მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“.
- როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის
მოსახლეობას, ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის იანვარსა და თებერვალში, თითოეულ თვეში მოიხმარს 200 კილოვატ საათზე მეტ ელექტროენერგიას, მაგრამ არაუმეტეს 301 კილოვატს, სახელმწიფო დაუფარავს იმ სხვაობას, რაც იქნება 2020 წლის ტარიფსა და ახალ ტარიფს შორის.
იმ მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის იანვარსა და თებერვალში 200 [ან 200-მდე] კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს, მას დენის საფასურს სახელმწიფო მთლიანად დაუფარავს.
რაც შეეხება სუბსიდირებას 2021 წლის მარტის თვიდან:
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში [კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოიხმარა/მოიხმარს 301 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას:
- 2021 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში [თითოეული თვისათვის] მოხმარებული ელექტროენერგიისთვის 2020 წელს მოქმედ ტარიფსა და საანგარიშო თვეში მოქმედ ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში [თითოეული თვისათვის] კი, მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
- თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი სარგებლობს უნივერსალური მომსახურებით და ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
- თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ელექტროენერგიას შეისყიდის თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და გაწეული მომსახურების საფასური აღემატება 2020 წელს შესაბამის საფეხურზე მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების საფასური აღემატება შესაბამის არეალში არსებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება აღნიშნული ტარიფი.
რა ხდება 1-ლი ივლისიდან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა.
„გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება. კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს ერთდროულად მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს.
„მიწოდების ახალი ტარიფი სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, თუმცა, აღნიშნული ცვლილება, არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს. ზოგადად, ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – აცხადებს სემეკი.
სემეკმა დენის ახალი ტარიფები 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგინა, რითაც ეს ტარიფები გაიზარდა.
„ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი. ამ რეფორმის ნაწილია ის, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან თავისუფალ ბაზარზე უნდა შემოვიდეს ახალი სუბიექტები, მათ შორის არის უნივერსალური და სხვა მიმწოდებლები. შესაბამისად, ივლისიდან მოსახლეობაზე და მცირე საწარმოებზე ელექტროენერგიას გაანაწილებს უნივერსალური მომხმარებელი. „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ და „თელასისთვის“ ტარიფი 1-ელ ივლისამდე დავადგინეთ, იმიტომ, რომ ეს კომპანიები, უკვე როგორც დენის მიმწოდებლები აღარ იქნებიან ბაზარზე და ისინი იქნებიან მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები. ივლისიდან ტარიფი დაუდგინდება ახალ უნივერსალურ მიმწოდებლებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.
ივლისიდან, უნივერსალური მიმწოდებელი შესაძლოა ისევ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „თელასის“ შვილობილი კომპანიები გახდნენ, ამას კანონი უშვებს. ასე, რომ მოსახლეობისთვის დენის მიწოდების მხრივ კვლავ დარჩება მონოპოლია – თუ დღეს დენით თბილისს „თელასი“ ამარაგებს და დანარჩენ საქართველოს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ივლისიდან ამ ორ არეალში კვლავ თითო უნივერსალური კომპანია იქნება მიმწოდებელი.
გოჩა შონიას თქმით, უნივერსალური მიმწოდებლის ვალდებულებას კომპანიას აკისრებს მთავრობა, „მაგალითად, ენერგო-პრო დღეს ახორციელებს 2 საქმიანობას: ელექტროენერგიას ყიდულობს – ეს არის მიწოდება და ფიზიკურად მიაქვს ის მომხმარებლამდე – ეს არის განაწილება. ახალი კანონი ამბობს, რომ ეს უნდა გაიყოს. იქნება თუ არა შვილობილი კომპანია, ჯერ არავინ იცის. ვის შეარჩევს უნივერსალურ მიმწოდებლად, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული. მთავრობა განსაზღვრავს ასევე კრიტერიუმებს და სტატუსს – თუ ვინ იქნება მცირე საწარმო. უნივერსალური კომპანია ივლისიდან თავად მიაწვდის მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას“.
შეიცვლება თუ არა ტარიფი მოსახლეობისთვის ივლისიდან
გოჩა შონია ამბობს, რომ „რთულია ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა, მაგრამ საბოლოო სამომხარებლო ტარიფი ჩვენ ისე გვაქვს დადგენილი, რომ პრინციპში, ის არ უნდა შეიცვალოს. თუ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა და მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდა ამ მიმართულებით, გამორიცხული არაფერი არ არის. ასევე, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარი გამყარდეს და სხვანაირი ტარიფები დაჯდეს… ვალუტის კურსი ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ 2017 წელს დავადგინეთ ტარიფები და მაშინ კურსი იყო 2,5. ახლა 3,31-ზე დავიანგარიშეთ ტარიფი“.
სემეკის წევრის თქმით, ტარიფის გაზრდას ასევე იწვევს ის, რომ მოხმარებულ ელექტროენერგიაში იზრდება ძვირადღირებული ელექტროენერგიის წილი.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველთვიურად იზრდება 5-დან 7 პროცენტამდე და ყოველი მატება მოხმარების, ეს არის ძვირადღირებული ელექტროენერგია. ანუ, დამატებით შემოდის ან იმპორტი, ან ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან, ან თბოსადგურებიდან. სამივე ეს ელექტროენერგია არის ძვირადღირებული – დამოკიდებულია ვალუტაზე. იმპორტიც, ასევე ახალი ჰესებიც ხელშეკრულებებს აფორმებენ უცხოურ ვალუტაში, ცენტებში და ესეც კურსთაშორის ცვლილებაზეა მიბმული. თბოსადგურებიც გაზზე მუშაობს და იქაც გაზის ფასი დამოკიდებულია კურსთაშორის სხვაობაზე“, – ამბობს გოჩა შონია.
რატომ არის ძვირი ახალი ჰესებიდან მიღებული დენი
გოჩა შონიას თქმით, სემეკი არ არეგულირებს, რა ფასად გაყიდიან ახალაშენებული ჰესების დენის ტარიფს: „არის რამდენიმე რეგულირებადი ჰესი, მათ შორის ენგურჰესი, სადაც ფასებს სემეკი ადგენს და ეს არის გაცილებით იაფი ენერგია. მაგრამ ეს ჰესები უკვე მაქსიმუმზე არიან, მეტს ვეღარ გამოიმუშავებენ. ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია კი გაცილებით ძვირია. კანონით, 2008 წლის შემდეგ აშენებული ჰესები არის დერეგულირებული. ანუ, აქ ფასი დგინდება ხელშეკრულებით, რომელსაც დებს ინვესტორი – ვინც ააშენა ჰესი, მთავრობა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი [ესკო]. ამ ჰესიდან ენერგიის შესყიდვა შემდგომში ხდება იმ ფასად, რაზეც შეთანხმდებიან. ამ პირობით აშენებს ინვესტორი ჰესს. ეს არის შეთანხმებული ფასი და არ არის სემეკის დადგენილი. ინვესტორი კი არ შემოდის, თუ ინტერესი არ აქვს“.
სემეკის ინფორმაციით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში 8-9 მილიარდი კილოვატსაათიდან 13 მილიარდამდე გაიზარდა. გოჩა შონიას თქმით, ქვეყანაში მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე გამომუშავება. მოხმარებულ ენერგიაში კი, იზრდება ძვირადღირებული ელექტროენერგიის წილი და პროცენტულად იკლებს იაფიანი დენი, ეს თავის მხრივ უშუალოდ პროდუქტის [ელექტროენერგიის] გაძვირებას იწვევს.
„2008-09 წლებში თუ იყო ჩადებული დენის ტარიფში 5,8 თეთრი შესყიდვის ფასი [საშუალო შეწონილი], წელს ავიდა 12 თეთრამდე – ეს ენერგო-პროს არეალში. ძვირადღირებული ენერგია მოცულობაში შეიძლება არ იყოს დიდი, მაგრამ რახან ძვირიანია, ღირებულებით ნაწილში მეტს იკავებს“, – ამბობს გოჩა შონია.
მისივე თქმით, ივლისამდე 2 თვით ადრე მაინც უნდა იყოს ცნობილი უნივერსალური მიმწოდებლები, რომლებისთვისაც სემეკი ახალ სამომხმარებლო ტარიფს დაადგენს. ამ უნივერსალურ მიმწოდებლებს შემდგომში აბონენტებთან ხელშეკრულებების გაფორმებაც მოუწევთ.
სემეკში ამბობენ, რომ სამომხმარებლო ტარიფზე ეს ცვლილებები ნაკლებად აისახება, რასაც ვერ ამბობენ კომერციული მომხმარებლებისთვის. სახელმწიფო კი, ზოგი ბიზნესისთვის მოხმარებული დენის სუბსიდირებას გეგმავს.
2021 წლის განმავლობაში, არსებულ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს [50%-ს] სახელმწიფო 20 მიმართულების ბიზნეს დაუფარავს.
ამ თემაზე:
დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“