Batumelebi | რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები – Batumelebi
RU | GE  

რა საკვებს უნდა ვერიდოთ მაღალი არტერიული წნევის დროს – ექიმის რჩევები

ჰიპერტენზია ანუ მაღალი  არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები ხშირად აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ყველა  შემთხვევაში, ჰიპერტენზიის მკურნალობისას კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნევროლოგი შორენა კუნჭულია ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში, დაბალანსებულ კვებასა და სითხის სათანადო რაოდენობით მიღებას, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს  წნევის დარეგულირებისთვის.

ჯანმო: ეს არის მდგომარეობა, რომელშიც სისხლძარღვები მუდმივად არიან მაღალი წნევის ქვეშ. სისხლი სისხლძარღვების საშუალებით გულიდან სხეულის ყველა სხვა ნაწილს მიეწოდება. ყოველი შეკუმშვისას გული სისხლს ტუმბავს სისხლძარღვებში. არტერიული წნევა იქმნება გულის მიერ სისხლძარღვების (არტერიების) კედლებზე გადაქაჩვისას მიხეთქებული სისხლის ძალით. რაც უფრო მაღალია წნევა, მით უფრო ძნელია გულისთვის სისხლის ქაჩვა.

  • ქალბატონო შორენა, რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზია არის რამდენჯერმე დაფიქსირებული მაღალი  არტერიული წნევა და ძირითადად ეს დიაგნოზი ისმება, თუ პაციენტს  აღენიშნება წნევის ხანგრძლივი და მყარი მატება. ერთჯერადად მომატებული მაღალი წნევა, რომელიც ვითარდება ფიზიკური ან ემოციური დატვირთვის ფონზე, არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს.

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და სჭირდება რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და სისტემატური მკურნალობა, რომელიც ექიმმა უნდა მართოს.

50-60 წლის ასაკში უფრო ხშირია ჰიპერტენზიის დიაგნოზი, თუმცა დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა მომართვიანობა, ანუ ახალგაზრდა პაციენტებიც ხშირად მოგვმართავენ მომატებული წნევით.

  • რამდენად მნიშვნელოვანია კვების რაციონი ჰიპერტენზიის დროს?

არტერიული  ჰიპერტენზიის მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვებას.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გამო აქვს ადამიანს ჰიპერტენზია. მაგალითად, თუ ჰიპერტენზია არის მეორეული – სისხლძარღვოვანი წარმოშობის ან განვითარდა რაიმე ორგანული დაავადების ფონზე, იგივე გულის უკმარისობის, ათეროსკლეროზის, თირკმლის უკმარისობის გამო – მარტო კვება ვერ მოაწესრიგებს წნევას, მაგრამ მედიკამენტებთან კომბინირებულად სამკურნალო დიეტით კარგ შედეგს ვაღწევთ.

თუ ჰიპერტენზია მეტაბოლური დისფუნქციის ფონზეა განვითარებული, ანუ იგივე ჭარბი წონა, ნახშირწყლების ფუნქციის დარღვევა, მომატებული ქოლესტერინი, სისხლის მომატებული შედედების უნარი, ჯანსაღი კვებით, სითხის სათანადო რაოდენობის მიღებითა და მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლით შესაძლებელი ხდება წნევის დარეგულირება.

NCDC: გლობალურად, ყოველი 10 მოზრდილიდან სამს მაღალი წნევა აღენიშნება. ჰიპერტენზიით დაავადებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; ხოლო მათ შორის, ვინც იცის, რომ აქვს მაღალი წნევა, გარკვეული ნაწილი არ იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

  • როგორი კვებაა რეკომენდებული ჰიპერტენზიისას და რა პროდუქტებს უნდა მოერიდოს პაციენტი?

დიეტა ძირითადად უნდა იყოს დაბალანსებული, ეს ნიშნავს, რომ რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

არის პროდუქტები, რომლებიც ჰიპერტენზიის დროს აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, ეს არის სუფრის მარილი, ცხოველური ცხიმები და ნახშირწყლები (ძირიტადად ტკბილეული). 

მარილის დღიური ნორმა შეიძლება იყოს 3-5 გრამი (ჩაის კოვზზე ნაკლები), მაგრამ თუ არის თირკმლის პათოლოგია, გულის უკმარისობა ან სხვა რისკფაქტორები, მაშინ მარილი სრულად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.

რაციონი უნდა იყოს გამდიდრებული კალიუმის, მაგნიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტებით, ასეთია ზღვის პროდუქტები.

ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სითხის რაოდენობა მივიღოთ სტანდარტების დაცვით, კერძოდ,  პაციენტმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს მინიმუმ ლიტრ-ნახევარი სითხე, წვნიანი კერძების ჩათვლით. სითხის მიღება გადანაწილებული უნდა იყოს დღის განმავლობაში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებად.

თუ პაციენტს აქვს, მაგალითად, თირკმლის ან გულის უკმარისობა, სრულად უნდა ამოვიღოთ მწნილი და მსგავსი სახის დაკონსერვებული პროდუქტი.

ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ბოსტნეულიდან ძირითადად ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, გოგრა; კვირაში ერთხელ ან ორჯერ დასაშვებია კვერცხის მიღება, ბოსტნეული და მწვანილი აუცილებელია, რძის პროდუქტებიდან დასაშვებია უცხიმო რძე, მაწონი, ხაჭო კეფირი, უმარილო ყველი, მაგრამ შეზღუდულია არაჟანი, ნაღები და ნაყინი. ნებისმიერი ხილის მიღება დაშვებულია.

ასევე, ნებადართულია შვრიის, წიწიბურას, მაკარონის ფაფები, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს მიდრეკილება ჭარბი წონისკენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან