ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი დაიხარჯება

14.06.2021 • 3499
შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი დაიხარჯება

შუახევის კულტურის ცენტრის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ თანხით შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

ამ პროგრამის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმისა და შუახევის ჩათვლით] სარეაბილიტაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც აქვს გამოცხადებული. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ფონდის ტენდერიდან ამოღებული იქნება შუახევი.

„ჩვენ კულტურის ცენტრის დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა რამდენიმე წელია უკვე მზად გვაქვს. მიმდინარე წელს განვაახლეთ და „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში 100 პროცენტით დაგვიფინანსეს. ამიტომ, მშენებელ კომპანიას ჩვენ გამოვავლენთ, ხოლო მუნიციპალური ფონდის ტენდერში შუახევს ამოიღებენ. ფონდის ტენდერში გამარჯვებული აჭარაში დანარჩენ მუნიციპალიტეტებში [მათ პროექტები არ აქვთ] მდებარე სარეაბილიტაციო პროექტებს შეადგენს და სამუშაოებსაც ჩაატარებს,“ – გვითრეს შუახევის მერიაში.

პროექტის მიხედვით, შუახევის კულტურის ცენტრის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც.

შუახევის კულტურის ცენტრის შენობა დღეს / ფოტო ტენდერიდან

კულტურის ცენტრის ფასადზე რეაბილიტაციის შემდეგ ფერადი მოხატულობა არ შენარჩუნდება.

ასეთი იქნება შუახევის კულტურის ცენტრი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან

პროექტით, ასევე დაგეგმილია კულტურის ცენტრის შენობაზე ოთახების მიშენება.

შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია შენობის უკანა მხარეს მიშენებას ითვალისწინებს / ფოტორენდერი პროექტიდან

შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 19 ივნისს დაიწყება და 22 ივნისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში [240 დღეში] უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას ის კომპანია განახორციელებს, რომელსაც ტენდერით მუნიციპალური ფონდი შეარჩევს.

ზედამხედველის შესარჩევად ფონდს ტენდერი 5 333 000 ლარით სხვადასხვა სამუშაოზე ერთობლივად აქვს გამოცხადებული [შერჩეულმა პირმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს წალენჯიხის, ხობის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, მესტიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოებს. ასევე „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში – ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის, ხობის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ამბროლაურის, ტყიბულის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, ქუთაისის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, შუახევის, ქედის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს].

აჭარაში პროექტები შემდეგ ადგილებში განხორციელდება:

  • ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში [ჟიული შარტავას გამზირი];
  • ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი [მდ. აჭყვიდან მდ. კინტრიშამდე];
  • ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკვერი და ბავშვთა გასართობი ადგილები;
  • ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია [ადმინისტრაციული ცენტრი];
  • შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია;
  • ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ აბუსერიძის ქუჩები.

ამ ობიექტების [ოღონდ, უკვე შუახევის გარდა] დაპროექტება-მშენებლობაზე ფონდმა ტენდერში შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამოაცხადა. ხელშეკრულება 14 ივნისის მდგომარეობით ჯერ გაფორმებული არ არის.

მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი, რომლითაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში მაქსიმუმ 20 მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს, ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

 აჭარაში 20 მილიონის დასახარჯად ტენდერი ხელახალა გამოაცხადეს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: