ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

24.07.2019 • 3042
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 მარტსაა გაცემული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება.

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას კი ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

2018 წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე, უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მამუკა ხაზარაძე დაკითხა. 

დღეს, 24 ივლისს, კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. „მაინც ავაშენებთ!!!”, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აზიარებს ცნობას, რომლის თანახმადაც პორტისათვის გენერალური მშენებელი კომპანია შეირჩა. ის ფრანგული Eiffage იქნება.

იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში და რა სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანაა დასაშვები ამ ტერმინალიდან – ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით?

ამ თემაზე:

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში სხვა სამუშაოებიცაა დაგეგმილი. აქ უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას გეგმავს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის თხევადი აირის გადამტანი ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. თამარის დასახლებაში ამისთვის 7 ახალი აირსაცავი რეზერვუარი მოეწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის].

მთავარი ფოტო: კარბამიდის ტერმინალის ინფრასტრუქტურის განლაგების სქემა / ფოტო პროექტიდან

ამ თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: