მთავარი,სიახლეები

ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

11.03.2021 •
ნოვრუზის დღეს აზერბაიჯანული თემი კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს აზერბაიჯანული თემი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით.

21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანული თემი ნოვრუზის  დღესასწაულს აღნიშნავს.

„ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, კომენდანტის საათი, აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს,“ – აღნიშნულია აზერბაიჯანული თემის განცხადებაში.

„ნოვრუზის დღესასწაულის სრულფასოვნად ჩატარება საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ რომ ნოვრუზის დღეს დაემთხვა (21 მარტი). შესაბამისად, ჩვენმა თემმა ვერ შევძელით სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვანი შესრულება.

ჩვენ საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს.

ამასთანავე, არსებული შედარებით შემცირებული დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს, მთელს საქართველოში გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის, და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა“ – ვკითხულობთ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდების, პლატფორმა „სალამის“ განცხადებაში.

აზერბაიჯანული თემი მიიჩნევს, რომ არასწორი იქნება ნოვრუზის დღესასწაულზე მხოლოდ ქვემო ქართლში ან მხოლოდ საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება.

„ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ.

…ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 21 მარტისთვის გააუქმოთ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთად ვიზეიმოთ ბუნების გამოღვიძების და გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული, ნოვრუზი“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პლაფტორმა „სალამი“ ავრცელებს.

საქართველოში მოქალაქეები პეტიციით ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პეტიცია 22 თებერვალს გამოქვეყნდა და მას უკვე ათასამდე მოქალაქე აწერს ხელს.

„მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას.

ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში.

სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურული წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი,“ – წერია პეტიციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: