მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები აჭარაში – სიახლეები ჯანდაცვის პროგრამებში

14.06.2021 • 3150
რა შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები აჭარაში – სიახლეები ჯანდაცვის პროგრამებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მთავარი ბენეფიციარი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. პროგრამები უშუალოდ მორგებულია მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

ნახეთ პროგრამები სრულად:

სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით თითქმის ყოველწლიურად ამოქმედებს ახალ პროგრამას, ან მიმდინარეობს უკვე არსებული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მომსახურების ნუსხის, ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის გაზრდა-გაფართოება.

2021 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაიზარდა მექანიკური და ოთახის სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტი. ასევე გაიზარდა სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფისათვის ციფრული სმენის აპარატების დაფინანსება. მიმდინარე წელს შეიცვალა კოხლეარული იმპლანტის პროცესორის ღირებულება და ნაცვლად 18300 ლარისა ფინანსდება 23500 ლარით. ასევე გაიზარდა მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისა“ და „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ პროგრამებში ჩართულ შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციართა დღიური დაფინანსების ლიმიტი.

„სამინისტროს პროგრამები იგეგმება და ხორციელდება გამოვლენილი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდეს ფინანსური თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვისკენ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სოციალური უსაფრთხოებისკენ“ – აცხადებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

მინისტრი დასძენს, რომ ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას იმართება პრიორიტეტების საბჭოს სხდომა, სადაც მოწვეულნი არიან დარგის ექსპერტები და პროგრამების შემუშავებისას ხდება მათი წინადადებების გათვალისწინება.

„პანდემიის გამო გასულ წელს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები დისტანციურად მოვისმინეთ. ტრადიციას წელს აღვადგენთ და ერთ სივრცეში შევხვდებით ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს. უახლოეს დღეებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2022 წლის პროგრამების დასაგეგმად ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და წინადადებები“, – ამბობს მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

განსაკუთრებული საჭიროებებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ქვეპროგრამების განხორციელება, როგორიცაა „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ბავშვთა ადრეული განვითარება“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“,სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია“ და „შშმ ბავშვთა სოციალური ადაპტაცია“.

ასევე, ერთ „ქუდში“ მოექცა სქოლიოზისა და დისპლაზიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, რამაც განაპირობა გაფართოებულიყო სამიზნე ჯგუფი. ამუშავდა „ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“,  რომლის ფარგლებშიც მომსახურება მიეწოდება არა მარტო  სქოლიოზის, მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და დისპლაზიის მქონე ბავშვებს, არამედ განიხილება ძვალსახსროვანი სხვა დეფორმაციებიც, მათ შორის ტერფმრუდობა, ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და სხვა.

ცვლილებები შეეხო ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის რიგ პროგრამებს. კერძოდ:

პროგრამა – „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა“ გარდა აქამდე გათვალისწინებული ციფრული აპარატებისა, მე-3-4 მძიმე ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა გაძლიერებული ადაპტაციური თვისებების მქონე სმენის აპრატები.

გაფართოვდა პროგრამით„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა“ გათვალისწინებული სავარძელ-ეტლების სახეობა. გარდა ოთახის სავარძელ-ეტლებისა, ასევე ფინანსდება შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლები.

პროგრამა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა“ მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სხვადასხვა დამხმარე/მოვლის საშუალებათა საჭიროების მქონე პირები. პროგრამით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებათა ჩამონათვალი ყოველწლიურად ივსება მომართვიანობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

[checklist]

  • ხმის წარმომქმნელი აპარატი (ლარინგექტომიის შ/მდგომარეობა)
  • შშმ პირთათვის განკუთვნილი სამედიცინო ამწე
  • კოხლეარული იმპლანტის პროცესორი
  • ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი
  • ნახველის ამოსაღები აპარატი
  • ჟანგბადის კონცენტრატორი
  • ფუნქციური საწოლი
  • ღამის აპნოეს აპარატი

[/checklist]

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წელს აამოქმედა ახალი პროგრამა – ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით  უზრუნველყოფა“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18 წლისა და მეტი ასაკის პირი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არ აღენიშნება სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დეფიციტი და არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო. პროგრამაში ჩართვა მიმდინარეობს შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე. სერვისით უკვე ისარგებლა 77-მა ბენეფიციარმა.

გასულ წელს სამინისტრომ პირველად დაიწყო – მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებში 2021 წლიდან შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარისათვის დღიური დაფინანსების ოდენობა გაიზარდა და 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 30 ლარს. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც აღარ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი და ვერ ხერხდება მათი ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია.

ასევე გაიზარდა დღიური დაფინანსების ოდენობა პროგრამის „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა“ მოსარგებლე შშმ ბენეფიციართათვის. კერძოდ, 2021 წლიდან 19 ლარის ნაცვლად დღიური დაფინანსება შშმ ბავშვის შემთხვევაში 30 ლარს შეადგენს, ხოლო შშმ დედის შემთხვევაში – 20 ლარს.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სტატუსის მქონე მოქალაქეებთან ერთად სამედიცინო სერვისები უფინანსდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს. კერძოდ ფინანსდება – მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, საზღვარგარეთ მკურნალობის თანაგადახდა, სახსრების ენდოპროთეზირება, ონკოლოგიური პაციენტებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა, ძვირადღირებული კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტები, რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა. ასევე ხდება მათი საჭიროებების განხილვა და დაფინანსება „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში.

ცალკე აღსანიშნავია „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამა, რომლის დაფინანსება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ  2017 წელს აჭარის მოსახლეობისათვის ქვეყნის მასშტაბით პირველმა დაიწყო. პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება.

გასულ წელს აჭარის ა/რ  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო, აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული მართვის მიზნით  პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან რეფერირებული რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 2-7 წლის ასაკის ბავშვთა აუტიზმის სკრინინგული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დიაგნოსტიკა.

შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას – “შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა ახორციელებს აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტო. გადამზადებულ ბენეფიციართა ნაწილი კურსის დასრულების შემდეგ დასაქმდა.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოადგენს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების სფეროში ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: