განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

10.02.2021 • 2190
რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ.

სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, ოღონდ მათ ოთხის ნაცვლად ხუთი წელი უწევთ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა, რადგან პირველი ერთი წელი ქართული ენის შესწავლას ეთმობა.

სტუდენტებს სახელმწიფო ენის შესწავლაში თანხის გადახდა უწევთ.

„ხელს ვაწერ, რადგან“ – სტუდენტები პეტიციით მიმართავენ განათლების მინისტრს

სტუდენტები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პროგრამა 1+4-ით ჩარიცხულ სტუდენტებს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა უნდა მისცეს კვოტირების ფარგლებში, დაფინანსების წესის შეცვლას ითხოვენ.

პეტიცია დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ უკვე გავრცელდა და მას ამ დროისათვის 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციას თან ახლავს კომენტარებიც, სადაც ხელმომწერები, ძირითადად სტუდენტები, წერენ, რატომ სურთ დაფინანსების წესის შეცვლა:

  • ჟენიკ მკრტჩიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ვსწავლობ ქართულ ფილოლოგიას და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაკულტეტი უფასოა, მე მაინც ვიხდი სწავლის საფასურს. ეს უსამართლობაა“.
  • როვშან კასუმოვი, ბოლნისი: „ხელს ვაწერ, რადგან მსურს, რომ სახელმწიფომ გადაიხადოს ჩემი სწავლის საფასური. მე ღარიბი ოჯახიდან ვარ“. 
  • ქიუბრა გარაჯაევა, მარნეული: „ხელს ვწერ იმიტომ, რომ ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ“.
  • მარიამ რაისიანი, ახალქალაქი: „ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ეს იყო ის შანსი, რომელიც საშუალებას აძლევდა სომეხ აბიტურიენტებს, გახდნენ საქართველოს ნაწილი და თავიანთი დანარჩენი ცხოვრება საქართველოსთვის იმუშაონ“.

„ბათუმელები“ ამ პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს კახა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ამ საკითხზე დისკრიმინაციულია.

დისკრიმინაციული ჩანაწერი, როგორც კახა გაბუნია ამბობს, 2013 წლიდან ჩნდება, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სახელმწიფომ პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.

„მე ვარ 1+4 პროგრამის ხელმძღვანელი უნივერსიტეტში და სტუდენტებისგან გავიგე, რომ უფასო პროგრამებზე მათ სწავლის საფასურის გადახდა უწევთ. მაშინვე მივმართე  განათლების სამინისტროს და იცით როგორი იყო მათი რეაქცია?  – „ჩვენ ხომ უმცირესობებს კვოტირებით ვრიცხავთ და კიდევ დამატებით დავაფინანსოთ?“ 

მათ არც კი ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები უფასოდ არ სწავლობენ.

ქუჩაში რომ გავაჩეროთ ადამიანები და ვკითხოთ, 80 პროცენტი იტყვის, რომ უმცირესობებს უნივერსიტეტში უფასოდ ვასწავლით. ასე ფიქრობს ბევრი ლექტორ-მასწავლებელიც. ჰგონიათ, რომ რადგან მათი უმაღლესში ჩარიცხვის წესი განსხვავებულია, სწავლის გადასახადს არ იხდიან. ეს ასე არ არის“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, მას არაერთხელ უსაუბრია მაღალი თანამდებობის პირებთან ამ პრობლემაზე, თუმცა მხოლოდ გულგრილობას აწყდება.

კახა გაბუნია

„როცა ჩხენკელი პირველად დანიშნეს, ავუხსენი საკითხი, შემპირდა, რომ მოაგვარებდა, თუმცა ერთ თვეში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ბატიაშვილთან ვერ მოვახერხე კომუნიკაცია, ახლა ისევ ჩხენკელია მინისტრი და მინდა, რომ ეს პეტიცია სწორედ მას გავუგზავნოთ“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, მიხეილ ჩხენკელი ინფორმირებული იყო, თუ რას ითხოვდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, აღიარებდა კიდეც დისკრიმინაციულ ჩანაწერს, თუმცა 2020 წლის 11 აგვისტოს მაინც იმავე შინაარსის ბრძანება გამოსცა.

მინისტრის ბრძანებაში წერია:

„დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“.

ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი რომელიც 1+4-ის მოსამზადებელ პირველ კურსს დაასრულებს, უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე უფასოდ ვერ ისწავლის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც დაუშვას კვოტირების სისტემა უმცირესობებისთვის, ისევე როგორც უმაღლესში ჩარიცხვის შემთხვევაში აქვს დაშვებული [5-5 პროცენტი – აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისთვის, 1-1 პროცენტი – ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი მოქალაქეებისათვის] და ეს აღმოფხვრის უთანასწორობას“, – ამბობს კახა გაბუნია.

რა შეიცვალა 1+4 ქართული ენის მომზადების პროგრამაში ათი წლის შემდეგ?

„პროგრამა 2010 წლიდან ამუშავდა და ფაქტობრივად, ჰაერზე შეიქმნა. ათი წლის შემდეგ კი, წელს პირველად მიიღო ახალი აკრედიტაცია.

პროგრამა არსებითად გაუმჯობესდა, რადგან წერა-კითხვის, მოსმენის, გრამატიკის კომპონენტები ცალკე მოდულებად ისწავლება, ასევე  მართლწერა და პროფესიული ტერმინოლოგია. პროგრამაში გათვალისწინებულია აბიტურიენტების ენის ცოდნის დონეც“, – ამბობს კახა გაბუნია, რომელიც პროგრამის ხელმძღვანელია თსუ-ში.

მისი თქმით, შეიქნა სახელმძღვანელოებიც, რაც აქამდე არ არსებობდა და ნელ-ნელა გვარდება სპეციალისტების პრობლემაც.

კახა გაბუნიას თქმით, რომელიც უნივერსიტეტში მულტილინგვურ პროგრამასაც ხელმძღვანელობს, სწორედ 1+4 პროგრამიდან მიიღეს სტუდენტების ნაკადი ამ პროგრამაზე წელს პირველად, რაც სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლებისთვის პროფესიული რესურსი გახდება.

„26 სტუდენტი გვყავს უკვე პირველ კურსზე. ესეც უფასო პროგრამაა და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არაქართულენოვან სკოლებში სპეციალისტების სერიოზული კრიზისია. ამჯერად მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოვამზადებთ“, – ამბობს კახა გაბუნია.

მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლების დაახლოებით 2 ათასამდე მასწავლებელი სახელმწიფო ენას ვერ ფლობს. „საბჭოთა კავშირის მერე ამ სკოლებში მასწავლებელი პრაქტიკულად არ მზადდება“, – ამბობს კახა გაბუნია.

ტყუილი თუ გულგრილობა – რატომ არ ცვლის სამინისტრო მიდგომას

„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ 2013 წელს, სანამ  პირველი ბრძანება გამოვიდოდა, მას ჰქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და კვოტირებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ბრძანებაში არ ჩაწერილა, თუმცა უნივერსიტეტებმა მაინც არ დააფინანსეს კვოტირებული სტუდენტები.

„ამის შემდეგ, კიდევ გვქონდა კომუნიკაცია განათლების ყველა მინისტრსა და მოადგილესთან, რომლებიც ამბობდნენ: „უი, რას ამბობთ, ასეთი რეგულაცია გვაქვს? არც ვიცოდით, აუცილებლად შეიცვლება“. მაგრამ რეალურად, როცა მოდის საგრანტო დაფინანსების თარიღი, ეს მუხლი ისევ ძალაში რჩება.

არ ვიცი იტყუებიან თუ არა, როცა ამბობენ, რომ შეცვლიან, მიზანმიმართულად ხდება თუ ავტომატურად გადადის ეს ბრძანება, მაგრამ ფაქტია, რომ 8 წელია ამ საკითხზე ვმსჯელობთ, განვიხილავთ სამინისტროსთან, მაგრამ არაფერი იცვლება. არავინ იაზრებს, რა შედეგები მოჰყვება ამას“.

შალვა ტაბატაძის თქმით, მას ჯერ არ შეხვედრია სამინისტროში ადამიანი, ვინც დაასაბუთებდა ამ შეზღუდვის მნიშვნელობას.

უფრო მეტიც, ტაბატაძე ამბობს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიღებული აქვს სამოქმედო გეგმა, სადაც ასევე ჩაწერილი იყო ეთნიკური უმცირესობების განათლების დაფინანსების საკითხი, თუმცა საბოლოო ვარიანტიდან ამოიღეს.

„ვინ ამოიღო არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

მისი თქმით, არაქართულენოვანი სკოლები არასდროს ყოფილა განათლების სისტემის ნაწილი პროფესიული განვითარების, ქართული ენის სწავლების თუ სკოლის ადმინისტრაციის მომზადების კუთხით.

შალვა ტაბატაძე

„სწორედ ამიტომ დაგვჭირდა სტუდენტთა კვოტირება, რადგან 20 წელიწადში ჩვენ არაქართულენოვან სკოლებში 4-5 ათასი პედაგოგი დაგვჭირდება – საპენსიო ჯილდოს ფარგლებში სისტემიდან 1 450 მასწავლებელი გავიდა და მხოლოდ 250 ახალი კადრი შევიდა სკოლებში. აქედან უმრავლესობას არ აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიზიდოთ უნივერსიტეტში სტუდენტები, რომ მოვამზადოთ ორენოვანი ახალი კადრები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ახალი ცოდნით. სხვა შემთხვევაში, არაქართულენოვან სკოლებში რეფორმა ვერ განხორციელდება.

მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამომავლო პერსპექტივაზე, რომ შესაძლებელი გახდეს ამ სკოლების რეალურად ქართულ სისტემაში ინტეგრირება და რეფორმირება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

იგი ასევე საუბრობს კვოტირებული კურსდამთავრებულების დასაქმების პრობლემაზეც:

„ადგილობრივ საჯარო უწყებებში მათ დასაქმების პრობლემა აქვთ, მაშინ, როცა ადგილზე არ გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები. ეს ადამიანები უნდა გამოვიყენოთ როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე განათლების სისტემაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მარტო იმით კმაყოფილება, რომ თურმე 1+4 პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, საკმარისი არ არის. მთავარია საბოლოო მიზანი“.

შალვა ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო არც იმაზე საუბრობს, რომ კვოტირებით ჩარიცხულთა დიდი ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს.

„23 პროცენტს აქვს სულ დამთავრებული 1+4-ის პროგრამა. თბილისში სწავლა და ცხოვრება ძალიან ძვირი უჯდებათ სტუდენტებს, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რადგან ეს რეგიონი თბილისიდან შორსაა, ამიტომ ისინი რუსეთში ან სომხეთში ამჯობინებენ სწავლის გაგრძელებას“.

შალვა ტაბატაძის შეფასებით, სახელმწიფოს სისუსტე და შეცდომაა იმის ვერგააზრება, თუ რა არის საჭირო უმცირესობების ინტეგრაციისთვის და ამის კლასიკური მაგალითია ის, რომ სახელმწიფო კვოტირებულ სტუდენტებს უფასო პროგრამებზე უფასოდ სწავლას უზღუდავს.

„კვოტირების მიზანია, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან აქტიურად ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში. რეალურად კი გვაქვს მხოლოდ თვითკმაყოფილება ამ პროგრამის არსებობის გამო, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, ეს ინსტრუმენტი როგორ გამოვიყენოთ შესაბამისი პოლიტიკის გაანალიზებისთვის“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

სად არის პრობლემის სათავე

„ბათუმელები“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელს ნათია მანიას ესაუბრა.

მასწავლებლის აზრით, სახელმწიფოს უცნაური პოლიტიკა აქვს უმცირესობებთან მიმართებაში, რადგან ერთი მხრივ, სახელმწიფო აღიარებს, რომ უმცირესობებს ვერ აძლევს სათანადო განათლებას, რადგან დაინახა 1+4 პროგრამის საჭიროება, თუმცა სკოლის დონეზე განათლების დაბალ დონეს მაინც ვერ ხედავს.

„ზოგი ისეთი მასწავლებელი ასწავლის ქართულს, საერთოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად. მათემატიკას ასწავლის და მიმატება-გამოკლების იქით ვერ მიდის. ფაქტია, რომ სახელმწიფო არანაირად არ ცდილობს გაუნათლებელი მასწავლებელი სკოლას მოაშოროს, მასწავლებელი, რომელმაც თავისი საგნის 4 პროცენტიც კი არ იცის.

შეიძლება ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი მასწავლებელი, როგორც წესი, ძალიან მორჩილია და სახელმწიფოს უნდა, რომ მორჩილებაში ჰყავდეს მასწავლებელი“, – მიიჩნევს ნათია მანია.

პედაგოგის აზრით, თუკი სკოლაში მოსწავლე მინიმუმ A2 ან B1 დონეზე შეისწავლის ქართულს, მას უფრო გაუადვილდება 1+4 პროგრამაში მონაწილეობა, ხოლო თუ ის B2 დონეზე მიიღებს სახელმწიფო ენის ცოდნას, აღარ დასჭირდება 1+4 პროგრამა უნივერსიტეტში ჩასარიცხად:

„უმჯობესია რესურსები დაიხარჯოს სკოლაში, აქ გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება და გაიზარდოს აბიტურიენტთა მომზადება. საბოლოოდ, სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მოსწავლემ ქართული ენა მაღალ დონეზე სკოლაში ისწავლოს და ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნას“.

ნათია მანია, პედაგოგი

ნათია მანიას თქმით, არაქართულენოვან სკოლებში არა მხოლოდ ქართული ენა ისწავლება დაბალ დონეზე, უმცირესობებმა მშობლიური ენა და ლიტერატურაც კი არ იციან სათანადოდ, რაც ხელს უშლის მოსწავლეების აკადემიურ განვითარებას.

პედაგოგის აზრით, ყველა ტიპის პრობლემის მოგვარებას სჭირდება მოაზროვნე, მცოდნე, პროფესიონალი, მონდომებული და თანამედროვე მასწავლებელი.

„ასეთი მასწავლებლების  დიდი დეფიციტია ქვეყანაში. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მასწავლებელს სამოქალაქო პოზიციაც უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს არა მორჩილი და პასიური, არამედ კრიტიკული და ცვლილებებისთვის უნდა მუშაობდეს. თუ სკოლაში ასეთი პედაგოგები იქნებიან, ყველა პრობლემა გამოსწორდება“, – ამბობს ნათია მანია.

მასწავლებლების კვალიფიკაციის გარდა, ის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების პრობლემაზეც საუბრობს.

„პრობლემაა, როცა სახელმწიფო ვერ იაზრებს, რას ნიშნავს ასწავლო შენი ქვეყნის მოქალაქეს სხვა სახელმწიფოში გამოცემული და სხვა სახელმწიფოს განათლების პოლიტიკით აწყობილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოთი. ამ სახელმძღვანელოებში სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ფოტოებია, სხვა სახელმწიფოს ჰიმნია დაბეჭდილი, სულ სხვა აგიტაცია-პროპაგანდაა და ვფიქრობ, ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო“, – ამბობს ნათია მანია.

რას ამბობს მოძრაობა „სალამი“

ქამრან მამადლი,  მოძრაობა „სალამის“ აქტივისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გულგრილობა ამ საკითხზე შესაძლოა გამომდინარეობდეს იქედან, რომ ხშირად გადაწყვეტილებებს ის პირები იღებენ, ვინც არ იცნობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ „საკუთარ ტყავზე არ გამოუცდიათ მსგავსი უთანასწორობა“.

„შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ სამინისტროს დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი არავინ მუშაობს, ვინც დაანახებს მათ უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ხშირად, ბიუროკრატიული ან პოლიტიკური ნაბიჯია  გადამწყვეტი და არა რეალური საჭიროებები“, – ამბობს ქამრანი.

ქამრან მამადლი

ის ამბობს, რომ შესაძლოა ვინმემ თქვას, უმცირესობები ისედაც ჰყავს სახელმწიფოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან მხოლოდ ერთი გამოცდით ირიცხებიან უმაღლესში:

„თუმცა, ამის საჭიროებაც არასწორმა სახელმწიფო პოლიტიკამ და პრობლემის გაუაზრებლობამ მოიტანა.

ჩვენ ვსაუბრობთ არსებითად ჩაგრულ და გარიყულ ჯგუფებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ უმაღლესში სწავლის შესაძლებლობა და სწორედ 1+4 პროგრამა გახდა საჭირო, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დაეწყოთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა. ახლა კი ასეთი  ხარვეზის არდანახვა შეუძლებელია“, – ამბობს ქამრან მამადლი.

როგორ ფიქრობთ, რატომ გამოსცა უმცირესობების ინტერესების წინააღმდეგ მინისტრმა ბრძანება, მაშინ, როცა მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია თქვენი მოთხოვნების შესახებ? – ვკითხეთ ქამრანს. ის ამბობს, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს.

„ჩვენ, „სალამის“ აქტივისტებმა, შარშან დავიწყეთ ამაზე საუბარი. ვრეკავდით განათლების სამინისტროშიც, უნივერსიტეტებშიც…

ჩვენთვის ორი საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი – პირველი ის, რომ 1+4  პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც სტუდენტის სტატუსიც კი არ აქვთ პირველ წელს, არ უნდა იხდიდნენ სწავლის საფასურს სახელმწიფო ენის შესწავლაში, მეორე ის, რომ უფასო ფაკულტეტებზე უმცირესობებსაც უფასოდ უნდა შეეძლოთ განათლების მიღება“, – ამბობს ქამრან მამადლი.

რას ამბობს განათლების სამინისტრო

რატომ არ ეძლევათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო იმ ბრძანების გაუქმებას, რომელიც ამ უფლებას უმცირესობების წარმომადგენლებს ართმევს? – „ბათუმელები“ შეეცადა საქართველოს განათლების სამინისტროსგან მიეღო ამ და სხვა კითხვებზე პასუხი.

სამინისტროს წერილობითაც მივაწოდეთ კითხვები, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: