მოსაზრება,სიახლეები

აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაიცვეს, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ

14.06.2021 • 4010
აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაიცვეს, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ

ხულოში აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობაზე საუბარი დაიწყეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ძალადობაში დადანაშაულებული პირების ნათესავების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

ფატიმა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელია. ფატიმა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს, მზიური მელაძეს მხარი დაუჭირა.

ძალადობის მსხვერპლ ქალთან, მზიური მელაძესთან ინტერვიუ გადაცემა „ჰეშთეგმა“ ჩაწერა. ქალი ჰყვებოდა, რომ წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი [მზიური მელაძის ქმარს და დედამთილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა].  რეპორტაჟში, რომელიც მზიურის შესახებ მომზადდა, ასევე იყო ორი აქტივისტი ქალის ინტერვიუ. ისინი საუბრობდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა.

„არ მოეწონათ ჩვენი შეფასებები და ოჯახის წევრების საშუალებით შემოგვითვალეს, არ ჩაერიონ, ჯერ სასამართლო პროცესი არაა დასრულებული, განაჩენი არაა საბოლოო და თავი შეიკავონ, რატომ გააკეთეს ასეთი განცხადებებიო. ჩემთან მიმართებაში იყო ისიც, თუ „ქალთა ოთახი“ ქალების უფლებებს იცავს, დედამთილის პოზიცია რატომ არ დაიცვაო.

მთელი ერთი წელია ეს ამბავია. მზიური თავად მოვიდა ჩვენთან, დახმარება ითხოვა. მის დედამთილს კი პროფესიულად არასდროს მოუმართავს.  მე არ მაქვს უფლება, რომ სახლში ან მსგავს სიტუაციებში მივიდე, ჩავერიო და დავკითხო. მე არც გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი და არც ჟურნალისტი, რომ ასე გადავამოწმო.

მხოლოდ შემოთვლები ჰქონდა. ინტერვიუმდე ხდებოდა ეს. როცა გაიგეს დედამთილმა და მისმა მხარემ, რომ [მზიურის] ვეხმარებოდი, ვამხნევებდი, ვაწვდიდი საკონტაქტო ინფორმაციას სხვადასხვა სამსახურის შესახებ, რომ მიეღო კონკრეტული სერვისები, ჩემი ოჯახის წევრთან მივიდნენ და უთხრეს – „არაფერში არ ჩაერიოს, არაფერში დაეხმაროსო“.

ფაქტობრივად, მეუბნებოდნენ, შენი საქმე არ გააკეთოო.

ძალიან ბევრი ქალი უჭერს მზიურის მხარს, თუმცა ასე თამამად ვერ ამბობენ, ვერ აფიქსირებენ თავიანთ აზრს.  ზეპირად მეუბნებიან –  ყოჩაღ თქვენ, რომ გაბედეთ, ისაუბრეთ. ხულო პატარაა. ერთმანეთის რიდი აქვთ, შიში აქვთ და მათი ოჯახის წევრებთანაც რომ არ დაიწყოს მუქარა-შემოთვლები, ურთიერთობა არ გაუფუჭდეთ, ცდილობენ, რომ რაღაცა დაფარონ,“ – ამბობს ფატიმა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ .

ფატიმა ბოლქვაძე

„იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა,“ – ამბობს „ქალთა ოთახის“ მეორე მოხალისე მადონა ბოლქვაძე და დეტალურად იხსენებს ყველაფერს, რისი გადატანაც მოუწია, როგორც აქტივისტს.

„მე დამირეკეს, ჩემს ოჯახში დედაჩემს დაურეკეს, ჩემს უფროს ძმას დაურეკეს – რატომ დათანხმდა ინტერვიუზეო. საახლობლო წრისგან წამოვიდა უკმაყოფილო საუბარი. მე ვერავის დავადანაშაულებ, შეურაცხყოფას და მუქარას ადგილი არ ჰქონია, ალბათ იციან, რამდენად ძლიერი ქალი ვარ. მე დიდი პიროვნება და მაღალ თანამდებობაზე არ ვარ, მაგრამ ვიცი, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები.

ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი ინტერვიუს მიცემის გამო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სტრესული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კომენტარებში არ ყოფილა მზიურის მეუღლის კრიტიკა. მე შევეცადე მზიურისთვის, როგორც ქალისთვის, დამეჭირა მხარი და მის ღირსებებზე მესაუბრა – ის მშრომელი, პატიოსანი, ჩემთვის გმირი დედაც კი არის, 4 შვილს გადაფარებული იცავს. მისთვის მთავარია შვილების გვერდით იყოს. ასეთ ქალს რომ  მხარდაჭერა გამოვუცხადე და მის ღირსებებს ხაზი გავუსვი, ესეც კი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის მიუღებელი,“ – ამბობს მადონა ბოლქვაძე.

მადონა ბოლქვაძე

მადონა ამბობს, რომ მიუხედავად სტრესისა, რომელიც ძალადობის მსხვერპლისადმი მისმა საჯარო მხარდაჭერამ მოუტანა, როგორც აქტივისტს, თავისი ქცევა არ უნანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლონ ქალებმა. ქალმა უნდა გაიაზროს, რა არის მისი უფლება. ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში… ქალი და კაცი რომ თანასწორუფლებიანები არიან, ეს ქალმა უნდა გაიაზროს, რომ არ დაიჩაგროს არც ოჯახში და არც სამსახურში. მთაში ცხოვრება არის რთული. ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც ხულო უყვარს… სიუჟეტს დადებითი გამოხმაურებაც ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კომენტარს საჯაროდ ვერავინ აკეთებს. ქუჩაში რომ მოვდივარ, დღეში მინიმუმ ორი ქალი მაინც მეუბნება, რომ მადონა ყოჩაღ და შენ გვერდით ვარ. შენ გვერდით ვარ, ამას პირისპირ მეუბნებიან, გულწრფელობა იგრძნობა, მაგრამ საჯაროდ ვერ გამოხატავენ და ბევრი იმაზეც კი გაოცებულია, მე და ფატიმამ ეს ტელევიზიით როგორ გამოვთქვით, მაშინ, როდესაც თვითონ კომენტარსაც ვერ წერენ ფეისბუქგვერდზე. ამ დროს ყველამ იცის, რომ სიმართლეა ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში ასე მოდის ჩემამდე ამბები.

ამ ინტერვიუს შემდეგ ერთმა ახლობელმა ქალმა მითხრა – ეგ რა ისაუბრე, რა გააკეთეო. ამ ასაკში ჩემმა მეუღლემ ყელზე მომიჭირა ხელი და კინაღამ დამახრჩოო. რა ვქნა ახლა, ხმამაღლა გამოვიდე, ვისაუბრო და ოჯახი დავანგრიოო? ანუ ქალები ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას შეგუებულები არიან და შეთვისებულ -შესისხლხორცებული აქვთ.

ეს თურმე ოჯახს გარეთ არ უნდა თქვა. ასე ფიქრობს  ქალების უმრავლესობა.

რომ ვუყურებ, ჯერ კიდევ არ არიან ქალები მზად ლაპარაკისთვის. წლები დასჭირდება ალბათ კიდევ იმას, რომ ქალმა თავისი უფლებები გაიაზროს. ქალაქებში ალბათ ასე არ ხდება. სოფელში ჯერჯერობით ამისთვის ქალები მზად არ არიან, თუმცა თითო- ოროლა მაინც ლაპარაკობს. ხანდახან მგონია, რომ ნაადრევად მოგვიწია ამასთან შებრძოლება.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ემიგრანტმა ქალებმა დაგვიჭირეს მხარი. ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს მზიურის. ამას გარდა, ტანსაცმელი გამოუგზავნეს ბავშვებს. მხარდაჭერა და სოლიდარობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის,“ – ამბობს მადონა.

რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი

მზიური მელაძეს 4 შვილი ჰყავს. ორი გოგო და ორი ბიჭი,  უფროსი 11 წლისაა, უმცროსი – ხუთი თვის. მზიური ამბობს, რომ წლების განმავლობაში იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მზიურის თქმით, დედამთილი მასზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა, ქმარი – ფიზიკურად. ქმარმა ფიზიკურად მასზე მაშინაც კი იძალადა, როცა ის ფეხმძიმედ იყო. ახლა მზიურის ქმარს და დედამთილს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მზიური აპირებს დამცავი ორდერის გამოსაწერად მიმართოს სასამართლოს, რადგან ზეწოლა და მუქარა მასზე დედამთილის და მისი ნათესავების მხრიდან არ წყდება.

„არ მიცავს პოლიცია“, – ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელმაც გაბედა და ოჯახურ ძალადობაზე ხმამაღლა ილაპარაკა: „მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი, მაგრამ არ მაქვს მე იმედი. არ მიცავს პოლიცია. მოსამართლე, სასამართლო, გამოძიება ყველა მეუბნება, რომ ყველაფერი არის რიგზე და წესრიგში. ინტერვიუს გასვლის შემდეგ დიდი ზეწოლა იყო ჩემზე. დედამთილის ნათესავების მხრიდან მოდის ზეწოლა – ლანძღვა-გინება, ყველაფერი. დედამთილსაც შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, მაგრამ ვერ აკავებს შემაკავებელი, ისე იქცევა. დედამთილი და ჩემი მეუღლე მედავებიან და მეუბნებიან დავცალო სახლი, რადგან მათი საკუთრებაა და გავეცალო იქაურობას. ბავშვებზე  აცხადებს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები არ არიანო. დედამთილი კიდევ ამბობს, იმის გამო ვყრი სახლიდან, რომ ჩემი ბადიშები არ არიანო. კანონს მივსდევ ფეხდაფეხ, არაფერზე უკან არ დავიხევ, ოღონდ დამტკიცდეს ჩემი სიმართლე და ბოლოს და ბოლოს დავიძინო ისე, რომ არ ვტიროდე და არ ვნერვიულობდე”.

„ბევრმა გამკიცხა, ხულოში არ ხდება ასეთი რამეები და რატომ გამოიტანე საჯაროდ ეს თემაო. ხულოში ქალები ბევრ რამეს ვმალავთ და შენ რამდენი უფლება გამოიყენეო.  ბევრმა კიდევ დამირეკა – რა დღეში ვართ ჩვენ, ხმას ვერ ვიღებთ და შენ ამხელა ძალა როგორ გაქვს, რომ ხმა ამოიღე, როგორ გაბედე, ეს ძალა ჩვენც დაგვანახეო,“ – ამბობს მზიური მელაძე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, ოთხი შვილის დედა.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ექსპერტის შეფასება

რაზე მეტყველებს საზოგადოების მსგავსი ტიპის დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ძალადობის მსხვერპლი ქალისადმი და მეორე მხრივ, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან? –  „ბათუმელებმა“ ეს კითხვა გოგა ხატიაშვილს დაუსვა, ექსპერტს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში.

„ამ შემთხვევამ და განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილი თავისი აზროვნებითა და დამოკიდებულებებით ჯერ კიდევ ძალადობაში მხილებულ პირს უჭერს მხარს, ვიდრე მსხვერპლს და იმ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლის გარშემო ერთიანდებიან. საზოგადოება ოჯახში ძალადობას ისევ მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ აღიქვამს და ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობებში ჩარევა დაუშვებელია. აი, ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ რჩება საზოგადოების ნაწილისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება.

გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში

ეს შემთხვევა სწორედ ამაზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არამარტო ძალადობის მსხვერპლი ხდება ხოლმე ამ  ტიპის ბულინგის  მსხვერპლი, არამედ საზოგადოების აგრესია მიემართება იმ ადამიანებსაც, რომლებიც მსხვერპლს უჭერენ მხარს. ეს მხარდაჭერა გამოიხატება ძალადობის დაგმობაში, მსხვერპლის გაძლიერებაში, მსხვერპლის მხარდაჭერაში და ა.შ.

ამ აგრესიას და ზეწოლას, ძალადობის მსხვერპლის და მისი მხარდამჭერების მიმართ, მივყავართ იქითკენ, რომ მსხვერპლი ფარხმალს ჰყრის და აღარ აგრძელებს ბრძოლას მოძალადის წინააღმდეგ. ყოფილა შემთხვევები, სასამართლოში უთქვამთ, რომ მას აღარ აქვს სურვილი  მოძალადის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ან სურს განცხადების/საჩივრის უკან გახმობა. ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ზუსტად ის, რომ მსხვერპლი განიცდის ზეწოლას ძალადობაში მხილებულის ნათესავების მხრიდან. ამ სტრესს და ზეწოლას, ამხელა ზემოქმედებას ვეღარ უძლებს ხოლმე მსხვერპლი და იძულებულია დაემორჩილოს მათ მოთხოვნას.

ამას უკუქცევითი შედეგებიც აქვს. მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ აი, მსხვერპლი არ აძლევს ჩვენებას და დამთავრდეს. უბრალოდ, როდესაც მსხვერპლი არ აძლევს ჩვენებას, ძალიან რთულდება შესაბამისი მტკიცებულებების შეკრება ძალადობის დასადასტურებლად. ისედაც ძალადობა ხდება ძალიან ლოკალურ, ჩაკეტილ სივრცეში, სადაც [ფაქტს] ბევრი თვითმხილველი, ბევრი მოწმე არ ჰყავს. ან ჰყავს ისეთი მოწმეები, რომლებიც ასევე იმუნიტეტით სარგებლობენ, რომ არ მისცენ ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აი, ამგვარ პირობებში, როდესაც მსხვერპლიც აღარ აძლევს ჩვენებას, ძალიან რთულია ხოლმე ძალადობის დამტკიცება და იმ მტკიცებულებების სტანდარტის შექმნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ იქ ნამდვილად მოხდა ძალადობა.

ამიტომაც ამგვარი ზემოქმედებისას, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მძიმეა მსხვერპლისთვის და უწევს საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა, მართლმსაჯულების მძიმე გზას გადის ამ პროცესში, ასევე პრობლემას შექმნის იმ თვალსაზრისით, რომ თუ მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ჭირს იქ პირის გამტყუნება ჩადენილ ძალადობაში.

  • მზიურის აქტიურობის პარალელურად იზრდება ზეწოლა სანათესაოს მხრიდან მასზე და იმ აქტივისტ ქალებზე, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ. სად არის გამოსავალი? ვინ უნდა დაეხმაროს ქალს, როცა აქტივისტები, რომლებიც მას ეხმარებიან, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან?

სამწუხაროდ, ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი. როდესაც მსხვერპლი საჯაროდ იწყებს საუბარს ძალადობაზე, აგრესია არის უფრო ძლიერი და უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოების ნაწილის მხრიდან.

ხანდახან მეჩვენება, რომ საზოგადოება ითხოვს მსხვერპლისგან მტკიცებულებების ბღუჯის წარდგენას იმის დასაჯერებლად, რომ ის ნამდვილად მსხვერპლია.

ან ზოგჯერ საზოგადოება მოითხოვს, რომ [მსხვერპლი იყოს]  დასახიჩრებული – ნაიარევები ჰქონდეს  სახეზე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად მსხვერპლია. სხვა მხრივ, როდესაც მსხვერპლი გამოდის და საუბრობს ძალადობაზე, თითქოს ძალიან უჭირს საზოგადოებას დაჯერება, რომ ის შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი.

გამოსავალი არ არის მარტივი – მხოლოდ ერთი მოქმედებით, მხოლოდ ერთი ღონისძიებით შეუძლებელია ის, რომ არსებითად შეიცვალოს სიტუაცია. სიტუაციის შეცვლაში ვგულისხმობ საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას მასზე.

იმიტომ, რომ ეს არის თუნდაც ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი კომპონენტი. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული პერმანენტულად იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე. ცნობიერებაში მოიაზრება მათ შორის ისიც, რომ საზოგადოებას აუხსნას სათანადოდ – ოჯახში ძალადობა არ არის მსხვერპლისა და მოძალადის პირადი საქმე. მსხვერპლს სჭირდება დახმარება, რა ბარიერებს გადის მსხვერპლი, როცა პოლიციას მიმართავს და ა.შ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, როდესაც ხორციელდება ზემოქმედება, ზეწოლა არა მარტო მსხვერპლზე, არამედ მის მხარდამჭერებზეც, ასეთი შემთხვევები პოლიციამ უნდა შეისწავლოს. უნდა გამოკვეთოს ხომ არ არსებობს დანაშაულის ნიშნები. ხომ არ არის იძულება, ხომ არ არის მუქარა. თუ ამ ფორმით არის გამოხატული ზეწოლა, ბუნებრივია, ეს ცალკე დანაშაულის ნიშნების შემცველია და ამ კუთხით რეაგირებაც უნდა მოახდინონ.  საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და [მსხვერპლის მხარდამჭერებს] თუ ვინმე ხელს შეუშლის, ამას მოჰყვება მკაცრი პასუხი.

  • ძალადობაში დადანაშაულებული პირის ნათესავები აქტივისტ ქალებზე ზეწოლას იმ მოტივითაც ახორციელებდნენ, რომ ძალადობის ფაქტის კომენტირებისას რატომ არ მოუსმინეს მათ მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში მეორე მხარედ იგულისხმება ძალადობაში დადანაშაულებულები. აქვს ამ ამბავს მეორე მხარე? მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ძალადობის ფაქტი და როდესაც არსებობს პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი?  

როცა სავარაუდო მსხვერპლი საუბრობს ძალადობაზე, მას  უნდა დავუჯეროთ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რომ ეს რეალურად მოხდა. და სწორედ აი, ამ გადმოსახედიდან, აი, ამ პრეზუმფციით უნდა დავიწყოთ რეალობის გარკვევა. ის, რომ უკვე გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, ეს რას ნიშნავს? ე.ი. ძალადობა დადასტურდა, ამას ნიშნავს. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ძალადობის ფაქტზე. ე.ი. იქ დადასტურდა, რომ ძალადობა ნამდვილად მოხდა და ადამიანებს მიენიჭათ მოძალადის სტატუსი.

იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები ამას არ ეთანხმებიან, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზა. სამართლებრივი გზა არის ამ შემაკავებელი ორდერების გასაჩივრება. შეუძლიათ [ძალადობაში დადანაშაულებულებმა] გაასაჩივრონ სასამართლოში შემაკავებელი ორდერი და ამის თაობაზე იდავონ სამართლებრივი წესით.

მთავარია, სამართლებრივი წესის დაცვით წარიმართოს პროცესი. ბუნებრივია, რაღაც ნაწილებს შეიძლება არ ეთანხმებოდეს [ძალადობაში დადანაშაულებული], მაგრამ ამის გამო ზემოქმედება მოახდინოს და მით უმეტეს შეურაცხყოფა მიაყენო მსხვერპლს, ეს არის დაუშვებელი.

დამოკიდებულება, როდესაც მისი არ სჯერათ, როდესაც მას არ ენდობიან, ძალიან აბრკოლებს მსხვერპლს. შეუძლებელია მსხვერპლმა ბევრი მტკიცებულება წარადგინოს, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისედაც ისეთ სივრცეში ხდება ძალადობა, ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს.

თან შესაძლებელია, რომ თავის დროზე როდესაც ძალადობა ხდება, მსხვერპლმა ვერ მიმართოს პოლიციას დასახმარებლად. ძალიან ბევრი დაბრკოლება  არსებობს. შესაძლებელია მიმართოს თვეების შემდეგ, წლების შემდეგ. ბუნებრივია, დროის გასვლასთან ერთად მტკიცებულებები მცირდება, ნადგურდება.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, ერთი მხრივ, ის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მაგალითად, 10 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე. უმეტესად ქალები არიან დაზარალებულები.

მეორე მხრივ, გაითვალისწინონ ის სტანდარტი, რომლითაც მსხვერპლი საუბრობს სავარაუდო ძალადობაზე. რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ იმ პრეზუმფციით, რომ ის ნამდვილად ხდება – თითქმის არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ამის თაობაზე იტყუება, რადგან მსხვერპლს ისედაც უჭირს ამაზე საუბარი.

ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება არის ასეთი – როდესაც მსხვერპლი იწყებს ძალადობაზე საუბარს ან ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი. მაშინვე საზოგადოების აზროვნება მიემართება სავარაუდო მოძალადისკენ და კითხვები რის გარშემო ისმება – დაისჯება  თუ არა მოძალადე? რამდენი წლით ჩაჯდება ციხეში? როდის გამოვა ციხიდან? რა ბედი ელის?

ნებსით თუ უნებლიეთ საზოგადოების ყურადღება ყოველთვის მიმართულია მოძალადის მდგომარეობისკენ. მაშინ, როდესაც არავინ არ კითხულობს, როგორ არის მსხვერპლი. რა მდგომარეობაშია ის, რა დახმარება სჭირდება. ყოველთვის კითხვა ისმის ხოლმე პირველი – იქნებ იტყუება?

და იქნებ არ იტყუება? ხომ შეიძლება კითხვა სხვანაირად დაისვას?

გამოძიებისას მთავარი პრინციპი არის ის, რომ უნდა დაუჯერო მსხვერპლს. თუ არ დაუჯერებ, გამოვა, რომ რეალობასაც ვერ გავარკვევთ და თუ დავუჯერებთ, შემდეგ დავიწყებთ რეალობის გარკვევას. ხომ ასეა?

ასეთი სტერეოტიპული განწყობები არის იმ ტიპის საქმეებზე და იმ ტიპის ძალადობებზე, რომლის მსხვერპლები უმეტესად არიან ქალები.

ოჯახში ძალადობის საქმეები, სექსუალური ძალადობის საქმეები, არის ის საქმეები, როდესაც მსხვერპლის არ სჯერათ.

მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მოხდა ქურდობა, ადამიანს გაუქურდეს სახლი. ეს ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ სახლი გამიქურდეს. ითხოვს დახმარებას. ვინმე ეტყვის მას, რომ მისი არ სჯერა? ან თუ მოგისმენიათ საზოგადოებისგან ეთქვათ, სახლში ლამაზი ნივთები არ გქონოდა, არც არავინ შემოვიდოდა და არც არავინ გაგქურდავდაო. ხომ არ ისმის საზოგადოებისგან ასეთი კითხვები? ან მაგალითად თუკი ქუჩაში მიდის ადამიანი, ვიღაცა თავს დაესხა და ჩამოგლიჯა ლამაზი სამკაული. ვინმე ეტყვის მას – ლამაზი სამკაული არ გკეთებოდა და არც არავინ გაგტაცებდაო? ხომ არ ეტყვის. ან ხომ არ ეტყვის, რომ შენ იტყუები, მე შენი ამ მჯერა და მოდი აბა მეორე მხარესაც შევხედოთო.

როგორც წესი, ასეთი კითხვები ამ ტიპის საქმეებზე ნაკლებია. არის ბევრი კითხვა, რომელსაც აქვს გენდერული ატმოსფერო. ასეთია სწორედ ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობის დროს ქალს შეიძლება უთხრან – მოკლე კაბა არ გცმოდა და არც არავინ გაგაუპატიურებდა.

თუ ამ პრინციპით ვუდგებით, რომ შეიძლება სექსუალური ძალადობის პროვოცირება, ქურდობის პროვოცირება არ შეიძლება? შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ მე არ მსმენია, რომ საზოგადოებას სხვა დანაშაულებზე ეს კითხვა გასჩენოდა.

ქურდობის მსხვერპლი სქესის მიხედვით კი არ შეირჩევა, იმის მიხედვით, ვისაც კარგი ქონებრივი შესაძლებლობა აქვს. ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის დანაშაულები – ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, როცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ უმეტესად დაზარალებულების როლში არიან ქალები. სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს აქვს ასეთი დამოკიდებულება მსგავსი შემთხვევების მიმართ.

  • კულტურული ფაქტორების დაძლევას რამ უნდა შეუწყოს ხელი და სახელმწიფოს როლს როგორ ხედავთ?

ეს არის ისტორიულად ჩამოყალიბებული არათანასწორი ურთიერთობა. ძირითადად ამ დანაშაულის მიზეზი არის სწორედ გენდერული დისკრიმინაცია: ქალები აღიქმებიან, როგორც დაქვემდებარებული სუბიექტები, რომელზეც ფიქრობენ, რომ გარკვეული უფლებები შეიძლება ჰქონდეს სხვა ადამიანს. როდესაც ქალი არ ასრულებს თავის სოციალურ როლს, ამ მოტივით ხდება ძალადობის ჩადენა, ეს არის სწორედ გენდერული დისკრიმინაციის საფუძველი. მთავარი ის არის, რომ ოჯახში ძალადობა ვერ აღმოიფხვრება, თუ არ იქნება მიღწეული გენდერული თანასწორობა.

მთავარი მოტივი, რის გამოც ხდება ამ გენდერული დანაშაულის ჩადენა, არის გენდერული დისკრიმინაცია, რომელიც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული. ამას სჭირდება პერმანენტული მუშაობა და არა ფრაგმენტული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე საზოგადოების აზროვნება იცვლება, მაგრამ ქცევა არ იცვლება – ისევ რაღაცნაირად ძალადობრივ ქცევაში გამოხატავენ რაღაც ქმედებებს.

  • ვინაიდან მოცემულ სიტუაციაში ამბავი მუნიციპალიტეტში ვითარდება, მჭიდროდ დასახლებულ თემში, ადგილობრივი თვითმმართველობის როლს  სად და როგორ ხედავთ? რა უნდა გააკეთონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად?
  • ადგილობრივ თვითმმართველობებს და იქ დასაქმებულ პირებს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ნაწილში. მათი პირდაპირი მოვალეობა, რომ სათანადო ღონისძიებები შეიმუშაონ, ერთის მხრივ ძალადობის პრევენციის, მეორე მხრივ მსხვერპლთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

ასევე მხარდამჭერი განცხადებები არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თავიანთი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ „ქალთა ოთახს“. ამ „ქალთა ოთახს“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. მათი ფუნქცია არის კონსულტაციის გაწევა, პრევენციაზე მუშაობა. ახლა ფაქტობრივად გამოდის, რომ ესენი როდესაც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, იმ მოვალეობას, რაც მათ კომპეტენციაში შედის, საზოგადოების ნაწილისგან დაიმსახურეს აგრესია. ბუნებრივია, ამ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რაც შეიძლება მათმა სამსახურმა გააკეთოს.

რა თქმა უნდა, მედიასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები გააშუქოს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ეს ადამიანები არ არიან მარტონი და ეს ადამიანები არ არიან ერთეულები, რომლებიც საუბრობენ ძალადობაზე ან მხარს უჭერენ იმ ადამიანს, ვინც ძალადობაზე საუბრობს.

ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუკი იკვეთება დანაშაულის, გარკვეული ძალადობის ნიშნები, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ და, ზოგადად, აფასებენ სიტუაციას ძალადობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ესეც პოლიციამ შეისწავლოს.

თუ ასეთი ნიშნები ვლინდება, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები პოლიციას მიმართავენ დასახმარებლად. პოლიციამ უნდა შეაფასოს დანაშაულის, ძალადობის ნიშნები იკვეთება თუ არა. ეს ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ ადამიანების დასახმარებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: