მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

09.06.2021 • 6256
კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?… ასევე მითხრა, შენ როგორ გგონია, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქში მერებსო? ლაშა კომახიძე მე გავათავისუფლეო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე. მას კომპანია „ბათინვესტის“ მეწილესთან, რომლის დირექტორადაც მუშაობდა, სასამართლო დავა აქვს და ამბობს, რომ ემუქრებიან. სოფო ნებიერიძის თქმით, მას კანონიერ ქურდთან გასაუბრებამდე კომპანიის მეწილე, ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე და მისი მეგობარი, „ოცნების“ აქტივისტი, გოჩა ბარამიძე ემუქრებოდნენ.

სოფო ნებიერიძის თქმით, ეს ამბავი დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. 4 თვის წინ გამოძიებას მტკიცებულებები მიაწოდა სუპერმარკეტების ქსელის – „ფარფურის“ დამფუძნებელმა, თამარ კახიძემაც. „ფარფური“ კი მაღაზიების ის ქსელია, რომლის სამივე ფილიალში, როგორც მფლობელი აცხადებს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხანძარი ზედიზედ გაჩნდა.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე „ფარფურის“ მაღაზიაში ხანძარი დღეს, 9 ივნისს გაჩნდა. თამარ კახიძეც მუქარაზე საუბრის დროს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს ასახელებს, „ოცნების“ აქტივისტ გოჩა ბარამიძეს და ქურდული სამყაროს ავტორიტეტ „ენცოს“.

გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ვინ აჩენს ხანძარს „ფარფურის“ მაღაზიებში. მიმართვიდან 4 თვის თავზე გამოძიება საერთოდ არ დაწყებულა კანონიერი ქურდის და მისი მეგობრების მხრიდან სავარაუდო მუქარის ფაქტებზე, რაზეც გამომძიებლებს 4 თვის წინ ესაუბრნენ, როგორც სოფო ნებიერიძე, ასევე თამარ კახიძე.

რატომ არ დაიწყო გამოძიება? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ეს კითხვა დილით დავსვით. თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

რატომ ესაუბრა „ენცო“ სოფო ნებიერიძეს?

სოფო ნებიერიძე კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორი იყო და კომპანიის ინტერესებს იცავდა ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ სასამართლოში. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, ისტორიული სახლი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  2015 წელს დაანგრია და ახალი, მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე ნებართვა მიიღო. სახლის დანგრევის შემდეგ კომპანიამ სახელად „ბათინვესტი“ დაირქვა. ეს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის კომპანიაა, რომელსაც ახლა სოფო ნებიერიძე უპირისპირდება.

„მურმან ჯინჭარაძემ თავიდანვე მითხრა, ფული არ მაქვს, ხელფასს ვერ მოგცემო. სამაგიეროდ, თუკი ნებართვას ამაღებინებ, სახლის საერთო ფართობის 15 პროცენტს მოგცემო. ჩვენ ამ პირობით ხელშეკრულებაც გავაფორმეთ… როგორც იცით, პროექტზე ნებართვა მივიღეთ, მაგრამ მურმან ჯინჭარაძემ ფართობის დათმობაზე უარი მითხრა, პატრონი მყავს და ვერაფერსაც დამაკლებო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე.

სოფო ნებიერიძის თქმით, მურმან ჯინჭარაძის „პატრონი“ გოჩა ბარამიძე აღმოჩნდა, რომელიც „ოცნების“ აქტივისტია, ასევე კანონიერი ქურდი სახელად „ენცო“.

„გოჩა ბარამიძე არის დაახლოვებული ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არის კალაძის ოჯახის წევრი, პარკინგის და ყვითელი ავტობუსების ბიზნესის ნაწილი მაგისაა…. შემდეგ ჩარიეს უკვე „ენცო“, როცა მიხვდნენ, რომ არ ვჩერდებოდი, სამოქალაქო წესით მივმართე სასამართლოს და ქონების დაყადაღება მოვითხოვე. სასამართლომ ჩემი შუამდგომლობა უზრუნველყოფაზე დააკმაყოფილა და ვაჟა-ფშაველას 13 დააყადაღა დავის განხილვის დასრულებამდე,“ – ამბობს სოფო ნებიერიძე.

„ბათინვესტის“ ყოფილი დირექტორის თქმით, მას „ენცო“ გოჩა ბარამიძის ტელეფონით ესაუბრა, რასაც პოლიციელებიც შეესწრნენ.

„იმ დღეს გოჩა ბარამიძეს „ოცნების“ ოფისის წინ შევხვდი, „რეტროს“ წინ, ათი ფეხის ნაბიჯზე იქვე პოლიციელები იდგნენ. გოჩა ბარამიძემ ტელეფონი მომაწოდა და გავიგონე, „ენცო“ გელაპარაკებათ, არ გეშინიათო?“ – იხსენებს სოფო ნებიერიძე. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მას პოლიციისთვის მიმართვა გადაუწყვეტია.

სოფო ნებიერიძის თქმით, მის შეშინებას თავდაპირველად ქურდული სამყაროს სხვა ავტორიტეტის – მერაბ ჯანგველაძის სახელით ცდილობდნენ, თუმცა მასთან არ უსაუბრია.

„გოჩა ბარამიძეს ამ ამბებამდეც ვიცნობდი, ის „ოცნების“ აქტივისტი იყო. მეც „ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი, ძალიან აქტიური, მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ… რა ელიტური ძარცვა ყოფილა და რა კრიმინალური?

მემუქრებოდა გოჩა ბარამიძე და მურმან ჯინჭარაძეც. „ენცოსთან“ საუბრის მერე მითხრა გოჩა ბარამიძემ, ვერაფერს გახდები, სამი შვილი გყავს, არ გეშინიაო? მურმან ჯინჭარაძემ მითხრა, ვინაა მოსამართლე, ვიყიდით მაგასაცო…

გამომძიებელმა მომთხოვა მტკიცებულებები, მაგრამ მე „ენცო“ როგორ უნდა ჩამეწერა? სხვისი ტელეფონით ვესაუბრე. ამ მუქარების შემსწრე სხვადასხვა მოწმე არსებობს, მაგრამ ძიება არ დაიწყეს. მე გაჩერებას და გაჩუმებას არ ვაპირებ. თუკი მოსამართლეს იყიდიან, ჩემს სახლსაც გავყიდი და სტრასბურგში წავალ,“ – დაასრულა სოფო ნებიერიძემ „ბათუმელებთან“.

სოფო ნებიერიძის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.

„ენცო“ ჩემი კარის მეზობელია, დაგანახებთ, რასაც გიზამთო“ – „ფარფურის“ დამფუძნებელი 

გამოძიების უმოქმედობაზე აქვს პრეტენზია თამარ კახიძესაც, ის კომპანია „ფარფურის“ დამფუძნებელია. ეს კომპანია სამ მაღაზიას ფლობს ბათუმში. ხანძარი დღეს, 9 ივნისს, „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში გაჩნდა.

მფლობელის თქმით, „ენცო“ ამ საქმეშიც ფიგურირებს.

ხათუნა კახიძის თქმით, ქურდულ სამყარომდე მისი და მისი კომპანიის საქმე მას შემდეგ მივიდა, როცა ყოფილ ბიზნესპარტნიორს – მურმან ჯინჭარაძეს სასამართლო დავა მოუგო და ვალის დაბრუნება მოსთხოვა. საქმე აღსრულების ეტაპზეა.

„დაგვანებე თავი, თორემ დაგანახებთ, რასაც ვიზამო, გვეუბნებოდა მურმან ჯინჭარაძე… მემუქრებოდა არასრულწლოვან შვილებზეც. შემდეგ მურმანმა ჩართო ამ დავაში მისი მეგობარი გოჩა ბარამიძე. მან თქვა, რომ „ენცო“ ჩემი კარის მეზობელია, დაგანახებთ, რასაც გიზამთ თუ არ გაჩერდებითო,“ – გვიყვება თამარ კახიძე.

თავად „ენცოსთან“ თამარ კახიძეს არ უსაუბრია.

თამარ კახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გამოძიებას დაახლოებით 4 თვის წინ მიაწოდა, როცა გაიგო, რომ ანალოგიური დავა მურმან ჯინჭარაძესთან სხვასთანაც ჰქონდა.

„პირდაპირი მუქარები 3 ივნისიდან შეწყდა, 3 ივნისს გაჩნდა ხანძარი „ფარფურის“ პირველ ფილიალში,“ – იხსენებს თამარ კახიძე. 7 ივნისს ხანძარი გაუჩნდა „ფარფურის“ მეორე მაღაზიას, ხოლო დღეს, 9 ივნისს, მესამე მაღაზიაც დაიწვა. თამარ კახიძის თქმით, მას და კომპანიის სხვა თანამშრომლებს უკვე დაფარული ნომრიდან მისდით შეტყობინებები: „აწი, „ლიმონკებს“ შემოგიგდებთ, ჯერ სად ხართ“.

მაღაზიებში გაჩენილი ხანძრის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია ნივთის დაზიანების მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ჯერ არ გასულა.

რა ვიცოდით აქამდე „ენცოს“ შესახებ? 

„შეკრება რომ მოხდა, ამ პროცესში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული,“ – უთხრა გასული წლის ზაფხულში მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. „ენცო ბათუმსკის“ სახელი პირველად „წულუკიძეების საქმეში“ გაჟღერდა. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.

ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან – კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.

„ოცნების“ აქტივისტი გოჩა ბარამიძე: მე არაფერ შუაში ვარ

„წულუკიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“ კანონიერი ქურდის „ენცოს“ გარდა სასამართლო პროცესზე გასულ წელს გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“, ვისაც დღეს მუქარაში ადანაშაულებენ.

„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ სასამართლო სხდომაზე 2020 წლის 8 სექტემბერს თქვა. ადვოკატმა მაშინ მოსამართლეს უთხრა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. მაშინ ბიზნესმენმა მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“ უარყო ასეთი შეხვედრა.

დღეს, 9 ივნისს, მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„მე არაფერ შუაში ვარ, სხვა კითხვებს არ ვუპასუხებ,“ – დამშვიდობება ამჯობინა „ბათუმელებთან“ საუბარს გოჩა ბარამიძემ, როცა მას მუქარის და კანონიერ ქურდებთან კავშირებზე ვკითხეთ. გოჩა ბარამიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ბათუმის მერიაში არ მუშაობს, რა ინფორმაციაც მის შესახებ მედიაში ჟღერდება და უმუშევარია.

გოჩა ბარამიძე პირად ფეისბუქგვერდზე აქტიურად აზიარებს „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების სასარგებლო ინფორმაციას. რა პოზიცია აქვს გოჩა ბარამიძეს „ქართულ ოცნებაში“? – ვკითხეთ ამ პარტიის პრესცენტრსაც, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

___

მთავარი ფოტო: „ფარფურის“ მაღაზია ბათუმში ხანძრის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: