ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

11.03.2021
მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც.

ბინები მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში უნდა გადასცეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

პროგრამის მონაწილეთა განაცხადების მიღება მერიამ 2020 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. პირველ ეტაპზე „იაფ სახლებში“ ბინების მიღებაზე ბათუმის მერიაში 245 განაცხადია შესული.

[yellow_box]ამ თემაზე: ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“[/yellow_box]

მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება შეწყდა, მერიამ პროგრამის კრიტერიუმები რამდენჯერმე შეცვალა.

ბოლო ცვლილებით „იაფ სახლში“ ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-მდეა.

„ბენეფიაციართათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე“ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მარტს დასრულდება.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ორ ეტაპად უნდა შეისწავლოს:

პირველი ეტაპი – მერიის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან [მინიმუმ 110 ბენეფიციარი] ორი თვის განმავლობაში [ანუ, ესენი არიან ბენეფიციარები, რომლებიც უკვე შეტანილი განაცხადების საფუძველზე შეარჩია მერიის კომისიამ];
მეორე ეტაპი – დოკუმენტაციის მიწოდებიდან სამი თვის განმავლობაში, ხოლო მთლიანად 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში [არაუმეტეს 500 აპლიკანტი]:

  • მერიის მიერ მიწოდებული განცხადებების შესწავლა-გადარჩევა, რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს;
  • აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
  • აპლიკანტი ოჯახების მონაცემების შესწავლა, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენა, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირების იდენტიფიკაცია, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც უნდა ახლდეს აპლიკანტი ოჯახების გამოკითხვის პროცესის ამსახველი ფოტო-აუდიომასალა.
  • თითოეული აპლიკანტი ოჯახისათვის ანკეტის შევსება;
  • აპლიკანტი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება;
  • აპლიკანტი ოჯახების ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა.

ამასთან, ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ეს ღონისძიებები უნდა განახორციელოს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ბენეფიციართა შერჩევის დამტკიცებული ინსტრუმენტის საშუალებით. ტექნიკური პირობების ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს მერიასთან შეთანხმებით.

ბათუმის მერიამ აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. 40 ბინა მერიას 2020 წლის თებერვალში უკვე ჩაბარებული ჰქონდა, თუმცა ბინები ბენეფიციარებს ამ დრომდე ვერ გადასცა. მერიას მოგვიანებით კიდევ 40 ბინა ჩაბარდა [სულ 4 ხუთსართულიანი კორპუსი].

პროგრამის ფარგლებში აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები შეიჭრნენ. პოლიციამ ისინი იმავე დღეს გამოიყვანა.

ამის შემდეგ მერიამ, ვინაიდან „ყოველდღიურად არსებობდა საშიშროება აღნიშნულ ობიექტებში განმეორებით შეჭრისა და ქონების დაზიანებისა“, სახლების პირველ სართულზე, ფანჯრებზე, რკინის გისოსები დაამონტაჟა.

შენობაში მოქალაქეები განმეორებით ისევ შეიჭრნენ გუშინ, 10 მარტს. ისინი კვლავ პოლიციის ძალით გამოიყვანეს შენობიდან.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეჭრილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მერია მათ უსამართლოდ ექცევა და ისინი იმსახურებენ მოხვდნენ სიაში, რის მიხედვითაც ბინის საფასური მცირე თანხით მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

ამ თემაზე:

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: