განათლება,მთავარი,სიახლეები

18 წლის ბათუმელი სტუდენტი, რომელიც მათემატიკის წიგნებს წერს

11.06.2021 • 12011
18 წლის ბათუმელი სტუდენტი, რომელიც მათემატიკის წიგნებს წერს

„ჯერ კიდევ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა კედელთან ვიდექი და გამოგონილ  მოსწავლეებს ვამეცადინებდი მათემატიკაში. ჩემი ჟურნალები და ტესტებიც მქონდა. იქედან მოყოლებული ვფიქრობდი, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლაშა შენგელია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე სწავლობს და მათემატიკას ეუფლება.

ლაშამ ამ ასაკში ელექტრონული სასწავლო რესურსიც შექმნა, რომელსაც სკოლის მასწავლებლებიც იყენებენ და ბევრს ძალიან მოსწონს კიდეც. მასწავლებლები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ძირითადად მათემატიკის სავარჯიშოებისგან შედგება, მრავალფეროვანი და გამოსადეგია. ლაშას მოსწავლეებიც ჰყავს, რომლებსაც კერძოდ ამეცადინებს. ის აპირებს ბავშვებისთვის მათემატიკის კლუბიც შექმნას.

„ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა მათემატიკაში ყოველთვის ვემზადებოდი. სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მეათე კლასიდან უკვე მოსწავლეების მომზადება დავიწყე ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. მე-12 კლასიდან კი დამხმარე რესურსები შევქმენი.

სულ რამდენიმე თვეა, რაც განვათავსე ინტერნეტში ეს რესურსები და დიდი ინტერესი გამოიწვია. საკმაოდ ბევრი წიგნი გაიყიდა და ამ დროისთვის უკვე 2 ათასი ლარიც შემომივიდა“, – გვეუბნება ლაშა.

ლაშა შენგელია მოსწავლესთან ერთად მათემატიკის გაკვეთილზე

სტუდენტის თქმით, მის წიგნებს, რომლებსაც სასწავლო რესურსის სახე აქვთ, სკოლის მოქმედი პედაგოგები იძენენ. „საქართველოს ყველა რეგიონიდან მყავს მომხმარებელი. ჩემი წიგნი შეიძინა მენტორმა მასწავლებელმაც“, – ამბობს ლაშა.

მისი თქმით, წიგნები, რომლებსაც თავად ადგენს, სკოლის სახელმძღვანელოებისგან იმით განსხვავდება, რომ ძალიან ბევრი სავარჯიშოა თავმოყრილი.

„მათემატიკის წიგნებში კი მხოლოდ ფოტოებია მოცემული და 3-4 მაგალითია მოყვანილი. ჩემს კრებულებში ასე არ არის. უამრავი სავარჯიშოა შეტანილი და დონეების მიხედვითაა დალაგებული. მაგალითად, მე- 5 კლასი დაყოფილია 3 ნაწილად – სამუშაო რვეული, სამუშაო ტესტები და სავარჯიშოების კრებული, რაც ძალიან მოსწონთ მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც“.

თამუნა გორგაძე, რომელიც დაბა ქედის საჯარო სკოლაში ასწავლის მათემატიკას, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აქტიურად იყენებს ლაშა შენგელიას მიერ შედგენილ წიგნებს. „მეხუთე-მეექვსე კლასის სახელმძღვანელო შევიძინე და ძალიან მომწონს – სკოლის წიგნებს ბევრი სავარჯიშო აკლია და დამატებითი რესურსი ყოველთვის გვჭირდება. ლაშას წიგნებში წვრილმანებიდან დაწყებული ყველა ტიპის სავარჯიშოა შეტანილი, მარტივიდან რთულის პრინციპით არის დალაგებული მაგალითები, ბავშვებმაც კარგად აითვისეს ამ სავარჯიშოებით გაკვეთილი“, – გვეუბნება ის.

ლაშა ამბობს, რომ სავარჯიშოების მოსაფიქრებლად ხშირად ღამეებსაც ათენებს

მაია მელიქიშვილიც მოქმედი პედაგოგია და მანგლისის სკოლაში ასწავლის. „მე-5, მე-6, მე-7 კლასებში ვიყენებ ამ რესურსს, ძალიან კარგია და ძალიან მეხმარება სავარჯიშოების ეს კრებული ბავშვებთან მუშაობის დროს. ყველაფერი დაკონკრეტებულია, კარგად არის თავების მიხედვით დალაგებული. ძებნაც კი არ მჭირდება, რადგან სასკოლო მასალას კარგად მიჰყვება“, – ამბობს მაია მელიქიშვილი ლაშას წიგნების შესახებ.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ მასწავლებელს, მაგდა  მურადაშვილს ესაუბრა, რომელიც პრაქტიკანტი მასწავლებელია და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის ამჟამად. კოლეგების აზრს ისიც იზიარებს და ამბობს, რომ ლაშას შექმნილი რესურსი კარგად არის შედგენილი, „მრავალფეროვანია და გათვლილია სააზროვნო უნარებზე“.

ლაშა ამბობს, რომ სავარჯიშოების შექმნაში დიდ ენერგიას და დროს ხარჯავს. „ზოგჯერ ღამეების გათენებაც მიწევს, ყველა სავარჯიშო ჩემი მოფიქრებულია“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, სკოლებში მათემატიკა საკმაოდ რუტინულად  ისწავლება, ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

„სწორედ ამიტომ მინდა მასწავლებლობა. სკოლა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მოცემას, რაც გჭირდება, ამიტომ ვემზადებოდი კერძო მასწავლებლებთან. თუმცა, თუ მიდგომა და მეთოდები შეიცვლება, სკოლის სივრცეშიც შესაძლებელია კარგი განათლების მიღება“, – ამბობს ლაშა.

ის ამბობს, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ხშირად უსამართლოდაც ექცევა მოსწავლეებს და ამის  საილუსტრაციოდ საკუთარი მაგალითი მოჰყავს.

ლაშა შენგელიას სავარჯიშოების კრებულები

„ერთ-ერთ პედაგოგს სურდა, რომ მასთან მევლო გაკვეთილებზე. რადგან სხვასთან წავედი, ნიშანს სულ მაკლებდა და ცხრიანს მიწერდა. როცა პრეტენზიას გამოვთქვამდი, მეუბნებოდა, იზეპირებო. სპეციალურად მეუბნებოდა, ან როგორ შეიძლება მათემატიკის დაზეპირება? როცა წიგნები გამოვეცი, მერე კი დამიწერა ფეისბუქში – „ჩემი წარმატებული ბიჭი“.

ვფიქრობ, მასწავლებლის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის დროს. გაკვეთილებიც აქტივობებით უნდა იყოს დახუნძლული და არა მოსაწყენი, როგორც არის ხოლმე. 17 მოსწავლე მყავს და ყველას ძალიან მოსწონს ჩემი გაკვეთილები. მთავარია, რომ ჩემი სჯერათ და კარგად ესმით ახსნილი“, – ამბობს ლაშა.

ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ, ლაშა მაგისტრატურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ამბობს, რომ მისი მომავალი და ადგილი სკოლაშია, ბავშვებთან. „ძალიან მინდა, რომ ბავშვები ხალისით სწავლობდნენ მათემატიკას. სწავლობდნენ კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას და შემეცნებითაც უდგებოდნენ საგანს“, – ამბობს ლაშა.

მისი აზრით, მასწავლებელი შემოქმედი უნდა იყოს და ამ უნარების განვითარებაზე თავად უნდა ზრუნავდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: