მთავარი,სიახლეები

ბიძაშვილი ჭორების გამო მოკლა – მოწმის ჩვენება სასამართლოში

14.06.2021 • 8737
ბიძაშვილი ჭორების გამო მოკლა – მოწმის ჩვენება სასამართლოში

“ორივე ხელი ავაფარე, მაგრამ მე ის ვერ შევაჩერე, ორჯერ დაარტყა დანა, პირველად მუხლთან ახლოს ჩაარტყა, მეორედ – მარცხნივ, გულის მხარეს. ის ჩაიკეცა…” – გაუჭირდა მოწმეს ზურაბ ბ.-ს ძმისშვილის მკვლელობის გახსენება, რასაც თავად შეესწრო.

მოწმე გასული წლის 2 ოქტომბერს ქედაში მოკლული 32 წლის კაცის, მურმან ბ-ის ბიძაა. მან დღეს, 14 ივნისს, ნაფიც მსაჯულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საქმეს მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გია ბ.-მ თავისივე ბიძაშვილი (დედის მხრიდან) მოკლა რამდენიმე ახლობლის და, მათ შორის, მამის თვალწინ. გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის იარაღი დანა იყო. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გია ბ. წინასწარპატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის ან უვადო პატიმრობა.

“მოხელეებად ვმუშაობდით ჩვენ ერთად,” – გისოსებიან კუთხეში მოთავსებულ ბრალდებულს გახედა მოწმემ და შემდეგ აკანკალებული ხმით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოუყვა მსაჯულებს, რა მოხდა ოქტომბრის იმ საღამოს ქედის ცენტრში, სადაც მურმან ბ. მოკლეს.

“იმ დღეს ჩემს ძმას ვეხმარებოდი ღობის ჩამოსხმაზე, შუადღისკენ გაწვიმდა და სახლში შევედით, ყავა დავლიეთ…” – განაგრძო მოწმე ზურაბ ბ.-მ.

მოწმის ჩვენების მიხედვით, ამ დროს გაირკვა, რომ მის ძმისშვილებთან დალაპარაკება სურდა ბრალდებულს.

“თქვენ ჭორები ახსენეთ, რა ჭორები იყო ეს?” – ჰკითხა გარდაცვლილი კაცის ბიძას ადვოკატმა შოთა ხორავამ.

“ეს ორი წლის წინანდელი ამბავია… ითქვა, რომ გიას ცოლთან ურთიერთობა ჰქონდა აჩიკოს. რაღაც ნაწერები ნახა ტელეფონშიო,” – განმარტა მოწმემ.

მოწმის მიერ დასახელებული აჩიკო მოკლული მურმან ბ.-ს ძმაა.

მოწმის ვერსიით, სოფელში გავრცელებული ჭორის გამო, ბრალდებული გია ბ. მურმანსაც ესაუბრა და ეს რომ ტყუილია, დასტურდება იმით, რომ ბრალდებული გია ცოლთან არ განქორწინებულა.

“2 ოქტომბრის შემთხვევა ამ დაძაბულობის გამო მოხდა?” – ჩაეკითხა მოწმეს ისევ ადვოკატი.

“არ ვიცი” – ჩაილაპარაკა მოწმემ და უარყოფის ნიშნად ორივე ხელი გაიქნია. თქვა, რომ მან ვერ გაიგო, გიამ რატომ დაარტყა დანა მურმანს.

“ისმოდა გინება… ორჯერ როცა დაარტყა, შემდეგ იქვე, პატარა მდინარეში გადააგდო დანა… მესმოდა, ვიღაც ამბობდა, პოლიციაში ვრეკავო და გიამ უპასუხა, არაა საჭირო, ჩემი ფეხით მივალო… მერე სასწრაფოს გამოძახებას ვარჩიეთ მანქანით წაგვეყვანა საავადმყოფოში მურმანი, მე საჭესთან დავჯექი. მურმანს ძალა უკვე აღარ ჰქონდა,” – დაძაბული ხმითვე დაასრულა მკვლელობის ამბის გახსენება მოწმემ.

32 წლის მურმან ბ. კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

“მესამედ რომ დაერტყა, რა შეუშლიდა ხელს?” – იკითხა ადვოკატმა.

მოწმეს არაფერი უპასუხია და იმის საჩვენებლად, რომ თავისი ვერსია არ აქვს, ისევ ორივე ხელი გაშალა.

მოწმის თქმით, ბრალდებული გია ბ. შემთხვევის ადგილზე ასევე ნასვამი მივიდა.

“გაგიგია, რომ ჩემი ნასვამობით მიადგა ზიანი ვინმეს?” – უცებ თავად ბრალდებულმა ჰკითხა მოწმეს.

“მე ხომ ეს არ მითქვამს?” – იუხერხულა მოწმემ.

“ნაფიცი მსაჯულებისგანაც შემოვიდა კითხვა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ (მსაჯულები ღიად კითხვებს არ სვამენ, ისინი მოსამართლეს წერილობით აწვდიან კითხვებს, რასაც შემდეგ მოსამართლე აჟღერებს).

ამ შემთხვევაში მსაჯულებმა იკითხეს: რატომ იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი მურმანი დასამშვიდებელი? – მოწმის, მოკლული მურმან ბ.-ს ბიძას ჩვენების მიხედვით, როცა ის ბრალდებულ გიას აკავებდა, ამ დროს  მურმანის შეჩერებას მეზობელი [რამაზ ბ.] ცდილობდა.

მოწმემ კითხვას მოკლედ უპასუხა და იმდენად ხმადაბლა, რომ დარბაზამდე მისმა ხმამ ვერ მოაღწია.

“რა განწყობით მოვიდა გია ბ. შეხვედრის ადგილზე?” – ესეც მსაჯულებმა იკითხეს.

“თავისთავად სიხარულით არ მოსულა,” – გაღიზიანდა მოწმე.

მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. ნაფიცი მსაჯულები ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ მოწმეებს. ესეც კანონით განსაზღვრული წესია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: