული პირები.

ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მინისტრებს იმაზე უსაყვედურა, რომ ისინი დეპუტატის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ბეჟან წაქაძე: „მე შეხვედრა მქონდა ჩემს ამომრჩეველთან, რომლებიც ტყიბულის აი იმ გესის მიდამოებში ცხოვრობენ და იქ განწყობა არის ასეთი: ყველა კითხვა, რომელიც დასმულია და ყველა კითხვა ისმის საზოგადოებიდან, ამ კითხვაზე კონკრეტულად უნდა იქნას პროფესიონალური პასუხი გაცემული. მე მგონია, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა და ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო ყოველივე ეს.

მე მივმართავ ორივე მინისტრს, რაც ნაკლები გექნებათ პატივცემულო მინისტრებო თქვენს ტელეფონებზე, წითელი, პასუხგაუცემელი ტელეფონები, რაც ნაკლები გექნებათ, მით ნაკლები იქნება ასეთი შეხვედრები, არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ ეს ძალიან ადრე უნდა დაგვეწყო.

სხვათა შორის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როდესაც დეპუტატი ურეკავს მინისტრს ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და მესიჯს წერს, ის არ რეკავს მარტო როგორც ბეჟან წაქაძე და როგორც ერთი დეპუტატი. რეკავს 150 ათასი ამომრჩეველი, რომელსაც აინტერესებს… ბეჟან წაქაძე არასდროს თქვენთან არ დარეკავს თავიანთი პირადი საქმით, ამიტომ კეთილი ვინებოთ და გავცეთ პასუხი, როცა მოიცლი მაშინ. მე არ ვამბობ იმ წუთში აიღოთ ტელეფონი.

ამის შედეგია ყოველივე ეს და მოგიწოდებთ მინისტრებო, რომ კიდევ ერთხელ, სისტემატიურად იმუშავეთ მოსახლეობასთან და ნაკლები პრობლემები გვექნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს.

ბეჟან წაქაძის აზრით, „ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, აუცილებელია ყოველწლიურად მინიმუმ 100 მეგავატი ელექტროგესების მშენებლობა, რომ ტემპი ავუწყოთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და იმედია, რომ გაცილებით უფრო განვითარდება. ფინანსური კუთხით ეს პროექტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ქვეყნისათვის“.

ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონის მაჟორიტარი, ბეჟან წაქაძე ასევე გამოეხმაურა იმ თურქოფობიურ განცხადებებსაც, რასაც ნამახვანიჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ზოგიერთი ჯგუფი ავრცელებს. მაჟორიტარი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. „ყველა კითხვებზე უნდა იქნას გაცემული პასუხი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მე არამგონია, რამე ქსენოფობიური რამე იყვეს. შეიძლება იმიტომ, რომ რამოდენიმე გაბრაზებულმა ადამიანმა რაღაც თქვა, მაგრამ არამგონია რომ ეს იყვეს…“

აჭარის განათლების მინისტრი ბულვარში მშენებლობას არ შეაჩერებს, მაგრამ საჩივარს შეისწავლის

აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობას არ აჩერებს. მინისტრმა ამ გადაწყვეტილების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ოფიციალურად აცნობა.

ორგანიზაცია „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ და სხვა ორგანიზაციები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილის სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას.

შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრით „ბათომმა“ და EMC-იმ მინისტრს 26 თებერვალს მიმართეს.

აქტივისტების მოთხოვნაა მინისტრმა შეისწავლოს მისი ქვემდგომი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება, ხოლო ვიდრე შეისწავლის, შეაჩეროს მშენებლობა. იგივეა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნაც.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა „ბათომის“ მიმართვასთან დაკავშირებით 2 მარტს გამოსცა ბრძანება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადად კი ერთი თვე განსაზღვრა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებით ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩაერთნენ  სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და შპს „ამბასადორი ბათუმი“. დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარმოსადგენად  5 დღის ვადა განესაზღვრათ.

ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრი ზეპირ მოსმენას გამართავს ერთი თვის ვადაში.

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

სოფლად დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანის ვადა 20 მარტამდე გადაიწია

სოფლად დაფინანსების მისაღებად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 9 მარტის მდგომარეობით 137 განაცხადია შესული. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განაცხადების/პროექტების შეტანის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მარტია.

აჭარის მუნიციპალიტეტებში [ბათუმის გარდა] მცხოვრებ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებს, შეუძლიათ აირჩიონ რისი შეძენა სურთ, მაგალითად, მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათბურის, ნერგების და მიიღონ დაფინანსება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში პროექტი/განაცხადი უნდა წარადგინოს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები 500-დან 40 ათას ლარამდე. პროექტის მთლიანი ღირებულების 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს, 80 პროცენტს კი სამინისტრო გადაიხდის.

განაცხადის შეტანა შეუძლია როგორც კერძო, ასევე იურიდიულ პირს, რომელსაც აჭარის მუნიციპალიტეტებში საკუთრებაში აქვს მინიმუმ 1000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

განაცხადის წარდგენა ასევე შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აჭარის ტერიტორიაზე მრავალწლიანი იჯარით აქვს აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

პროგრამისთვის ჯამში 982 ათას 342 ლარია გათვალისწინებული აჭარის ბიუჯეტში. აქედან უშუალოდ ბენეფიციართა პროექტების დასაფინანსებლად – 907 ათას 342 ლარი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ წარდგენილი ყველა პროექტი [ეს იქნება ტექნიკის შეძენა, სათბურის, ნერგების შესყიდვა თუ სხვა] ერთად იყრის თავს სპეციალურ კომისიაში, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს.

„ყველა პროექტი მოდის კონკურენციაში ერთმანეთთან… გააჩნია პროექტის კვალიფიციურობას, თუ როგორ არის წარმოდგენილი პროექტი და როგორ არის დასაბუთებული მისი მდგრადობა. ძირითადად, ამის მიხედვით და პროგრამით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს კომისია პროექტებს“, – ამბობენ სამინისტროში.

ამავე თემაზე:

როგორ შევავსოთ განაცხადი სოფლად დაფინანსების მისაღებად – სამინისტროს განმარტება

 

ღარიბაშვილისა და ბერას სკანდალზე გამოძიება უნებართვო ჩაწერა-გავრცელების მუხლით დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“ – აცხადებს პროკურატურა.
___________________

„ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც „სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება“.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტიკურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

„ქართული ოცნების“ განცხადებით, ჩანაწერები „კუდის“ მიერაა მოპოვებული 2010-2011 წლებში. მმართველ პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

სტამბოლში საკრუიზო გემების პორტი იხსნება

2021 წლის აპრილში სტამბოლში საკრუიზო პორტის გახსნა იგეგმება.

„გალათაპორტი“ – ასე ეწოდება პორტს, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში, გალათაში შენდება.

საკრუიზო პორტის გახსნა თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა დააანონსა.

ოფიციალური ინფორმაციით, პორტს შეუძლია ერთდროულად მიიღოს სამი საკრუიზო ლაინერი, რაც იძლევა დღეში 15 ათასამდე მგზავრის მიღების შესაძლებლობას. პორტში განთავსებული იქნება რესტორნები და მაღაზიები.

„გალათაპორტში“ 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

______________

ფოტო: dailysabah.com

ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს.

„დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები,“ – აცხადებს შს სამინისტრო.

დღეს და ხვალ ბათუმში უნალექო ამინდი იქნება, კვირის ბოლოს კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 9 მარტის 21 საათიდან 10 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7– 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ხუთშაბათს, 11 მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 12 მარტს კი ნალექი, თოვლ-ჭყაპის სახით. მთაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, 13 მარტამდე ბათუმში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

10 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 139 ახალი შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ჩატარდა 6 351 ტესტი კოვიდზე.

8 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.19 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1.49 %, ხოლო 7 დღის – 1.63%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის ჯამში 3 601 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე 1 383 ადამიანი მკურნალობს კოვიდ საავადმყოფოში, 998 პირი კი – საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისათვის საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 2 417 პირი, აჭარაში – 453, იმერეთში – 679.

აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევაა | 9 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი, 11-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა.

ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 101 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში დღეისათვის 12 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

მუმბაის პორტში მსოფლიოში პირველი გემი ჩაეშვა ქალების ეკიპაჟით 

6 მარტიდან ინდოეთის სანაოსნო კორპორაციამ (SCI) ინდური პორტის, ჯავაჰარლალ ნერუს დროშით მუმბაიში გაუშვა გემი, რომლის ბორტზეც მხოლოდ მეზღვაური ქალები არიან. გემს Swarna Krishna ჰქვია.

სანაოსნო საქმეში გენდერული დისბალანსის ტენდენცია თანდათან იზრდება.

საერთაშორისო სანაოსნო პალატამ გამოაქვეყნა 50-გვერდიანი ანგარიში, რაც შეიცავს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ქალების თანდათან ჩართვა ნაოსნობაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გემზე დასაქმების მსურველი მამაკაცების რიცხვი კვლევის პროცესში მილიონ ექვსასი ათასზე მეტი იყო, მათგან კი მეზღვაური ქალები შეადგენდნენ მხოლოდ 1%-ს.

ამავე პალატის ინფორმაციით, მეზღვაური ქალები ძირითადად დასაქმებულები არიან საკრუიზო გემებზე, საკრუიზო ნაოსნობაში დასაქმებულთა 7,5% მეზღვაური ქალია.

საზღვაო მოძრაობის აღმნუსხველი ვებგვერდის, Fleetmon-ის ინფორმაციით, Swarna Krishna ისტორიაში პირველი გემია, რომელსაც სამანქანე განყოფილების ჩათვლით, მხოლოდ ქალი მეზღვაურები მართავენ.

Swarna Krishna-ს ეკიპაჟი, რომლის ყველა წევრი მეზღვაური ქალია

1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

დღეს, 8 მარტს, საპროტესტო აქცია „1000 მშობლის მარში” საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც გაიმართა.  ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. ნინიმ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა მოძალადე მხოლოდ ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს.

1000 მშობლის მარში ბათუმში

„ვითხოვთ, მოხდეს ამ ქვეყანაში ცვლილებები როგორც საკანონმდებლო, ისე ფორმალური განათლების მხრივ, რომ სკოლებში ბავშვები სწავლობდნენ სქესობრივი განათლების საკითხებს და ასევე, დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ნინის საქმეს იძიებდა.  აქცია დაგეგმილია 100-დღიანი საპროტესტო კამპანიის ფარგლებში და ნიშნავს, რომ მოთხოვნები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება ცვლილებები ამ ქვეყანაში.

ეს არ არის ერთი ტრაგედია, ნინის შემდეგაც გახმაურდა 13 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტი… ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პატრიარქალურ სისტემას და გავარღვიოთ მოჯადოებული წრე,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში, აზა გაბუნია.

საპროტესტო კამპანია და 1000 მშობლის მარში მხოლოდ მშობლებს არ ეხება. ის აერთიანებს ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანს ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია.

„ეს პროტესტი ეხება ყველას, განსაკუთრებით მშობლებს, ცხადია მამებსაც, დროა მათაც ამოიღონ ხმა, რადგან დღეს არავინ არის დაცული,“ – ამბობს აზა გაბუნია.

აქციის მონაწილე, თანასწორობის ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ ქალების/გოგოების ჩაგვრა ადრეული ასაკიდანვე იწყება, დანაშაულის პრევენცია კი ვერ ხდება იმის გამო, რომ საკმარისი რესურსი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ დაცვის მექანიზმმა მწყობრად იმუშაოს:

„სოციალური მუშაკის ფინანსური რესურსები, არ ვსაუბრობ მხოლოდ ხელფასზე, სოციალური მუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, განათლება, ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეთ საკმარისი… ძალიან ბევრია ამაზე სამუშაო, ფსიქოლოგებიც არ გვყავს… სკოლის ფსიქოლოგები ძალიან ცოტანი არიან, მათი კვალიფიკაციაც არ არის სათანადო… ამ ჯაჭვის ყველა ნაწილი უგულებელყოფილია და ბოლოს მივდივართ იქ, სადაც ვართ. ეს არის კაცის დაუსჯელობა,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

1000 მშობლის მარში ბათუმში

„ადრეულ ასაკში გოგონებს სჭირდებათ ცოდნა სქესობრივი მომწიფების შესახებ, ეს არის მენსტრუაცია, სქესობრივი ცხოვრება, სქესობრივი ძალადობის ნიშნები, რომლითაც ჩვენ უნდა შეგვეძლოს ძალადობის ამოცნობა. დღეს ოჯახის უნარებზეა მინდობილი გოგონების განათლება, როგორც ეს ხდებოდა 100 წლის წინ. ეს არ არის კერძო დონეზე მისატოვებელი საქმე, ეს სახელმწიფო დონეზე დასარეგულირებელი საკითხია ელემენტარული განათლების მიწოდების გზით.

ჩვენამდე,  უფლებადამცველებამდე ვერ მოდის საქმეები, როცა სქესობრივი ძალადობა ხდება ოჯახში, ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან, ოჯახის მეგობრის მხრიდან… ქალი, გოგონა ზიანდება მანამ, სანამ სქესობრივად მომწიფდება, მას უკვე მთელი რიგი ბარიერები და პრობლემები აქვს.

ასევე, ჩაგვრა ეფუძნება განსხვავებულ ხედვას სექსუალობის მიმართ – კაცის სექსუალობა არის წახალისებული, მხარდაჭერილი, ქალის სექსუალობა არის დათრგუნული, ჩაწიხლული და ამის გამოა, რომ ხშირად დედებსაც კი გაუცხოვება აქვთ შვილის, გოგოს სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებით. ძალიან არათანაბარი სტარტი აქვს გოგოსა და ბიჭს ჩვენს სისტემაში,“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

1000 მშობლის მარში ბათუმში
1000 მშობლის მარში ბათუმში
1000 მშობლის მარში ბათუმში

ბათუმის პარალელურად იგივე აქცია საქართველოს კიდევ 10 ქალაქში მოეწყო.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/525017/?fbclid=IwAR3WyF8kOu78SvcCeZN7he4WtGIym_DCphas5jqxF_q2G3Z1QYf0yjWUhyc

 

როგორ მიულოცეს პოლიტიკოსებმა ქალებს 8 მარტი მშობლების მარშის ფონზე

„გილოცავთ 8 მარტს“, „გილოცავთ ქალთა დღეს“ – ძირითადად ასე მიულოცეს მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა უწყებებმა 8 მარტი ქალებს იმ ფონზე, როცა ქალების და განსაკუთრებით მოზარდი გოგონების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლმა, 13 წლის გოგომ გორში იმშობიარა, თებერვალში კი ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის ნინიმ ქობულეთში სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.

„ნინის გამო“ – 100-დღიანი კამპანიის ფარგლებში დღეს, 8 მარტს, საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა საპროტესტო მსვლელობა, 1000 მშობლის მარში“ ქალთა მოძრაობის ინიციატივით. აქციაზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გაზიარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.

მშობლების მარშს ხელისუფლება არ გამოხმაურებია. მაღალჩინოსნების ნაწილმა დუმილი არჩია, თითქოს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, უმრავლესობამ კი სტერეოტიპულად, ყვავილებიანი ფოტოს/ქარდის გამოყენებით მიულოცა ქალებს 8 მარტი.

მაგალითად, 2018 წელს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუქპოსტში ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაზე გაამახვილა ყურადღება, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ სავალდებულო კვოტირებას „ძლიერად გულშემატკივრობდა“.

„იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოჰყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში,“-  წერდა 2018 წელს ფეისბუქში გიორგი მარგველაშვილი.

2018 წელს, როცა ნეტგაზეთი პოლიტიკოსების სარვამარტო გამოხმაურებაზე წერდა, მოხვდა პარლამენტარი ნინო წილოსანის ფეისბუქპოსტიც, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს უფრო აძლიერებს, ვიდრე ქალებს: „ყვავილებიც მიყვარს და პატივისცემის ნიშნად კარებში რომ მატარებენ ისიც… ხანდახან ვტირი ხოლმე … “

ნინო წილოსანი წელსაც გამოეხმაურა 8 მარტს. „ქალთა საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ ქალები ამ ქვეყანაში ხმას არ ჩაიგდებენ“ – წერს პარლამენტარი.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნა, ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდა – ამ და სხვა მოთხოვნის დღეს მარშზე გაჟღერების პარალელურად პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მხოლოდ მოკლე მილოცვით შემოიფარგლა.

ამ დრომდე [20:00 სთ.] 8 მარტს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე დუმილი არჩია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი ბოლო პოსტი მიშელის ვიზიტის დასრულებას ეხება და 2 მარტსაა გამოქვეყნებული.

ამ დრომდე 8 მარტი საერთოდ არ შეამჩნია ირაკლი ღარიბაშვილმა – დუმილი და პრობლემის ვერ დანახვა არჩია პრემიერმა. მან დედის დღე მიულოცა საზოგადოებას, თუმცა მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება და მთავრობის სხდომა გამოქვეყნებული.

8 მარტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში ძლიერი ქალები იყვნენ და „მომავალ თაობებს თანასწორობის შესანიშნავი მაგალითი მისცეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე არაფერს ამბობს პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში ქალთა უფლებების, კონკრეტულად კი, მოზარდების სექსუალური ძალადობის კუთხით არსებობს.

„1919 წელს, ამ ბრწყინვალე ქალებმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში, მომავალ თაობებს თანასწორობის შესანიშნავი მაგალითი მისცეს. ყველა ქალს ვუსურვებ, წარმატებისთვის ეს მემკვიდრეობა გამოიყენოს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

 

„გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს“ – ამ მისალოც ტექსტს ყვავილებით ნახავთ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე. საერთოდაც, სახელმწიფო უწყებების ფეისბუქგვერდებზე ძირითადად ამ ფრაზას შეხვდებით. უფლებებსა და პრობლემებზე თითქმის არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს არ უსაუბრია დღეს.

ქალთა უფლებების შესახებ რაიმეს საჯაროდ შეფასებას და თუნდაც სურვილებს თავი აარიდა კახა კალაძემაც. მისი ბოლო პოსტი გზის რეაბილიტაციას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებმა და მაღალი თანამდებობის პირებმა წელს უფრო აქტიურად დედის დღე მიულოცეს ქალებს საჯაროდ, ვიდრე 8 მარტი. დედის დღის მილოცვაც უფრო შაბლონური იყო, ვიდრე პრობლემებზე თვალის გასწორება, თუმცა 8 მარტის მომლოცველი ჩინოვნიკების რაოდენობაც შემცირდა: მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე მიულოცა დედებს, დღეს, 8 მარტს კი, თორნიკე რიჟვაძის გვერდზე სარვამარტო მილოცვა არ გამოქვეყნებულა.

ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში.

ელექტრონული ფორმით ლატარიის ან/და აზარტული/მომგებიანი თამაშობების მომწყობი [ოპერატორი] ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაციისას მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია.

პირის იდენტიფიკაცია ნიშნავს ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა; ხოლო ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვებას, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტის გადამოწმების საშუალებას იძლევა.

ოპერატორის მიერ მოთამაშის პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე ვრცელდება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“.

მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი სრულად ნახეთ ამ ბმულზე

ახალი წესის მიხედვით, ოპერატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშე სათამაშოდ და არ მიიღოს თანხა ან/და ფსონები ამ წესის შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გარეშე;
  • გამოიყენოს მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის პროგრამული (ელექტრონული) უზრუნველყოფა;
  • სრულფასოვანი შემოწმების მიზნით, მის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით, უზრუნველყოს სანებართვო პირობების შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის წვდომა მოთამაშეთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის შიდა სისტემაზე;
  • არ დაუშვას ერთი და იგივე პირისათვის ორი ან მეტი სათამაშო ანგარიშის გახსნა;
  • შეინახოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოებს;
  • განახორციელოს მოთამაშის ვერიფიკაცია მისი რეგისტრაციისას და რისკზე დაფუძნებული მიდგომით;
  • მოთამაშის ვერიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტები/ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, ინფორმაციის შესაბამის მატარებელზე, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოთამაშის რეგისტრაციის თარიღისთვის მისი ვერიფიცირების დასაბუთება;
  • ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მინიჭებული უნიკალური კოდი.

მოთამაშის ვერიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი წესებით:

[checklist]

  • ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მოთამაშის ფოტოსურათი, გადაღებული ამ მოთამაშის დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე;
  • ვიდეოზარის მეშვეობით მიღებული გამოსახულება პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;
  • მოთამაშესთან უშუალო კონტაქტის გზით, რა დროსაც ოპერატორი პირისპირ მოახდენს მის ვერიფიკაციას;
  • მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით. ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით;
  • ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად.

[/checklist]

2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებული მოთამაშეების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის მოქმედებს შემდეგი წესი:

  • თუ 2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე წესის შესაბამისად, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;
  • თუ 2021 წლის 1-ელ მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი არ აქვს აღნიშნული რომელიმე წესის შესაბამისად, მაშინ 2021 წლის 1-ელ აპრილამდე ასეთი მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ვერიფიცირების შემთხვევაში, ეს მოთამაშე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

2022 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ კი, მოთამაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში [იმ მომენტიდან] ჩაითვლება კანონის შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად, როდესაც ის დააკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას [ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად]:

  • გავლილი აქვს ვერიფიკაცია ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე წესის შესაბამისად;
  • გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით;
  • საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

ფინანსთა მინისტრმა ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის ახალი წესიც დაამტკიცა, რომელიც ძალაში ასევე 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა.

ეს წესი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ამ წესის მიხედვით, სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ „რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ შესაბამისად ვერიფიცირებული მოთამაშეებისთვის;

ოპერატორი ვალდებულია ვერიფიკაციის დასრულებამდე არ მიიღოს ან/და არ გასცეს თანხა მოთამაშის ანგარიშიდან; არ დაუშვას მოთამაშეებს შორის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის გვერდის ავლით.

ამასთან, ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს „მოთამაშეების მიერ სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის ოპერაციების მის სისტემაში სრულად აღრიცხვა, სისტემატიზება და შენახვა იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათ შესახებ ინფორმაციის გონივრულ ვადაში მოძიება და ამოღება“.

საქართველოში 2020 წლის მარტის თვიდან არც ერთი სლოტკლუბი და კაზინო არ მუშაობს. პანდემიის გამო მათი მუშაობა მთავრობამ 2020 წლის მარტში შეაჩერა, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ონლაინკაზინოებსა თუ სხვა ელექტრონულ აზარტულ/მომგებიან თამაშობებს.

აჭარაში 2021 წლის პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება.

ამ თემაზე:

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

9 წლის შემდეგ ძლივს აღვიდგინე სტუდენტის სტატუსი, ახლა უფულობის გამო ისევ ვკარგავ

იზა ფუტკარაძე ახლა 26 წლისაა და მეორე კურსზე სწავლობს. ის პირველკურსზე 17 წლის ჩაირიცხა – ბათუმში ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩააბარა. თუმცა პირველი კურსის მეორე სემესტრის ბოლოს მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, მიზეზი – სწავლის საფასური ვერ გადაიხადა. „ძალიან განვიცადე“, – იხსენებს იზა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ დღეს.  

ცხრა წლის შემდეგ იზამ კვლავ მოახერხა სტუდენტის სტატუსის აღდგენა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტიპენდიაც მოიპოვა, თუმცა სტატუსის დაკარგვის წინაშე ისევ დგას.

„ამდენი წლის შემდეგ ძლივს შევძელი სტატუსის დაბრუნება და სწავლის გაგრძელება. ძალიან მძიმეა ჩემთვის, რომ ისევ იმავე პრობლემის წინაშე ვარ. მეორე კურსის პირველი სემესტრის თანხა – 1125 ლარი, როგორც სოციალურად დაუცველს, სახელმწიფომ დამიფარა პანდემიის პროგრამის ფარგლებში, თუმცა მეორე სემესტრის საფასური ისევ ჩემი გადასახდელია“.

იზა გვიყვება, რომ 2012 წელს ანუ  სტუდენტის სტატუსის პირველად დაკარგვის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში ცდილობდა ემუშავა და სწავლის თანხა როგორმე შეეგროვებინა. „შევაგროვე კიდეც რაღაც რაოდენობა, მაგრამ მეც და დედასაც ოპერაცია დაგვჭირდა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია გავიკეთე. დედის ოპერაცია სახელმწიფომ მხოლოდ ნაწილობრივ დააფინანსა, ჩემი კი საერთოდ არ დააფინანსეს, რის გამოც ბანკიდან მომიწია ვალის აღება.  

ბოლოს კი პანდემიის გამო სამუშაო დავკარგე. წინდების ფაბრიკაში ვმუშაობდი, თუმცა შემამცირეს და ისევ შემოსავლის გარეშე ვარ. ვცდილობ სხვა სამუშაო ვიპოვო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოჩნდა. დღის მეორე ნახევარში რომ შევძლო მუშაობა, ისეთი სამუშაო მჭირდება“, – ამბობს იზა.

მისი თქმით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, თუმცა ქულები, რაც მათ მიანიჭეს – 100 ათასზე მეტი, სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას არ ითვალისწინებს. „მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ოჯახში მხოლოდ დედა მუშაობს, სანდასუფთავებაში მცირე ხელფასი აქვს და ამით ძლივს გაგვაქვს თავი. ბოლო წლებში ჩემმა დებმა ცალკე ოჯახი შექმნეს და ახლა ოთხი ვცხოვრობთ ოჯახში, თუმცა ფინანსურად მაინც გვიჭირს.“

იზა ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით აჭარის განათლების სამინისტროსაც მიმართა. უწყებაში მას უთხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამების კრიტერიუმებში ვერ ჯდება. „პირველ კურსზეც უარი მითხრეს და ახლაც“, – ამბობს ის.

იზას ოჯახი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. „სახლი საკუთრებაში არ გვაქვს“, – ამბობს იზა. ორი პატარა ოთახია. მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი ვერც მაღალმთიანი ოჯახის სტატუსით სარგებლობს. „როგორც გავიგეთ, ეს სტატუსიც შეუჩერებიათ ჩვენთვის“.

იზა ფუტკარაძეს ამ დროისთვის 1375-მდე ლარი აქვს გადასახდელი უნივერსიტეტში. უახლოეს პერიოდში თუ ამ თანხას არ გადაიხდის, სტუდენტის სტატუსს ისევ შეუჩერებენ და ვერც მეორე კურსის დასრულებას შეძლებს.

იზა ფიქრობს, რომ თუ მოახერხებს ამ თანხის გადახდას, „შემდეგი წლისთვის იქნებ გამოჩნდება რაიმე სამუშაო“.

____________________________________

იზას დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მის პირად ანგარიშზე საქართველოს ბანკში: GE78BG0000000777648600

____________________________

ამავე თემაზე:

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების მნიშვნელოვან როლზე და მათ გაძლიერებაზე  საუბრობს.

„ამ ქვეყანაში (საქართველოში) ორწელიწად-ნახევარია, რაც ვიმყოფები. ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები,  ჟურნალისტები,  აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.

ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გაუმჯობესებაზე, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ისედაც ასრულებს სახლში და ბავშვების თუ მოხუცების მოვლისას.

მათი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია და მაინც, საშუალოდ, ქალები მამაკაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ და ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული სახლს გარეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისგან, ან უარესი, გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი“, – ამბობს კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელსაც „ევროკავშირი საქართველოში“ ავრცელებს.

ჰარცელი ამბობს, რომ მისი გზავნილი მარტივია – ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

„დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოფხვრაზე, რომელიც ხელს უშლის გოგონებს და ქალებს სრულყოფილად შეიტანონ წვლილი საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.

სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის საინფორმაციო არხებით გავაჟღერებთ. მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით, „ძლიერი ქალები – ძლიერი საქართველო“.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენც ისურვებთ ამ დისკუსიაში მონაწილეობას  და შემოგვიერთდებით.  ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა – ერთად“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!

ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

__

ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის?

დიახ, ქალი ადამიანი არ არის!

ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს მოთმენილი და გადატანილი.

ქალს არა აქვს სიყვარულის თავისუფლება, ის თუ ამას გაბედავს, ქმარი თუ პარტნიორი (ყოფილიც კი) კი არ დაშორდება, 5 საათის განმავლობაში ცემს, ცივი შხაპის ქვეშ დააყენებს, აწამებს, მერე მიუვარდება მის მამას, ძმას “კაცურად” შეარცხვენს, მათი ოჯახის წევრი ქალის “აღვირახსნილობის” გამო. ჯამში მამა და ძმაც ამ “მარცხის სიმწარის” და სირცხვილნაჭამი ოჯახის სახელის გამო, პასუხს მოსთხოვს ქალს.

14 წლის გოგონა თავს იკლავს მხოლოდ იმის გამო, რომ ენდო, სითბოთი და სიყვარულით ტკბობა უნდოდა. ბედნიერებას ეძებდა… ვინც უყვარდა, იმან აგრძნობინა, რომ სახმარი ნივთი იყო, ვინც ზრდიდა, იმან უთხრა: შეგვარცხვინე, თავი მოგვჭერიო! სხვისი ნახმარი აბა ვიღას სჭირდება?!

12 წლის გოგონას აუპატიურებენ, ბავშვი ბავშვს აჩენს და ამას მალავს დედა, მეზობელი, ნათესავი… იმიტომ, რომ გამჟღავნების შემთხვევაში უფრო მეტი სირცხვილის, დაცინვის, გაკიცხვის ეშინიათ. სრულიად გაოგნებულია საზოგადოება დედის რეაქციით, რომელიც სოციალურ მუშაკს ემუქრება დასჯით, რადგან “მის” საქმეებში ჩაერია. მთელი მედია ეძებს დამნაშავეს, რომელიც სასტიკად უნდა დაისაჯოს…

შინაგან საქმეთა მინისტრიც გვპირდება დასჯას. უფრო მეტიც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის ამკაცრებს სასჯელს და უვადო თავისუფლების აღკვეთას გვთავაზობს. თუ ყველანი სასჯელში ვხედავთ გამოსავალს, შესაძლოა სიკვდილით დასჯის შემოღებაზეც გვეფიქრა?! (უვადო თავისუფლების აღკვეთა, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ყველაზე სასტიკი “გამოსავალია”, თუმცა ეს სხვა მსჯელობის საკითხია).

დასჯა რომ გამოსავალი არ არის, ეს ხომ სრულიად ნათელია.

“ღირსებაშელახული” კაცი “ღირსების” აღსადგენად კლავს ქალს და “თავაწეული” იღებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასჯელს.  იქიდან ხომ “კაცის” სახელით გამოვა… ძმაკაცები ვერ იქილიკებენ, ქალის თავისუფალი გადაწყვეტილებით, რასაც ღალატს ვეძახით. მიყენებული სირცხვილი ჩამორეცხილი იქნება.

არადა, როგორ შეიძლება ადამიანმა უღალატოს მეორე ადამიანს. ადამიანი ინდივიდია, თავისი სურვილებით, სისუსტეებით, სიყვარულის და ამ სიყვარულით ტკბობის სურვილით, ბედნიერების მოპოვების იმედით. ამიტომ, თუ ვინმეს ღალატი შესაძლებელია, მხოლოდ საკუთარი თავის, როდესაც უარს ამბობ საკუთარ სიხარულსა და ბედნიერებაზე, უარს ამბობ სიცოცხლეზე. სხვა დანარჩენი კონტრაქტის/ხელშეკრულების დარღვევაა. ჩვენი კანონმდებლობითაც ქორწინების ხელშეკრულება არ ცნობს პირად არაქონებრივ ურთიერთობს. მაგრამ ეს მხოლოდ კანონმდებლობით…

გამოსავალი დასჯა არ არის. გამოსავალი – აღიარებაა. აღიარება იმის, რომ ქალსაც უყვარს, ისწრაფვის ბედნიერებისკენ, იღებს თავისუფალ გადაწყვეტილებებს, უნდა სექსი/ფიზიკური ტკბობა, მუშაობა, თვითრეალიზება, წარმატება… უბრალოდ, უნდა თავისუფლებაში ცხოვრება. ამ აღიარებას კი მხოლოდ თამამი გადაწყვეტილებებით მოვიპოვებთ, პატრიარქალურ საზოგადოებაში იმის მოთხოვნით, რომ სკოლებში უნდა შევიდეს სქესობრივი განათლება, ადრეული ბავშვობიდან უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ორი ადამიანის ურთიერთობის შესახებ, თუ რას ნიშნავს თავისუფალ ადამიანთა შორის თანასწორი ურთიერთობა.

ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული.

პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს.

კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბარცხანის ხიდს, მერიამ პროექტი 2016 წელს შეისყიდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდზე ამ დრომდე არ დაწყებულა. მოგვიანებით აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა პროექტშიც. მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ.

წელს ამ ხიდის სარეაბილიტაციოდ 1 022 600 ლარია გამოყოფილი.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გოგოლის ქუჩის მონაკვეთისა და ხიდების რეაბილიტაციაზე ამჯერად გაერთიანებული ტენდერი  გამოაცხადა. წინადადებების მიღება 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

Exit mobile version