მთავარი,სიახლეები

„ფარფურში“ ხანძრის გაჩენის საქმე – რა თქვა 15 წლის ბრალდებულმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ

13.06.2021 • 3924
„ფარფურში“ ხანძრის გაჩენის საქმე – რა თქვა 15 წლის ბრალდებულმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ

დღეს, 13 ივნისს, 15 წლის ბიჭი, რომელსაც პროკურატურა მაღაზია „ფარფურში“ ხანძრის გაჩენას ედავება, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საუბარია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარფურში“ 9 ივნისს გაჩენილ ხანძარზე. წინა დღეებში ამავე სუპერმარკეტების ქსელის კიდევ ორ მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი. პროკურატურამ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოზარდი დააკავა ბოლო ხანძრის შემდეგ, როცა ეს ფაქტი უკვე მედიაში გახმაურდა და „ფარფურის“ მფლობელებმა თქვეს, რომ ბიზნესმენი და მათი ყოფილი ბიზნესპარტნიორი მურმან ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტთან – გოჩა ბარამიძესთან ერთად ემუქრებოდა ქურდული სამყაროს ავტორიტეტის, „ენცოს“ სახელით.

„მან აღიარა დანაშაულის ჩადენა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოზარდმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ „ფარფურის“ მაღაზიაში რაღაც ნისიად არ მისცეს და ამიტომ სცადა მაღაზიის დაწვა, მას არ დაუკონკრეტებია ჩვენებაში რა უნდოდა ნისიად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მაისურაძე.

მოზარდი, რომელსაც მაღაზიის დაწვას ედავებიან, სკოლაში არ დადის.

„ეს არის შეთხზული საქმე და მარტივად დასანახია ეს ყველაფერი, გამოიყენეს მოზარდი იმისთვის, რომ ვიღაცას თითქოს მართლა მოუნდა მაღაზიის დაწვა,“ – მიიჩნევს თამარ კახიძე, „ფარფურის“ ერთ-ერთი მფლობელი. მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ 15 წლის ბიჭმა მართლა გააჩინა ხანძარი მის მაღაზიაში, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას ამის გაკეთება მოზარდს სხვებმა დაავალეს.

თამარ კახიძის თქმით, მისთვის გამოძიებას არაფერი უკითხავს იმაზე, რასაც მოზარდი ფაქტთან დაკავშირებით ამბობს.

„არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ მოზარდს რამე ეთხოვა და არ მიგვეცა, არათუ ნისიად, ისე მივცემდით საკვებს, თუ ალკოჰოლს და სიგარეტს არ ითხოვდა, მაგრამ ასეთი ფაქტი არც კი ყოფილა,“ – ამბობს მაღაზიის მესაკუთრე თამარ კახიძე.

_______________

მაღაზიებში ხანძრის გაჩენამდე „ფარფურის“ მესაკუთრეებმა სასამართლო დავა დაიწყეს ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძის წინააღმდეგ და მას ვალის დაბრუნება მოსთხოვეს.

„ფარფურის“ ერთ-ერთი მესაკუთრე, მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ მას სავარაუდოდ კრიმინალური ავტორიტეტი „ენცოც“ დაემუქრა. „მოგელანდები ყველგან“, „ჩემთან ომი პატარა საქმე არ არის“, – მისწერეს ბიზნესმენს სოციალურ ქსელში.

მიმოწერით არ დასტურდება, რომ მერაბ ფარტენაძეს ნამდვილად ე.წ. კანონიერი ქურდი „ენცო“ სწერს, თუმცა ბიზნესმენის თქმით, ამ მიმოწერამდე მას უცხო ქვეყნის კოდით დაურეკეს და უთხრეს, რომ „ენცო“ [დავით ტუღუში] ესაუბრებოდა.

ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს, „ოცნების“ აქტივისტს გოჩა ბარამიძეს და კანონიერ ქურდს „ენცოს“ მუქარაში სდებს ბრალს ასევე სოფო ნებიერიძეც. ის მურმან ჯინჭარაძის სამშენებლო კომპანიაში დირექტორად მუშაობდა.

ბისნესმენი მურმან ჯინჭარაძე და „ენცო“ ფიგურირებდნენ „წულუკიძეების საქმეშიც“ – გასული წლის ზაფხულში ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ მოსამართლე დავით მამისეიშვილს უთხრა, რომ შეკრებაში კანონიერი ქურდიც იყო ჩართული. მაშინ სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ფირუზ წულუკიძემ [რეზო წულუკიძის ძმა] „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ წინასაარჩევნოდ ე.წ. ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში „ენცო“ მონაწილეობდა, იგივე დავით ტუღუში.

სასამართლო პროცესზე გაჟღერდა „ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძეც“. კონკრეტულად კი, ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ადვოკატი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა. „ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – თქვა დავით ჯაფარიძემ.

ამ სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე კი, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ თქვა, რომ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ, თორნიკე რიჟვაძე, როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.

ახლა რეზო წულუკიძე ისევ პატიმარია უკვე სხვა საქმეზე. დააპატიმრეს ფირუზ წულუკიძე და კიდევ ხუთი პირი და ეს მას შემდეგ, როცა ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება, თუმცა ჩნდება კითხვები ამ საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო მაშინ, როცა ბრალდებული წულუკიძეები და ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ ყველა აქციაში მონაწილეობდნენ და აქტიურად უპირისპირდებოდნენ „ოცნებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: