მთავარი,სიახლეები

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

11.03.2021 • 2745
ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ სხვა ფორმით მათ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა ვერ შეძლეს.

„იაფის სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სულ ოთხი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა, სადაც 80 ბინაა.

ვის ეკუთვნის ბინა „იაფ სახლში“ და როდის მიიღებენ მას ადამიანები – „ბათუმელები“ ბათუმის მერის მოადგილეს, ლელა სურმანიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ლელა, 2013 წლიდან შენდება „იაფი სახლი“ ბათუმში. ოთხივე კორპუსის მშენებლობა წლებია დასრულებულია. რატომ ვერ შეარჩიეთ ამ დრომდე ოჯახები, რომლებიც ამ კორპუსებში იცხოვრებდნენ? 

პირველი ორი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2019 წელს. როდესაც ბათუმის მერიამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, დაიწყო მოქალაქეების განაცხადების მიღებაც, ეს იყო გასული წლის მარტი, თუმცა პანდემიის გამო სამი თვით გადაიდო განცხადებების მიღება და სამი თვის შემდეგაც მოქალაქეების თხოვნით კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. საბოლოოდ, გასული წლის ოქტომბერში შემოსული იყო სულ 249 განაცხადი. ამის შემდეგ მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გადაარჩია განაცხადები. პირველ ეტაპზე 74 განაცხადი არ დაკმაყოფილდა და მხოლოდ 20 განაცხადი იყო სრულყოფილად შევსებული. დანარჩენი განაცხადები გაიგზავნა უკან ხარვეზების შესავსებად. დღევანდელი მონაცემებით, 110 მოქალაქის განაცხადია სრულყოფილად შევსებული. გარდა ამისა, შექმნილია საპრეტენზიო კომისია. 10-მა მოქალაქემ, რომლებსაც ჩვენ უარი ვუთხარით განაცხადების გადარჩევის დროს, მიმართა საპრეტენზიო კომისიას. ამ კუთხით განხილვა დასრულებული არ არის.

  • რა ეტაპია ახლა? 

ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც გადაარჩევს ამ განცხადებებს და მათ სარეიტინგო ქულებს მიანიჭებს. საუკეთესო შედეგის მქონე 40 განმცხადებელი იქნება დაკმაყოფილებული ბინებით პირველ ეტაპზე. ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, უნდა ჩაუტაროს ოჯახებს ინტერვიუ, დამატებითი ინფორმაციის მოძიება და რეიტინგის მიხედვით დალაგება. ამისთვის კომპანიას ექნება ორთვიანი ვადა. ვფიქრობთ, დაახლოებით ორთვე-ნახევრის ვადაში ეს ორმოცი განმცხადებელი მიიღებს ბინას.

  • თქვენ აპირებდით გარკვეული კრიტერიუმების დაზუსტებას, თუ ეს მეორე ეტაპს ეხება, როცა ისევ 40 ოჯახი უნდა შეირჩეს? 

კრიტერიუმი უბრალოდ დაზუსტდა, ანუ კონკრეტულად იქნა მითითებული, რომ ოჯახს არ უნდა ჰქონდეს 65 ათას სარეიტინგო ქულაზე ნაკლები სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში. ეს ეხება იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ. ვინაიდან ბავშვებზე დახმარება გაიცემა მაშინ, როცა ოჯახს 100 ათასამდე ქულა აქვს, ჩვენ დავაკონკრეტეთ, რომ ოჯახს არ უნდა ჰქონდეს 65 ათასზე ნაკლები ქულა, ანუ მანამდე ზოგადად გვედო, რომ ოჯახი საარსებო შემწეობას არ უნდა იღებდეს. ამ ეტაპზე ვისაც უარი ეთქვა და შეიცვალა მისი სოციალური სტატუსი, მას შეუძლია მეორე ეტაპიდან მიიღოს მონაწილეობა. ამ ეტაპზე შერჩეულია 110 განაცხადი, საიდანაც უნდა შეირჩეს 40 ოჯახი.

  • რა კრიტერიუმებით შეირჩევა 110 ოჯახიდან 40, ვისაც უნდა მოუწიოს ბინა?

შეფასდება ბათუმში რეგისტრაცია და  მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ბათუმში რეგისტრირებული. თუმცაღა, რაც უფრო დიდი ხანია ცხოვრობს ბათუმში, მას ენიჭება უპირატესობა. ასევე სპეციალური ფორმულით გამოითვლება შემოსავლების ინდექსი, სხვა რაიმე ტიპის შემოსავალი აქვს თუ არა ოჯახს. უპირატესობა მიენიჭება ასევე ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ან ახალდაქორწინებული ოჯახი, როცა ახალგაზრდები არიან, მუშაობენ და აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ ეს თანხა… ამ  ყველაფრის დაჯამების მიხედვით შედგება რეიტინგი. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ ბინებს, ეძლევათ შესაძლებლობა მეორე ეტაპზე თავიდან შეიტანონ განაცხადი.

  • როდის დაიწყება მეორე ეტაპი? 

მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, ეს დაიწყო მარტში და გაგრძელდება სამ თვეს. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მეორე ეტაპისთვის ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ განაცხადები შემოდის პირდაპირ მერიაში და სამუშაო ჯგუფს შეუძლია პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ამ დოკუმენტებზე, ხარვეზებისთვის დამატებითი დრო აღარ იქნება საჭირო… პირველ ეტაპზე როცა დასრულდა მთლიანად განაცხადების მიღება, შემდეგ დაიწყო მათი გადარჩევა.

  • რატომ მიიჩნიეთ, რომ ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება?  

ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეს გააკეთოს შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომ არ იყოს პრეტენზია. აქ შემოტანილი აქვთ განაცხადი საჯარო სამსახურის რიგით თანამშრომლებსაც, ვისაც ხელფასი აქვს… გვინდოდა, რომ დისტანცირებული იყოს ეს საბოლოო შერჩევა, რომ იყოს მაქსიმალურად ობიექტური და გამჭვირვალე.

  • ვინც შეიჭრა „იაფი სახლის“ ბინებში, მათ რამდენად აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ბინა? თქვენ ალბათ გაეცანით მათ ისტორიებს.

ვისთანაც მქონდა შეხება, ისინი ძირითადად ბათუმში არ არიან რეგისტრირებულები, ასევე არიან სოციალურად დაუცველები. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების უმრავლესობა „იაფი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიციარები არ არიან. მე მქონდა კომუნიკაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და გავიგე, რომ იქ იყვნენ ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ შშმ შვილები, ვისაც ეხმარებიან ბინის ქირით, თუკი არიან ეკომიგრანტები, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, რომლითაც ხდება ბინების შეძენა. ინდივიდუალურად არის ყველა საკითხი გასავლელი.

„იაფი საცხოვრისის“ პროგრამა არის გათვლილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ საშუალო შემოსავალი და შეუძლიათ 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად იხადონ ამ ბინის საფასური. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ იყიდონ ბინა ან ბანკის სესხი აიღონ, მაგრამ არც სახელმწიფოს შემწეობაზე არიან დამოკიდებული.

  • რა თანხის გადახდა მოუწევთ ადამიანებს ყოველთვიურად „იაფ სახლში“? 

კვადრატული მეტრის ღირებულება ამ საცხოვრებელ კორპუსებში არის 1085 ლარი. გააჩნია ბინის ფართობს, საშუალოდ მინიმალური ყოველთვიური გადასახადი გამოდის 208 ლარი და 60 თეთრი და მაქსიმალური არის 461 ლარი.

  • გრძნობს თუ არა მერია პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წლების განმავლობაში გაჭიანურდა ეს პროცესი და ვისაც ეკუთვნის ბინა ამ პროგრამის მიხედვით, მათ ეს არ მიუღიათ? 

ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს პროცესი ისეთი ინტენსივობით და ისე სწრაფად არ მიმდინარეობდა, როგორც იყო დაგეგმილი, თუმცა მშენებლობის დასრულების შემდეგ მართლაც ობიექტური მიზეზები არსებობდა. მშენებლობის პროცესის შეფერხებაზე მე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არაა ჩემი კომპეტენცია და არც იმ წლებში მიმუშავია. მემკვიდრეობა არის იმისთვის, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, თუმცა ამაზე პასუხი აიღეს უკვე ადამიანებმა.

ობიექტური მიზეზები არსებობდა – მთელი სამი თვით იყო შეჩერებული განაცხადების მიღება, თორემ ჩვენი გათვლებით, გასული წლის ბოლოსთვის ეს პროცედურა უნდა დასრულებულიყო. რაც შეეხება ტენდერის გამოცხადებას, ჩვენ უნდა გვცოდნოდა განაცხადების საშუალო რაოდენობა მაინც, რომ ამის მიხედვით გამოგვეცხადებინა ტენდერი. ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ 100 განაცხადზე, ეს ციფრი გაიზარდა 110-მდე, ანუ ხარვეზი შეავსო კიდევ 10-მა ადამიანმა და ამას შესაძლოა დაემატოს რამდენიმე, თუკი საპრეტენზიო კომისიამ რომელიმე დააკმაყოფილა.

  • რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც „იაფ სახლში“ შეიჭრნენ? ისინი ამბობენ, რომ მათი ამგვარი ქმედების მიზანი არის ყურადღების მიქცევაც, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ. 

მე გუშინაც ვესაუბრე ამ ადამიანებს ადგილზე. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა არ არის ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ამ პროგრამის ფორმატი კი არის აბსოლუტურად სხვა და არ არის გათვალისწინებული იმ ოჯახების დაცვა, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მათთვის გათვალისწინებული. ამიტომაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ისინი შეისწავლიან ამ შემთხვევებს ცალ-ცალკე, ისინი ნაწილს ეხმარებიან ბინის ქირით, ნაწილთან არის გარკვეული გაუგებარი მომენტი, როცა სტიქიის შედეგად ფაქტის დადგენაა საჭირო და ამაში დაეხმარებიან, რომ შემდეგ ეკომიგრანტების პროგრამით ისარგებლონ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ამ ადამიანების უმრავლესობას ვერ ეხმარება.

ვინც ბათუმშია რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველია, ისინი სარგებლობენ ბათუმის მერიის სოციალური პროგრამებით. სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველებისთვის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა არ გვაქვს.

ლელა სურმანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: