მთავარი,სიახლეები

ვინ არიან აჭარაში გახარიას გუნდის წევრები

14.06.2021 • 12520
ვინ არიან აჭარაში გახარიას გუნდის წევრები

14 ივნისს ბათუმში თავისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრები წარადგინა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ბათუმში გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი თავდგირიძე იქნება, ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ხოლო აჭარაში პარტიას უხელმძღვანელებს ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც მმართველი პარტია 2019 წელს დატოვა.

ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ელიან ყველა ადამიანს, რომელიც იზიარებს ექსპრემიერის მოსაზრებებს.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და გახარიას გუნდის წევრი. მან არ უპასუხა კითხვას, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე თავად ხომ არ იქნება ბათუმში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან.

დღეს პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძეც, რომელმაც „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ აქ „გაცნობის“ და „ცნობისმოყვარეობის“ გამო მოვიდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ გარკვეული პროგრამების შექმნაში მიიღებს მონაწილეობს და შესაძლოა, რაღაც იდეები მიაწოდოს გუნდს.

პრეზენტაციაზე დღეს იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სერვისების სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი აკაკი გვიანიძე და დიმიტრი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი, რომელმაც მმართველი გუნდი ახლახან დატოვა.

პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ მერაბ ბლადაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი. მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა. ასევე ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევის წევრი გიორგი კაკაბაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერჯერობით გახარიას პარტიის წევრი არ არის.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ პრეზენტაციას ესწრებოდა „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი ჯუმბერ თავართქილაძე, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რისთვისაც ჯუმბერ თავართქილაძეს რედაქცია ბოდიშს უხდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: