მთავარი,სიახლეები

რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

11.06.2021 • 2170
რის გამო დაუტოვა ჯემალ ჭელიძემ ეტლი რიჟვაძეს და რას ნიშნავს „პერსონალური ასისტენტი“

„უკვე სუნთქვაც კი მიჭირს,“ – ასე გამოხატავს თავის მდგომარეობას ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელიც 26 მაისის შემდეგ ეტლის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. ეტლი ჯემალ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა.

ჯემალ ჭელიძე ერთ-ერთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის, ვინც პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა აქვს. პერსონალური ასისტენტის შესახებ კი, ჩანაწერი უკვე არსებობს კანონში, თუმცა 2024 წლამდე მისი შესრულების ვალდებულება სახელმწიფოს არ აქვს.

ჯემალ ჭელიძეს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა. მისთვის ამ დრომდე არც ეტლი დაუბრუნებიათ. ჯემალ ჭელიძის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრში 3 ივნისს გვითხრეს, რომ „ეტლი უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მფლობელს“ და მას „ყველა შესაბამისი უწყება დაუკავშირდა“.

„არავინ დამკავშირებია და არც ეტლი დაუბრუნებიათ,“ – გვიყვება ჯემალ ჭელიძე, რომელსაც დღეს, 11 ივნისს ვესაუბრეთ. – „ნებისმიერ წამს ჩემი სიცოცხლე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, რადგან დიაბეტი მაქვს, თუ საჭირო დროს საკვები არ მივიღე, ვითარდება კომატოზური მდგომარეობა… როგორც იცით, ხულოში ვცხოვრობ, სასწრაფო სამედიცინო სამსახური ზოგჯერ მეორე დღეს ამოდის, როცა ვრეკავ… ძირითადად საწოლში ვარ ან სკამზე, დიდხანს წოლაც არ შემიძლია, ახლობლები მეხმარებიან, ზურგზე მიკიდებენ და ისე მივყავარ,“ – აღნიშნა ჯემალ ჭელიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ შეასრულა აჭარის მთავრობამ დანაპირები და არ დაუბრუნეს ჯემალ ჭელიძეს ეტლი? ასევე რატომ არ მოუსმინა ვინმემ სოციალურ პრობლემებზე ეტლით მოსარგებლე ადამიანს? – ეს კითხვები აჭარის მთავრობამ დღესაც უპასუხოდ დატოვა.

9 ივნისს ჯემალ ჭელიძემ აჭარის მთავრობის სახლთან კარვის გაშლაც გადაწყვიტა, თუმცა კარავი მას პოლიციელების თვალწინ წაართვეს. შსს-ში დღესაც ვერ გვიპასუხეს, ვინ წაართვა კარავი შშმ პირს და რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

„პოლიტიკური ნიშნით ხდება მისი იგნორირება, რადგან მისი შვილები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებად მონათლეს და ახლა პატიმრობაში არიან,“ – ეს შთაბეჭდილება შეექმნა თომა კაკაბაძეს, არასამთავრობო ორგანიზაციის„ ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს. მას ჯემალ ჭელიძის პრობლემაზე ვკითხეთ. თომას პერსონალური ასისტენტის შესახებ ვესაუბრეთ, რომლის დანიშვნასაც ჯემალ ჭელიძე ითხოვს.

ასისტენტს წელს 12 შშმ პირს დაუნიშნავენ, ვინც ბათუმში ცხოვრობს. ამ ინიციატივით ბათუმის მერიას თომას სამოქალაქო ორგანიზაციამ მიმართა. რამდენიმე დღეში ტენდერი უნდა გამოცხადდეს იმისთვის, რომ კვალიფიკაციის მქონე კომპანიამ პერსონალური ასისტენტები შეარჩიოს.

„პერსონალური ასისტენტი არის სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას,“ – ეს ჩანაწერი კანონში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2020 წელს გაჩნდა.

„გააჩნია, ვის რა საჭიროება აქვს,“ – თომა კაკაბაძე განმარტავს, პრაქტიკულად რა შეიძლება აკეთოს პერსონალურმა ასისტენტმა: – „შესაძლოა, გაქვს სპორტული აქტივობა და გინდა, რომ გადაადგილებაში დაგეხმარონ, ან ბანკში ხარ მისასვლელი და დოკუმენტებია მოსაწესრიგებელი. ასისტენტი უნდა გეხმარებოდეს ჰიგიენის და მოვლის საკითხებშიც, ის მუდმივად  შენ გვერდით ვერ იქნება, მაგრამ უნდა შედგეს ინდივიდუალური განრიგი“.

თომა კაკაბაძე აღწერს, რამდენად შეცვლის შშმ პირის ცხოვრებას პერსონალური ასისტენტი:

„ჩვენ გვივლიან ოჯახის წევრები კეთილი ნების საფუძველზე, რადგან ერთგვარი მორალური ვალდებულებები არსებობს, რომ არ მიატოვო შშმ პირი გაჭირვებაში, მოვლილი გყავდეს, მაგრამ ყოველდღიური რუტინისთვის შესაძლოა ოჯახის წევრსაც არ ეცალოს. შენ თვითონაც გერიდება, არ გინდა მისი ცხოვრება შეცვალო, რომ მოსპო მისი ცხოვრება. ეს შეგრძნება ძალიან დამთრგუნველია, როცა გრძნობ, რომ მუდმივად ვიღაცასთან ვალში ხარ,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

პერსონალური ასისტენტების პროგრამის ინიციატივით თომა კაკაბაძეს და ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ბათუმის მერიისთვის 2019 წელს მიუმართავს. მერიას პროგრამის ამოქმედება 2020 წლისთვის გადაუწყვეტია, თუმცა პანდემიის გამო იგი 2021 წლისთვის გადაიდო.

„მუშავდება სატენდერო წინადადება და დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება ტენდერი. ეს არის საპილოტე პროგრამა… ტენდერში გამარჯვებული კომპანია შემდეგ კონკურსის წესით შეარჩევს პერსონალურ ასისტენტებს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარინა რუხაძე, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი.

ვერ აკონკრეტებს, თუმცა მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პერსონალური ასისტენტის მომსახურებისთვის დღეში დაახლოებით 10-12 ლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე მერია 12-დან 15 -მდე პერსონალური ასისტენტის შერჩევას და მათ პროფესიულ გადამზადებას აპირებს.

„გადამზადება უნდა იყოს 22 დღე, აქედან 15 დღე იქნება თეორიული სწავლება, ხოლო 7 – პრაქტიკული. გადამზადებისთვის დაახლოებით 14 500 ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრა მარინა რუხაძემ.

„ჩვენი მიზანია, რომ პერსონალური ასისტენტების საპილოტე პროგრამა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, არა 2024 წელს, როგორც ამას კანონი უკვე სავალდებულო წესით ითვალისწინებს, არამედ დრო რომ არ დაიკარგოს, დავიწყოთ ახლა…,“ – მიიჩნევს თომა კაკაბაძე. ის ვერ ხედავს არგუმენტს იმაში, რომ მწირი დაფინანსების გამო ვერ იწყებენ პერსონალური ასისტენტის პროგრამას.

„შესაძლოა, ეს არის ძვირი სერვისი, მაგრამ ის ანაცვლებს სხვა პროგრამებს,“ – ირწმუნება თომა კაკაბაძე ორგანიზაციიდან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“. – „პერსონალური ასისტენტის დანიშვნა გამოიწვევს შშმ პირის გაძლიერებას, მის დამოუკიდებლობას, დასაქმებას, რომელიც უკვე გადასახადსაც გადაიხდის ბიუჯეტში. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ამ გზით უფრო მოგებული რჩება, რადგან ეს ადამიანები აღარ იქნებიან დამოკიდებული მუდმივად სახელმწიფო ბენეფიტებზე, შეღავათებსა და სოციალურ შემწეობაზე,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

პერსონალური ასისტენტების შერჩევას ამ ეტაპზე არ აპირებს ხულოს მერია, სადაც ჯემალ ჭელიძე ცხოვრობს. რის გამო ვერ ახერხებენ მსგავსი პროგრამის განხორციელებას ხულოში და რას აპირებს ამ მიმართულებით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა? – ჯემალ ჭელიძის შესახებ დასმულ კითხვებს არც ხულოს მერიაში უპასუხეს.

რა არის საჭირო პერსონალური ასისტენტების სისტემის ეფექტურად ამუშავებისთვის? – პროცესს სახალხო დამცველიც აკვირდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე პროცესს და მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა შედეგით დასრულება მოცემულ საკითხზე მუშაობა… პერსონალური ასისტენტის სერვისის ეფექტური ამუშავებისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მომსახურების სტანდარტის შემუშავება, რომელშიც დეტალურად უნდა გაიწეროს პერსონალური ასისტენტის ფუნქცია და მოვალეობები, ასევე რა ასაკიდან უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იყოს სერვისი დიფერენცირებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა თუ შეზღუდვის ტიპის მიხედვით; რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს ასისტენტს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სერვისის მიმწოდებლები და ა.შ. არსებითად მნიშვნელოვანია სერვისის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსების არსებობა,“ –  მოგვწერეს სახალხო დამცველის პრესცენტრიდან.

———————

ჯემალ ჭელიძე ძმები ჭელიძეების მამაა, რომლებიც რიონის ხეობის დაცვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ ძმებ წულუკიძეებთან და ელდარ ანთაძესთან ერთად დააკავეს. ძმები ჭელიძეები „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამ საქმეში არაერთი დეტალია, რაც ეჭვს აჩენს პოლიტიკურ ინტერესზე.

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: