“ეს საქმეც შევა ანგარიშებში, ბატონო მოსამართლევ,” – ირონიულად მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტების გათვალისწინებაზე უარი თქვა.
“სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმის” დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსლან დოლიძის, როგორც მოწმის ჩვენების წაკითხვა ითხოვეს. მიზეზი – მოწმე უკვე დიდ ბრიტანეთშია სასწავლო პროგრამით და წლის ბოლომდე საქართველოში ვერ დაბრუნდება.
“ამ წერილით არ ჩანს, რომ 22 დეკემბრამდე ზღვაში იქნება გასული და შეუძლებელი იქნება მასთან დაკავშირება. როუმინგით თუ დაუკავშირდნენ ახლა, რატომაა შეუძლებელი სკაიპით დაკავშირება?” – იკითხა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
კითხვის პასუხად მოსამართლემ ადვოკატს კანონის ჩანაწერი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც, როცა “მოწმე საქართველოში არ იმყოფება”, ეს არის მიზეზი, რომ მოწმეს მოსამართლემ პირდაპირ კი არ მოუსმინოს, არამედ მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გაჟღერდეს.
აქვე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურორ ლადო თურმანიძეს გაახსენა ტრეფიკინგის ერთ-ერთი საქმე, სადაც მოწმის ჩვენების ზეპირი წაკითხვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
“ტრეფიკინგის საქმეები განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც ხვდება…” – დასძინა მოსამართლემ. როცა მას ადვოკატმა უთხრა, რომ უკრაინელი ბრალდებულების ამბავიც მოხვდება ანგარიშებში, მოსამართლემ თქვა: “არა, ეს არ არის ისეთი საქმე”.
“თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის,” – დასძინა ადვოკატმა.
დღევანდელ პროცესზე სასაზღვრო პოლიციის ჩვენება პროკურორებმა წაიკითხეს. ამ ჩვენების მიხედვით, იახტა წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
“არავითარ უკანონობას არ ჰქონია ადგილი,” – ეს უკვე მოსამართლეს მოწმე ვალერიან იმნაიშვილმა უთხრა. ის საზღვაო დარგის ექსპერტად და საზღვაო სამართლის მაგისტრად გაეცნო მოსამართლეს. ეს ექსპერტი სასამართლოში დაცვის მხარემ მოიწვია.
“შესაძლოა, ეს იყო ადმინისტრაციული დარღვევა, სამსჯელოა, მაგრამ ეს არ იყო საზღვრის უკანონო კვეთა,” – განმარტა მოწმემ.
ვალერიან იმნაიშვილის თქმით, იახტას საქართველოში შემოსვლის შესახებ სასაზღვრო პოლიციისთვის იმ შემთხვევაში უნდა ეცნობებინა, თუკი იახტა პორტში შემოვიდოდა.
სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს იახტის დაბრუნებაზეც. სასამართლოს წინა სხდომაზე მიმართა იახტის მფლობელმა და მოითხოვა იახტის, როგორც დალუქული ნივთმტკიცების დაბრუნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იახტა მესაკუთრეს დაუბრუნდება.
“ბევრი საკითხი ბუნდოვანია”, – უთხრა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ამ საქმის არსებითი განხილვის დაწყების დროს ცდებოდა.
“მე გითხარით მაშინ, რომ ეს მარტივი საქმე იყო, მაგრამ ამ ნაწილში შემეცვალა წარმოდგენა,”- აღნიშნა მოსამართლემ.
დღევანდელი პროცესით ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დარჩა ბოლო ეტაპი, სადაც მხარეები იტყვიან დასკვნით სიტყვებს და მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
“სადღაც ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ დეკადაში დავასრულებთ,” – დააანონსა მოსამართლემ.
———–‐————
უკრაინის მოქალაქეები – ვოლოდიმერ დიაჩენკო და იური ხიმინჩი, ასევე საქართველოს მოქალაქე – მიხეილ ბატურინი გასული წლის ნოემბერში დააკავეს. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.
„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში. ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.
ამ საქმეზე ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ამ თემაზე:
აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ