Batumelebi | „კვლევითი ინსტიტუტის“ ყოფილი შენობა ბათუმში ისევ გაიყიდა „კვლევითი ინსტიტუტის“ ყოფილი შენობა ბათუმში ისევ გაიყიდა – Batumelebi
RU | GE  

„კვლევითი ინსტიტუტის“ ყოფილი შენობა ბათუმში ისევ გაიყიდა

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ყოფილი ინსტიტუტის შენობა, სადაც რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ცნობილი ფილმის, მონანიების კადრები გადაიღო, ისევ გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი შპს „გუმბათი ჯგუფია“, კომპანიამ ამ ქონებაში 1 მილიონ 125 000 დოლარი გადაიხადა.

ყოფილმა მესაკუთრემ შპს „Tam Geo”-მ ეს ქონება: ყოფილი ინსტიტუტის ორსართულიანი შენობა ბათუმის ბულვართან [513,3 კვ.მ.] და მასზე დამაგრებული ნაკვეთი [982 კვ.მ] ასევე, რუსთაველის 30-ში მდებარე ნაკვეთი [3670 კვ.მ] 2012 წელს იყიდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. კომპანიამ ამ უძრავ ქონებაში 1,5 მილიონ აშშ დოლარი გადაიხადა.

შპს „Tam Geo”-მ 2012 წელს ჯამში საკუთრებაში მიიღო 4 652 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში და ძეგლის სტატუსის მქონე შენობა – მილიონ-ნახევრად. წლების შემდეგ კი ამ ქონების მხოლოდ ნაწილი [ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა და მასთან დაკავშირებული მიწა] 1 მილიონ 125 000 დოლარად გაყიდა [ეს საერთო ქონებაში გადახდილ ფასზე მხოლოდ 375 000 ლარით არის ნაკლები].

შპს „Tam Geo” – რომელმაც ვალდებულება აიღო და ვერ შეასრულა, არამხოლოდ მოგებული დარჩა, მან სახელმწიფოს ქონების ხარჯზე დიდი ფულიც გააკეთა. საქმე იმაშია, რომ მეორე მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია „ბაბილონ თაუერს“ აშენებდა და ვერ დაასრულა, ასევე სარფიანად გაიყიდა.

 „ბაბილონ თაუერი“, რომელიც არ აშენდა

გაწელილი პროცედურების, პირგასამტეხლოს დაკისრების, შემდეგ ჩამოწერა-პატიებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მრავალჯერ განახლების მიუხედავად, Tam Geo-მ ამ პროექტის დასრულება ვერ შეძლო და მშენებარე პროექტი რუსთაველის ქუჩაზე თავისი მიწით 24 მილიონ 990 000 ლარად გაყიდა. შემძენი კომპანია „ემ სი ქონსთრაქშენია“.

ახალმა მფლობელმა აიღო ყველა ის ვალდებულება, რასაც ყოფილ მეპატრონეს, Tam Geo-ს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

     ჩამოწერილი პირგასამტეხლო – სახელმწიფოს კიდევ ერთი ზარალი

წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილს, აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა. ახალი პირობებით Tam Geo-ს 2012 წელს აღებული ვალდებულება 2022 წლამდე გადაუვადეს. კომპანია  გათავისუფლდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც, რაც ასევე მილიონობით ლარი იყო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ქონების აუქციონზე გატანის მიზეზი შპს Tam Geo-სა და მის დამფუძნებლებს შორის დავა გახდა – აღმოჩნდა, რომ მაშინ მხოლოდ რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე „ბაბილონ თაუერი“ და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი გაყიდეს, ნინოშვილის 23-ში არსებული ქონება კი დაიტოვეს.

ნინოშვილის 23-ში მდებარე ქონება „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანიის – შპს „EVENTUS“-ის საკუთრებად  იყო დარეგისტრირებული. 2020 წლის დეკემბრიდან ამ კომპანიის 88 %-ს „გუმბათი ჯგუფი“, დარჩენილ 12 პროცენტს კი ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირი ნატო ჭანტურია ფლობს.

 

ბათუმი. ნინოშვილის ქუჩა #23

ბოლო წლებში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფუნქციონირებდა. შენობის ფასადისა და ეზოს ვიზუალის მიხედვით, წლების განმავლობაში ამ ძეგლს არავინ უვლიდა.

ბათუმი. ნინოშვილის ქუჩა #23 – ამ ეზოში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმის მონანიების კადრები

ბათუმში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეზოშია გადაღებული თენგიზ აბულაძის “მონანიების” რამდენიმე სცენა, მათ შორის გულიკოს ცეკვა ვარლამის კუბოსთან.

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ადმინისტრაცია შენობიდან 2010 წლის ბოლოს გამოასახლეს. ვიდრე ქონებას გაყიდდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი წერილით მიმართეს. ისინი მინისტრს სთხოვდნენ შენობა ინსტიტუტისთვის დაეტოვებინა, თუმცა სამინისტრომ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

     რას გეგმავს ახალი მფლობელი

„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის, ლაშა ბალაძის ინფორმაციით, კომპანია ძეგლს რესტავრაციას ჩაუტარებს და შეუნარჩუნებს ძველ იერ-სახეს – მასშტაბს, ფასადს. კომპანიას ჯერ შესაბამისი პროექტი მზად არ აქვს:

„ახლა სპეციალისტები პროექტზე მუშაობენ. ფასადსა და მასშტაბს არ შევეხებით, მაგრამ ვმუშაობთ შიდა სივრცის დაპროექტებაზე, აქაც არ იქნება დიდი ცვლილებები, შემდეგ კი პროექტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარვუდგენთ“ .

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი