ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

10.02.2021 • 2763
აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია არც წელს დაიწყება

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში ამ ეტაპზე არ დაიწყება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 4 თებერვლის ბრძანებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა. ამ ბრძანებაში არ არის მაღალმთიანი აჭარა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, დაიწყება თუ არა 2021 წელს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია და არის თუ არა გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რომლითაც სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, როგორც ამას მთავრობა აცხადებდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 2021 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის მხოლოდ კახეთის რეგიონია შერჩეული: „2022 წელს სისტემური რეგისტრაციისთვის ახალი არეალების დასამტკიცებლად მსჯელობა კი, მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.“

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ამ ეტაპზე მიწის სისტემური რეგისტრაცია ჩატარდება კახეთში – საგარეჯოს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების გარკვეულ დასახლებებში.

იუსტიციის სამინისტროს ვკითხეთ, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული მუნიციპალიტეტები.

„კახეთის რეგიონი გამოირჩევა მკვეთრად აგრარული მონო-ეკონომიკით –  ქვეყნის სასოფლო სამეურნეო სავარგულების 38% კახეთში მდებარეობს. განსაკუთრებით დიდია სახნავი და სათიბ-საძოვარი სავარგულების მოცულობა. ამ კატეგორიის სავარგულების მიხედვით პირველ ადგილზეა საქართველოში, რის გამოც კახეთი მემარცვლეობისა და მეცხოველეობის წამყვანი რეგიონია. დღეისათვის საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული.

კახეთისთვის ასევე  ურბანიზაციის დაბალი დონეა დამახასიათებელი:  კახეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის თანახმად, მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.  რეგიონის სოფლები კი მოსახლეობის რიცხოვნობითა და განსახლების სიმჭიდროვით 2-ჯერ აღემატება საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე სოფლების საშუალო ზომას.

ამასთან, 2016–2019 წლებში სისტემური რეგისტრაცია უკვე განხორციელდა საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში [მზისგულის, არბოშიკისა და არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში].

ასევე, სისტემური რეგისტრაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მიმდინარეობს [ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა], რომელიც 2021 წელს დასრულდება.

შედეგად, 2021 წელს სრულად დასრულდება საგარეჯოს,  დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესი“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა.

„სამთავრობო პროგრამის 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება“, – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროდან.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად მიდის ადგილზე და ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს  ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.

ვიდრე მთავრობა სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორადული რეგისტრაციით დაირეგისტრირონ. სპორადული რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე საკუთარი სახსრებით აკეთებს საკადასტრო ნახაზს და წარადგენს საჯარო რეესტრში. თუ მიწის საკუთრების/ფლობის ან სხვა რაიმე დოკუმენტი აქვს, თან დაურთავს ნახაზს. თუ არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ამ დოკუმენტების მოძიებას არქივში და სხვა სახელმწიფო სამსახურებში უკვე საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს. ამაში მოქალაქე ფულს არ იხდის. უფასოა შემდგომში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებაც.

საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს თანხა 5 მილიონამდეა შემცირებული.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/315058/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: