მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს 27 წლის დედა 2 შვილთან ერთად უსახლკაროდ – ადამიანები პანდემიაში [ვიდეო]

12.03.2021 • 2510
როგორ ცხოვრობს 27 წლის დედა 2 შვილთან ერთად უსახლკაროდ – ადამიანები პანდემიაში [ვიდეო]

27 წლის ნაირა ხოზრევანიძე ორი შვილის დედაა. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არ აქვს სახლი და არც სამსახური. 240 ლარიდან, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან, 200 ლარს ბინის ქირაში იხდის. საჭმელს უფასო სასადილოდან იღებს.

როგორია ცხოვრება პანდემიაში, უსახლკაროდ, ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ მამასთან ერთად – ნაირა ხოზრევანიძე „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“.

პანდემიამდე

ვერ ვიტყვი, რომ არ მიჭირდა, მაგრამ სამსახური მაინც მქონდა. პანდემიის დაწყებამდე „გრილ შაურმაში“ ვმუშაობდი, ღამის ცვლაში. დღე ბავშვებს ვუვლიდი, ღამე ვტოვებდი მამაჩემთან და დილამდე ვმუშაობდი. დღეში 15 ლარი მქონდა ანაზღაურება, მეშაურმის დამხმარე ვიყავი. 450 ლარი გამომდიოდა ხელფასი. გაჭირვებით, მაგრამ მყოფნიდა. მართალია, დღე და ღამე არეული მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს აღარ დავეძებდი.

რაც პანდემია დაიწყო, ვერ გავედი და ვერსად ვიმუშავე. ვეცადე, ბევრი ვეძებე სამუშაო, რესტორნებში და კაფეებშიც ვიყავი. უფროსები მეუბნებოდნენ, კი ბატონო, მოდი, იმუშავე, მაგრამ ჩვენც ცუდ დღეში ვართ, ფული რომ ვერ გაგატანოთ შენს შვილებთან, მერე რა ვქნათო?

უსახლკარობა

15 წლის გავთხოვდი, მეცხრე კლასიდან, არასრულწლოვანი ვიყავი. საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ მოვასწარი. სწავლა აღარც გამიგრძელებია. 9 და 6 წლის შვილები მყავს. ბიჭი მესამე კლასშია, გოგო წელს მივიდა სკოლაში. 7 წელი ჩაისუბანში ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე. მერე გავშორდით. ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ ოჯახი. მერე ის გარდაიცვალა.

განქორწინების შემდეგ წამოვედი და ნაქირავებში ვარ. ჩემი ქმრის სახლიდან რამეს ვერ მოვითხოვ, ძალიან ბევრი პატრონი ჰყავს იმ სახლს. თუმცა ჩემი მაზლი მეხმარება.

ჩემი შემოსავალი არის მხოლოდ 240 ლარი სოციალური დახმარება და 60 ლარი ბავშვების კვების ვაუჩერი. საჭმელი უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ბინა ნაქირავები მაქვს. ვცხოვრობთ მე, მამა, რომელიც მძიმე ავადმყოფია და ბავშვები.

ყველაზე რთულია, როცა მარტო ხარ. არავინ გყავს, ვინც გვერდში დაგიდგება და დაგეხმარება. ვისი იმედიც გექნება.

კიდევ უფრო რთულია, როცა არ იცი, როდის შემოგიღებს კარს „ხაზეიკა“ და როდის გკითხავს – თანხას როდის მაძლევთ? როცა გეუბნება – დავიღალე ამდენი ტყუილით, როდის გადაიხდითო? მერე შენ დგები და ეხვეწები – „გამიგე, დღესაც გამიგე, ხვალ წავალ, რაღაცას ვნახავ და გადაგიხდი“.

მერე შენ მიდიხარ და ეძებ. სახლში დაბრუნებულს კი 9 წლის შვილი გეუბნება – დედა, მეპატრონე იყო მოსული – შენ გიკითხაო. ხვდები, რატომაც გიკითხა.

მეუბნება „ხაზეიკა“ დამიცალე ბინაო. სად წავიდე? ამ ბინაში თუ ვერ ვიხდი ქირას, მეორეს როგორ გადავუხდი?

ნაირა ხოზრევანიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვინც 10 მარტს ბათუმის მერიის მიერ “იაფი სახლის” პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსში შეიჭრა

მარტოხელა დედა სტატუსის გარეშე

მარტოხელა დედის სტატუსი არ მაქვს. არ გეკუთვნის, რადგან ბავშვები მამის გვარზე არიანო. არადა, წლებია მარტო ვზრდი ჩემს შვილებს. ვინმეს დახმარების გარეშე.

ყოველდღე ვეძებ სამსახურს. ისე გამიჭირდა, ვიფიქრე საზღვარგარეთ წავალ-მეთქი, მაგრამ როგორ წავიდე? შვილები ვის დავუტოვო?

პანდემიამ რა შეცვალა

უფრო მეტად გამიჭირდა, ვიდრე მანამდე მიჭირდა. ისეთი გაჭირვება გამოვიარე, ასეთი გაჭირვება არასდროს გამომივლია. შვილებს რომ შევხედავდი, გული მეწვოდა. მშიას რომ მეტყოდნენ, გული მიკანკალებდა. საჭმელს იმდენს ვაკეთებდი, როგორმე ჩემს შვილებს და მამაჩემს ჰყოფნოდათ. ჩემს თავს აღარ ვდარდობდი.

გამოსავალი

ბათუმის მერიამ ააშენა კორპუსები. გავიგეთ, რომ შეიძლება ამ კორპუსებში გაჭირვებულებმა მიიღონ ბინა. სხვა გაჭირვებულ ოჯახებთან ერთად მივედით იმ კორპუსთან. შევიჭარით, მაგრამ პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანა.

მთავრობამ თვალი უნდა გაახილოს და ამ გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს. 150-200 ლარს ვიხდი ქირაში. ქირის ფულს ამ კორპუსის ბინაში გადავიხდი, ის მაინც მეცოდინება, რომ ჩემი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: