მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

29.03.2019
ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა.

თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. საკრებულოს დატოვების მიზეზად ის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქ. ბათუმის საკრებულო. სამწუხაროდ, მინიმუმ 1 წელი კვლავ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ჯერ ჩემს ქალიშვილს სჭირდება მამა და მამის დახმარება – სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ადვილი იქნება ჩემი გაგება. ბევრი ყოყმანისა და წინააღმდეგობის (გუნდის წევრების/მეგობრების) მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – ზოგადი ინტერესებიდან გამომდინარე.

ზოგადი ინტერესი კი ერთია – ყველა რგოლის ეფექტური მუშაობა, ქვეყნის სწრაფი და ეფექტური განვითარებისათვის. შევეცდები, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო პირადი განვითარებისათვის, განათლებისათვის, გამოცდილებისათვის და რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე ჩემს ქალაქში,“ – წერს ირაკლი მიქელაძე ფეისბუქზე.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2016 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, 2017 წელს იგი საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: