ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

11.12.2020 • 2970
ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში.

განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება.

პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ბინის გაცემის წესი განისაზღვრა. საკრებულოს 2019 წლის შესაბამის განკარგულებას ემეტება შემდეგი შინაარსის პუნქტი:

შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდეს შემდეგი წესით:

  • 1 და 2-სულიანი ოჯახისათვის – ერთოთახიანი ბინა
  • 3 და 4-სულიანი ოჯახისათვის – ოროთახიანი ბინა
  • 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის – სამოთახიანი ბინა
  • შერჩეულ ოჯახს ბინა გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმენთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისთვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს
  • ოჯახს შესაძლებელია გადაეცეს სხვა სულადობისთვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ბინა და ოჯახი სრულად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის განსაზღვრულ დადგენილ მოთხოვნებს/კრიტერიუმებს, გარდა ოჯახების სულადობისა“.

პროგრამას აქვს რამდენიმე კომპონენტი და რთული ფორმულები, რომლითაც სარეიტინგო ქულები გამოჰყავთ. არის, მაგალითად, ერთ-ერთი გამფილტრავი კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ათი თანამამრავლის ნამრავლს. ამ ათიდან კი, ერთ-ერთი თუ არის ნულის ტოლი, მაშინ გამფილტრავი კომპონენტი და შესაბამისად სარეიტინგო ქულაც ხდება ნული. შესაბამისად, ოჯახი კარგავს უფლებას გახდეს პროგრამის ბენეფიციარი [ანუ იყიდოს ბინა პროგრამის ფარგლებში].

პროგრამაში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც თითოეული ეს თანამამრავლი ხდება ნულის ტოლი.

მაგალითად, „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ოჯახი ვერ იყიდის ბინას:

[crosslist]

  • თუ ოჯახის წევრების ჯამური შემოსავალი თვეში ნაკლებია ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური გადასახადის ორმაგ ოდენობაზე;
  • თუ ოჯახს დაქირავებული აქვს ბინა, რომლის ყოველთვიური გადასახადიც მეტია ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური გადასახადის ორმაგ ოდენობაზე;

[/crosslist]

აღნიშნულ განკარგულებაშიც შედის ცვლილება და ორმაგი ოდენობა იზრდება სამმაგ ოდენობამდე.

გარკვეული ოჯახები, რომლებსაც ორმაგი ოდენობის შემთხვევაში შანსი ექნებოდათ შეესყიდათ ბინა, ამ შანსს დაკარგავენ. შევეცდებით უფრო მარტივად ავხსნათ.

მაგალითად, პროგრამის ფარგლებში ერთოთახიანი ბინის ყველაზე დაბალი ფასი-ყოველთვიური შენატანი არის 207 ლარი და 88 თეთრი.

ოჯახს, რომლის საერთო შემოსავალი თვეში არის მაგალითად 500 ლარი, ცვლილებამდე [„ორმაგი ოდენობის“ შემთხვევაში] შეეძლო პროგრამის ფარგლებში შეეტანა განაცხადი ბინის შეძენაზე, ვინაიდან მისი შემოსავალი არ არის ნაკლები ბინის ყოველთვიური შენატანის ორმაგ ოდენობაზე, ანუ 415,76 ლარზე.

თუმცა, როცა პროგრამაში ორმაგის ნაცვლად სამმაგი ოდენობა ჩაიწერება, ეს ოჯახი ბინის ყიდვის შანსს დაკარგავს, ვინაიდან ოჯახის შემოსავალი [500 ლარი] უკვე ნაკლები იქნება ბინის ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე, ანუ 623,64 ლარზე. შესაბამისად, ოჯახი ვეღარ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას.

„ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და შეგვაქვს შესწორება. სხვა დოკუმენტებში ეწერა სამმაგი ოდენობა. მოსახლეობაც ასე იყო ინფორმირებული“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კოპინაძემ.

ორმაგი ოდენობაა მითითებული საკრებულოს სხვა განკარგულებაშიც. „სწორედ მაგ განკარგულებებში შეგვაქვს ცვლილებები“, – გვითხრა დავით კოპინაძემ.

ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ერთი დოკუმენტი იძებნება, რომელშიც ორმაგი ოდენობა შეცვლილია სამმაგი ოდენობით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება საკრებულოს 2020 წლის 30 იანვარს დაუმტკიცებია.

წყარო: ბათუმის მერია

პროგრამის ფარგლებში, ბინის ფასს მომავალი მესაკუთრე 15 წლის განმავლობაში გადაიხდის. ღირებულების დაფარვის შემდეგ კი, ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

ბინის ფასები და ყოველთვიური შენატანის ოდენობის სანახავად გადადით ბმულზე:
რა ღირს ბინა „იაფ სახლში“

ზოგადად, პროგრამის კრიტერიუმების მიხედვით, იმ ოჯახის საერთო შემოსავალი – რომელსაც პროგრამის ფარგლებში სურს ბინის შეძენა – არ უნდა აღემატებოდეს:

  • 1-სულიანი ოჯახებისთვის – 1200 ლარს,
  • 2-სულიანისთვის – 1800 ლარს,
  • 3-სულიანისთვის – 2400 ლარს,
  • 4 და მეტსულიანისთვის – 3000 ლარს.

პროგრამის კრიტერიუმები სრულად ნახეთ ქვემოთ:

ამავე თემაზე:

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: