მთავარი,სიახლეები

ადვოკატი: ფირუზ წულუკიძეს „ოცნება“ ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა

08.09.2020 • 2291
ადვოკატი: ფირუზ წულუკიძეს „ოცნება“ ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა

„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ხულიგნობის საქმეზე დაკავებული ელდარ ანთაძის ინტერესებს იცავს. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენის ხელით „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის სათავისოდ გამოყენება სცადა.

საუბარია ბათუმში 2020 წლის აპრილში მომხდარ ინციდენტზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს და ელდარ ანთაძეს გამოძიებამ ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა კონცელიძე კი, გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული. ბრალი წარუდგინეს დაპირისპირებულ მხარეს მყოფ სამ პირსაც, თუმცა ისინი წინასწარ პატიმრობაში არ არიან. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

ბრალდებულების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების თქმით, მათ უსამართლოდ სჯიან, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დახმარებაზე უარი უთხრეს. რეზო წულუკიძის ძმამ, ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობის აპარატის წინ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა, რომ მათ წინასაარჩევნოდ დახმარებას და პრაქტიკულად, ზონდერჯგუფის შექმნას სთხოვდნენ. ფირუზ წულუკიძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციულ შეხვედრებს მასთან და მის ძმასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე მართავდნენ.

დღეს, 8 სექტემბერს, რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძის და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი პროკურორის გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ბრალდებულებს უთხრა, რომ პროკურორი პაატა ცეცხლაძე პროცესზე ვერ მივიდოდა, რადგან იუსტიციის სახლში კორონავირუსით დაინფიცირება დაფიქსირდა.

„დიდი ხანია არ ყოფილხართ ამ დარბაზში,“ – მიმართა მოსამართლემ ბადრაგის თანამშრომლებს, რომლებმაც დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები ჩამოიყვანეს – პანდემიის პირობებში ბრალდებულები სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ.

მოსამართლის თქმით, ის მორიგ პროცესამდე ტესტირების შედეგებს დაელოდება. თუკი პროკურორი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, შემდეგი პროცესი დისტანციურად ჩატარდება.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას და მის შეხვედრას ბიზნესმენთან, რომელსაც ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს – ადვოკატი დავით ჯაფარიძე განმარტავს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის გირაოთი გასათავისუფლებლად ახალი გარემოებაა საჭირო. ადვოკატი ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვედრია, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულიცაა [გამოძიების ვერსიით მას დაუპირისპირდნენ რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე] და დაზარალებულიც.

„…აღკვეთი ღონისძიების შესაცვლელად საჭიროა ახალი გარემოება, ახალი გარემოება დარჩა დაზარალებულის პოზიცია, ჰქონდა თუ არა პრეტენზია და ითხოვდა თუ არა ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით მივედი ერთ-ერთ დაზარალებულთან, რომელსაც მანამდეც ვიცნობდი, მურმან ჯინჭარაძესთან… ის დამხვდა პოლიტიკური მოთხოვნებით. მან მოითხოვა, რომ ფირუზ წულუკიძეს მთავრობისთვის მოეხადა ბოდიში და თავისი ნათქვამის უარყოფა მოეხდინა. მურმან ჯინჭარაძემ მითხრა, რომ ეს იყო ხელისუფლების დავალება, მაგრამ არ თქვა, ვინ სთხოვდა ამას… ეჭვიც არ მეპარება, რომ მურმან ჯინჭარაძე ვერ მისცემდა თავს უფლებას, ხელისუფლების სახელით თვითონ ესაუბრა. ეს დაკვეთა მოდის დედაქალაქიდან,“ – გვითხრა დავით ჯაფარიძემ.

დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დავით რიჟვაძეს [თორნიკე რიჟვაძის მამა] არ უკავშირდება ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის დაპატიმრება.

იგივე პოზიცია აქვს ფირუზ წულუკიძესაც: „მე არც ადრე მითქვამს, რომ დავით რიჟვაძის ინტერესი იყო ჩვენი დაპატიმრება… იგი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა… ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მოდიოდა კახი კალაძისგან. მას ჰქონდა კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდა. ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა კახი კალაძის დავალება შეასრულეს,“ – აღნიშნა ფირუზ წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებმა“ სცადა ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა. მურმან ჯინჭარაძე ამჟამად კომპანია„ბათ ინვესტ 2020“-ის დირექტორია. ის ასევე იყო კომპანია „სლავა 2015“-ის დირექტორი.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/289865/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: