სიახლეები

ვინ მოიპარა ბანერი განათლების სამინისტროს ეზოდან კამერებისა და სამთავრობო დაცვის თვალწინ

10.03.2021 • 1296
ვინ მოიპარა ბანერი განათლების სამინისტროს ეზოდან კამერებისა და სამთავრობო დაცვის თვალწინ

განათლების სამინისტროში ამბობენ – „ჩვენ ხელი არ გვიხლიაო“ და „დარწმუნებით ვიცით ისიც, რომ ჩვენი არც ერთი თანამშრომელი ამ ამბავთან არანაირ კავშირში არ არისო“, თუმცა სამინისტროსთვისაც  და საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმის ბულვარისთვისაც“ ფაქტია, რომ მათი ბანერი სამინისტროს შენობის წინ, სამთავრობო შენობის დაცვის ხედვის არეალში გაქრა.

აჭარის განათლების სამინისტროს „წინაეზოში“, ღობეზე ბანერი წარწერით – „არ დავთმობთ ბულვარს“ ძეგლის დამცველებმა 4 მარტს გამოფინეს. ამ დღეს მათ სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და რუპორით მიმართეს მინისტრ ხაჯიშვილს: „შეაჩერე ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა.“

„შეაჩერე!“ – ბულვარის დამცველები აჭარის განათლების მინისტრს მიმართავენ | აქცია ბათუმში

5 მარტს, დილით, ბანერი გაქრა ისე, რომ არავის დაუნახავს ვინ მოიპარა და როგორ. არადა, ასე დღისით- მზისით განათლების სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობის წინ, სადაც ვიდეოსათვალთვალო კამერებიც არის დამონტაჟებული და სამთავრობო დაცვაც აკონტროლებს ტერიტორიას, ბანერი ისე მოიპარეს, რომ არავის არაფერი გაუგია.

„ღობე, რომელზეც ბანერი განვათავსეთ, სახელმწიფოს ტერიტორიაზეა – მარტივად დავამაგრეთ, არაფერი დაგვიზიანებია. წარწერაც არ შეიცავდა რაიმე შეურაცხმყოფელ ტექსტს. მაინც ვფიქრობდი, რომ არ გააჩერებდნენ დიდხანს, ამიტომ სამინისტროს დაცვასაც ვთხოვეთ ყურადღება მიექცია. ბანერი მაინც გაქრა. ახლა გვეუბნებიან, რომ არ იციან ვინ წაიღო. ამ ბანერისთვის 200 ლარი ჯიბის ფულიდან შევაგროვეთ“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

„ბათუმელებმა“ კი არაოფიციალურად დაადგინა, რომ 5 მარტის დილას განათლების სამინისტროს ეზოში მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა მივიდა და „ამ მანქანიდან გადმოსულმა კაცმა ბანერი წაიღო… უფროსი იყო შაინიძეო.“

მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, რომელი კანონის რომელი მუხლის დარღვევის გამო წაიღეს ბანერი და აპირებენ თუ არა ის დაუბრუნონ პატრონს. ინსპექციაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს – „ჩვენ არ წაგვიღია“, გვითხრეს. თუმცა ის დაგვიდასტურეს, რომ მუნიციპალურ ინსპექციაში ნამდვილად მუშაობს გელა შაინიძე და ის ზედამხედველობის სამსახურის უფროსია.

„ბათუმელებთან“ ბანერის წაღებას არ ადასტურებს არც გელა შაინიძე. სატელეფონო საუბარში მან გვითხრა, რომ „ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათი დღე სამსახურში არ ყოფილა და საინტერესოა, ვინ ისარგებლა მისი სახელით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: