მთავარი,სიახლეები

ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ

09.06.2021
ეტლით მოსარგებლე: კარავი წამართვეს მთავრობის სახლთან და აღარ მიბრუნებენ

„კარავი პოლიციელების თვალწინ და აჭარის მთავრობის სახლის წინ წამართვეს და აღარ მიბრუნებენ,“ – ამბობს ჯემალ ჭელიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია და 26 მაისს პროტესტის ნიშნად თორნიკე რიჟვაძეს ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა. 26 მაისიდან ამ დრომდე ჯემალ ჭელიძის სოციალური პრობლემები აჭარის მთავრობაში არავინ მოისმინა.

„რადგან არავინ მოიცალა ჩემთვის, მე ისევ მოვედი აქ, რადგან მთავრობა ვალდებულია, მომაქციოს ყურადღება,“ – გვითხრა ჯემალ ჭელიძემ. ის დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვის გაშლას აპირებდა.

ჯემალ ჭელიძის თქმით, მას კარავი წაართვეს ჟურნალისტების მისვლამდე. ის აცხადებს, რომ ადგილზე პოლიციელები დახვდნენ, თუმცა კარავი სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა ჩამოართვა.

კარვის ჩამორთმევას თვალს ადევნებდნენ აჭარის მთავრობის დაცვის წევრებიც.

„არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ რადგან პოლიციელებმა ხელი არ შეუშალეს, ალბათ პოლიციელია… ვკითხე, რატომ მართმევდა კარავს, რატომ არ მაქვს ამის უფლება. მითხრა, დავბრუნდები და დაგელაპარაკებიო. ველოდები,“ – აღნიშნა ჯემალ ჭელიძემ.

აჭარის მთავრობის სახლის წინ ახლაც არიან შეკრებილი სამართალდამცველები, თუმცა მათ არ უპასუხეს კითხვას, ვინ და რატომ  ჩამოართვა მოქალაქეს კარავი.

შსს-ს პრესცენტრში ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობენ.

ჯემალ ჭელიძე პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს მას შემდეგ, რაც მისი ორი შვილი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ჯემალ ჭელიძის თქმით, ეტლის ჩაბარების შემდეგ ის ეტლითაც ვეღარ სარგებლობს.

ამ თემაზე:

რას პასუხობს რიჟვაძე ეტლით მოსარგებლეს, რომელმაც ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: