მთავარი,სიახლეები

ქეთევანი – ქალი არქიტექტორთა ოჯახის 125-წლიანი დინასტიიდან

10.03.2021 • 2202
ქეთევანი – ქალი არქიტექტორთა ოჯახის 125-წლიანი დინასტიიდან

ჭიათურის მაღაროსთან უნივერსიტეტის სამთო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი დგას, პრაქტიკა უნდა გაიაროს, მაღაროელები არ უშვებენ: გადმოცემაა ასეთი, თუ მაღაროში ქალი ჩავა, იქ უბედურება დატრიალდებაო, ეუბნებიან.  ბედად მხცოვანი და პატივსაცემი სამთო ინჟინერი დგას ახლომახლო. ჩავყვები გოგოს მაღაროში, მოხუცი ვარ, დღე-დღეზე უნდა გავქრე და თუ რამე დამემართება, ჯანდაბასო, ამბობს. სტუდენტს ცრურწმენის არ სჯეროდა, არც არაფრის ეშინოდა.

იმ დღეს მოხუცი სამთო ინჟინერი და ახალგაზრდა სტუდენტი მშვიდად ამოვიდნენ მაღაროდან.

სტუდენტი, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი პირველი არქიტექტორი ქალი გახდება საქართველოში.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი

პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1929 წელს არქიტექტურის ფაკულტეტი ორმა სტუდენტმა დაამთავრა: მარიამ სოკოლოვამ და არჩილ ქურდიანმა. კურსელები შემდეგ დაქორწინდნენ. არჩილის მამა, გიგო [გრიგოლ] ქურდიანი ცნობილი ინჟინერი იყო. მისი დაპროექტებულია ლესელიძის ქუჩა, ელბაქიძის დაღმართი და სხვა. გიგო ქურდიანმა დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპროექტებასა და მშენებლობაში.

ქეთევანმა სტუდენტობიდანვე დაიწყო მუშაობა. გერმანული სააქციო საზოგადოება „ალტებაუგის“ დაკვეთით სპარსეთის დიდებულისთვის დააპროექტა ვილა, ააშენა ჩაის ფაბრიკა ჩაქვში, კოლხეთის ოდესღაც ჭაობით დაფარულ მიწაზე ახალი სოფლები გააშენა.

1947 წელს მეუღლესთან ერთად დააპროექტა გორის სასტუმრო ,,ინტურისტი“, მონაწილეობა მიიღო მოსკოვში აშენებული საქართველოს პავილიონის შექმნაში.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მეუღლესთან, არჩილ ქურდიანთან ერთად

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის არქიტექტურულ პროექტებს შორის არის ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი სახლები ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სახლი ძველი ვახუშტის, ახლანდელი ბაგრატიონის ქუჩაზე №65, მეცნიერ-მუშაკთა საცხოვრებელი სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე და ა.შ.

დოლიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე მდგარ ამ სახლს ერთი ისტორია უკავშირდება.

საქართველოში პირველი არქიტექტორი ქალის, ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის დაპროექტებული მეცნიერ-მუშაკთა სახლი თბილისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე

 

  • „ამიტანეთ თუ შეიძლება ბოლო სართულზე ყველაზე დიდი ურო“

ზემოხსენებული სახლი დოლიძის ქუჩის ასახვევთან სტალინის ბრძანებით აშენდა. დაკვეთა იყო, რომ საბჭოთა რესპუბლიკის ყველა დედაქალაქში აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მეცნიერ-მუშაკებისა და აკადემიკოსებისთვის. 1953 წელს ბრძანების გამცემი გარდაიცვალა. სახლების აშენება მოესწრო მხოლოდ ბაქოსა და თბილისში.

ქეთევანი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მშენებლობას. ერთხელაც შენიშნა, რომ ბოლო სართულზე რამდენიმე ფანჯრის რაფა ერთ ზოლზე სწორად არ იყო განლაგებული. სთხოვა მშენებლებს ხარვეზი საღამომდე გაესწორებინათ. მისულა გვიან და შეუმოწმებია. მწვანეთვალება, გამხდარი და ტანმორჩილი ქეთევანის შენიშვნა არ გაითვალისწინეს.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მშენებლობაზე

„ამიტანეთ თუ შეიძლება ბოლო სართულზე ყველაზე დიდი ურო“ – უთქვამს ქეთევანს ქვის მთლელებისთვის და თავად მოუნგრევია ყველა სწორად თუ არასწორად განლაგებული ფანჯრის რაფა იმ სართულზე.

გამოცვენილან მშენებლები, უნახავთ – დამტვრეულია რაფები. დაურეკავთ ცეკას მდივანთან. ქეთევანია აქ, არქიტექტორი რომ არის და დაგვიმტვრია ყველაფერი, დროზე ვეღარ დავამთავრებთ სახლსო.

დამალაპარაკეთო – ცეკას მდივანმა.

ელაპარაკეო – მიუწოდებიათ ყურმილი ქეთევანისთვის.

ვის ვესაუბრებიო – უკითხავს ქალს.

ცეკას მდივანი ვარო – ხმამ.

აქ კიდე, მე ვარ ცეკას მდივანიო – უპასუხია ქეთევანს და საუბარი დაუსრულებია.

მიბრუნებია მშენებლებს: დროზე შეასწორეთ, თორემ ცეკას მდივანი ვეღარ გიშველითო – უთქვამს.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის დაპროექტებული მეცნიერთა სახლი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე

თავისსავე დაპროექტებულ სახლში ქეთევანს ერთი დიდი ბინა გადასცეს. მისი ძალიან ახლო მეგობარი ყოფილა პორტრეტისტი ქეთევან მაღალაშვილი. მხატვარი სხვენის მოუხერხებელ ბინაში ცხოვრობდა თურმე, ფეხები სტკიოდა და ძლივს ადიოდა იქამდე.  ეს ბინა არქიტექტორმა  მეგობარს, ქეთევან მაღალაშვილს აჩუქა.

 

  •  ნიკო ნიკოლაძის შორტები

ქეთევანის დედა, მხატვარი მარიამ ფორაქიშვილი იყო –  გერმანული წარმოშობის ცნობილი ქართველი ფერმწერის, ოსკარ შმერლინგის მოწაფე. მამა, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სოკოლოვი, მეფის რუსეთის დროს გადასახლებული და მერე უკან დაბრუნებული სამხედრო იურისტი ყოფილა.

ოჯახის ხშირი სტუმარი იყო ნიკო ნიკოლაძე. ხალისობდა ქეთევანთან და მამამისთან ჭადრაკის თამაშით. ქეთევანს გასაოცარი მათემატიკური უნარები ჰქონია. სამნიშნა რიცხვებს ამრავლებდა და ყოფდა წამში, ზეპირად.

ნიკო ნიკოლაძე ამ დროს ევროპიდან ახალჩამოსული იყო. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ხანდახან შორტებითაც დადიოდა.

საბჭოთა სტუდენტები ნიკოლაძის შორტებს კაპიტალისტურ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ, პირდაპირ ვერაფერს უბედავდნენ და ქეთევანისთვის უთხოვიათ: ვიცით თქვენი ოჯახის მეგობარია და შეაპარეთ რამენაირად ნიკო ნიკოლაძეს, შორტებით ნუ ივლის უნივერსიტეტშიო.

ერთხელაც ისევ მისულა ფორაქიშვილ-სოკოლოვებისას ნიკო ნიკოლაძე ჭადრაკის სათამაშოდ.  ნაძლევზე უნდა გეთამაშოთ, ჯერ არ გეტყვით რაზე, მაგრამ თუ მოგიგებთ, დამპირდით, რომ შემისრულებთ თხოვნასო – უთქვამს ქეთევანს. კარგიო, დათანხმებია ნიკო ნიკოლაძე.

მოუგია ჭადრაკის ის პარტია ქეთევანს და უთხოვია, აღარ იაროთ რა შორტებით უნივერსიტეტშიო.

იცოდა ნიკო ნიკოლაძემ – არ ადარდებდა ქეთევანს ასეთი ამბები და შენიშვნა უნივერსიტეტიდან მოდიოდა. შეუსრულებია სტუდენტისთვის თხოვნა.

 

  • მამასთან ერთად, გადასახლებაში

ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი რუსეთიდან ქართველზე დაქორწინების განზრახვით ჩამოსულა. მარიამ ფორაქიშვილი გაუცნია და დაქორწინებულან. სამხედრო იურისტ ნიკოლოზს ჯარისკაცისა და ოფიცრის დავისას ჯარისკაცი გაუმართლებია. გადაუსახლებიათ მეფის რუსეთის დროს – ოფიცერი როგორ გაამტყუნე ჯარისკაცთანო.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი მშობლებთან, მარიამ ფორაქიშვილთან და ნიკოლოზ სოკოლოვთან ერთად

სოკოლოვს გადასახლებაში ოჯახიც გაჰყვა. ეკრძალებოდათ საქართველოში, ასევე დიდ ქალაქებში ცხოვრება. უწევდათ სომხეთისა და აზერბაიჯანის პატარა სოფლებში, ირანისა და თურქეთის საზღვრებთან ყოფნა სხვადასხვა დროს. ქეთევანს სწორედ ამ მძიმე წლებში უსწავლია სომხური და აზერბაიჯანული ენები.

რაღაც პერიოდი ოჯახი სიონის ეკლესიის დეკანოზის, გიორგი ასათიანის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ასათიანები მარიამ ფორაქიშვილის დედის ნათესავები იყვნენ.

 

  • ბარნოვის ქუჩა. სახლი №44

სახლი, სადაც ქეთევანმა ოჯახთან ერთად გაატარა მთელი ცხოვრება, ახლაც დგას, ბარნოვის 44-ში. ეს სახლი ჯერ კიდევ არჩილ ქურდიანის მამამ, გიგო ქურდიანმა ააგო, მას შემდეგ აქ ოჯახის 6 თაობის არქიტექტორების სახელოსნოა. არ შეცვლილა კაბინეტი, სადაც პროექტებზე საუკუნის დასაწყისიდან მუშაობდა ქეთევანი მეუღლესთან, არჩილ ქურდიანთან ერთად. სახლს აქვს მემორიალური დაფაც.

ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა თაობის არქიტექტორები ამ სახლის ერთ სახელოსნოში უკვე 125 წელია მუშაობდნენ და მუშაობენ.

ქეთევანი და არჩილი

ოჯახი დღემდე ინახავს ნახაზებს, მიმოწერას, ნეგატივებს, დოკუმენტებს, წიგნებს, ძველ ფოტოებს – ყველაფერს, რაც წარსულისგან შემორჩათ, თუმცა ქურდიანების არქივის დიდი ნაწილი 90-იან წლებში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის შვილიშვილი, არჩილი მიიჩნევს, რომ ბებია კიდევ ბევრ პროექტზე იმუშავებდა, რომ არა დიდი ტრაგედია – 50 წელს მიტანებული იყო, როცა 12 წლის ვაჟი გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისმა პროდუქტიულობამ თანდათან იკლო.

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1988 წელს, 83 წლისა გარდაიცვალა.

ქეთევანმა ზედმიწევნით იცოდა ქართული ჩუქურთმის სტრუქტურა, ფილოსოფია და თავისებურებები. არჩილ ქურდიანი იხსენებს, როგორ ასწავლიდნენ მამამისს, გიორგი ქურდიანს მშობლები ქართულ ჩუქურთმას.

ხრუშოვის დროს აიკრძალა ეროვნული ნიშნის მატარებელი ყოველგვარი დეკორის გამოყენება არქიტექტურაში. 50-იან წლებში, როცა ქეთევანის შვილი, გიორგი ქურდიანი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ქართული ჩუქურთმის სწავლება აკრძალული იყო .

„ბარნოვის სახლი საკრალური ადგილია ჩვენთვის. აქ ყველას საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. საინტერესო გულისხმობს ბევრ სირთულეს და კარგ დღეებსაც. ამის სინთეზია საინტერესო. ეს სახლი ყველას გვიცავდა როგორღაც და აქ ყოველთვის ვიმარჯვებდით, ასეთი ძალა აქვს ჩემთვის ამ ადგილს. ბებია-ბაბუას ოქრო და ბრილიანტი არასდროს უგროვებიათ, არასდროს ჰქონიათ სიმდიდრის დაგროვების ვნება.

აგროვებდნენ წიგნებს და უცხოურ ჟურნალებს. ასეთი გამოცემები მაშინ დიდი ფუფუნება იყო. ქეთევანს და არჩილს დართეს ნება გამოეწერათ პროფესიული ჟურნალები. ჩვენი ბიბლიოთეკა სავსეა საბჭოთა დროს გამოწერილი გერმანული, იტალიური და ფრანგული არქიტექტურული გამოცემებით“, – ამბობს არჩილ ქუდიანი.

ქურდიანების ოჯახის ექვსივე თაობა არქიტექტორია.

  • 1918 წელს ქეთევანის მეუღლის, არჩილის მამამ გიგო ქურდიანმა დაარსა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება და მისი თავმჯდომარე გახდა. გიგოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი.
  • ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის მეუღლე, გიგოს შვილი, არჩილ ქურდიანი, თბილისის პირველი მთავარი არქიტექტორი იყო. ძეგლთა დაცვის სამსახური სწორედ არჩილ ქურდიანის დაარსებულია.
  • ქეთევანისა და არჩილის შვილის, გიორგი ქურდიანის არქიტექტურულ პროექტებს შორის აღსანიშნავია „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც საზეიმო ვითარებაში 1976 წელს დასრულდა.
  •  გიორგი ქურდიანის შვილს, არჩილ ქურდიანს, ნამუშევარი აქვს რამდენიმე პროექტზე ბაბუასთან – არჩილ ქურდიანთან და მამასთან, გია ქურდიანთან ერთად.
  • არჩილის ვაჟს, გიორგი ქურდიანს  არქიტექტურის, დიზაინისა და თეორიული არქიტექტურის ფაკულტეტზე მაგისტრატურა დამთავრებული აქვს ლიხტენშტეინის სამეფოში.

2006 წელს მამა-შვილ გია და არჩილ ქურდიანებს „წლის საუკეთესო არქიტექტორების“ წოდება მიანიჭეს.

2009 წელი არქიტექტორთა კავშირმა ქურდიანების წლად გამოაცხადა, ქართულ არქიტექტურაში საუკუნოვანი მოღვაწეობისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ქურდიანების საერთო შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფია რამდენიმე ასეული ობიექტი, როგორც არქიტექტურული, ასევე დიზაინერული ნამუშევრები, შენობა-ნაგებობები, ინტერიერი, ავეჯი, ჭურჭელი, ბუხარი, ჭაღი, ქსოვილი და ა.შ.

ოჯახის წევრების ერთობლივი შემოქმედებითი ცხოვრება 125 წელს ითვლის და მოიცავს სამ, XIX, XX და XXI საუკუნეებს.

 

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანის მიერ დაპროექტებული შენობები 

სასტუმრო ინტურისტი გორში/არქიტექტორი ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი

 

საცხოვრებელი სახლი ყოფილი ვახუშტის, ახლანდელი ბაგრატიონის ქუჩაზე

 

საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე

 

საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე


მთავარ ფოტოზე: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია – ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი საკუთარ კაბინეტში მუშაობისას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: