მთავარი,სიახლეები

მაგდა – 5 მემთეური ძმის მეექვსე და

12.06.2021 • 67361
მაგდა – 5 მემთეური ძმის მეექვსე და

ხუთნი არიან. ხუთი მეჯოგე ძმა. ბავშვობიდანვე: ძროხები, თხები, ხბორები, რძის წველა. ყველის ამოყვანა, სულგუნის გადაზელა, კარაქის დღვება. ალპური ზონების მწყემსურ ქოხებში თვეობით დგომა. წვიმა, თქეში, დელგმისგან დამბალი მიწა და მაინც სულ დევნა, დევნა – ძროხების, თხების, ხბორების – მზეშიც, წვიმაშიც, სიცივეშიც.

ვანო, ბესო, აკაკი, ბერდია და გოდერძი თანმიმდევრობით გაჩნდნენ. თითო, ორ-ორი წელია მათ შორის სხვაობა. ყველაზე უფროსი 37 წლისაა, უმცროსი 31-ის.

სულ ასე იყო, ყველამ იცოდა, რომ მთაზე შეფენილი სოფლის, ზედა ბაღდათის ერთ პატარა ქოხივით სახლში ცხოვრობდნენ მრავალშვილიანი ნერგაძეები – ცოლ-ქმარი ხუთი შვილით, შვილები მეხბორე ბიჭები იყვნენ, ბავშვობიდანვე ტყეშიც დაყვებოდნენ მამას შეშის საჭრელად. მეტყევე-მეჯოგეები იყვნენ მამა და ბიძაც. ხუთშვილგამოზრდილ მშობლებს, შვილებმა, წამოიზარდნენ თუ არა, უთხრეს: დაისვენეთ, ჩვენ ვივლით მთაშიც, ჩვენ ვდევთ ხბორებს, ამოვიყვანთ ყველს, გავდღვებთ კარაქს და ზამთრისთვის ტყეშიც ჩვენ წავალთ შეშის საჭრელადო.

მწყემსების სადგომი საირმის მთებში

გაიხარა მამამ, სიხარული აუკიაფდა ცისფერ, დანისლულ თვალებში და იმ წელს პირველად აღარ წავიდა მთაში ხბორებთან. მარტო გაუშვა შვილები. დარჩა პატარა ქოხში ცოლთან ერთად და ახალმა დარდმა დაუწყო გულის ღრღნა: ჩემსავით უსწავლელები დარჩებიან, ასე გამოდის. მაგრამ რას იზამს ხუთი ბიჭი სამომავლოდ ერთ პატარა ქოხში? მთაში ხბორების დევნით, სულგუნის გადაზელით, კარაქის დღვებით როგორ დასახლდებიან, სამყოფს როგორ გაიჩენენ, რა ცხოვრებას ნახავენ და მე რაღა შემიძლია ამათთვისო.

ბიჭებმა სკოლა როგორღაც დაამთავრეს. ხშირად არც სკოლაში სიარულის დრო და შესაძლებლობა იყო. 14, 15 წლიდანვე იცოდნენ, რომ შარვალი თუ დაეხეოდათ და ახლის ყიდვა იქნებოდა საჭირო, თავად უნდა ეზრუნათ მთაში დაგროვილი ყველის, ნადუღის, კარაქის ბაზარში ჩატანაზე, გადამყიდველების პოვნაზე და კარგ ფასად ჩაბარებაზე. აღარ იყო სკოლაში სიარულის, გამოცდებისთვის მზადების, მეცადინეობის დრო.

გოდერძი, აკაკი და გაგა

გაზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდე ბიჭები სულ მთაში იყვნენ: ვანო, ბესო, აკაკი, ბერდია და გოდერძი, ათ-ათდღიანი ცვლებით. ვანო და ბესო წავიდოდნენ საირმის კიდევ უფრო მაღლა, დიდმაღალის და ნაკალვარის ალპურ ზონაში – აკაკი და ბერდია ისვენებდნენ. მერე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ასე, დაუსრულებლად.

ოქტომბრის ბოლოს, როცა ყველა ძროხა გაშრებოდა, ყველა ყველი ამომრგვალდებოდა და რძეგამდინარი სულგუნიც კარგა ბლომად გროვდებოდა დერგში, ბიჭები მოიკიდებდნენ ნაშრომს, ჩაიტანდნენ საკვირაო ბაზრობაზე და დახლებს მთის ნობათი მოედებოდა.

ერთი ასეთივე არაფრითგამორჩეული ოქტომბრის ბოლოს, როცა მთიდან ყველა ბიჭი ერთად დაბრუნდა, საქონელი ბარში ჩამოირეკა და ოჯახი გრძელი ზამთრისთვის მოემზადა, დედ-მამამ ბიჭებს უთხრა, რომ 5 ძმას მალე ერთი და ეყოლებოდა.

მაგდა

დას მაგდა დაარქვეს. მალე პატარა ქოხი ქერა, ცისფერთვალა მაგდას სათამაშოებით აივსო, უამრავ შარვალთან ერთან ციცქნა კარადაში პატარა, ფერადი კაბები გაჩნდა. მაგდა იზრდებოდა, თმა უქერავდებოდა და თვალის ცისფერიც ყოველ წელს უფრო უბაცდებოდა. მთაში ძმებს დაყვებოდა, ბარში კალათბურთის სასკოლო ჩემპიონატებს იგებდა, კლასში ყველაზე კარგად სწავლობდა, ცხენით ჯირითობდა და თოფსაც ისროდა ტყეში ნადირის დასაშინებლად.

მაგდა

მაგდა პატარა იყო მამა რომ გარდაიცვალა. მისი დარდი არ გამართლდა. ბიჭებმა ხბორებში ყოფნით სახლებიც აიშენეს, მანქანაც იყიდეს, ნაგროვები ყველი, სულგუნი და ნადუღი ბაზარში რომ ეტარებინათ და პატარა დაც გაზარდეს. ანებივრებდნენ, ყველაფერს უსრულებდნენ, ახალ-ახალი კაბებისთვის ფულს რიგ-რიგობით უგროვებდნენ და გაიზარდა მაგდა – 5 ძმის მეექვსე და.

„მაშინ არ მესმოდა ეს რას ნიშნავდა. ახლა ვხვდები, რომ ბევრს აკეთებდნენ ჩემთვის. ყველაფერს: რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ იმასაც. სკოლის მერე სწავლა ვერ გააგრძელეს ჩემმა ძმება, მაგრამ მე ჩამჩიჩინებდნენ, შენ მაინც უნდა ისწავლოო. ხშირად შარვლის, პერანგისთვის გადადებული ფული მოუციათ, რეპეტიტორებთან რომ მევლო და უნივერსიტეტში ჩამებარებინა – სამ მასწავლებელთან დავდიოდი. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩავაბარებდი, მგულშემატკივრობდნენ. მამაც ამას მეუბნებოდა პატარა რომ ვიყავი, შენ მაინც უნდა იყოჩაღო და ისწავლო, სხვა რამეებიც რომ ნახო ქვეყანაზეო. ახლა მესამე კურსზე, ილიაუნიში ვსწავლობ განათლების ფაკულტეტზე, მინდოდა სწავლის პარალელურად მემუშავა. ძმები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, არ დაიტვირთო თავი, სწავლისთვის ნაკლები დრო დაგრჩება და ჩვენ დაგეხმარებით, შენ ისწავლე და დაამთავრეო“, – ყვება მაგდა.

ვანო და ბესო პოლონეთში

ბერდია, გოდერძი და აკაკი ისევ საირმის მთებში ამრგვალებენ ყველს და დღვებენ კარაქს. ბესო და ვანო პოლონეთში წავიდნენ.

ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში რძის პროდუქტებს ამზადებენ, ისე, როგორც ადრე, მთაში. ყველს, სულგუნს, წნილ სულგუნსაც და ნადუღს აკეთებენ. უქმეებზე სხვადასხვა ქალაქში სპეციალურად აღჭურვილი მანქანით დადიან და ქართულ კერძებს ამზადებენ საკვირაო ბაზრობებზე პოლონელებისთვის.

ვარშავის ეს ქართული რესტორანი მთელი დღე სავსეა, ვანომ და ბესომ სულგუნის შესაბოლი პატარა ჰერმეტული ქოხიც ააგეს რესტორანთან ახლოს, სადაც სულგუნს ბუნებრივი მეთოდით, შეშის კვამლით ბოლავენ, დანამატების გარეშე. ვანო პოლონეთში ცხოვრებას აპირებს, უნდა რომ რძის პროდუქტების დამზადების სხვადასხვა მეთოდი შეისწავლოს პროფესიონალურად. ბესოს საბოლოოდ საქართველოში, ოჯახთან დაბრუნება და აქვე რამე საქმის დაწყება სურს.

მაგდა ამბობს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიძლება მასწავლებლად იმუშაოს, ან კიდევ რამე ახალი ისწავლოს, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ უნდა ძმებს დაეხმაროს, ბაღდათში რძის პროდუქტების საწარმო გახსნას და რაც ძმებმა იციან საოჯახო ბიზნესად აქციოს. სექტემბრიდან ივნისამდე უნივერსიტეტის ლექციებს ესწრება. ივნისიდან მთაში წასასვლელად ემზადება ძმებს რომ დახედოს, ისევ ცხენით ჯირითობს და თოფსაც ისვრის ტყეში – ნადირის დასაშინებლად.

მაგდა სკოლის საკალათბურთო შეჯიბრზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: