დღეს, 14 ივნისს, ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში პარტიის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება.
ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში.
2019 წელს ირაკლი მიქელაძემ დატოვა „ქართული ოცნება“, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ გიორგი გახარიამ 29 მაისს წარადგინა.
ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/544892/