პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1131 ადამიანი დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად, 1131 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია, ხოლო ამ წესის განმეორებით დარღვევისთვის – 40 ლარი.

შსს იუწყება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 387 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 153 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება 

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც „ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების  პირობებს“, – უკვე დამტკიცებულია.

ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ის 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2024 წლის 1-ლი იანვრისა.

ახალი რეგლამენტით, გარდა კაკაოს ცხიმისა, შოკოლადის პროდუქტებში შესაძლებელია დამატებულ იქნეს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „მცენარეული ცხიმები“ იმ პირობით, რომ დამატებული მცენარეული ცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს;

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრული ნებაყოფლობითი [არასავალდებულო] დასაშვები ინგრედიენტების საერთო წონის გამოკლების შემდეგ, „კაკაოს ცხიმის ან კაკაოს მშრალი ნივთიერებების შემცირების გარეშე, ამასთანავე, თითოეული მათგანი ან მათი ნარევი უნდა იყოს კაკაოს ცხიმის ეკვივალენტური და აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

[checklist]

  • მცენარეული ცხიმ(ებ)ი არ შეიცავს ლაურინის მჟავას და მდიდარია   POP (ოლეინის მჟავა, პალმინტინის მჟავა), POSt (პალმიტინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) და StOSt  (სტეარინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) ტიპის მონოუჯერი ტრიგლიცერიდებით;
  • მათი შერევა კაკაოს ცხიმთან ნებისმიერი პროპორციითაა შესაძლებელი და შეესაბამება კაკაოს ცხიმის  ფიზიკურ თვისებებს (ლღობის ტემპერატურა, კრისტალიზაციის ტემპერატურა, ლღობის მაჩვენებელი);
  • მიღებულია მხოლოდ რაფინირების და/ან ფრაქციებად დაშლის გზით, რაც გამორიცხავს ტრიგლიცერიდული სტრუქტურის ფერმენტულ მოდიფიკაციას“.

[/checklist]

რეგლამენტის მიხედვით, შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც, გარდა კაკაოს ცხიმისა, შეიცავენ სხვა მცენარეულ ცხიმებს, შესაძლებელია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იგივე არეალში მკვეთრად (მკაფიოდ), ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად, მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს სხვა მცენარეულ ცხიმებს (მცენარეული ცხიმის მითითებით)“. პროდუქტის დასახელება შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს ხედვის სხვა არეალში.

შოკოლადის პროდუქტებში დაუშვებელია იმ ცხოველური ცხიმებისა და მათგან წარმოებულების დამატება, რომელიც არ არის წარმოებული რძისაგან.

რეგლამენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ამავე თემაზე:

რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში

თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ვიმსჯელებთ გამკაცრებაზე – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სულ უფრო უარესდება.

დღეს, 6 აპრილს, საქართველოში კოვიდის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო თვეების განმავლობაში.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში.

არ გვინდა ეს იყოს, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ როგორმე თავი ავარიდოთ მესამე ტალღას.

მცირე ეპიდაფეთქებები, კლასტერები რაც გვაქვს, დაახლოებით ათამდე ქვეყანაში, ამის წყარო ისევ და ისევ გახლავთ დიდი თავშეყრები, ქორწილები და ქელეხები.

თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა კიდევ უფრო მეტად, მაშინ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა გამკაცრებებზე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედთან“.

5 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %.

აჭარაში კოვიდის 83 ახალი შემთხვევაა – ბოლო მონაცემები

6 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 227 პაციენტი მკურნალობს და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 291 პირი. 97 ადამიანი იმყოფება რეგიონის კოვიდსასტუმროში. 

საქართველოში კოვიდის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 6 აპრილი

Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით.

5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32 %.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით საქართველოში ჯამში 3 832 პირი დაიღუპა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარაში – 83, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 96, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი.

3 719  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 213 პირი, აჭარაში – 1 291, იმერეთში – 1 018.

„გუმბათი რეზიდენსი“ – საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში „გუმბათი ჯგუფისგან“

თანამედროვე სტილი მოითხოვს, რომ საცხოვრებელი სივრცე აერთიანებდეს ცხოვრების, დასვენების, გართობის ელემენტებს და ეს ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული. ცხადია, მნიშვნელოვანია შენი საცხოვრებელი ადგილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს დატკბე ბუნების უნიკალური ხედებით.

ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არ გიწევდეს ფიქრი ყოფით საკითხებზე, რომელიც მუდმივად თან სდევს მრავალფუნქციურ კომპლექსში ცხოვრებას.

ზუსტად ამ იდეით და მიზნით დაგეგმა „გუმბათი ჯგუფმა“ თავისი ახალი პროექტი – „გუმბათი რეზიდენსი“. ამ პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულად განსხვავდება ყველა სხვა პროექტისაგან ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურული სტილით და მომსახურების მაღალი დონით.

პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“ შენდება კვარიათში, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, მთის და ზღვის კონტრასტული ხედებით. პროექტის უნიკალურობა არის ის, რომ კოპლექსი მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელიც სჭირდება ადამიანს თანამედროვე ცხოვრებისთვის.

კოპლექსი აღჭურვილია ღია აუზით, ლაუნჯით, დახურული რესტორნით, ფიტნეს და სპა ცენტრებით, ღია კინოთეატრით, კაზინოთი და 2-სართულიანი მიწისქვეშა პარკინგით. რაც შეეხება კომპლექსის ფუნქციონირებას – ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აპარტამენტის მართვის 24/7-ზე.

ჩვენ კომპლექსის მცხოვრებლებს დამატებით სერვისის სახით ასევე ვთავაზობთ საერთო ტერიტორიების დაცვას, დასუფთავებას, რეცხვა/ქიმწმენდას, ავტმობილითა და სკუტერით მომსახურებას.

„გუმბათი ჯგუფი“ გაძლევთ შესაძლებლობას აიხდინოთ თქვენი ოცნება და იცხოვროთ ზღვის სანაპიროზე.

ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა!


საკონტაქტო ინფორმაცია: 557 500 500; 555 100 100
ელექტრონული ფოსტა: welcome@gumbatigroup.ge
გაყიდვების ოფისი: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N1

ვაქცინაციის შემდეგ – რას ჰყვებიან კოვიდზე აცრილები

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა  275 024. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 3 822 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ სტატისტიკის ფონზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, იმუნიზაციის ცენტრებში.

მიუხედავად იმისა, რომ აცრამდე იმუნიზაციის ცენტრში მისულ მოქალაქეს ანამნეზს სრულად ეკითხებიან, მაინც თითქმის შეუძლებელი ზუსტი გამოთვლა, თუ ვის რა ტიპის გვერდითი მოვლენა შეიძლება განუვითარდეს. თუმცა აცრის დროსვე ყველას აფრთხილებენ, რომ ტემპერატურის დროებით მატება და სახსრების ტკივილი აცრის შემდეგ მოსალოდნელია, მაგრამ გაივლის. ისეც ხდება, რომ ყველას ეს ნიშნებიც არ აქვს.

  • ნური სალაძე, პენსიონერი

72 წლის ვარ, 30 მარტს ავიცერი ფაიზერით ბათუმის რესპუბლიკურში. გვერდითი მოვლენები არ მქონია. გრიპის აცრას ყოველ წელს ვიკეთებ და ამ აცრისაც არ შემშინებია. ტესტირება 4-ჯერ გავიკეთე და პასუხი ოთხჯერვე უარყოფითი იყო. მაგრამ მაინც გული საგულეს რომ მქონოდა, აცრა დროულად გავიკეთე.

ოთხმა ძმამ ავიცერით ერთად და ახლა მეორე დოზას ველოდებით 20 აპრილს.

სიცხე, თავის ტკივილი და ასეთები არ ყოფილა აცრის მერე, სახსრები კი მტკივა, მაგრამ ასაკში ვარ და არცაა გასაკვირი.

სანამ ავიცრებოდი, რამდენიმე კითხვა დამისვეს, ჩემს ექიმთან მქონდა შეთანხმება, მითხრა პარკინსონის მედიკამენტი, რასაც სვამ, ეგ აცრაში ხელს არ შეგიშლისო. ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გაკეთებული ვაქცინა და მიკვირს. ხომ თქვა პაატა იმნაძემ, ვაქცინა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისიაო? აცრამ გადაარჩინა ხალხი „ისპანკისგან“, გრიპებისგან, ათასი რამისგან, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ქოლერის ეპიდემია მახსოვს. სტუდენტი ვიყავი, თბილისიდან ბათუმში მოვდიოდით და ვაგონებში ვიყავით შეყუჟული. გარეთ ვერ გამოვდიოდით. მაშინაც იყო შიშის გრძნობა, კუპედან გამოსვლაც კი არ შეიძლებოდა ბათუმში ჩასვლამდე.

60, 70-იანი წლები იყო ეს. ქოლერის საშინლად ეშინოდა ხალხს, მაგრამ გადაიარა.

 

  • გურამ მაჩიტაძე, კარდიოლოგი. 32 წლის

ერთ საღამოს, აცრის დღეს, მქონდა სიცხე მხოლოდ, პარაცეტამოლი დავლიე და დილით უკვე მშვენივრად ვიყავი. სხვა არანაირი გართულება არ მქონია. შიში ხალხში ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. რისკი ყველა ვაქცინას ახლავს თან, მაგრამ კოვიდი გაცილებით სარისკოა, ამ ვირუსს ბევრად მეტი რისკები აქვს, ვიდრე მის ვაქცინას. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 17 მარტს ავიცერი. სიცხე – თანმდევი გრიპოზული მოვლენებით და სახსრების ოდნავი ტკივილი – ერთ საღამოში ალაგდა ეს ყველაფერი.

ყველას ვურჩევდი ვაქცინაციას, სხვა გზა არ არსებობს პანდემიის დასასრულებლად.

 

  • ნუგზარ როყვა, პენსიონერი

ცოტა გვერდითი მოვლენები მაქვს, სიცხე მაქვს ყოველდღე 37 და 3, 5 ხაზი, სახსრების ტკივილიც მაქვს და მოდუნებული ვარ. წნევა წესრიგშია. 37 და 7 ხაზი იყო ყველაზე მაღალი ტემპერატურა. აცრის მეორე დღესვე დამეწყო სიცხე. უფრო დღის მეორე ნახევარში იწევს ტემპერატურა მაღლა. ამის შესახებ გამაფრთხილეს კიდეც. 3 დღე შეიძლება იყოს სიცხე, კიდურების, სახსრების ტკივილი და შემდეგ თავისთავად გავაო.

ჯერჯერობით არაფერი ისეთი გვერდითი მოვლენა არ მქონია, რის შესახებაც გაფრთხილებული არ ვიყავი. 67 წლის ვარ, ფაიზერით ავიცერი ბათუმში. მეორე დოზა 23 აპრილს მიწევს.

რომ გითხრათ არ მეშინოდა-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ანალიზები გავიკეთე და მომზადებული მივედი. თანმდევი დაავადებები არ მაქვს, სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთე, არაფერი ცუდი არ გამოჩენილა, ჰემოგლობინისა და პროთრომბინის ანალიზებიც მქონდა თან, ასე მივედი.

აცრამდე ბევრი კითხვა დამისვეს: წამლების შესახებ, ვსვამდი თუ არა რაიმეს, სისხლის გამათხელებლებს ხომ არ ვიღებდი, კუჭის წყლული ხომ არ მქონდა, გული ხომ არ მაწუხებდა ან დიაბეტი და ა.შ. ანალიზსაც ჩახედეს რაც მივიტანე.

ბევრმა მითხრა არ უნდა აგეცრა, გედროვებინა ჯერ სხვებისთვისო.

 

დეა ქაჯაია, მედცენტრის დირექტორი

მე ასტრაზენეკა გავიკეთე მარტის ბოლოს. ჩემი შვილიც აიცრა – 23 წლისაა. საერთოდ არ ჰქონია მას არანაირი გვერდითი მოვლენა. მე მქონდა სიცხე მეორე დღეს, ამისთვის მზად ვიყავი – რეაქცია სიცხის სახით 10, 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია, ვიცოდი ეს.

მედცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. ჩვენთან არც ერთი ალერგიული გართულება არ ყოფილა ჯერჯერობით. ვინც ავცერით, არავის მოუმართავს მწვავე გვერდითი მოვლენებით, ყოველ დილას ვკითხულობთ ემერჯენსში, ვინმეს ხომ არ მოუმართავს ჩივილებით აცრის შემდეგ და ასეთი ჯერ არავინ ყოფილა.

ყველა ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს ალერგიული ტიპის გართულება. ეს ცნობილია და შესაძლებელია ამ ვაქცინასაც ჰქონდეს უიშვიათეს შემთხვევაში გართულებები. ეს შიში ადამიანებში ალბათ განპირობებულია იმით, რომ დაავადებაც ახალია და ვაქცინებიც.

უნდა ავწონოთ სარგებელი: რას მოიტანს აცრა და რას მოიტანს აუცრელობა. ჩვენი, ყველას მოვალეობაა ვაქცინაციაში ჩართვა. ცხადია, ზოგი ვერ გაიკეთებს, ვისაც ანამნეზი აქვს აცრისთვის შეუთავსებელი, მაგრამ მასობრივად 70, 80 % მოსახლეობის უნდა აიცრას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ვირუსის დამარცხებას.

___

საქართველოში ამჯერად ორი ვაქცინით, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე მედპერსონალი და 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები იცრებიან. ვაქცინაციის მსურველებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ.

პოლიციელებმა ვერ თქვეს, რის გამო დააკავეს “სირცხვილიას” აქტივისტები

“ის იგინებოდა პოლიციელების მიმართ, მივედი და დავაკავე,” – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა ტარიელ მახაჭაძემ. მან 3 აპრილის ღამეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტი – გენრი დოლიძე დააკავა.

ბათუმში “სირცხვილიას” ოფისში შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე დღეს, 5 აპრილს, პოლიციელების ჩვენებები მოისმინა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციას მოჰყვა სამი აქტივისტის დაკავება. ბათუმელი აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში საპროტესტო აქციის შემდეგ შეიკრიბნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია. ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება. გენრი დოლიძის თქმით კი, მას სისხლნაჟღენთები აქვს და მრავლობითი ნაკაწრი.

“…მერე მივხვდი, რომ ეს ის გენრი იყო, მისი ნაწარმოებები მქონდა წაკითხული,” – განაგრძო პოლიციელმა 3 აპრილის ღამეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მომხდარი ამბების მოყოლა.

“დაგვირეკს მანამდე, 112-ზე იყო შეტყობინება, რომ იყო ჩართული ხმამაღლა მუსიკა და შეწუხებული იყვნენ მეზობლები…” – თქვა ტარიელ მახაჭაძემ.

“უკაცრავად, მაგრამ ეს ოფიციალური შეტყობინება იყო? საქმის მასალებში არაა ეს მტკიცებულება წარმოდგენილი,” – ჩაეკითხა პოლიციელს  ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე.

“არ ვიცი ზუსტად,” – უხერხულად შეიშმუშნა პოლიციელი და პაუზის შემდეგ დაამატა:

“თუ ხმაურობდნენ, ეს დანაშაულია,” – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი პოლიციელს.

“დანაშაული?” – გაიოცა ადვოკატმა და შემდეგ თავად სცადა უხერხული მდგომარეობიდან გამოსვლა.

“ასეც რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა დარღვევა და არა დანაშაული… მაგრამ რომც ეხმაურათ, ეს თქვენი ქვემდებარე საქმეა, ამისთვის ხომ მერიაში ცალკე სამსახურია?” – იკითხა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.

“ასე გამოდის, ვინც იხმაურებს, შეხვალთ იმის ოჯახში და დააკავებთ, თუ როგორაა,” – ისევ იკითხა ადვოკატმა. იცოდა, რომ პასუხს ვეღარ მიიღებდა და დარბაზს გააყოლა მზერა.

მოწმე პოლიციელმა ტარიელ მახაჭაძემ თქვა, რომ ეს დეტალები მისთვის უცნობია. მან უშუალოდ მოისმინა, როგორ იგინებოდა გენრი დოლიძე ქუჩაში კომენდანტის საათის დროს და “უფროსობის გადაწყვეტილებით” იგი დააკავა.

“რატომ არ ჩანს ეს ასე ვიდეოკადრებში? ლაივებიც იყო ჩართული,” – ისევ მიუბრუნდა პოლიციელს ადვოკატი, თუმცა ის ამჯერად მოსამართლემ შეაჩერა:

“ამას მოწმემ საიდან უნდა უპასუხოს?”- იკითხა მოსამართლემ.

“სამხრე კამერების ჩანაწერებს წარმოვადგენთ 2 დღეში, ვითხოვთ სხდომის გადადებას,” – მიმართა მოსამართლეს იმ პოლიციელმა, რომელიც სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა.

“გიგა იყო აღელვებული, დაუმორჩილებელი, აგრესიული… ვეუბნებოდით, დამშვიდდით, მაგრამ არ მშვიდდებოდა, არ დაგვემორჩილა, აგინებდა პოლიციელებს,” – ეს კიდევ ერთი პოლიციელია – გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც აქტივისტი გიგა ნაკაშიძე დააკავა.

ამ შემთხვევაში ადვოკატების კითხვები ეხებოდა ძაღლს, რომელიც დაკავების დროს გიგა ნაკაშიძეს ხელში ჰყავდა და ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სცემს პოლიცია ძაღლს. თუმცა პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ძაღლი საერთოდ არ უნახავთ.

პოლიციელებმა ასევე არ დააკონკრეტეს, კონკრეტულად ვისი მითითებით და რა საფუძვლით დააკავეს აქტივისტები. მოწმე პოლიციელების პასუხი ადვოკატების მიერ ამ მიმართულებით დასმულ კითხვაზე ერთი და იგივე იყო: “უფროსობა იქ იყო”.

“ანუ რა გამოდის, რის გამო დააკავეთ? პროტესტი მშვიდობიანი არ იყო?” – იკითხეს ადვოკატებმა.

“იგინებოდნენ და დავაკავეთ,” – მოკლედ თქვა პოლიციელმა გიორგი ნაკაშიძემ.

“ასე გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში და ტყუილ-უბრალოდ იგინებოდნენ?” – იკითხა ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ.

“ყველაზე ობიექტური შემფასებელი ვიდეოკადრებია, “- თქვა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მოწმეების ჩვენებების მოსმენის შემდეგ და საქმის განხილვა 12 აპრილამდე გადადო. ამ დროში შსს-მ სამხრე კამერების ჩანაწერები უნდა წარუდგინოს სასამართლოს.

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის სრული რეაბილიტაცია

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს. დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში. ეს „პერიოდი“ კი, თუ თარიღები კვლავ არ შეიცვალა, 2022 წელია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იგეგმება მხოლოდ გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ეს მონაკვეთი ანგისიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით, დაახლოებით მახვილაურის ქუჩის კვეთამდე გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე კი, დეპარტამენტმა ჯერ პროექტი უნდა მოამზადოს, ტენდერი გამოაცხადოს და მშენებელი კომპანია შეარჩიოს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთია და ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

დაგეგმილია თუ არა გამზირის რეაბილიტაცია [გზის სავალი ნაწილის შეკეთება, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა, ზებრა-გადასასვლელების მონიშვნა და სხვა] – ამ და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს წერილობით მიმართა.

დეპარტამენტიდან პასუხი დღეს, 5 აპრილს, მივიღეთ:

„უახლოეს პერიოდში იგეგმება საპროექტო დავალების გაცემა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის საწყისი 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების თაობაზე, რომლის დასრულების შემდგომ, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოების დამთავრება იგეგმება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდისთვის. საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იქნება საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, იგი დადგინდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შემდგომ“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

ხალვაშის გამზირზე, მახვილაურის დასახლებაში, ხიდიც უნდა აშენდეს, რომლითაც ბათუმის შემოვლითი გზა ამ გამზირზე გადაივლის.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ ერთ-ერთ კომპანიაში 8 თვის წინ გვითხრეს, რომ „როცა ხიდის მშენებლობა დაიწყება, გამოჩნდება საჭირო იქნება თუ არა ფრიდონ ხალვაშის გამზირის გადაკეტვა. შესაძლოა ხიდი ისე აშენდეს, რომ პარალელურად ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტმა იმოძრაოს“.

როდის დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობა და იგეგმება თუ არა მშენებლობის მონაკვეთში ხალვაშის გამზირზე მოძრაობის აკრძალვა? – დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხალვაშის გამზირის გადაკეტვა არ იგეგმება:

„ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ხიდის განაპირა ბურჯების ხიმინჯების მოწყობის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვა არ იგეგმება.“

ხალვაშის გამზირის მიმდებარე ქუჩები ბათუმის მერიის საკუთრებაშია, ამ ქუჩების უმეტესობაც სარემონტოა. ზოგიერთ ქუჩაზე კი პრობლემას სამრეწველო ზონა ქმნის, საიდანაც ინერტულ მასალებს და ბეტონს ეზიდებიან.

დღეს, 5 აპრილს, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით,  მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი, გარშემო ყველაფერი ატალახებულია. მათივე თქმით, საჭიროა სანიაღვრე არხების გაკეთება, რომ წვიმიან ამინდში ოპიზრების ქუჩაზე გუბეები არ დადგეს. ამის გაკეთებას მოქალაქეები სახელმწიფოს სთხოვენ.

ბათუმის მერიის 2021 წლის ბიუჯეტში ოპიზრების ქუჩაზე რაიმე სამუშაოებისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა შემოერთებული ტერიტორიების ზოგიერთ ქუჩაზე მერია ბეტონის საფარის ალაგ-ალაგ [როგორც მერიის სატენდერო განაცხადშია აღნიშნული – „პრობლემურ მონაკვეთებზე“] დაგებას გეგმავს.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

10 ათასზე მეტი მოქალაქე უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსებას ითხოვს

საქართველოს 10 000-ზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტს მიმართავს პეტიციით, შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.

„საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და მეტი, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდივიდუალურად. სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი და საინიციატივო ჯგუფის – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი თამარ ქაჩლიშვილია.

იგი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს და ფინანსური დაბრკოლებების გამო დროულად მკურნალობის დაწყებას უმეტესობა ვერ ახერხებს:

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არა სრულ დაფინანსებაზე, არამედ თანადაფინანსებაზე ვსაუბრობთ, რადგანაც ძალიან კარგად გვესმის, თუ რა სხვა გამოწვევები აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის გარდა და ის ადამიანები, რომლებიც უშვილობის პრობლემის წინაშე დგანან, მაინც ახერხებენ თანხის რაღაც ნაწილის შეგროვებას.

როგორც კი სახელმწიფო თუნდაც პატარა კომპონენტში გადმოდგამს ამ ნაბიჯს, ეს ავტომატურად სხვა ცვლილებებსაც გამოიწვევს – მედიკამენტების ფასების დარეგულირება ან კერძო სადაზღვევო სექტორი, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი გადამხდელი იყოს და ა.შ.

ვფიქრობ, სახელმწიფო ყველაზე ძლიერი ბერკეტი იქნება, რომ პირველი ნაბიჯი გადადგას და ბიძგი მისცეს უკვე სხვა ცვლილებებსაც“.

კითხვაზე, რამდენი შეიძლება იყოს სახელმწიფოს თანადაფინანსება ასეთი პროგრამის ფარგლებში, თუ კი, როგორც პეტიციაშია აღნიშნულია, უნაყოფობის მკურნალობა 8-15 ათასი ლარი ღირს, თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა ინ ვიტრო განაყოფიერების ღირებულებაა, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია უნაყოფობის მკურნალობის და არა ერთადერთი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს ქართულენოვანი პროტოკოლები, რომლებიც ყველა დაავადების მიხედვით ერთგვარ სტანდარტებს შეიმუშავებს [დიაგნოსტირება, მკურნალობის მეთოდები], სწორედ ამ ყველაფრის მერე გამოჩნდება, რომელი კომპონენტის თანადაფინანსებას შეძლებს სახელმწიფო“ – ამბობს პეტიციის ავტორი.

იგი მიიჩნევს, რომ პროგრამის შექმნის შემთხვევაში საჭირო იქნება გარკვეული კრიტერიუმების დაწესება პროგრამით მოსარგებლე პირების შესარჩევად:

„ვფიქრობ, ასაკობრივი შეზღუდვა იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. უნაყოფობის პერიოდს მიექცევა ასევე ყურადღება [3-4 წელი]. მსგავსი პროგრამის შემუშავებაზე როგორც კი გადავალთ, აუცილებლად უნდა ჩაერთონ პროფესიული ორგანიზაციები“.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნაყოფობას სახელმწიფო თანადაფინანსებით მკურნალობენ, უცხოეთში უკვე არსებობს. მას მაგალითად ისრაელი მოჰყავს.

„პირველ რიგში, ეს ქვეყანაა ისრაელი, სადაც კრიტერიუმები ძალიან ცოტაა და პროგრამა უნაყოფო წყვილს მანამდე აფინანსებს, სანამ შვილი არ გაუჩნდებათ. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს [სადაც მსგავსი პროგრამა მოქმედებს]: ესაა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ქალის ასაკს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. რაც უფრო ადრე დაიწყებს პაციენტი მკურნალობას, მით უფრო დიდია კარგი შედეგის შანსი“.

ამ დროისათვის პეტიციას manifest.ge-ზე ხელს 10 187 მოქალაქე აწერს.

______________

ფოტოზე: თამარ ქაჩლიშვილი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, საინიციატივო ჯგუფის – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი

 

„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს“ – ბრძოლა მტვერში ცხოვრების წინააღმდეგ

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრებლები აქციას მართავენ. სწორედ ამ ქუჩის გავლით სამშენებლო კომპანიები ეზიდებიან ბეტონს, რის გამოც სამრეწველო ზონის გვერდით მცხოვრებთ მზიან ამინდში მტვრის ბუღში უწევთ ცხოვრება, წვიმიან ამინდში კი გარშემო ყველაფერი ატალახებულია.

„ყველა აქედან ეზიდება ბეტონს და ფულს აკეთებს. 15 ქარხანაა აქ, რომლებიც ძალიან კარგ შემოსავალს იღებენ. მათ შორისაა „ორბი“ და „ანაგი“ – ბეტონს ეზიდებიან. თავად მდიდრდებიან ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. უკვე წლებია ვითხოვთ, რომ მზიან ამინდში ქუჩა მაინც მორწყონ, მტვრის ბუღში რომ არ ამოვიხრჩოთ. ჯერჯერობით ჩვენი ხმა ვერ გავაგონეთ – ზოგი ერთმანეთთან ჩხუბით არის დაკავებული, ზოგიც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან“, – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარინა ბერიძემ.

აქციაზე იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძეც. მისი თქმით, „აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ კომპანიებს დაავალდებულოს მზიან ამინდში ქუჩის მორწყვა. ასევე საჭიროა ორი არხის გაკეთება, რომ წვიმიან ამინდში გუბეები არ დადგეს და აქაურობა არ ატალახდეს. ამის გაკეთებას მოქალაქეები სახელმწიფოს სთხოვენ. ბეტონს ყველა აქედან ეზიდება“.

ბათუმი. 5 აპრილი, 2021 წელი. ოპიზრების ქუჩა წვიმიან ამინდში

___

ფოტო: თამაზ ბაკურიძე

მოგვიწევს წელსაც მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომა – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას წელსაც მოკრძალებულად მოუწევს აღდგომის აღნიშვნა ეპიდვითარებიდან გამომდინარე.

„ჩვენ წელსაც მოგვიწევს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული, თუმცა ვიმედოვნებ, ჩაკეტვის გზას ამ ეტაპზე არ მივმართავთ და ვიმედოვნებ, შევძლებთ ვმართოთ ინფექცია ისე, რომ არ დაგვჭირდეს გლობალური ჩაკეტვები,“ – განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაკეტვა არ არის მთავრობის მიზანი:

„ჩვენ ინტენსიურად მივმართავთ რეგიონებში ლოკალურ დონეზე ინფექციის მართვას და გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება შედეგიანი, რაც თავიდან აგვაცილებს გლობალურ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს არ არის სახელმწიფოს მიზანი,“ – განაცხადა მან.

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. ბოლო კვირებში კი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა შეინიშნება, რაც აჩენს კითხვებს, რომ ხომ არ იგეგმება აღდგომის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება.

„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

ნანული სურმანიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ქედის სოფელ აგარიდან. მას ბრონქული ასთმის დიაგნოზი აქვს. ნანული გვიყვება, რომ სუნთქვისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამი წელია, რაც ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამით ფინანსდება, მაგრამ აქედან ბოლო წელია მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მოახერხა სამი თვის მარაგის აღება, რადგან თითქმის ერთი წელია აფთიაქებში ამ მედიკამენტის  დეფიციტია.

„მე ამ მედიკამენტს 12 წელია ვიღებ, მაგრამ ორი წელი, რაც სოციალურად დაუცველებისთვის საქართველოს ჯანდაცვამ გააკეთა პროგრამა, ამ მედიკამენტს ვიღებდი უფასოდ.

სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, რაღაც შეფერხებები იყო, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ხან ამ მედიკამენტს გვაძლევდნენ, ხან შემცვლელს.

როგორც კი პანდემია დაიწყო, მხოლოდ ერთხელ ავიღე სამი ცალი. თვეში ერთი ცალი მჭირდება დილას და საღამოს, რომ ჩავისუნთქო, სულ 60 ჩასუნთქვაა ერთი მედიკამენტი,” – გვეუბნება ნანული სურმანიძე.

ბრონქული ასთმის მედიკამენტი/ინჰალატორი – „სერეტიდი დისკუსი“, რომელიც ნანულის ყოველდღიურად სჭირდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 2018 წლიდან ფინანსდება, თუმცა ნანული სურმანიძემ თითქმის მთელი 2020 წლის მარაგი საკუთარი სახსრებით შეიძინა. მედიკამენტი საქართველოს აფთიაქებში საკმაოდ ძვირი, 50-83 ლარი ღირს.

„ჩემს ფილტვებში ჩადის 25% ჰაერი, წამალს რომ ჩავისუნთქავ, ფილტვებში ჩადის 50%-მდე ჰაერი. ეს რომ არ იყო, ძალიან ვწვალობდით. იყო ამის შემცვლელი მედიკამენტი და დღეში 5-10-ჯერ ვსუნთქავდით. ამ მედიკამენტის გარეშე მე გავძლებ ერთი დღე, მეტი ვერა… ქვა უნდა გავხეთქო და ვიშოვო“.

ნანული სურმანიძე ამბობს, რომ მხოლოდ მის სოფელში ამავე მედიკამენტით მოსარგებლე კიდევ ორი-სამი ადამიანია. ნანულის მსგავსად, აუცილებელ მედიკამენტს ისინიც მთელი რეგიონის მასშტაბით ეძებენ:

„მთელი წლის განმავლობაში ვინც მიდის ქედაში, ერთმანეთს ვაბარებთ, მოიკითხეთ წამალი თუ არის პროგრამით.

ბათუმშიც გვიყიდია, ბოლოს ერთ-ერთ არაქსელურ აფთიაქში მიმასწავლეს, წინასწარ დავრეკე ყველგან, პანიკაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, სხვაგან არ იყო არსად. თურქეთი რომ იყოს გახსნილი, არ იქნებოდა პრობლემა, იქ იყიდება, თანაც გაცილებით უფრო იაფად, 35 ლარად, ვაბარებ ნაცნობებს ქემალფაშაში, მაგრამ ბოლოს ვერ მოვახერხეთ“.

ნანული სურმანიძეს ორი შვილი ჰყავს, ქმარს გაშორებულია, მისი ძირითადი შემოსავალი 250-ლარიანი შემწეობაა, საიდანაც დაახლოებით 130 ლარს მედიკამენტებში ხარჯავს.

„ჩემი სოფლიდან რომ ქედაში აფთიაქში ჩავიდე ტაქსით, 10 ლარი უნდა გადავიხადო, ამიტომ ჩემი სახლიდან ჩავდივარ 4 კილომეტრს სოფელ პირველი მაისის გზაზე, შემდეგ „მარშუტკით“ უნდა ავიდე ქედაში და შემდეგ უკან ისევ ფეხით წამოვიდე“. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მედიკამენტის დეფიციტია წარმოების შეფერხების გამო.

„პანდემიის გამო მწარმოებელი ვერ აწარმოებდა საჭირო რაოდენობას და შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის ქვეყანაში. რაც შემოდიოდა, მომენტალურად იწურებოდა მარაგი. არა მარტო პროგრამულად (სახელმწიფო დაფინანსებით), არამედ თანხაც რომ გადაიხადოთ, ვერ იშოვით. მისი შემცვლელიც, „სალბუტამოლიც“ დეფიციტშია.

როგორც გავიგეთ, ძალიან მალე უნდა შემოვიდეს ეს მედიკამენტი და მისი შემცვლელი „სალბუტამოლიც“, შეკვეთილია და დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან”.

[red_box]სახელმწიფომ პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მომარაგებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა[/red_box]

2020 წლიდან ქრონიკული  დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის მედიკამენტების შეძენა სახელმწიფო შესყიდვებით აღარ ორციელდება. ეს პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვაში გადავიდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ბენეფიციარებისთვის აფთიაქებს შემოაქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს დაზღვევის მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები არ/ვერ შეასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, დროულად შემოიტანონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების სათანადო მარაგი ქვეყანაში.

2020 წლიდან პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ პანდემიითა და მწარმოებლის ბრალეულობით ხსნიან.

„სამწუხაროდ, კონტროლზეც არ არის დამოკიდებული, თუნდაც [სახელმწიფო] შესყიდვით იყოს, მედიკამენტს თუ ვერ აწარმოებს მწარმოებელი პანდემიის გამო… მათი ოფიციალური წერილიც იყო, რომ შეზღუდული რაოდენობით ხდება წარმოება,” – ამბობს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამთა ბაძგარაძე.

„ჩვენი თხოვნა [აფთიაქების მიმართ] იყო, რომ დიდი რაოდენობით მომხდარიყო შესყიდვა, რომ ასეთი პრობლემები აღარ ყოფილიყო. იმედია, აღარ გვექნება ამ მედიკამენტებზე პრობლემა,“ – ამბობს თამთა ბაძგარაძე.

ამავე თემაზე: 

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

Social Impact Award 2021 იწყება

თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ქალთა ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაში.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

 Social Impact Award 2021 იწყება

Social Impact Award 2021 იწყება

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

Social Impact Award-ის მეშვეობით თიბისი ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერას ახალგაზრდებში და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში.  თიბისი პროექტში პროგრამა სტარტაპერით მონაწილეობს, რომელიც 2016 წლიდან მხარს უჭერს ახალი და მრავალფეროვანი ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და განვითარებას საქართველოში.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამა ხორციელდება თიბისის,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

ბათუმის №16 სკოლას დაანგრევენ, აშენდება ახალი სკოლა

ბათუმის №16 საჯარო სკოლის შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომლებიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება სკოლის შენობის დემონტაჟი.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი.  სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სკოლის ახალი შენობის პროექტზე მალე დაიწყება მუშაობა.

დღეიდან, 5 აპრილიდან, №16 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ შენობაში გააგრძელებენ სწავლას მე-16 სკოლის მოსწავლეები.

„ამ ეტაპზე არც ერთი კონრეტული ფართი არ არის შერჩეული, მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის შერჩევის პროცესი, მანამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით კი, სწორედ #16 სკოლის ადგილზე აშენდება, „1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა“.

ბათუმის ავტოსადგურის გვერდით, მაიაკოვსკის ქუჩაზე, იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც მე-16 საშუალო სკოლის შენობა დგას, 6 259 კვ/მ-ია და მისი მესაკუთრე სახელმწიფოა.

აჭარის განათლების სამინისტროს 2021 წლის ქვეპროგრამის – „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში, სამინისტრომ წელს ბათუმში 5 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი უნდა შეისყიდოს, მათ შორისაა მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტიც.

______________________

ფოტოზე: ბზარები ბათუმის №16 სკოლის შენობაში.

რამდენი სკოლა და ბაღი დაიკეტა ბათუმსა და ქობულეთში – კორონავირუსის 1 კვირა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში გასულ კვირას კორონავირუსის გავრცელების გამო დაიკეტა სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა. ამ სკოლის მოსწავლეები სწავლას ონლაინში აგრძელებენ. ქობულეთის ორ სხვადასხვა სკოლაში ორი კლასი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამ დროისთვის ქობულეთში დაკეტილია ორი საბავშვო ბაღი, ხოლო სხვადასხვა ბაღში მუშაობა შეაჩერა სამმა ჯგუფმა.

გასულ კვირას ბათუმში არც ერთი სკოლა არ დახურულა კორონავირუსის გავრცელების გამო. თუმცა სხვადასხვა სკოლაში 6 კლასი ონლაინში აგრძელებს სწავლას.

ბათუმის საბავშვო ბაღებიდან მუშაობა მხოლოდ ერთი ბაღის ერთმა ჯგუფმა შეწყვიტა.

კირთაძე იმ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც გუშინ, 4 აპრილს, ოპოზიციის და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ კონტრაქცია გამართეს. გიორგი კირთაძემ ამ აქციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა ბრიფინგზე იმის დასტურად, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები იყვნენ.

„ესენი არიან: ანზორ დავითაძე – ბონი-გოროდოკის გამგებელი, კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი, გურამ დუაძე – ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი, ზურაბ წულაძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი, გოჩა ბარამიძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი, ვარშანიძე და კობახიძე – უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, გიორგი გიორგაძემ იმდენი ირბინა ცოცხით, ბოლოს სამსახურიც კი შეუქმნეს ბათუმის ავტოტრანსპორტში… ესენი იღებენ ხელფასს არა იმაში, რომ რამე ღირებული შექმნან, არამედ მხოლოდ იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ და ზოგადად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ ძალა, დაარბიონ მათი ოფისები და ასე შემდეგ,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ამ კონტრაქციამდე ბათუმში „სირცვილიამ“ აქცია გამართა – აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქციის შემდეგ სამი ადამიანი დააკავეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდება გიორგი კირთაძის მიერ დასახელებულ საჯარო მოხელეებს იმის დასადგენად, ნამდვილად მონაწილეობდნენ თუ არა ისინი კონტრაქციაში და რამდენად მისაღებია, როცა ხელისუფლების მხარდამჭერ აქციას საჯარო მოხელეები მართავენ.

კანონი საჯარო მოხელეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ უკრძალავს.

მარტივი სამომხმარებლო სესხი კურიერებისთვის — ტერაბანკის ახალი პროდუქტი

ტერაბანკს ბაზარზე კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ახალი პროდუქტი გამოაქვს და მარტივ სამომხმარებლო სესხს ამჯერად კურიერებს სთავაზობს.

შეთავაზების მიხედვით, კურიერებს საშუალება აქვთ, ტერაბანკში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მიიღონ. თანაც, პროდუქტი არა მარტო ფილიალში, არამედ დისტანციურადაც — ტერაბანკის ვებგვერდის (www.terabank.ge), ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის დახმარებით მოითხოვონ.

„კურიერების საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, განსაკუთრებით  პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, ჩვენი მარტივი სესხი მათთვის კომფორტული და პოპულარული შეთავაზება აღმოჩნდება“,- აღნიშნავენ ტერაბანკში.

ახალი პროდუქტი იმ კურიერებს დააინტერესებთ, ვისაც სესხების, განვადების, საკრედიტო ბარათებისა თუ მცირე კრედიტების გაერთიანება, ან დამატებითი თანხის მიღება სურთ. იგი განკუთვნილია როგორც ტერაბანკის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე სხვა ბანკიდან პორტირების მსურველებისთვის.

შეგახსენებთ, ტერაბანკი კონკრეტულ სეგმენტზე განკუთვნილ სესხებს არა მარტო კურიერებს, არამედ რეპეტიტორებს, სტომატოლოგებსა და სტილისტებსაც სთავაზობს. ამ შემთხვევაშიც სესხები მარტივი პირობებით გაიცემა და სხვა ბანკიდან პორტირებასაც ითვალისწინებს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“.

ამის შესახებ „ბათუმელებს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრიდან აცნობეს.

„სირცხვილიას“ ოფისში პოლიციელები შაბათს ღამით მას შემდეგ შევიდნენ, როცა აქტივისტებმა საპროტესტო აქციით კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქტივისტების თქმით, პოლიციელებს არ განუმარტავთ, რის საფუძველზე შევიდნენ „სირცხვილიას“ ოფისში ან რის გამო დააკავეს და სცემეს ადამიანებს.

როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში გამოძიება იწყება. გამოძიება დაიწყო, მაგალითად, ბათუმში კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე. ეს 2020 წლის 4 აპრილის ამბავია. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია.

რაც შეეხება „სირცხვილიას“ აქტივისტებს, მათ ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. გადაწყვეტილებას დღეს, 5 აპრილს, მიიღებს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

“სილქფესტს“ ულიმიტო ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციებზე აქცია აქვს

6 აპრილს სილქნეტი, მობილური ქსელის აბონენტებს,  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს შეთავაზებს

კომბინაციით *202# მომხმარებელი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარად – პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.

[/checklist]

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

*
პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია.

**
სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

„პოლიციელების თვალწინ მცემეს“ – აქტივისტი, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

„სასტიკად მცემეს, ყველაფერი მტკივა, პოლიციელები უყურებდნენ ამას და არაფერი გააკეთეს,“ – ამბობს „ალტერნატივას“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი. ირაკლი ფანგანის თქმით, მას გუშინ ღამით ქაშუეთის ეკლესიის წინ სცემეს, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

„მომიკითხა უცნობმა კაცმა და გამიყვანა ცოტა მოშორებით, მიხსენა ბათუმის ინციდენტი და რაღაც, არ მაცალა პასუხის გაცემა, პირდაპირ დამიწყო ცემა, ჩავლეიშვილი არ უხსენებია… მირტყამდა და მაგინებდა, მერე დამინახეს კარვიდან და მომეშველნენ. იმ კაცს მეორე კაციც ახლდა და ის დაეხმარა გაპარვაში… კლინიკაში გადამიყვანეს, ტვინის შერყევა დამიდგინეს და დაჟეჟილობა, მერე გამოკითხვაზე ვიყავი და ახლა ისევ კარავში ვარ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ფანგანმა.

ირაკლი ფანგანმა 23 იანვარს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატია ოპოზიციიდან, ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ფიზიკური ძალადობის მუხლით. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. „ირაკლი ჩავლეიშვილის საქმეზე“ ირაკლი ფანგანი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -5 აპრილი

5 აპრილის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 239 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 77 , ხოლო ონლაინკლინიკაში – 226. აქედან 45 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში სულ გამოჯანმრთელდა 36 185 პაციენტი.

რაც შეეხება კორონავირუსზე ვაქცინაციას – აჭარაში ამ დროისთვის არის სულ 1448 ჯავშანი, აქედან: ფაიზერი – 1140, ასტრაზენეკა – 308.

სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილის დილის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე სულ 1077 ადამიანია აცრილი [ფაიზერით – 503 და ასტრაზენეკათი – 573].

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 228 დადასტურებული ახალი შემთხვევა:

კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 228 ახალი შემთხვევა

კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 228 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა ვირუსის 228 დადასტურებული ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 9211 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5090, PCR ტესტით – 4121.

stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, 5 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ არის 284 061, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 275024 , ბოლო 24 საათში – 425. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 3 822 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარაში – 16, იმერეთში – 19, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 17, გურიაში – 20, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

კარანტინშია – 219, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1876, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 218 პირი.

5 აპრილის დილის მდგომარეობით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 879, აჭარაში – 293, იმერეთში – 303.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში – 165, აჭარაში – 45, იმერეთში -77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 3, იმერეთში – 6.

ბათუმში კონტრაქციის მონაწილეები ისევ ცოცხებით გამოჩნდნენ

დღეს, 4 აპრილს, საღამოს, ბათუმში ცოცხებით გამართეს აქცია „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.

ეს იყო ერთგვარი კონტრაქცია, პასუხი ბათუმში გუშინ გამართულ აქციაზე, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.

კითხვაზე, ვისი ორგანიზებულია აქცია, დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა გვიპასუხეს, რომ „ხალხის“ და „აქციის თითოეული მონაწილის“, თუმცა ამ აქციას დღეს წინ უძღოდა შეკრება „ქართული ოცნების“ ოფისში, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე.

აქცია ბათუმში

„აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ რაც მათ გუშინ იკადრეს, ეს არის ამორალური საქციელი. ვერავინ იტყვის თუნდაც ერთ ფაქტს, რომ ქართული ოცნების წევრი კი არა, თუნდაც ამომრჩეველი მივიდა და მათ ოფისს შეეხენ, გაუკრეს სტიკერები. მათ ამ საქციელით პატივი არ სცეს არა მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, არამედ ქალაქს. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ღირსებაზე შეხებას არ პატიობენ.

გუშინ ჩაიარეს გინებით, აგინებდნენ გრიგოლ ვოლსკის ოჯახს, გრიგოლ ვოლსკის, რომელმაც ქართული იდეოლოგიისთვის იომა ბოლო სისხლის წვეთამდე“, – გვითხრა გიორგი გიორგაძემ, რომელმაც დასძინა, რომ პირადად თვითონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

გიორგი გიორგაძე ხშირად ჩნდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციებზე. იგი „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია.

აქციის მონაწილეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცი იყო, ჯერ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მივიდნენ შეძახილებით და სტიკერები გააკრეს, შემდეგ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ გაემართნენ.

აქცია ბათუმში

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გიორგი კირთაძეს, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მან გვითხრა, რომ დღეს ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია.

„დღეს ოფისში არავინაა, ცოტა ხნის წინ დაგვირეკეს და გვითხრეს, პოლიციაა მისულიო, მივიდა ჩვენი მეგობარი და არავინ დაგვხვდა იქ. როგორც ჩანს, პოლიცია წინასწარ გაუშვეს, მერე ალბათ სხვაგან შეჩერდნენ და პოლიცია დროებით სხვაგან გავიდა. ალბათ ისევ მიიყვანენ პოლიციას“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

კონტრაქციის ენმ-ის ოფისთან დაწყებისთანავე ადგილზე ნამდვილად გამოჩნდა პოლიცია.

კონტრაქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ წუთებშიც [19:40 სთ] გრძელდება.

წუხელ, გვიან ღამით, პოლიცია „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში შეიჭრა და 3 პირი დააკავა. ოფისში მყოფები აცხადებდნენ, რომ პოლიცია ზოგიერთ მათგანს სასტიკად გაუსწორდა.

ის, რაც ხერხემლის გამრუდების შესახებ უნდა იცოდეთ – ექიმის რჩევა

ხერხემლის დაზიანების დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან მას არაერთი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ასევე საყურადღებოა სასკოლო ასაკის ბავშვებში სქოლიოზის გამოვლენა და მისი მართვა.

ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ექიმი ​მიხეილ მიქელაძე სქოლიოზის დროულად გამოვლენის მნიშვნელობაზე  საუბრობს.

რა არის სქოლიოზი?

სქოლიოზი არის ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაცია, მალების როტაციით (შემობრუნებით), რომლის დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის ასაკთან და ზრდასთან დაკავშირებული დეფორმაციის პროგრესირება (გაუარესება).

სქოლიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმას შორის. ხშირად სქოლიოზი ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მისი გამოვლენა გვიან ხდება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის და/ან პროგრესირების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარების რეგულარული მონიტორინგი.

რეკომენდებულია ორთოპედის კონსულტაცია წინასასკოლო პერიოდში, რათა საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწილებულ იქნას ექიმის რეკომენდაციები (სასკოლო ინვენტართან ადაპტირება, ჯდომის მანერა, ჩანთის ტარება და ა.შ), რომლებიც ხელს შეუშლის დაავადების პროგრესირებას (გაუარესებას).

როგორ მკურნალობენ სქოლიოზს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე?

სქოლიოზის მკურნალობის მეთოდები იყოფა კონსერვატიულად და ოპერაციულად. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას სქოლიოზის ტიპი, დეფორმაციის ხარისხი, თანმხლები პათოლოგიები და ა.შ.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

განვითარების საწყისი ეტაპი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, დეფორმაციის ხარისხი მცირეა, მხოლოდ კვალიფიცირებულ სპეციალისტს შეუძლია შეამჩნიოს პათოლოგია, ხოლო დაავადების დროული დიაგნოსტირება და სწორად შერჩეული კონსერვატიული მკურნალობა წარმატების საწინდარია.

ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის

სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შედეგად მძიმე გართულებები გამოუვლინდა ზაალ მიქელაძეს, აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრს.

„ბათუმელები“ დღეს ესაუბრა ზაალ მიქელაძეს. მან გვითხრა, რომ გაუგებარია, რას უკავშირდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.

„ჩემი ოჯახის წევრებმა ბოლო 24 საათში ალბათ 200 ზარს უპასუხეს, მე ალბათ 500 ზარზე მომიწია პასუხი ამ ორ დღეში და SMS-ები და მიმოწერები რომ გაჩვენოთ, არ ვიცი…

ზოგი ამბობს, რომ სტამბულში ვარ აპარატზე მიერთებული, ზოგი – გერმანიაში და ა.შ.

ვაქცინა გავიკეთე ასი ცნობადი სახის აცრის კამპანიის ფარგლებში. აცრის შემდეგ დღეებში უმრავლესობის სხდომაზეც ვიყავი, პარლამენტშიც – კომიტეტის სხდომაზე, დავბრუნდი გუშინ წინ ქობულეთში და დამხვდა ასეთი ამბავი.

არ ვიცი, ვინ არის ამის ინიციატორი. მესმის, რომ ყველა არ უყურებს პარლამენტის სხდომებს და რადგან ვერ დამინახეს, ქობულეთში არ ვიყავი, ალბათ ამას მოაყოლეს ეს თემა.

დღეს ვფიქრობდი, როგორ მოვიქცე-მეთქი. ვფიქრობდი, რომ ქალაქში ლაივი ხომ არ ჩამერთო“, – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 26 მარტს აიცრა ბათუმში. მისივე თქმით, აცრის შემდეგ ჰქონდა მსუბუქი, აცრისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

„სტანდარტული გვერდითი მოვლენები მქონდა, რაც ზოგადად ახლავს ვაქცინაციას, ოდნავ შემცივნება და მცირედ გამოხატული ოფლიანობა. მხოლოდ ეს იყო, 48 საათის შემდეგ არაფერი არ მქონია. ამას რეაქციაც არ ჰქვია, ეს არის ორგანიზმის სტანდარტული პასუხი აცრაზე. ვიღაცას აქვს ტემპერატურა და ესეც ნორმალურია, თუ არა აქვს – ესეც. ეს ყველაფერი არის თანმდევი აცრისთვის.

ახლა ველოდები ორი თვის გასვლას, რომ მეორე დოზაც გავიკეთო“.

ზაალ მიქელაძეს, როგორც ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და პროფესიით პედიატრს, ვკითხეთ რეგიონში ექიმების ვაქცინაციის პროცესში პასიურობის შესახებაც. მან გვითხრა, რომ მასაც აქვს კითხვები კოლეგებთან:

„ექიმების ამ ჯგუფმა იმუშავა კოვიდის მართვაზე და მიჩნდება კითხვა – მათ თვალწინ დამძიმდნენ ადამიანები და დაიღუპნენ და არა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ჯანმრთელი ადამიანი დავკარგეთ კოვიდის გამო.

კოლეგები, რამდენიმე ექიმი დავკარგეთ… როცა ასეთი მაგალითები თვალწინ გვქონდა, მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთ დროს სამედიცინო საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვა აიცრას თუ არა. 

„ასტრაზენეკა“ ევროპული ვაქცინაა, თუ ვინმეს ამის შეხსენება უნდა. დიდ ბრიტანეთს თუ ვინმე რამეს ერჩის, არ ვიცი… თან იმ ქვეყნის და ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვაქცინით აიცრა.

რაც შეეხება ახალციხელი ექთნის გარდაცვალებას, ჯერ კიდევ არ ვიცით, იყო თუ არა ეს ანაფილაქსია, თვითონ მწარმოებელიცაა ამ პროცესში ჩართული და უფრო ღრმა გამოკვლევებს ჩაატარებენ, რომ პასუხი იყოს აბსოლუტურად ზუსტი.

იმუნიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და რატომ გაუჩნდათ კითხვები ჩემს კოლეგებს, უბრალოდ არ ვიცი“.

ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის საშიშროება რეალურია და ამის მთავარი განმაპირობებელი არის ადამიანების ქცევა:

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბათუმში და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, თბილისთან შედარებით ბათუმში გაცილებით დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე ბათუმში პირბადის გარეშე და თუ ეს მაჩვენებელი დაიწევს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გავაჩერებთ სიტუაციას. ეს არ არის დაავადების მართვა, ესაა ეპიდემიის მართვა და თუ იმუნიზაციით ვერ ვეწევით, ხელში გვრჩება სოციალური დისტანცია და პირბადე“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ბათუმისთვის ბულვარის დაბრუნებაზე კონსულტაციები დაწყებულია

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულია კონსულტაციები ბულვარის მერიისთვის გადაცემაზე. მერია ბოლო 7 წელია უარს ამბობდა ბულვარის დაბრუნებაზე. ამჯერად კი, როცა ბულვარში უკანონო მშენებლობას თუ პლაჟის გასხვისებას მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს დაავალა, რომ ბულვარი მუნიციპალიტეტს დაუბრუნონ. თორნიკე რიჟვაძემ იგივე თხოვა მუნიციპალიტეტსაც.

„კონკრეტულად როდის და რა მექანიზმებით განხორციელდება ბულვარის ქალაქისთვის დაბრუნება იმ კონსულტაციების პროცესში დაზუსტდება, რომელიც ამჯერად სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის მიმდინარეობს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. იგივე გვითხრეს ქალაქის მერიაშიც.

უზურფრუქტის ხელშეკრულებაში წერია, რომ მერიამ ბულვარის უკან დაბრუნების მოთხოვნით სამინისტროს თავად უნდა მიმართოს.

ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის სამართავად 2009 წელს გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

ბულვარის [ბათუმის ზღვისპირა პარკის] ტერიტორია, რომელსაც სამინისტროზე დაქვემდებარებული სსიპ „ბათუმის ბულვარი“ მართავს, ჯამში 284 662 კვ.მ-ია.

მწვანე ფერით მონიშნულია ბათუმის ბულვარის ტერიტორია, რომელიც მართვაში ბათუმს უნდა დაუბრუნდეს

მართვის უფლების დაბრუნებაზე ქალაქის საკრებულომ მუშაობა ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წელს დაიწყო, პროცესი 2016-2017 წელს გაგრძელდა, თუმცა ეს საქმე ბოლომდე არ მისულა.

თავის დროზე მერიაში აცხადებდნენ, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ბულვარი მერიის მართვაში გადავიდოდა, ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, რომელშიც გაწერდნენ მხარეთა ვალდებულებებს. ასევე, უნდა გაევლოთ პროცედურები, რაც უზურფრუქტის ხელშეკრულების შესაწყვეტად იქნებოდა საჭირო.

ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2021 წლის 30 მარტს განაცხადა:

„ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის  სამართავად გადაცემა“.

იმავე დღეს ბათუმის საკრებულო სასტუმრო „მერიდიანისთვის“ 3 380 კვადრატული მეტრი პლაჟის გადაცემას აპირებდა, თუმცა მოქალაქეების პროტესტის გამო საკითხი სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს.

რიჟვაძის განცხადებით, სრული მორატორიუმია გამოცხადებული ასევე ახალ მშენებლობებზე ძველ ბულვარში, „ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე“.

ეს მემორანდუმი ზღვისპირა ზოლში ფაქტობრივად არაფერს ცვლის. ის არ ვრცელდება მიმდინარე მშენებლობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი შესაბამისი კანონმდებლობითაა დაცული.

ფაქტობრივად არაფერი იცვლება ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებითაც. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვას ისედაც მერია გასცემს, ძეგლებთან მიმართებით კი – სააგენტო, რომელიც აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაშია.

ამასთან, ზღვისპირა ზოლში მდებარე ნაკვეთების ძირითადი ნაწილი, პლაჟი კი – მთლიანად, აქამდეც და ახლაც, ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მათ გასხვისებას თუ მრავალწლიანი იჯარით გაცემას, ბულვარს არავინ ეკითხებ[ოდ]ა.

ბათუმს ბულვარი მართვაში ბოლოს 2017 წელს უნდა დაებრუნებინა, რისთვისაც მერიას ახალი, ა[ა]იპ „ბათუმის ბულვარი“ უნდა დაეფუძნებინა.

ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან: 

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

ბათუმის პლაჟზე პირველი მოცურავეები გამოჩნდნენ [ფოტო]

ბათუმის სანაპიროზე უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ზღვაში საბანაოდ შედიან.

დღეს, 4 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსს აღწევს, ზღვის წყლის ტემპერატურა კი 10 გრადუსია.

4 აპრილი ბათუმის პლაჟზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
4 აპრილი ბათუმის პლაჟზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
4 აპრილი ბათუმის პლაჟზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, სამშაბათს, 6 აპრილს, მოსალოდნელია წვიმა, აჭარის მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება, მომდევნო ორ დღეს, 7-8 აპრილს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ოზურგეთის 1 და ლანჩხუთის 2 სოფელში მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

ასეთივე საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში.

ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

_______________

ფოტო: შს სამინისტრო

ამავე თემაზე:

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, გვაქვს კლასტერული ეპიდაფეთქებები – გამყრელიძე

 

ბათუმში 2 ვეტკლინიკა მიუსაფარ ცხოველებს უფასოდ ჩაუტარებს სტერილიზაცია/კასტრაციას | აქცია

დღეს, 4 აპრილს, მსოფლიოში მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების დაცვის დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ორმა ვეტერინარულმა კლინიკამ, My Friend-მა და Vet Office-მა და დაანონსეს აქცია, რომლის ფარგლებში ამ კლინიკებში უფასოდ განახორციელებენ მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციას ორი კვირის განმავლობაში.

აქცია დღეს, 4 აპრილს, დაიწყო და 19 აპრილამდე გასტანს.

„დღის განმავლობაში განხორციელდება ერთი მიუსაფარი ძაღლისა და კატის სტერილიზაცია/კასტრაცია.

პირი, რომელიც მოიყვანს ცხოველს [სტერილიზაცია/კასტრაციისთვის, ვალდებულია ის შეიფაროს ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულებამდე (3- 5 დღე).

სავალდებულოა წინასწარ ჩაწერა დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ფეისბუქზე.

მიუსაფარი ცხოველების დახმარებაზე ორიენტირებული პროექტები ახლო მომავალში ჩვენი კლინიკების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება,“ – აღნიშნულია კლინიკების ფეისბუქგვერდებზე.

საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სამართავად ერთიანი სტრატეგია არ არსებობს. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აქვთ სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა თავშესაფრებში, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

უცნობია, რამდენი მიუსაფარი ძაღლი და კატაა ქვეყანაში, თუმცა ფაქტია, რომ მათი რიცხვი არ მცირდება, ყოველდღიურად ათობით ძაღლსა და კატას ტოვებენ მეპატრონეები ქუჩაში, ყრიან ჯერ კიდევ თვალაუხელელ ლეკვებსა და კნუტებს. არ კონტროლდება კატებისა და ძაღლების მოშენება და ვაჭრობა.

მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეპატრონეების გულგრილობა და უპასუხისმგებლობა და ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციაზეა ურის თქმაა.

ცხოველთა უფლებების დამცველებისა და სპეციალისტების თქმით, სტერილიზაცია/კასტრაცია არის ცხოველთა პოპულაციის სამართავად ყველაზე ჰუმანური და ეფექტური გზა.

 

„მაქვს სისხლნაჟღენთები“ – გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

დღეს, 4 აპრილს, სასამართლომ გაათავისუფლა გუშინ, გვიან ღამით „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტები, მათ შორის გენრი დოლიძე.

გუშინ, 3 აპრილს, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გაიმართა აქცია ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციის  დროს სამი აქტივისტი დააკავეს.

გენრი დოლიძე ამბობს, რომ სასამართლო სხდომაზე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და აბსურდული იყო.

„ხვალ გაგრძელდება პოლიციელების დაკითხვა. ვინც გამოაგზავნეს, ის პოლიციელი საერთოდ ადგილზე არ იყო და ვერც ხვდებოდა მე შიგნით დამაკავეს თუ გარეთ. მაგ ეტაპზე შენობაში არ ვყოფილვარ, მოვყევი ჩემს მეუღლეს, რომელიც აშუქებდა როგორც ჟურნალისტი ამ აქციას,“ – ამბობს გენრი დოლიძე.

მისივე თქმით, მან დაკავებისას დაზიანებები მიიღო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართა:

„სისხლნაჟღენთები მაქვს მრავლობითი და ნაკაწრები. წინასწარი დაკავების საკანში მოვიდა სასწრაფო დახმარების სამსახური, შედგა დათვალიერების აქტი. ახლა ჩამოდის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და უკვე მათთან მექნება კომუნიკაცია“.

გენრი დოლიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა:

„ეს მაშინ როცა, არის ლაივები… ჩემს მეუღლეს ჰქონდა ლაივი ფეისბუქზე მედიაპლატფორმიდან, თმებით ითრია პოლიციელმა, ძირს დააგდო და ტელეფონი გაუტეხა, რომ ლაივი შეეწყვიტა, რადგან მართლა არაადამიანურად ექცეოდნენ ირაკლი კუკანიას.

ამ ფაქტზე მოვახდინე მე რეაგირება და მოვითხოვე ბოდიშის მოხდა და ხმა როგორც კი ამოვიღე, ვინ მაცალა პრეტენზიების გაცხადება, ეგრევე დამაკავეს და უკან ხელებგადაგრეხილს წინ მიმიძღოდა მთელი ჯგუფი და ცემა-ცემით ჩამსვეს მანქანაში,“ – ამბობს გენრი დოლიძე.

ბათუმში აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.

ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება.

 

4 აპრილს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი აღდგომას ზეიმობს

დღეს 4 აპრილს, ქრისტეს აღდგომას ზეიმობს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი. სააღდგომო მსახურება გაიმართა ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკლესიებში გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების წესები.

ოფიციალური პირებიდან საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს ფეიბუქით მიულოცეს აღდგომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მართლმადიდებრული ეკლესია ქრისტეს აღდგომას ერთი თვის შემდეგ, 2 მაისს აღნიშნავს.

____________

ფოტოზე: აღდგომა ბათუმის წმ.სამების პროტესტანტულ ეკლესიაში

ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის ორგანიზატორები ემზადებიან დიდი დემონსტრაციისთვის თბილისში, პარლამენტის წინ.

გოლეთიანის თანახმად, აქცია თბილისში გაიმართება იმ შემთხვევაში, თუკი „ნამახვანჰესის“ გარშემო მოვლენები კვლავ ისე გაგრძელდება, როგორც ამ დრომდე ვითარდება, — კომპანია არ შეწყვეტს სამუშაოებს და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

ჯერჯერობით აქციების ორგანიზატორებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის შეიძლება თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია გამართონ.

„ვცდილობთ, არ დავაჩქაროთ ეს აქცია და ვდებთ მაქსიმალურად შორს, რადგან იქ დადგომა უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს ეს პროცესი“, – განაცხადა გოლეთიანმა 4 აპრილს გუმათში აქციაზე.

„ეს პროცესი რომ არ არის მართული არც შიდა და არც გარე ძალის მიერ, სწორედ ამიტომ არის ეს საშიში [ხელისუფლებისთვის]… ის [პროცესი] მიიტანს იმ საქმეს ბოლომდე, რისთვისაც აქ ვართ დღეს მოსულები. არცერთი ჩვენგანი ამ ბრძოლაში არ დაიღლება“, – განაცხადა მან.

„ჩვენს მხარეზეა ყველა ის კრიტერიუმი და საზომი, რაც შეიძლება იყოს ღირებულებით აღჭურვილი, საღად მოაზროვნე ადამიანის იარაღი. მათზე კი მუშაობს ის უსუსური დამოკიდებულება, ფსიქოლოგიურად გავტეხოთ, როდემდე გაძლებენ ასეო. თქვენ ჩვენ ვერ გაგვტეხთ ვერც ფსიქოლოგიურად, ვერც დაგვშლით, ვერც დროით მოგვერევით“, – ასე მიმართა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას.

ამ წუთებში სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებს.

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მოთხოვნაა, პოლიციამ გახსნას გზა ნამოხვნისკენ, — დემონსტრაციის ძირითადი ადგილისკენ, — წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ახალ ბანაკს გაშლიან გუმათში.

აქციაზე ვარლამ გოლეთიანთან სასაუბროდ პოლიციის მაღალჩინოსანი სულხან თამაზაშვილი მივიდა, უთხრა, რომ იქ უსაფრთხოების დასაცავად იმყოფებიან და ამ მიზნით აქვთ გადაადგილება შეზღუდული, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და მალევე დატოვა ტერიტორია.


ვითარება ხეობაში წინა დილიდან დაიძაბა — მას შემდეგ, რაც კომპანიის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე იქ ჩავიდა, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა და უთხრა, რომ ადგილზე ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელებულიყო.

ადგილზე დილიდანვე პოლიცია იყო მობილიზებული. სამუშაოები მალევე განახლდა, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შსს-მ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

შსს-მ დაადასტურა მანამდე აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდა. უწყებამ ეს უსაფრთხოების დაცვით ახსნა.

რაც შეეხება სოფელ ნამახვანში მობილიზებულ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც პროტესტის ზოგიერთი მონაწილე სიგნალის დამხშობად განიხილავდა: შსს-მ თქვა, რომ ის „რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“.

3 მარტს, გვიან ღამით, სოფელ გუმათში პოლიციამ დააჯარიმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები, რომელთაც სოფელ ნამახვანში ჩასვლა კარვებში მყოფ თანამოაზრეებთან შეერთება სურდათ.

რიონის ხეობაში თვეების მანძილზე აპროტესტებენ მდინარეზე ჰესების კასკადის მშენებლობას. პროტესტის მონაწილეებს ხეობის სოფელ ნამახვანში კარვები აქვთ გაშლილი. მათი ორგანიზებით ორჯერ გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრში.

7 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 464 ახალი შემთხვევა

4 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 15 649 კვლევა ტესტით.

3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.01 %

ბოლო 24 საათში საქართველოში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარაში – 57, იმერეთში – 28, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

დღეის მონაცემებით, საქართველოში 342 მძიმე კოვიდ პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 ადამიანი.

სულ საქართველოს კოვიდკლინიკებში 1822 პაციენტი მკურნალობის კორონავირუსზე.

შსს აცხადებს, რომ ბათუმში ამოიღეს 415 აბი სუბოქსინი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ.

„სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი.

პოლიციამ მეორე დაკავებულის – შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 112 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო“ – იუწყება შს სამინისტრო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version