Batumelebi | საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის – Batumelebi
RU | GE  

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს.

სამსახურში მიუსვლელად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პრემია აპრილში – 3525 ლარი

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევამდე, პირველი და ორი დეკემბრის სხდომებს ირაკლი მიქელაძე არ დასწრებია. ამ დროისთვის, „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი უკვე გერმანიაში იმყოფებოდა. დაწინაურების შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო – 2017 წლის 18 იანვარს. ბათუმის საკრებულოდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი მიქელაძე წელს ბათუმის საკრებულოს რომელიმე სხვა სხდომას არ დასწრებია.

დანართი-1-გაზეთ-ბათუმელებს-1

ირაკლი მიქელაძის ხელფასი თვეში 2350 ლარია, რასაც ემატება პრემია 1175 ლარის ოდენობით. თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება – 3525 ლარია.

საზღვარგარეთ მყოფ თავმჯდომარის მოადგილეს ე.წ. კვარტალური პრემიაც დაუმსახურებია. მიმდინარე წლის აპრილში, როცა საკრებულოში ირაკლი მიქელაძე საერთოდ არ უნახავთ, სამმაგი ოდენობის პრემია მიიღო – 3525 ლარი. საკრებულოდან მიღებული მონაცემებით, აპრილში ირაკლი მიქელაძის შრომის ანაზღაურებამ 5875 ლარი შეადგინა.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ირაკლი მიქელაძემ ხელფასის სახით 9400 ლარი მიიღო, ხოლო პრემია – 7050 ლარი.

თავმჯდომარის მოადგილეობამდე, ირაკლი მიქელაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ის ხელფასის სახით 2 ათას ლარს იღებდა, რასაც ყოველთვიურად 1000 ლარი ემატებოდა პრემიის სახით. კვარტალურად ირაკლი მიქელაძე გაორმაგებულ პრემიას იღებდა. 2016 წლის მარტიდან წლის ბოლომდე ირაკლი მიქელაძის შენახვა საკრებულოს 33 152 ლარი დაუჯდა.

გერმანიაში მყოფი ირაკლი მიქელაძე თვეში 200 ლიტრ საწვავს ხარჯავს

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მიქელაძე წელს საკრებულოს სხდომებს იანვრის შემდეგ არ დასწრებია და საზღვარგარეთ იმყოფება, ამას საწვავის ლიმიტის სრულად ათვისებაში ხელი არ შეუშლია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ემსახურება ავტომანქანა და თვიური ლიმიტი 200 ლიტრს შეადგენს. ლიმიტით 200 ლიტრიდან 200-ივე ირაკლი მიქელაძეს დაუხარჯავს. ბათუმის საკრებულოდან ჩვენთვის გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის პირველ ხუთ თვეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მიქელაძემ ზუსტად 1000 ლიტრი საწვავი დახარჯა.

დანართი-3-გაზეთ-ბათუმელებს-3

ირაკლი მიქელაძისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი სატელეფონო საუბრების ლიმიტი 50 ლარია. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მან 102 ლარი და 99 თეთრის დახარჯვა მოახერხა. ირაკლი მიქელაძის ტელეფონი გამორთულია. მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

დანართი-2-გაზეთ-ბათუმელებს-1

ბათუმის საკრებულოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი მიქელაძეს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცალკე აპარატი არ ემსახურება.

რა შემთხვევაში შეუწყდება ირაკლი მიქელაძეს უფლებამოსილება

ირაკლი მიქელაძეს, ისევე როგორც საკრებულოს ნებისმიერ წევრს, უფლებამოსილება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუკი ის არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მიიღებს მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში. „რაც ერთობლივად მოიცავს საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში მუშაობას,“ – ვკითხულობთ ბათუმის საკრებულოს რეგლმანეტში.

ამ რეგლამენტით, თუკი ზაფხულისთვის ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოში გამოჩნდება, ის კანონით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადას დაიცავს, ამასთან შეეძლება ისევ დაუბრუნდეს გერმანიას და გააგრძელოს ხელფასის, პრემიის აღება და საწვავსის ხარჯვაც.

ამ კანონზე აპელირებს საკრებულოს თავმჯდომარე – ლაშა სირაბიძეც. ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს, სად იმყოფება, ან რატომ არ დადის საკრებულოში მისი მოადგილე. ლაშა სირაბიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი მიქელაძე შრომისმოყვარე ადამიანია:

„სამართლებრივი დარღვევა არ არის და მე რა უნდა გამერკვია? არ დავინტერესებულვარ, სად არის და რატომ არ დადის. მე როგორც ვიცი, ოჯახიდან გამომდინარე არის წასული საზღვარგარეთ… არ მაქვს არავითარი პასუხისმგებლობა, ირაკლი მიქელაძე ვეძებო,“ – გვითხრა ლაშა სირაბიძემ.

მისი თქმით, საკრებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს ირაკლი მიქელაძის საქმეს, თუკი ზედიზედ 6 თვე არ გამოცხადდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სამსახურში.

ლაშა სირაბიძე არ ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამდებობის პირისთვის გამოყოფილი პრემია, ან საწვავი არამიზნობრივი ხარჯია. „იქედან აგვარებს ალბათ გაკრვეულ საკითხებს. ის არის მაჟორიტარი დეპუტატიც და მანქანაც სჭირდება… ვინ დადის მისი მანქანით, არ ვიცი,“ – აღნიშნა ლაშა სირაბიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ირაკლი მიქელაძის მუშაობა სოციალურ ქსელში

საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, თუმცა კონკრეტულ საკითხებს სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი მიქელაძე, მაგალითად, 26 მაისს, ბათუმში მუსლიმი თემის მიერ შენობის გარეშე მეჩეთის გახსნას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ შეუფასებია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმებს კონკრეტულ ადგილზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს.

ამონარიდი ირაკლი მიქელაძის ფეისბუქ პოსტიდან: „…მე ირაკლი მიქელაძე ვარ. დიდი აბდულ მიქელაძის შვილიშვილი..იმ ადამიანის, რომელმაც სხვა დიდებულ ქართველებთან ერთად ხელი შეუწყეს აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების სისხლიანი გზის დასასრულს.. და ვერასდროს, ვერავინ ვერ !!!გაბედავს !!! მასწავლოს მე ქართველობა, ეროვნულობა, თითოეული კუთხის პატივისცემა და განსაკუთრებით ჩემი ლამაზი და მრავალი ტანჟვის მომსწრე აჭარის პატივისცემას, ანუ სიყვარულს.. მაგრამ ის რაც დღეს ბათუმში მოხდა, მიმაჩნია არასწორ საქციელად.. მიაჩნია, რომ არასწორია როდესაც მთელი ერი და ბერი 26 მაისს აღნიშნავს, 50 მდე ქართველმა ცალკე შეიკრიბოთ და მეჩეთის მშენებლობის დაწყება აღნიშნოთ.. რატომ ? ვის მოუვიდა ეს ,,გენიალური” აზრი მაინტერესებს.. ვინ ჩათვალა, რომ სწორედ დღეს იყო ის ისტორიული დღე.. არ მინდა ნამდვილად, მაგრამ მაინც მეფიქრება, რომ არასახელმწიფოებრივი (ცუდად დაგეგმილი) და არაქართულია ეს თქვენი დღევანდელი „კრეატივი“… 26 მაისი“

ამ შეფასებამდე, ირაკლი მიქელაძე 17 მაისს გამოეხმაურა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ასევე „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები აშინებს:

„მოკლედ მეგობრებო ვცადე თავი შემეკავებინა, მაგრამ უნდა ვაღიარო – მაგრა მეშინია ,,პიდარასტების” ((( აიი ისე მეშინია, მათი დანახვა არ მინდა.. 😉😉და სულ, როდესაც მხვდებიან მეჩვენება, რომ ,,შემოტევას” გეგმავენ და ადეკვატური თავდაცვის სურვილი მიჩნდება : ((( და როცა ვხედავ, ძაან ბნელა ჩემთან – ანუ ,, თვალს მიბნელდება” – შეუძლოდ შევიქმნები ხოლმე ))))) არავითარი სიძულვილი, მართლა.. 🤔🤔 “ 

miqeladze 1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი