მთავარი,სიახლეები

რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს

11.06.2021 • 29302
რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს

„არ ვიცი, ნამდვილად კანონიერი ქურდი „ენცო“ იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მემუქრებიან და პოლიცია რეაგირებას არ ახდენს“, – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის სუპერმარკეტების ქსელის „ფარფურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მაღაზიებშიც 3 ივნისიდან პერიოდულად ხანძარი ჩნდება. „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ხანძარი 9 ივნისს გაჩნდა.

დღეს, 11 ივნისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის ფაქტზე ერთი პირი, 16 წლის მოზარდი დააკავეს.

ვინ აჩენს ხანძარს – ამ კითხვას გამოძიებამ პასუხი გასცა 16 წლის ბიჭის დაკავებით. სავარაუდო მუქარაზე კი, რაზეც უკვე მინიმუმ ორი ბიზნესმენი საუბრობს და კანონიერი ქურდი „ენცო“ ფიგურირებს, გამოძიება არც კი დაწყებულა. ჩანაწერები პოლიციას დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდეს.

„მოგელანდები ყველგან“, „ჩემთან ომი პატარა საქმე არ არის,“ – ეს ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს მის მაღაზიებში ხანძრების გაჩენამდე, ცოტა ხნით ადრე მისწერეს. ბიზნესმენის თქმით, ამ მიმოწერამდე მას უცხო ქვეყნის კოდით დაურეკეს და უთხრეს, რომ „ენცო“ [დავით ტუღუში] ესაუბრებოდა.

მერაბ ფარტენაძეს ზარი თავისი მეგობრის მორიგი ხუმრობა ეგონა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ადამიანმა, რომელიც მას „ვოთსაპის“ სატელეფონო ზარით დაუკავშირდა, ზარი გათიშა და მიმოწერაზე გადავიდა.

მერაბ ფარტენაძის თქმით, მას ესპანური ნომრიდან ურეკავდნენ და სწერდნენ მუქარის ტექსტებს.  სატელეფონო ზარისა და შეტყობინებების ავტორი ეუბნებოდა, რომ იყო კანონიერი ქურდი „ენცო“, იგივე დავით ტუღუში

მიმოწერის მიხედვით, მოსაუბრე არ ამბობს, ვინ არის ის, ან რა სურს მერაბ ფარტენაძისგან. ის ბიზნესმენს აგინებს და სწერს, რომ „პასუხს მოსთხოვს“, ასევე: „დაიმახსოვრე ჩემი ხმა“, – ვკითხულობთ მიმოწერაში.

„მეტი აღარ მოუწერია… შესაძლოა, ვიღაც ცდილობს გამოიყენოს „ენცოს“ სახელი და ამ გზით ცდილობს ჩემ დაშინებას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ბიზნესმენმა მერაბ ფარტენაძემ.

ნომერი, საიდანაც მერაბ ფარტენაძეს დაუკავშირდნენ, ესპანეთშია რეგისტრირებული.

თავის მხრივ „ბათუმელებმაც“ სცადა იმის გადამოწმება, ნამდვილად დავით ტუღუშს ეკუთვნის  თუ არა ეს ტელეფონი და ასევე მუქარის ტექსტები. თუმცა არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც სმს შეტყობინებებს.

„ფარფურის“ მაღაზიებში ხანძრის გაჩენამდე მერაბ ფარტენაძემ და მისმა პარტნიორებმა სასამართლოში ფინანსური დავა წამოიწყეს სხვა ბიზნესმენის – მურმან ჯინჭარაძის წინააღმდეგ, რომელიც წინა წლებში „ფარფურში“ მუშაობდა მენეჯერად. ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძისა და მისი ცოლის – თამარ კახიძის [ასევე „ფარფურის“ დამფუძნებელი] თქმით, მათ მურმან ჯინჭარაძე შვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრა. ბიზნესმენების თქმით, მოგვიანებით საქმეში ჩაერთო „ოცნების“ აქტივისტი გოჩა ბარამიძეც, რომელიც ბათუმში „ენცოს“ მეზობლად ცხოვრობს.

„გოჩა და მურმანი გვემუქრებოდნენ იმით, რომ „ენცო“ მოგვთხოვდა პასუხს, თუკი ისევ მოვითხოვდით ვალის დაბრუნებას,“ – ამბობს მერაბ ფარტენაძე.

„ფარფურის“ დამფუძნებლების თქმით, დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდეს ჩანაწერები პოლიციას, სადაც მათ მურმან ჯინჭარაძე და გოჩა ბარამიძე ემუქრებიან. ჩანაწერების ნაწილი მერაბ ფარტენაძემ ჩვენც მოგვასმენინა, თუმცა ამ ჩანაწერების მიხედვით, რთულია მოსაუბრე პირების იდენტიფიცირება ან იმის გარკვევა, რეალურად ვინ ვის ემუქრება.

ბიზნესმენებმა ეს ჩანაწერები გამოძიებას მოქალაქე სოფო ნებიერიძის საქმეზე მიაწოდეს. სოფო ნებიერიძეც სასამართლოში ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის ედავება. ისიც ჰყვება, რომ მურმან ჯინჭარაძე „ოცნების“ აქტივისტ გოჩა ბარამიძესთან ერთად ემუქრება და „ენცოსაც“ დაალაპარაკეს.

„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?“ – ამბობს სოფო ნებიერიძე. მისი თქმით, ის „ენცოს“ ანუ კანონიერ ქურდს „ოცნების“ აქტივისტმა, გოჩა ბარამიძემ დააკავშირა. ყადაღაში კი იგულისხმება მურმან ჯინჭარაძის ქონება, რომელსაც მოსამართლემ დაადო ყადაღა სოფო ნებიერიძის შუამდგომლობის შემდეგ. სოფო ნებიერიძე მურმან ჯინჭარაძეს წილს სთხოვს  მის კომპანიაში დირექტორად მუშაობის სანაცვლოდ.

ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე და „ენცო“ ფიგურირებდნენ „ძმები წულუკიძეების საქმეშიც“. გასული წლის ზაფხულში ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ შეკრებაში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.

სასამართლო პროცესზე გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“. კონკრეტულად კი, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. „ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – თქვა დავით ჯაფარიძემ.

ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.

მთავარი ფოტო: სქრინი. ბიზნესმენის თქმით, მას სავარაუდოდ კანონიერი ქურდი „ენცო“ ემუქრება.

___

ამ თემაზე:

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: