მთავარი,სიახლეები

როგორ დატოვა ბათუმის პორტი ქართული განძით დატვირთულმა გემმა – 1921 წლის 11 მარტი

11.03.2021 • 8106
როგორ დატოვა ბათუმის პორტი ქართული განძით დატვირთულმა გემმა – 1921 წლის 11 მარტი

1921 წლის 11 მარტია.

ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო კრეისერი „ერნესტ რენანი“ დგას. გემი საიდუმლოდ დატვირთეს. 236 მძიმე ყუთში, 12 ტომარასა და დიდ კალათში ერთ ღამეში შეგროვილი ქართული განძია. გემს გეზი კონსტანტინოპოლისკენ აქვს, სადაც ყუთები სამხედრო ხომალდ „ბიენ ჰოაზე“ უნდა გადატვირთონ და მარსელამდე ჩაიტანონ.

ასე უნდა გადაურჩეს ქართული საგანძური სისხლით მოსულ საბჭოთა ხელისუფლებას.

ეროვნული საგანძურით და პირველი რესპუბლიკის მთავრობის ქონებით დატვირთული „ერნესტ რენანი“ ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წელს და ზუსტად ამ დღეს, 11 მარტს ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფრანგული სამხედრო კრეისერი ,,ერნესტ რენანი”-„Ernest Renan”. საფოსტო მარკა/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია.

კრეისერი სამ დღეს მიცურავს დანიშნულების ადგილამდე. კონსტანტინოპოლში გადაწყვეტენ, რომ ტომრებში მოთავსებული განძიც ყუთებში ჩააწყონ და ასე გადატვირთონ „ბიენ ჰოაზე“.

„ბიენ ჰოა“ ძველი სამხედრო გემია. მცირე აზიიდან, აფრიკიდან, ეგვიპტის ნავსადგურებიდან გადაჰყავს დაჭრილები და ომში დაღუპულთა ნეშტებს მიასვენებს.

ექვთიმე თაყაიშვილი დარდობს. გემი არ ეიმედება. კაპიტანიც კი მიიჩნევს, რომ ხომალდი შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს მწყობრიდან, თუმცა სხვა არჩევანი არ არის – რთულია იპოვო გემი, ვისი კაპიტანიც საიდუმლო განძის გადატანას გარისკავს.

ექვთიმე თაყაიშვილს განძეულის გატანის, საფრანგეთში შენახვის, დაცვისა და დაბრუნების ისტორია დაწვრილებით აქვს აღწერილი ემიგრანტულ ნაშრომებსა და მოგონებებში. ცალკე ამბავია, რის ფასად შეძლო მან საქართველოს სიმდიდრის შენარჩუნება საფრანგეთში, თუმცა განძის შეგროვება, დახარისხება და გემამდე მიტანაც არ იყო მარტივი.


განძის გემით გატანამდე ორიოდე კვირით ადრე, 1921 წლის 21 თებერვლის საღამოს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრ ექვთიმე თაყაიშვილს თბილისის სასწრაფოდ დატოვების აუცილებლობაზე ესაუბრება.

მეორე დღეს ხაზინის ქონების ევაკუაციას და ქუთაისში გაგზავნას გეგმავენ. ჟორდანია ამბობს, რომ მუზეუმების უძვირფასესი ნივთებიც უნდა გაიხიზნოს.

ექვთიმე ამ ამბავს მუზეუმების გამგეებს ატყობინებს. მთელი ღამე ფუთავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეროვნულ საგანძურს და ყუთებში აწყობენ. ექვთიმე სატვირთო მანქანით ჩამოუვლის მუზეუმებს, ყუთებს აღნუსხავს და განძი ქუთაისისკენ მიაქვს.

დამფუძნებელი კრების ყველა წევრი ქუთაისში იყრის თავს. ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის თხოვნით, ექვთიმე რამდენიმე დღის განმავლობაში ახარისხებს გელათის მონასტრის ნივთებისგან სამუზეუმო ექსპონატებს. წითელი არმია ამ დროს ქუთაისს უახლოვდება. აუცილებელი ხდება განძის ბათუმში გადატანა.

საქართველოს დამფუძნებელთა კრება/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

დიდი იმედი აქვთ, რომ განძის საზღვარგარეთ წაღება არ იქნება საჭირო, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა იყვნენ მზად.

დამფუძნებელთა კრება განძის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილს ნიშნავს,  მთავრობა – ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, იოსებ ელიგულაშვილს.

იოსებ ელიგულაშვილი/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

ქუთაისის ხაზინაში დიდძალი ქონებაა დაგროვილი წასაღებად. ეს არის ხაზინის, მუზეუმებისა და ეკლესიის ქონება ერთად.

მუზეუმების ნივთები ქუთაისის ხაზინამ  ჩალაგებული და გამზადებული მიიღო. ხოლო საეკლესიო ნივთები, ფინანსთა მინისტრის თხოვნით, ექვთიმემ ეკლესიისა და ხაზინის წარმომადგენელთა თანდასწრებით გადაარჩია. სამუზეუმო ნივთებს ყუთებში აწყობენ, არასამუზეუმოს – მიტროპოლიტ ნაზარის ეკლესიის წარმომადგენელს აბარებენ სიით და ხელსაც აწერინებენ, რომ მიიღო.

ექვთიმე თაყაიშვილი/წყარო: წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

კონსტანტინე კანდელაკი, იოსებ ელიგულაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და თბილისის ხაზინის გამგე ბეკი მთელ ღამეს ატარებენ ხაზინაში, ნივთებს ახარისხებენ, ბეჭდავენ, უნდა მოასწრონ: სპეციალური მატარებელი ქუთაისიდან გვიან ღამით უნდა გავიდეს ბათუმისკენ.

ყუთებს სადგურამდე სატვირთო მანქანით მიეზიდებიან. თბილისის ხაზინის გამგე და ელიგულაშვილი სადგურში ხვდებიან ყუთებს და ვაგონში აწყობენ, დანარჩენები ხაზინიდან გზავნიან ყუთებს. საიდუმლო ოპერაცია გათენებამდე გრძელდება. გაწამაწიაში ერთი ყუთი იკარგება, ატყდება ძებნა და ერთი ამბავი. ხაზინის მოხელეები ანგარიშს აჩვენებენ ექვთიმეს და კანდელაკს, რომ თითქოს წინა ჯერზე მეტი ყუთი გაიგზავნა სადგურზე და სულ ეს იყო გაუგებრობის მიზეზი.

დრო გადის, უნდა იჩქარონ. კანდელაკი სთხოვს ექვთიმეს დროულად მივიდეს სადგურზე, რომ მატარებელი დაიძრას. ექვთიმე შინ მიდის, სადაც გასამგზავრებლად მომზადებული მეუღლე ხვდება.

ყველა ყუთი უკვე სადგურშია და ვაგონში ალაგებენ. 31 ყუთიდან სადგურში 30 აღმოჩნდება. ელიგულაშვილი და ბეკი ამბობენ, ერთი ყუთი არ მიგვიღიაო.

დაკარგულია ყუთი, რომელშიც ყველაზე ძვირფასი საეკლესიო ნივთებია. ამ ყუთის დატოვებას სამღვდელოება ითხოვდა ექვთიმესგან დაჟინებით.

ბოლქვებად ასდის კვამლი ორთქლმავალს და იცდის. ნახევარ საათს უნდებიან დაკარგული ყუთის ძებნას, ამასობაში მზეც ამოდის და ჯერ კიდევ არ დაძრულან. ექვთიმე თაყაიშვილი თავზარდაცემულია. ფეხის მოცვლას არ აპირებს ქუთაისიდან, სანამ ყუთს არ იპოვიან.

გადამზიდავებს მოჰკითხავენ სად წაიღეთო და აურზაური ატყდება: წელში გავწყდით, მთელი ღამე ვიმუშავეთ და მადლობის მაგიერ ქურდობას გვწამებთო? რაც მოგვცეს, ის მოვიტანეთ, გზაში არაფერი დაიკარგებოდაო.

კაცებს გზავნიან სატვირთოს გავლილი გზის დასათვალიერებლად, მაგრამ ამაოდ.

კანდელაკს აღვიძებს ექვთიმე და ეუბნება, არ შემიძლია, ვერ წავალ ქუთაისიდან ამ ყუთის გარეშე, ვრჩებიო. კანდელაკი არწმუნებს, რომ წასვლა გარდაუვალია. მთელი ქონება დაიკარგება, მერე შეიძლება აღარც გაგვიშვან, გპირდები აქ ვიქნები, მოვძებნი, გამოვიძიებ საქმეს და დაგაწევ გზაშიო, პირობას დებს.

კონსტანტინე კანდელაკი/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

ექვთიმეს სხვა გზა აღარ რჩება და სადგურში ბრუნდება. ხალხია შეყრილი და ჩოჩქოლია.

ავად თუ კარგად მატარებელი დაიძრა და გეზს ბათუმისკენ იღებს. განძს მცველად 6 კაცი მიჰყვება. 3 მარტს ვაგონი უკვე ბათუმშია.

5 მარტს ყუთები ნავსადგურში მდგარ კრეისერზე გადააქვთ, სხვა ძვირფას ყუთებთან ერთად, რომელიც ბორჯომიდან ჩამოიტანეს.

ექვთიმეს სიხარულს საზღვარი არ აქვს – გადაზიდვისას დაკარგული ყუთი ჩნდება, ყველაზე ძვირფასი ნივთებით სავსე. ყუთებს თვლით აბარებენ ფრანგულ კრეისერს.

ეროვნული განძით დატვირთული „ერნესტ რენანი“ ბათუმის ნავსადგურს  1921 წლის 11 მარტს ტოვებს.

ექვთიმეს და ელიგულაშვილს კრეისერზე არ უშვებენ, სამხედრო გემზე არასამხედრო პირთა ყოფნა არ შეიძლება. დანიშნულზე 1 საათით ადრე მიდიან ქანცგაწყვეტილი ექვთიმე თაყაიშვილი და ელიგულაშვილი ბათუმის ნავსადგურში, მაგრამ კრეისერი უკვე შორსაა და ტალღებს მიაპობს, ამიტომ პატარა გემში სხდებიან და ასე ჩადიან კონსტანტინოპოლამდე.

სამხედრო გემი „ბიენ ჰოა”-„Bien-Hoa”. საფოსტო მარკა/წყარო: Académie géorgienne-française/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

შემდეგ ყველაფერს „ბიენ ჰოაზე“ აბარგებენ. კონსტანტინოპოლიდან მარსელამდე მოგზაურობისას „ბიენ ჰოა“ თითქმის 1 თვეა ზღვაში. 10 აპრილს კი 249 ყუთი მარსელამდე ჩადის. განძი პარიზში საქართველოს წარმომადგენლობის წარწერით იბეჭდება.

თუმცა აღმოჩნდება, რომ სურათებიანი ყუთი №102 მარსელამდე არ ჩასულა და დაკარგულია.

„უსათუოდ საქმე გვაქვს ბოროტმოქმედებასთან, რომელიც ქუთაისშია ჩადენილი, ხოლო გამოურკვეველია, ვინ იყო მისი ჩამდენი: ხაზინის მოსამსახურენი, რომელნიც ყუთებს აძლევდნენ სადგურზე წასაღებად მილიციონერებს, თუ მილიციონერები, რომელნიც ამ ნივთებს ეზიდებოდნენ სადგურზე?“ – წერს ექვთიმე თაყაიშვილი მოგონებებში.

ყუთებად დახარისხებული საუკუნოვანი საუნჯე საქართველოს 24 წლით დატოვებს. მანამ, სანამ 1945 წლის 11 აპრილს პარიზიდან თბილისის აეროპორტში არ ჩამოფრინდება 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი ქართული საგანძურით დატვირთული თვითმფრინავით.

____________________

სტატია მომზადებულია ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებსა და ემიგრანტულ ნაშრომებზე დაყრდნობით. 

მასალაში გამოყენებული ფოტოები და საფოსტო მარკები ეკუთვნის ჟან შარდენის ფრანგულ-ქართულ აკადემიას/Académie géorgienne-française.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: