მთავარი,სიახლეები

„3 მაღაზია დამიწვეს“ – ბიზნესმენი ამბობს, რომ „ოცნების“ სახელით ბიზნესის დათმობას აიძულებენ

09.06.2021 • 21823
„3 მაღაზია დამიწვეს“ – ბიზნესმენი ამბობს, რომ „ოცნების“ სახელით ბიზნესის დათმობას აიძულებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ობიექტის დაწვა დღეს სცადეს. მფლობელი ამბობს, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა ამ ქსელზე თავდასხმის.

„ბათუმელები“ მაღაზიათა მფლობელს, თამარ კახიძეს ესაუბრა. ქალის თქმით, მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, რომ ბიზნესი დათმოს. მაღაზიის მფლობელი ქალი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით ახორციელებს.

„მურმან ჯინჭარაძე არის ჩემი მოვალე, ძალიან დიდი ვალი აქვს, მას არ სურს ვალის დაბრუნება და ამ ფორმით ცდილობს ჩემზე ზეწოლას.

ბოლო ერთ კვირაში სამჯერ სცადეს ჩვენი მაღაზიების დაწვა. ერთი შემთხვევა იყო აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე შემთხვევა – ხელვაჩაურის გზატკეცილზე და მესამე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

მე გამოძიებასაც მივეცი ჩვენება და იმავეს გეტყვით, რომ ყველა ამ შემთხვევას ვუკავშირებ მურმან ჯინჭარაძეს. ეს ადამიანი ფიგურირებს ძმები წულუკიძეების საქმეშიც და როგორც თვითონ ამბობს პირად საუბრებში, მას ზურგს უმაგრებს ვინმე გოჩა ბარამიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ყოფილი პოლიციელია“, – გვითხრა თამარ კახიძემ.

ქალი ამბობს, რომ ეს ადამიანები არა მარტო მასზე ახორციელებენ ზეწოლას, არამედ მათ სახელს ბიზნესების შანტაჟის გზით წართმევის არაერთი ფაქტი უკავშირდება.

„როგორც თვითონ ამბობს ჯინჭარაძე, მას გოჩა ბარამიძე ლობირებს, რომელსაც კავშირები აქვს ე.წ. კანონიერ ქურდებთან და ის ასევე ხშირად ახსენებს შსს მინისტრს გომელაურს, რომელიც თითქოს მასთან არის დაახლოებული.

ჯინჭარაძეს რომ ჩემი ვალი აქვს, ეს ვალი არის ოფიციალურად აღიარებული, ამაზე არის სააღსრულებლო წარმოება დაწყებული. თუმცა ჯინჭარაძემ გააყალბა სავალე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თითქოს მას ვალი გადახდილი აქვს. დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – ამბობს თამარ კახიძე.

„ფარფურის“ მფლობელი ამბობს, რომ ის არ არის კმაყოფილი გამოძიებით, რადგან პროცესი ჭიანურდება.

„დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ჩატარდა ექსპერტიზა და ამ დრომდე პასუხი არ არის. ასევე, ვიდეოთვალში იდენტიფიცირებულია ავტომანქანა, მარკა და სანომრე ნიშანი, თუმცა ამ დრომდე არ არის დადგენილი მფლობელი.

არსებობს ჩანაწერებიც, მურმან ჯინჭარაძისა და გოჩა ბარამიძის  საუბრის, რომელიც აქვს გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ მივმართე განცხადებით შსს მინისტრს და გენერალურ პროკურორს და ველოდები რეაგირებას“, – ამბობს კახიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს სამინისტროს და ჰკითხა, რა პროცესშია გამოძიება „ფარფურის“ მაღაზიების დაწვის მცდელობის ფაქტებზე. პოლიციაში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რაც შეეხება მურმან ჯინჭარაძეს და გოჩა ბარამიძეს, „ბათუმელები“ ცდილობს მათთან დაკავშირებას. შესაბამისად, მათ განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: