ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

02.03.2021 • 2547
მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება.

საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა.

საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები შეიჭრნენ, თუმცა ისინი პოლიციამ იმავე დღეს გამოიყვანა.

„მოქალაქეების მხრიდან მოხდა თვითნებურად შეჭრა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელ სახლში. პოლიციის ძალის გამოყენებით გამოსახლებული იქნა აღნიშნული პირები. ყოველდღიურად არსებობს საშიშროება აღნიშნულ ობიექტებში განმეორებით შეჭრისა და ქონების დაზიანების. სწორედ ამიტომ მოგვმართა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შესახებ“, – აღნიშნულია მუნიციპალური სერვისების სააგენტოს განაცხადში.

ამ განაცხადით მერიის სამსახურმა შესყიდვების სააგენტოს მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის მიმართა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გისოსების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის საშუალებით. კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლას, ხელშეკრულების გაფორმებას და სამუშაოების შემდგომ შესრულებას დასჭირდება მინიმუმ 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ პერიოდში კი შესაძლებელია განმეორებით მოხდეს შეჭრისა და დაზიანების ფაქტები“, – აღნიშნულია მერიის სააგენტოს განაცხადში.

საინტერესოა ასევე შესყიდვების პორტალის კითხვებზე მერიის სააგენტოს პასუხები:

  • რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული?
    – აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულს და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია
  • რა რეალური საფრთხე ექმნება შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?
    – აღნიშნული მოვლენით შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობა შემსყიდველი ორგანიზაციის ზოგად ვალდებულებას წარმოადგენს
  • ხომ არ აყენებს ვითარება მნიშვნელოვან ზიანს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას? რატომ?
    – შექმნილი ვითარებით ზიანი ადგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენებული ბინები შემდგომ გადაეცემა მოქალაქეებს. შესაბამისად, მისი დაზიანების შედეგად ზიანი ადგება არამარტო მუნიციპალიტეტს, არამედ მათ პოტენციურ მესაკუთრეებსაც. აღნიშნული პირები კი არიან სოციალურად დაუცველი ან ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ საცხოვრისს.“

იაფ სახლში ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული, ბინები კი წელს 80 ოჯახს უნდა გადასცენ.

მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება შეწყდა, მერიამ პროგრამის კრიტერიუმები რამდენჯერმე შეცვალა.

ბოლო ცვლილებით იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-მდეა.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: