ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

10.03.2021
საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწა ოჯახის სოციალურ ქულებზე არ აისახება 2023 წლამდე

საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის  პირველ იანვრამდე პერიოდში მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია გავლენას არ მოახდენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს უძრავ ქონებას [მიწას] მოქალაქე სპორადული წესით დაირეგისტრირებს საკუთრებაში, თუ სისტემური რეგისტრაციით.

დღემდე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა ის ქონება/მიწა, რომელიც ოჯახს დარეგისტრირებული ჰქონდა საკუთრებაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად მიდის ადგილზე და ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო, მაგრამ აჭარაში რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.

სპორადული რეგისტრაციის დროს კი, მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/327350/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: