ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

16.08.2020 • 1811
ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“.

მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უნდა აღიქვან, როგორც დიდი გაკვეთილი… და უნდა მოითხოვონ უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად გამკაცრება, პოტენციური ტრაგედიის 100%-ით განეიტრალება“.

„აშენებულის დანგრევის იდეას აქციის ორგანიზატორები ვემიჯნებით, რადგან არსებობს გამოსავალი ყოველგვარი ნგრევის გარეშე, თუ დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[red_box]აქციის ორგანიზატორების 3 ძირითადი მოთხოვნა[/red_box]

[highlight color=”red”]მოთხოვნა 1:[/highlight] „დაბრუნდეს პროექტის განხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მაშინდელმა მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა.

ლაშა კომახიძის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც მაშინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 მარტსაა გაცემული.

[highlight color=”red”]მოთხოვნა 2:[/highlight] „უპირობოდ ამოღებული იქნას იმ ფეთქებადი და ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების გადაზიდვა, რომლებიც აღნაგობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი, 14-დან მინიმუმ ორი: ამონიუმის სელიტრა და კარბამიდი, იგივე შარდოვანა“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალი შენდება, თუმცა, ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, პორტის ტერიტორიაზე მშენებარე ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანაა შესაძლებელი:

  • აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.
  • ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტროფოსფატების სხვადასხვა სახეობა; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.
  • ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

[highlight color=”red”]მოთხოვნა 3:[/highlight] „დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების(გზშ) დოკუმენტის მომზადება, რაც ჩვენი სარჩელით პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაავალა (გზშ) დოკუმენტის მომზადება, მაგრამ მათ დროის გაყვანის მიზნით მეორე ინსტანციაში გაგვისაჩივრეს. რამდენიმე თვეა ველოდებით სააპელაციოში პროცესის ჩანიშვნას“.

ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ტერმინალის გზშ-ს გარეშე აშენების შესახებ ბრძანებას ხელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 23 იანვარს მოაწერა.

„კარბამიდის ტერმინალის“ მშენებლობა ბათუმის პორტში დასასრულს უახლოვდება / 16.08.2020

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ტერმინალის გარდა, ქიმიური პროდუქტების საცავიც უნდა აშენდეს. კომპანია „კარგო პარსელი“ საცავის მოწყობას თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე [ნავთობტერმინალის მიმდებარედ] გეგმავს. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მოსთხოვა.

ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, რომ ნავსადგურში სრულდება კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა, სადაც დასაწყობდება ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, შესაძლოა ამონიუმის ნიტრატიც, კიდევ უფრო გააღრმავა ქალაქში შიში, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები უშუალოდ ბათუმის პორტში.

„ლიბანთან და ბეირუთთან დაკავშირებით ბათუმის მაგალითის მოყვანა არარელევანტურია. დარგის სპეციალისტებმა შეაფასეს საკითხი და ამას აღარ ჩავყვები. რაც შეეხება გზშ-სთან დაკავშირებულ საკითხებს, თავის დროზე ნებართვა გაცემული იყო ყველა იმ დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა…“ – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

რამდენად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს როგორც ბათუმის, ისე ქვეყნის სხვა პორტებში? – სწორედ ამის შესწავლის მიზნით გამოითხოვა “ბათუმელებმა” 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების მასალები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან კი 13 აგვისტოს გვაცნობეს, რომ ამ დოკუმენტების მოწოდება არ შეუძლიათ.

ამ თემაზე:

რამდენად იცავენ ბათუმის პორტში უსაფრთხოების ნორმებს? – შემოწმების მასალებს ასაიდუმლოებენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: