მთავარი,სიახლეები

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

15.03.2021 • 7666
რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა ეპიდემიის გამო ქვეყანაში კვლავ არაერთი შეზღუდვა მოქმედებს.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდოს. მაგალითად, იმიტომ, რომ მრეწველობა იზრდება, ფაბრიკა-ქარხნები შენდება, მზარდია ტურიზმის სექტორი. თუმცა 2020 წელს, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად, ხოლო ტურიზმი აბსოლუტურად გაჩერდა, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის იგივე იყო, რაც 2019 წელს. ამასთან საჭირო გახდა დენის ყიდვა/იმპორტიც, დენი კი გაძვირდა.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა მოსახლეობამ [მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა] ბოლო ორ წელში. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ქსელში მთლიანად მიწოდებული ელექტროენერგიის საშუალოდ 20 პროცენტს მოიხმარს.

„ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 2,4 მილიარდი კილოვატსაათი დენი მოიხმარა, 2020 წელს კი – 2,56 მილიარდი. მთლიანობაში კი ქვეყანაში 12.1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიხარჯა.

იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა საწარმო და კომერციული ობიექტის უმეტესობა გაჩერებული იყო, ქვეყანამ 1,6 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეისყიდა საზღვარგარეთ, ანუ 2020 წელს იმპორტი 1,5 მილიარდი კვტსთ-ით მეტი იყო დენის იმ ოდენობაზე, რაც მოსახლეობამ დამატებით მოიხმარა ამავე წელს. დენის იმპორტი კი მაშინ ხორციელდება, როცა ქვეყანაში მისი დეფიციტი იქმნება.

საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დროში იმ პერიოდს ემთხვევა, რაც ქვეყანაში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყო. ვირტუალური ვალუტის წარმოება ბევრ ენერგიას მოითხოვს, მწარმოებლები კი სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით და დენში გაცილებით დაბალ ფასს იხდიან. კრიპტოვალუტის მწარმოებლები არც გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში.

კრიპტოვალუტის წარმოება არალეგარულადაც ხდება, რაც დენის მოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. იზრდება დენის იმპორტიც, „გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ კი, ხელისუფლების სტრატეგია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.

საქართველოში 2019 წელს  მომხმარებლებს მთლიანობაში 12.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა, 2020 წელს კი, თითქმის ამდენივე – 12.1 მილიარდი კვტ/სთ. ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ საწარმო დაწესებულებების გაჩერების მიუხედავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა. ასევე უტყუარი მონაცემებით, 2014 წლამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არავინ არაფერი იცოდა ბიტკოინებზე, საქართველო სტაბილურად მოიხმარდა მაქსიმუმ 9.6 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას.

მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, საქართველო კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ერთი ბიტკოინის ფასი კი [რომელიც საკმაოდ ცვალებადია] დღეს, 15 მარტს, coinmarketcap-ის მონაცემებით, 58,5 ათასი აშშ დოლარია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] მონაცემები – როგორ იზრდება ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა:

მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგია საქართველოში / წყარო: ესკო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდწილად კამპანიის გამო – „არა ჰესებს“. მისივე თქმით, „2020 წლის მონაცემებით, მთელი ჩვენი მოხმარების 2% არის მაინინგით [კრიპტოვალუტის წარმოებით] დაკავებული კომპანიების მოხმარება“.

ეს მინისტრმა 9 მარტს საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, კრიპტოვალუტის წილი მთლიან მოხმარებაში 2018 წელს 8.5%, ხოლო 2019 წელს 8.6 პროცენტი იყო. შესაბამისად, ნარმანიას მონაცემებით, კრიპტოვალუტის წარმოებაში თითოეულ ამ წელს საქართველოში 1.069 და 1.097 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია დაიხარჯა.

თავის მხრივ დავით ნარმანიასგან განსხვავებული მონაცემები აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც ენერგოდეფიციტს არა უშუალოდ ეკონომიკის ზრდას, არამედ მაინინგს უკავშირებს. 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, „კრიპტოვალუტის მოპოვებამ [წარმოებამ] დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე, რის გამოც ქვეყანა გადაიქცა წმინდა ექსპორტიორიდან ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორად. საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის წილი, რაც კრიპტოვალუტის მაინინგს [წარმოებას] სჭირდება, 10%-დან 15%-მდე მერყეობს“.

გამოდის, რომ 2018 წელს საქართველოში არა 1.069, არამედ 1.887 მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგია იხარჯებოდა კრიპტოვალუტის წარმოებაზე [ანუ 378 მილიონი კვტ/სთ-ით მეტი დენი, ვიდრე ქვეყანამ იმავე წელს „დეფიციტის შესავსებად“ იყიდა].

კონკრეტულად რამდენი ელექტროენერგია იხარჯება კრიპტოვალუტის საწარმოებლად, ამის ზუსტად ციფრს ვერავინ გეტყვით, რადგან ქვეყანაში ამ მონაცემებს ოფიციალურად არავინ ითვლის. რამდენი პირი ეწევა მაინინგს ქვეყანაში, ოფიციალურად აღრიცხული არ არის. ზოგადად კი, კრიპტოვალუტას აწარმოებს სხვადასხვა საწარმოო, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიც, ასევე, აწარმოებენ ფიზიკური პირები.

მაინინგის არალეგალურად მოპოვების ფაქტები გამოვლინდა სვანეთში, სადაც მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. შესაბამისად, დენის საფასურს იქ არც კრიპტოვალუტის მწარმოებლები იხდიან. ამიტომაც მიიჩნევა, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ზონაა ამ ბიზნესისთვის.

„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“, – განაცხადა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2 თვის წინ.

სემეკშიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ბიტკოინს ბევრი აწარმოებს, თუმცა ამ სფეროს თავად არ არეგულირებენ.

„ბიტკოინის მწარმოებელი არის სპეციფიკური მომხმარებელი. იყო საუბარი, რომ მათ მიეღოთ უფრო ძვირადღირებული ენერგია, მაგრამ არ არსებობს განსაკუთრებული მიდგომა – რომ ბიტკოინმა ძვირიანი ელექტროენერგია მოიხმაროს და გადაიხადოს, ხოლო სხვამ უფრო ნაკლებფასიანი. მოქმედი კანონმდებლობა რაიმე მსგავსი რეგულაციების დაწესებას არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება სვანეთს, იქ მოსახლეობა დენის ფულს არ იხდის. ამიტომ დაიწყეს ბიტკოინის წარმოებაც. ამასთან, 5-6-ჯერ გაიზარდა მოხმარება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს იყო. ქსელმა ვერ გაუძლო დატვირთვას, დაზიანდა ტრანსფორმატორები და ასეთი მომხმარებლები „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ჩახსნა ქსელიდან. თუმცა, ვინც იხდის გადასახადს, მას დენის მიწოდებას კანონით ვერ შეუწყვეტ… დღეს ბიტკოინის ბევრი მწარმოებელია, რომლებიც სახლებში არიან და მაგათი აღრიცხვა ცოტა რთულია“, – ამბობს გოჩა შონია, სემეკის წევრი.

„რამდენით გაიზარდა მოხმარება კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით, ამის ზუსტად დათვლა შეუძლებელია, რადგან ეს ერთ-ერთი გაუმჭვირვალე ბიზნესია… ფაქტია, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველო იყო დენის ექსპორტიორი, დღეს კი ვართ სერიოზული დეფიციტის წინაშე. ვინაიდან ოფიციალური მონაცემებითაც ეკონომიკის ზრდა არ ყოფილა, მოხმარების გაზრდას მე ვუკავშირებ ტურიზმს და მეორე ფაქტორი არის ბიტკოინის წარმოება. თუმცა შარშან ეკონომიკა გაჩერდა, ბოლო 9 თვეს ტურიზმი საერთოდ არ გვქონია და რატომ უნდა ყოფილიყო საჭირო იმპორტი, შედეგად კი, დეფიციტური ჩვენი ენერგობალანსი, თუ არა ბიტკოინის წარმოება? ტურიზმისა და ბიტკოინის გარდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი  მეცნიერ-თანამშრომელი.

ესკოს მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს იმპორტირებული იყო 1,62 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია, 2020 წელს კი, პანდემიის პირობებშიც, თითქმის ამდენივე – 1,61 მილიარდი:

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში / წყარო: ესკო

საქართველოში კრიპტოვალუტის მხსხვილი მწარმოებლები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქმიანობენ და ასევე იმ მუნიციპალტეტებში, სადაც მოსახლეობა გათავისუფლებულია დენის გადასახადისგან, ან შეღავათებია დაწესებული, მაგალითად ქვეყნის მთის რეგიონებში. მთიან რეგიონებში კი ელექტროენერგიის გადახდაზე შეღავათები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოში 1797 დასახლებულ პუნქტს აქვს მაღალმთიანის სტატუსი. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის მოხმარებულ დენზეც, ასეთ ადგილებში გაცილებით ნაკლებს იხდიან. 

ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ], არც მოგებისა და ქონების გადასახადებს. დღგ-ს გარეშე ელექტროენერგის შეძენისას კი, დენის ფასი ამ კომპანიებს 18%-ით უმცირდებათ.

ბიტკოინის [ციფრული ვალუტის] ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა „ბიტფური“, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან 2014 წელს 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო და გორში მონაცემთა ცენტრი ააშენა.

2015 წლის ზაფხულში ამ კომპანიას საქართველოს მთავრობამ თბილისში 18 ჰექტარი მიწა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  მიჰყიდა; 2015 წლის ოქტომბერში კი, ამავე ტერიტორიას თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა და „ბიტფურიმ“ იქ მეორე მონაცემთა ცენტრი განათავსა.

გარდა იმისა, რომ კომპანიები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში შეღავათებით სარგებლობენ, საქართველოში ზოგადად კრიპტოვალუტის გაყიდვა გათავისუფლებულია დღგ-სგან, ხოლო გაყიდვით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

 

 

„ბიტფურიმ“ [იგივე „ბი ეფ დი სი ჯორჯია“], ესკოს მონაცემებით 2019 წელს 534.2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2020 წელს კი გაცილებით ნაკლები – 131.7 მილიონი კვტ/სთ.

საქართველოში ბიტკოინს აწარმოებს ასევე უკრაინელ მილიარდერ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანია „ბლოქფაუერი“, რომელმაც, ესკოს მონაცემებით, 2019 წელს 122 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, თუმცა 2020 წელს ამ კომპანიას ელექტროენერგია საერთოდ არ შეუძენია.

 

 

ბიტკოინი ვირტუალური გადახდის საშუალებაა და რეალიზაცია ხდება საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმებზე, ამიტომ ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, მთავარი საკითხი ისაა – ბიტკოინის გაყიდვით ფული საქართველოში შემოდის, თუ რჩება საზღვარგარეთ, რაღაც ოფშორულ ანგარიშებზე.

„მე ვეჭვობ, რომ არ შემოდის საქართველოში. თუ ჩვენ ვართ მესამე მწარმოებელი ქვეყანა ბიტკოინების [2018 წელს მესამე ადგილზე ვიყავით], მაშინ საუბარია დიდი ოდენობით თანხაზე… ბიტკოინი შეიძლება იყოს ჩვენი, როგორც ნომერი პირველი საექსპორტო პროდუქტი – ღვინოზე და მარგანეცზე უფრო მეტად და ჩვენ ეს თანხა რომ შემოგვდიოდეს ქვეყანაში – მაშინ ჩვენი ეკონომიკური სისტემა იქნებოდა გაცილებით მდგრადი, არ მოხდებოდა ლარის კურსის ვარდნა, საგადასახადო ბალანსი იქნებოდა გაცილებით უფრო მყარი, აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით“, – ამბობს ჩეჩელაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შეღავათების ხარჯზე რაღაცის წარმოება და შემდეგ ასეულობით მილიონის გადატანა ჩრდილში არ უნდა ხდებოდეს: „ექსპორტ-იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაში ბიტკოინების ექსპორტს ვერ ნახავ. გამოდის, რომ მთელი შემოსავალი აქვთ ჩრდილში. მაქვს კითხვა – რამდენად სამართლიანი ვითარებაა ეს, როცა ასეულობით მილიონი დოლარის ბიტკოინები სახელმწიფოს ხარჯზე მიღებული შეღავათებითაა ნაწარმოები? შეღავათების დაწესება ხდება სხვადასხვა ქვეყანაშიც ბიზნესისთვის, მაგრამ უკუკავშირი სარგებელი ხომ უნდა იყოს?“

„სად არის ეს ბიტკოინები? – საზღვარგარეთ თუ გავიდა, რატომ არ შემოვიდა ფული? მოგების გადასახადი სად არის? და თუ ვცდები, მაშინ ყველაზე კარგი გზაა – ამ ბიზნესმა გამოაქვეყნოს თავისი წლიური ანგარიშები – რომ აი, გადაიხადა გადასახადები… მხოლოდ მაშინ მეცოდინება თუ გვიღირს, რომ ამ ბიზნესისთვის გავხდეთ ენერგოდეფიციტური ქვეყანა, ვაწარმოოთ გაუთავებლად დენის იმპორტი და ასევე, ამის გამო ავაშენოთ ეს უზარმაზარი ჰესები, რაც, თავის მხრივ, ცალკე ქმნის პრობლემებს. ანუ კომპლექსურად არის შესახედი და გადასაწყობი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.

 

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/263943/


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: