საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები და გაწერეს საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ემზარ პაპიძე უკვე 25 წელია, რაც რკინისგან ხელსაწყოებს ამზადებს, ხისგან კი სხვადასხვა ნივთს. ემზარი ამზადებს ისეთ ნივთებსაც, რაც პრაქტიკულად აღარ მზადდება ხულოში, მაგალითად ნალებს. ის 38 წლისაა და სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს.
ემზარმა მეტალის დამუშავება ბაბუისა და მამისგან ისწავლა. ამბობს, რომ 5 წლის ასაკიდან საათობით უყურებდა ბაბუასა და მამას, თუ როგორ აკეთებდნენ ნალებსა და სხვა ნივთებს, როგორ დუღდებოდა მეტალი და რა გზას გადიოდა საბოლოო ფორმის მიღებამდე.
ემზარის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პროფესიის ხარ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო აკეთებს დღემდე ნალებს და სხვა სამეურნეო ხელსაწყოებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაზე უკეთ იცის – ეს საქმე სრულიად მივიწყებადია.
„ეს ხელობა ძირითადად ბაბუისგან ვისწავლე, შემდეგ უკვე ნელა-ნელა თვითონ ვიწვრთნებოდი. სხვადასხვა მეტალზე ვმუშაობ, კეთების პროცესში ბევრი ჩემეული მეთოდი გამოვიგონე და დავხვეწე. 16-17 წლის ვიყავი, როცა აქტიურად მივყავი ხელი ამ საქმეს, არ გამომდიოდა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებდი, მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა, რომ მესწავლა.
როცა ახალგაზრდა ხარ, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი საქმე გქონდეს. შეიძლება ითქვას ამ საქმით ვერთობოდი კიდეც ბავშვობაში. ხულოში დიდი ზამთარი იცის, რაღაც უნდა აკეთო, რომ დრო გავიდეს და ამასობაში სუფთად და ხარისხიანად ვისწავლე ჩემი საქმის კეთება“.
ემზარი გვიხსნის, რომ ნალს მის ხეობაში ძირითადად ხარებისთვის იყენებენ. ნალი დამცავი საშუალებაა ხარისთვის, რომელიც ფლოქვზე მჭიდროდ ეკვრის, რათა ტვირთის გადატანის დროს, შორ მანძილზე გადარეკვისას ფლოქვები არ დაუზიანდეთ.
ნალი და ლურსმნები, რომლებიც ნალის მისამაგრებლად გამოიყენება, ხარის ფლოქვებზე სპეციალური ყალიბების მიხედვით მუშავდება. ნალის ზომა 3 მილიმეტრი უნდა იყოს, ხოლო ლურსმნის სიგრძე 6 მილიმეტრი.
ნალისა და ლურსმნების დამზადებისას მნიშვნელოვანია ზომების სიზუსტე იყოს დაცული, რომ არ დაზიანდეს ხარის ფლოქვები.
დაჭედვისას ხარს ვაწვენთ, თითქმის ზურგზე ამოვაბრუნებთ, ფლოქვს საგულდაგულოდ ვუწმენდთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ნალის მორგების პროცესი. ნალის ზომას წინასწარ ვსაზღვრავ, ხარის ფლოქვის ზომის მიხედვით. როცა ერთხელ, ორჯერ აკეთებ ნალს, ლურსმნებს შემდეგ უკვე თვალის ზომითაც მარტივად შეგიძლია საჭირო ზომა განსაზღვრო და რთული აღარ არის ზომის დამთხვევა.
ნალის გამოცვლა ხარისთვის ყოველ ერთ თვეშია საჭირო. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად დატვირთულია ხარი, შორ გზაზე ხშირად დადის თუ არა და ა.შ.
ხარს ნალს მხოლოდ ერთი ან ორი კაცი ვერ დაამაგრებს. როცა ხარებს ვჭედავთ, რამდენიმე ოჯახიდან ვიკრიბებით კაცები, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა, არაფერი უნდა ატკინო ხარს და თან სწრაფად უნდა გააკეთო საქმე. ხარის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ნალი ფლოქვზე მხოლოდ იმან მიამაგროს, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის, დანარჩენები კი იმაზე ზრუნავენ, ხარმა არ იმოძრაოს“, – ამბობს ემზარ პაპიძე.
ემზარი იხსენებს იმ დროს, როცა თავად დაიწყო მუშაობა – „1600 ხარის ნალს ვამზადებდი წელიწადში, ახლა მაქსიმუმ 20-30 ცალ ნალს ვამზადებო“:
„თუ იცნობ რკინას, გაქვს მასთან შეხება და გრძნობ მას, ხვდები მისგან რისი გაკეთება შეგიძლია, სურვილი გიჩნდება დროულად მისცე მას ფორმა და იქამდე ვერ ისვენებ, სანამ ხელში უკვე მზა ნივთს არ დაიჭერ.
ვიცი, რომ ჩემ ხელობაზე მოთხოვნა აღარ არის. 20 წლის წინ ხულოს მოსახლეობისთვის ერთადერთი გამწევი ძალა ხარი იყო, ახლა უკვე მანქანები მომრავლდა, მიწას ტრაქტორებით ამუშავებენ და ყველაფერი შეიცვალა.
ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მთელ მუნიციპალიტეტში ჯამში 120 ხარი თუ იქნება, მეტი – არა. ხარებს აღარ ინახავს ხალხი, რადგან ამის საჭიროება აღარ არის. ხარზე იყო დამოკიდებული ადრე შეშის მომარაგება, მიწის დამუშავება“.
თავად იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ხარზე უარს ყველაფრის მიუხედავად ვერ თქვა. გვიყვება თავისი ორი უერთგულესი მეგობრის – ჟორასა და ვასკას შესახებ, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობს, განიცდიან, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ და ერთადერთი, რაც არ შეუძლიათ, საუბარია.
ემზარი, „ვასკა“ და „ჟორა“
„მე მყავს ხარები, მოვლა არ არის რთული, მაგრამ ბევრი საკვები სჭირდებათ, ყველაფერი გაძვირდა – თივა, ქატო.
როცა ხარებთან ყოველდღიურად გაქვს შეხება, ხვდები, რამდენად შეუძლიათ მეგობრულები იყვნენ. მათ რაც არ შეუძლიათ საუბარია, თორემ შესანიშნავად გრძნობენ, ესმით და გამოხატავენ თანაგრძნობას.
მე, ჟორა და ვასკა კარგი მეგობრები ვართ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მე ვმუშაობ და ხარებს საძოვარზე თავისუფლად ვუშვებ, მაგრამ ისინი არ მტოვებენ და ჩემს გარშემო ტრიალებენ.
ძალიან ერთგულები არიან. მინდა, რომ დიდხანს მყავდნენ, მაგრამ 5-6 ათასი ლარი მაინც სჭირდება მათ გამოსაზამთრებლად, ამ რესურსის მოპოვება კი რთულია ჩემთვის. სწორედ ამიტომ მინდოდა გამეყიდა, მაგრამ ცოცხლად, ცოცხალი კი ისინი აღარავის სჭირდება“, – ამბობს ემზარი.
ემზარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ხულოში თოვლის საფარი გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია და ახლაც მისი სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, მნიშვნელობა არ აქვს მალე გაშრება თუ არა თოვლი, რადგან სიცივე რამდენიმე თვეს გრძელდება და პირუტყვს საძოვრებზე მაინც კიდევ დიდხანს ვერ გაუშვებენ.
შესაბამისად, დანისპარაულში საქონლის გამოსაზამთრებლად საკვები მარაგი პირველ მაისამდე სჭირდებათ. აქაურები, ისე როგორც ემზარი, საჭირო თივის მარაგის ადგილზე აგროვებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ პირუტყვის საკვებს საკმაოდ ძვირად ყიდულობენ.
როგორც ხელოსანი გვიყვება, ძირითადად მარტო მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი სამეურნეო ნივთის დამზადებისას დამხმარეც სჭირდება. ადრე ასეთ დროს მამასთან ერთად მუშაობდა, ახლა კი ყველას იხმარებს, ვინც მისთვის დრო გამონახავს ან სახელოსნოში მოსანახულებლად შეუვლის. ემზარი მცდელობას არ აკლებს, რომ ადამიანებს მისი საქმის მიმართ ინტერესი გაუჩნდეთ.
ემზარს მოსწავლე არასდროს ჰყოლია, ხელოსნობის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსო.
უნდა, რომ მეტალისა და ხის დამუშავება თავის შვილებსა და ძმის შვილებს მაინც ასწავლოს. დასძენს, რომ შესაძლოა ამ საქმის ცოდნა ვერც ვერაფერში გამოიყენონ მისმა მოსწავლეებმა, თუმცა ცოდნა არ ავნებთ.
ემზარი იხსენებს, რომ ბაბუის ნაქონ სახელოსნოს ძალიან კარგად უვლიდა, მაგრამ დაძველდა და სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. ამიტომ ხის 15 კვადრატიანი სახელოსნო სახლთან ახლოს, ეზოში, თვითონ ააშენა და ახლაც მოუთმენლად ელოდება დათბობას, სახელოსნოში მუშაობა ძველებურად რომ შეძლოს.
სოფელი დანისპარაული კურორტ „გოდერძის“ გვერდით მდებარეობს. ამ სოფელში აშკარად შეინიშნება უკუმიგრაცია მას შემდეგ, რაც გოდერძიზე სამთო-სათხილამურო კურორტი ამუშავდა.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ბათუმში მდებარე რესტორნის – „შეფპოინტის“ მიერ გაცემული ქვითრის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქვითარზე მხოლოდ რუსულ ენაზეა დატანილი ინფორმაცია.
კანონის თანახმად, ნებისმიერი საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ტექსტი, ასევე ნებისმიერი ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი, აბრა, აფიშა, განცხადება თუ შეტყობინება ქართულ ენაზე უნდა იყოს.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტის, ქეთი მჭედლიშვილის განმარტებით, ქვითრების მხოლოდ უცხო ენაზე ბეჭდვა სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევაა.
მისივე თქმით, კანონი გვეუბნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტექსტი ქართულ ენაზე:
„სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ამგვარ შემთხვევებში გასცემს ხოლმე რეკომენდაციას. ხშირია შემთხვევა, როცა მოგვმართავენ მომხმარებლები, ვისაც მხოლოდ უცხოურ ენაზე ხვდებათ რესტორნებში მენიუ.
აბრებსა და გარეთ განთავსებულ წარწერებზე მეტად ვრეაგირებთ, რადგან უფრო ადვილად შესამჩნევია ასეთი დარღვევები. ძირითადად, როცა დარღვევების შემთხვევაში რეკომენდაციებს გავცემთ, ითვალისწინებენ” – ამბობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის იურისტი.
რესტორან „შეფპოინტის“ ერთ-ერთი მენეჯერი, ინგა ლოჩოშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობენ და ქვითრის ენაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ:
„მხოლოდ 1 თვეა გავიხსენით. ჯერჯერობით სურსათის უვნებლობა იყო ჩვენი პრიორიტეტი და ამაზე ვართ სრულად გადართული, თუმცა თუ ქვითრის უცხო ენაზე ბეჭდვა დარღვევაა, რა თქმა უნდა, ამას გამოვასწორებთ. გამოგვრჩა ეს დეტალი. აუცილებლად მივიღებთ რეკომენდაციებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისგან და კანონის შესაბამისად გავცემთ ქვითრებს” – გვითხრა მან.
ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის, სასმელი და მინერალური წყლების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში 5 499 ლარით. ამ ტენდერებით ქალაქის საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება, 5 492 ლიტრ წყალს შეისყიდიან.
დისპენსერზე დასადგმელი 150 ცალი [19-ლიტრიანი რეზერვუარით] სასმელი წყლის საკრებულოსთვის შესაძენად მერიას 1 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სასმელი წყალი უნდა იყოს ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი, არაგაზირებული; უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებს და სანიტარულ მოთხოვნებს; შენახვის ვადა კი, ჩამოსხმის თარიღიდან მინიმუმ 3 თვე;
მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული საკრებულოსთვის 1 900 ბოთლი გაზირებული მინერალური წყლისა და 3 684 ბოთლი არაგაზირებული მინერალური წყლის შესაძენად [ორთავე სახის წყალი უნდა იყოს 0,5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში]. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 3 999 ლარია და წყალი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
მერიის პირობის მიხედვით:
„საკრებულოსთვის შესაძენი გაზირებული მინერალური წყლის მინერალიზაცია უნდა იყოს 3-8 გ/ლ;
არაგაზირებული სასმელი წყალი უნდა იყოს ჰერმეტიული თავსახურით, ბრენდული ეტიკეტით, შესაბამისი თანდატანილი მონაცემებით (შემადგენლობა, მახასიათებლები).
წარმოება სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO სტანდარტების შესაბამისად.
შემოტანის დროს საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ მისი ვარგისიანობის მთლიანი ვადის 70%-ისა.“
მერიას ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს და საკრებულოსთვის ასევე შეისყიდის:
საკანცელარიო საქონელს – რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 499 ლარი;
საკრებულოს საოფისე აპარატურის მიმდინარე რემონტზე ტენდერი გამოცხადებულია პრეისკურანტით – პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 21 420 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 3 ათასი ლარი.
საკრებულოს ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეც ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული – ამ შემთხვევაში პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 115 886 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 30 ათასი ლარი.
ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდებისა და მეილიების ჰოსტინგის მომსახურებაზე კი მერიას ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს შპს „პროსერვისისთან“ 6 480 ლარზე. კომპანიამ მომსახურება უნდა განახორციელოს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
ბათუმის საკრებულოსთვის ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 2 149 600 ლარია გამოყოფილი [აქედან ნახევარზე მეტი – 1 213 100 ლარი, უშუალოდ ხელფასებისთვის].
—
ბათუმის საკრებულო ამ დრომდე არ იკრიბება. ახალარჩეული საკრებულო პირველად 2021 წლის 3 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა, სხდომა ისე ჩაიშალა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე არ ჰყავს.
2022 წლის 2 აპრილს კი, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.
35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელი – გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
დღეს ბათუმის საკრებულო მედიის ყურადღების ცენტრში იმით ხვდება, რომ საკრებულოს ოპოზიციას ბათუმის არჩეული მერთან, არჩილ ჩიქოვანთან სურს შეხვედრა. მერი მათ არ ხვდება, მის სამუშაო ოთხის კარებთან მობილიზებულია დაცვის პოლიცია:
ინტერვალური შიმშილი, იგივე „ფასთინგი“, რომელსაც ხშირად „18 ან 16 საათიან დიეტას“ უწოდებენ, არის დიეტის ტიპი, რომლის დროსაც ადამიანი დღის ბოლო კვებიდან მეორე დღის პირველ კვებამდე დიდ შუალედს ტოვებს. მაგალითად, 16 საათის განმავლობაში არაფერს ჭამთ, დარჩენილი 8 საათი კი კალორიების მისაღებად უნდა გამოიყენოთ.
კვების ასეთი რეჟიმისას ორგანიზმი იწყებს რეზერვში არსებული ცხიმების წვას – ავტოფაგიის პროცესს, რაც ნიშნავს ხანგრძლივი შიმშილობის დროს, სხეულის მიერ საკუთარი ნივთიერებების და ქსოვილების შთანთქმას. ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც უჯრედი ანადგურებს მისთვის გამოუსადეგარ კომპონენტებს, შესაბამისად წონის კორექციის გარდა ეს პროცესი, შესაძლოა, სხვა მხრივაც სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის.
რა შემთხვევაში არის ეფექტური კვების ასეთი რეჟიმი და რა უნდა გავითვალისწინოთ სწორი შედეგის მისაღწევად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექიმ-ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას ესაუბრა.
როგორ მუშაობს ინტერვალური შიმშილი და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საზიანო?
ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში და დაბალანსებული კვების რაციონის კონტექსტში ინტერვალური დიეტა არ მოიხსენიება, მაგრამ გამონაკლისად, წონის დაკლების მიზნით, შესაძლებელია მისი გამოყენება, მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის.
თუ პაციენტთან არის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობა, როგორიცაა, მაგალითად: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გამოხატული გულის პათოლოგიები, ან ნივთიერებათა ცვლის ქრონიკულად გამოხატული პრობლემები, ასეთ შემთხვევაში ინტერვალურ შიმშილს, რა თქმა უნდა, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ. თუ არის ჯანმრთელი ადამიანი და ჭარბი წონის გარდა, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ სხვა გამოხატული პათოლოგია არა აქვს, ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლებელია.
მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შიმშილის პერიოდში ჩვენმა ორგანიზმმა დაწვას რეზერვში არსებული ცხიმოვანი მაჩვენებლები.
ინტერვალური და სხვა კეტოგენური დიეტების დროს, უნდა მოხდეს კეტონური წვა, ანუ ცხიმის წვა ორგანიზმში და მოხმარება. ამ დროს, პირველ ეტაპზე, შესაძლოა პაციენტებს პირიდან აღენიშნებოდეთ ცოტა აცეტონის სუნი ან შარდში იყოს კეტონური სხეულები, ეს მოსალოდნელია და ასეც უნდა იყოს. როდესაც კეტოგენურ დიეტაზე იმყოფებით და შეამჩნევთ აცეტონის სუნს, ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი საკუთარ ცხიმს წვავს.
ხშირად ინტერვალური კვების დროს ყურადღებას არ აქცევენ კალორაჟს, თუმცა მიღებული საკვების კალორაჟიც უნდა იყოს დაწეული.
თუ ჩვენ დღის რაციონის მისაღებ კალორაჟს კვების საათებში ავანაზღაურებთ და ვთქვათ, მივიღებთ 2000-2500 კილოკალორიას, გამდიდრებულს ნახშირწყლებით, მაშინ ორგანიზმი არ გადავა ცხიმის წვის რეჟიმზე.
აქედან გამომდინარე, იმ 6 თუ 8 საათის განმავლობაში, როდესაც ჩვენ კვების ფაზაში ვიმყოფებით, კალორაჟი უნდა იყოს დაწეული, რაციონში უნდა შედიოდეს რთული ნახშირწყლები, ორიენტაცია უნდა იყოს აღებული ცილებზე, ცხიმებზე, ბოსტნეულზე და არა სწრაფად ათვისებად ნახშირწყლებსა და მაღალკალორიულ პროდუქტებზე, რომ ორგანიზმს არ ჰქონდეს ადვილად ათვისებადი ნახშირწყალი, რომელსაც სწრაფ ენერგიად გამოიყენებს.
საჭიროა წინასწარ მომზადება?
ძალიან მნიშვნელოვანია ამ „შიმშილში“ შესვლისთვის მომზადება და პროცესიდან გამოსვლა. როცა ადამიანი მიჩვეულია დღეში ერთი დიდი ფილა შოკოლადის ჭამას, უცებ, პირდაპირ ინტერვალურ კვებაზე გადასვლა არ შეიძლება. საჭიროა, რომ სწრაფად შეთვისებადი ნახშირწყლების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდეს და უფრო რთულ ნახშირწყალზე გადავერთოთ.
პირველ ეტაპზე, სანამ ინტერვალურ დიეტაზე გადავალთ, სასურველია ერთი კვირით ადრე დაბალანსებული კვების რაციონზე ვიყოთ, ანუ 3-4 საათიანი ინტერვალით კვების რეჟიმზე, შემდეგ ნელ-ნელა ამოვიღოთ რაღაც საკვები და დავრჩეთ იმ 6 თუ 8 საათიან კვებაზე, ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში სამჯერადი კვებაა საჭირო.
ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ გამოსვლის ეტაპიც. ხშირად ხდება, რომ ამ ინტერვალური შიმშილის შემდგომ უცებ იწყებენ პაციენტები კვებას. ეს არ არის სწორი, რადგან ინტერვალური შიმშილის შემდეგ, ჩვეულებრივ კვების რეჟიმზე გადასვლამდე, პირველი ეტაპისთვის, კალორაჟი არ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დაბალ მაჩვენებელზე, რაც გადანაწილებული იქნება 24 საათის მანძილზე.
საქმე ის არის, რომ როცა თავისუფალ კვებაზე გადავდივართ, ორგანიზმი არის გადასული საკუთარი წვის რეჟიმზე და თუ ჩვენ მას გარედან აქტიურად მივაწვდით დიდი რაოდენობის პროდუქტს, ის დაიწყებს მის მოხმარებას და წონა ისევ მოიმატებს.
BBC წერდა ამ დიეტის დროს ე.წ. ავტოფაგიის შესაძლო დადებით მხარეებზე, რა პროცესია ეს და რაში გვარგია?
რა თქმა უნდა, როდესაც ხდება დარეზერვებული ცხიმოვანი მასის ხარჯვა, ეს მუცლის გარშემოწერილობის, არსებული ცხიმის შემცირებასაც იწვევს და ეს დადებით გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ლიპიდურ ანუ ცხიმოვან წვაზე, რასაც დადებით ზეგავლენა აქვს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ისე ათეროგენობის ინდექსის შემცირებაზე ორგანიზმში.
ცხოვრების ჯანსაღი წესის, დაბალანსებული კვება იქნება ეს თუ დაყოფილი ინტერვალური კვება, მიზანი ის არის, რომ ორგანიზმი გაჯანსაღდეს და მავნე ნივთიერებები – შლაკები, რომელსაც იგი აგროვებს დიდი რაოდენობით, მოიცილოს ორგანიზმიდან.
ასეთი ინტერვალური კვებისას დღის რა მონაკვეთშია უმჯობესი კვების საათების/ფაზის დათქმა?
ჩვენთან ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ დღის მეორე ნახევარში კვებას და დღის პირველ ნახევარში შიმშილს, თუმცა უფრო სწორია ინტერვალური შიმშილის პერიოდში დღის პირველ ნახევარში კვება და დღის მეორე ნახევარში შიმშილი.
მაქსიმუმ რამდენი ხნით შეიძლება კვების ასეთ რეჟიმზე ყოფნა?
კონკრეტული ვადა არ არსებობს, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ თუ ინტერვალურ კვებაზე ვიმყოფებით და შევამჩნიეთ, რომ გადავდივართ კეტოგენურ ანუ შინაგანი ცხიმის წვაზე, უნდა ვაკონტროლოთ ორგანიზმი პერიოდული ანალიზებით – ვნახოთ სისხლის საერთო ანალიზი, ცილა როგორია ორგანიზმში, როგორია შარდში კეტოგენური სხეულების მაჩვენებლები…
სტანდარტულად არის, რომ ორი თვე მაინც დავიცვათ ასეთი კვების რეჟიმი, შემდეგ ბალანსირებულ კვებაზე გადავიდეთ და თუ ისევ კლება გვჭირდება, შემდეგ ისევ დავუბრუნდეთ ინტერვალურ კვებას.
დარღვევის დროს რა ხდება?
როცა დაბალანსებული კვების რაციონზე იმყოფება ადამიანი და ერთხელ დაარღვევს, ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ ინტერვალური შიმშილის დროს რეჟიმის დარღვევა საერთოდ არღვევს ორგანიზმის ბალანსს, რომელმაც ის ციკლი უკვე გაიარა და უკვე საკუთარი ცხიმების წვაზეა გადასული.
ბათუმში „ყინულის არენის“ დაწყებული მშენებლობის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისთვის ამჯერად აჭარის ბიუჯეტიდან 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე კონკურსი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ სწორედ აღნიშნული თანხით [დღგ-ს გარეშე] გამოაცხადა. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.
კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება.
საკონკურსო პირობის მიხედვით, „შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 24 563 კვ.მ] დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი [პირველი ეტაპი – კონცეფცია (კონკურსი); მე-2 ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება].
[toggle title=”დამატებით საკონკურსო პირობების შესახებ ნახეთ აქ:”]
„მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს პროექტის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება.
დამკვეთი [აჭარის პროექტების მართვის კომპანია] საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვების გამცემი ორგანოების მომსახურების ღირებულების გადახდას;
სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, მიიღოს მონაწილეობა საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებაში, საჭიროების შემთხვევაში მუშა დოკუმენტაციის, სამშენებლო მოცულობების და კონტრაქტის სხვა შესაბამისი ცვლილებების მომზადება-შეთანხმებაში;
საავტორო ზედამხეველობა და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მშენებლობის დაწყების პირველი ეტაპიდან მშენებლობის დამთავრების საბოლოო მიღება-ჩაბარებისა და ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე.
ამ კონკურსით გათვალისწინებულ სამუშაოებზე საავტორო უფლებები მიმწოდებელმა შემსყიდველს სრულად უნდა გადასცეს, რაზედაც შემდგომში არ ექნება პრეტენზიები (მოთხოვნები) მას ან/და მის სამართალმემკვიდრეს.“
[/toggle]
ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.
გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.
ახალი არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.
ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.
ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიის, ასევე აჭარის სამინისტროებისა და ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საქმიანობას პროკურატურა შეისწავლის.
კონკრეტული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშებშია მოყვანილი, რომლებიც აუდიტმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.
2021 წლიდან დღემდე პროკურატურაში გადაგზავნილია:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტის მასალები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები
აუდიტის მიერ გამოვლენილი ზოგიერთი დარღვევა, რაც პროკურატურამ უნდა შეისწავლოს:
[highlight color=”red”]ბათუმის მერია[/highlight]
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მერია ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების შეჩერებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენებას, რაც არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს.
ბათუმში უკანონო მშენებლობებისა თუ გაცემული ნებართვების საკითხის შესწავლა აუდიტის შემდეგ პროკურატურასაც მოუწევს.
აუდიტის საპასუხოდ ბათუმის მერია აცხადებს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც აუდიტმა დააფიქსირა, პანდემიის ბრალია. ამასთან, „დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისთვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას.“
„მერიისა და საკრებულოს კუთვნილ ავტომობილებზე გამოვლინდა 65 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ [აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ გატარებული ღონისძიების შედეგად, არამიზნობრივად გახარჯული საწვავის ღირებულება, მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გადახდილია ბიუჯეტში].
მერიის კუთვნილი მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 2019 წელს − 9, ხოლო 2020 წელს 6 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციით განსაზღვრულ სარეკომენდაციო მაჩვენებელს.
ახალ კორონავირუსთან (COVID -19) ბრძოლის პრევენციის მიზნით, ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ორ შემთხვევაში გამოიყო 188 500 ლარი. გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ გაფორმდა ორი ხელშეკრულება რომელთა შესაბამისად, მიმწოდებლის ვალდებულება იყო საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსპორტირება.
გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ბაზრის არასათანადო კვლევის საფუძველზე განისაზღვრა, რის შედეგადაც მერიამ არანაკლებ 22 408 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, ვერ დგინდება სატრანსპორტო მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობა, ვინაობა და მათი საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსპორტირების მდგომარეობა, რაც ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიანიშნებს და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს შეიცავს.“
[/toggle]
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.
აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ბათუმში ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და აცხადებს, რომ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს.“
აუდიტის მიხედვით:
„აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, რომლის ღირებულებამ 55,6 მილიონი ლარი შეადგინა.
წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, სანაპირო ზოლზე აშენდა 1 750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა [ქვის წყობა], დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, ნაპირსამაგრი ნაგებობა შედის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება [ინერტული მასალის შეტანა].
მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე [იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება] ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა აუდიტის პერიოდისთვის არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებით, დაგეგმილია სათანადო ღონისძიებების გატარება ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.“
„აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა აუდიტის პერიოდისთვის არ არის უზრუნველყოფილი, სანაპირო ზოლში არ არის შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეიძლება დაზიანდეს, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს აუდიტი.
გარდა ამისა, აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები. რომელთა ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიამ უძრავი ქონება არ მიიღო.
„მერიაში აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ნაპირსამაგრი ნაგებობებია, მდებარეობს ზღვაში და, შესაბამისად, ვერ განიხილება, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება.
აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, აუდიტის ჯგუფმა მერიის წამომადგენელთან ერთად, აღნიშნული ნაგებობების შესაძლო ადგილმდებარეობები დაათვალიერა, თუმცა მდინარე ჩაქვისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის [საწყისი ღირებულება − 141 250 ლარი] გარდა, სხვა ნაგებობები ვერ იქნა აღმოჩენილი.
პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მერიას მშენებლობის შესყიდვისა და ექსპლუატაციის არც ერთ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია და მათთვის უცნობია ნაგებობების დღეს არსებული მდგომარეობის დეტალები. შესაბამისად, ჭოროხის ხიდიდან მდინარის გასწვრივ [ორივე მხარეს] ნაპირსამაგრი კედლის [საწყისი ღირებულება − 12 977 492 ლარი], მწვანე კონცხზე − ნავმისადგომთან ტალღმტვრევის [საწყისი ღირებულება − 97 543 ლარი] და ტრავერსების [საწყისი ღირებულება − 121 000 ლარი] ფაქტობრივი მდგომარეობის გარკვევის მიზნით, აუდიტის ჯგუფის და შემდეგ მერიის მოთხოვნით საჭირო იყო ადგილმდებარეობის კოორდინატების დაზუსტება, თუმცა პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან არ მიუღიათ, რაც არამართლზომიერი ქმედებების რისკებს წარმოშობს“, – აცხადებს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების [ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები] მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის მიხედვით:
„სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა რიგ შემთხვევებში არ არის ჩატარებული ან/და ჩატარებული კვლევა ფორმალურია და არ ემსახურება პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. მათ შორის, ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა.
2020 წელს 98 შემდგარი ტენდერიდან 39 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ეკონომია, შედეგად, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 2 004 522 ლარით. ამასთან, მთლიანი ტენდერების 26% გაიმართა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, სადაც შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა მხოლოდ 111 116 ლარით, ანუ 8%-ით. ბაზრის კვლევის ნაკლოვანებების გამო, ტენდერში/კონკურსში კონკურენციის არარსებობა ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება იწვევს არაეკონომიურ ხარჯს.
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით, გამარტივებული წესით განხორციელებულია ისეთი საქონლის შესყიდვა, რომელზეც ტენდერის დროულად გამოცხადება არ გამოიწვევდა ღონისძიების შეფერხებით ჩატარებას.
სამინისტროებმა განახორციელეს 1 071 664 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ჩაიბარეს საექსპერტო დასკვნისა და ინსპექტირების ჯგუფის შეფასების საფუძველზე, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 11 ივლისს გამოაცხადა კონკურსი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 423 700 ლარით, დღგ-ის გარეშე. კონკურსში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებულმა ფასმა შეადგინა 385 000 ლარი დღგ-ის გარეშე. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 454 300 ლარი. სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკი, რომ სამინისტროს სათანადოდ არ შეუსწავლია ყველა კვალიფიციური მოსაზრება განვითარების გეგმა-კონცეფციასთან დაკავშირებით.
მოპოვებული დოკუმენტებით, მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურება შესყიდულია 454 300 ლარად, მაშინ როდესაც ანალოგიური/მსგავსი შინაარსის და მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო შესყიდვებში გადახდილია არანაკლებ 100 000 ლარით ნაკლები.“
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მერიას არ ჩაუტარებია ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 19 523 656 ლარს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია არ მოიცავს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა უძრავ ქონებას, რომლის ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციების თანახმად, ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც.
ინვენტარიზაციის დადგენილი წესით ჩაუტარებლობის გამო, მუნიციპალური ქონების ნაწილი ჯერ კიდევ არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
„გარდა ამისა, 8 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟი და შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება.
შესაბამის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, დემონტაჟის სამუშაოები შესრულებულია და ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტის ბალანსზე ასახვა არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის, მოცულობისა და განთავსების ლოკაციების თაობაზე. გამომდინარე ქონების დემონტაჟის შემდეგ გასული პერიოდისა, მაღალია რისკი, რომ ქონება განადგურებულია ან/და იმყოფება მესამე პირების არამართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნულის გამო, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ქონების იდენტიფიცირება და ინვენტარიზაცია“, – აცხადებს აუდიტი.
ქონება, რომელიც დემონტაჟის შემდეგ უნდა აღწერილიყო, თუმცა, აუდიტის დასკვნით, ქობულეთის მერიამ ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ამ ქონების ბედის გარკვევა ამჯერად პროკურატურას მოუწევს.
[toggle title=”აუდიტის მიერ ქობულეთში გამოვლენილი სხვა ნაკლოვანებების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]
აუდიტის შედეგად ქობულეთში ასევე გამოვლინდა, რომ:
მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებით რეგულაციის არარსებობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 19 560 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება;
2019-2020 წლებში ქობულეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 6 931 908 ლარი;
აუდიტის დასკვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212 231 482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების, ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია;
ქობულეთის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რაც ბაზრის კვლევის ნაკლოვანებებში, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არსებით ხარვეზებსა და, შესაბამისად, ხელშეკრულებებში განხორციელებულ ხშირ ცვლილებებში გამოიხატება. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილია 46 427 ლარი, ასევე გაწეულია არანაკლებ 70 831 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი;
მერიაში არსებული შიდა კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს სატენდერო პირობების ოპტიმალურ განსაზღვრასა და პრეტენდენტთა ობიექტურ შეფასებას. შედეგად, ოთხ შემთხვევაში 9 553 900 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირდება კონკურენციის შეზღუდვისა და პრეტენდენტთა არაერთგვაროვანი შეფასების ფაქტები, რითაც მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა;
ქობულეთში გარეგანათების ტექნიკურ მომსახურებაში 2019-2020 წლებში გადახდილია 717 506 ლარი, რაზეც ხარჯის გაწევის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. ეს და სხვა გარემოებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს;
ქობულეთის სანდასუფთავების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეულია არანაკლებ 11 167 ლარის არაეკონომიური ხარჯი;
ქობულეთის სოფლის წყლის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი, რაც ასევე წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს;
ქობულეთის მერიაში შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
[/toggle]
აუდიტის რეკომენდაციით, „საჯარო ქონების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული ყველა ქონების აღწერას, მისი ღირებულებით შეფასებას და ბალანსზე ასახვას, ხოლო არარსებული ქონების ბალანსიდან ჩამოწერას შესაბამისი პროცედურებით.“
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელვაჩაურის მერიამ 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, სადაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45 064 ლარი.
აუდიტის მიხედვით, ამ საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2019 წელს. სახლი ეკომიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან:
წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს, შპს „მშენებელთა ჯგუფს“ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია და ფაქტობრივადაც ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია და პროექტის ინსპექტირება განახორციელა მესამე მხარემ და რეალური ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს. აღნიშნული დასტურდება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, თუმცა მერიას ამ მომსახურებისათვის მიმწოდებელზე გადახდილი აქვს 10 000 ლარით მეტი, ანუ 85 000 ლარი.
სატენდერო კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი გამოცდილება წარმოდგენილი აქვს ამხანაგობის დამფუძნებელს, შპს „ახალ სტილს“ (ltd new style) და მისი ვალდებულებაა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა როგორც პროექტირების შემთხვევაში, ანალოგიურად, სამშენებლო საქმიანობა ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია და გაფორმებულია დამატებითი ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2020“-თან, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის 11 ივნისს. აღსანიშანვია, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიება. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა გამოცდილების არმქონე შპს-მ, ამასთანავე, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების, შესრულების აქტში ასახულ სამუშაოებთან შესაბამისობაზე, რაც წარმოშობს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის რისკს.
პროკურატურა აღნიშნულ საკითხთან ერთად წესით, ხელვაჩაურში წყალმომარაგების კუთხით შესრულებული სამუშაოებითაც უნდა დაინტერესდეს.
„ხელვაჩაურის ორ სოფელში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, ბიუჯეტიდან გადახდილია 45 000 ლარი. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მერიამ სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 134 829 ლარის ხარჯი, რომელიც ძირითადად მოიცავდა სატუმბის, რეზერვუარის და საქლორატოროს მშენებლობას, ასევე მაგისტრალის არსებულ ჭაბურღილზე დაერთებას, თუმცა განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ანალოგიური მიზეზის გამო არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც“, – აცხადებს აუდიტი.
„2019-2020 წლებში ხელვაცაურის მუნიციპალიტეტმა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მეშვეობით, წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისათვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის სულ გადაიხადა 800 985 ლარი. მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის რეზერვუარის მოვლა ექსპლუატაციისათვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი და ჯამში გაცემულია შრომის ანაზღაურება 431 000 ლარის ოდენობით. დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
[highlight color=”red”]ბ ს უ[/highlight]
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი.
უნივერსიტეტში აღმოჩენილ სხვადასხვა ნაკლოვანებებთან ერთად აუდიტი ანგარიშში მიუთითებს, რომ
„უნივერსიტეტში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რეგულარულად არ ხორციელდება შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, რის გამოც არ ხდება ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირება. კერძოდ, უნივერსიტეტის სამი შენობის მშენებლობისათვის ჯამში დახარჯულია 7 270 465 ლარი, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზები: მათ შორის, შენობა იტბორება, სახურავიდან ჩამოედინება წყალი, დაზიანებულია კედლები და სხვ. ამასთანავე, 132 182 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, თანხები ანაზღაურებულია სრულად. აღნიშნული კი წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისათვის დახარჯულია 2 884 887 ლარი, ვიზუალური დათვალიერებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. შედეგად, შენობის ნორმალური ფუნქციონირებისა და სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსები.
უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო მედიცინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა მოზიდვის ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმის ეფექტიანი მართვა, არ იყო დაცული წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის წესი. შედეგად, უცხოელ სტუდენტთა დავალიანება წლების მიხედვით იზრდებოდა და 2019 წლის ბოლოსათვის 1,486,817 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა მიმართ სტატუსის შეჩერების შესახებ მიღებულია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები.
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედ რეგულაციებთან შეუსაბამობისა და საკითხის არასათანადო შესწავლის შედეგად, მაგისტრატურის რიგი საგანმანათლებლო პროგრამის 653 სტუდენტმა ზედმეტად გადაიხადა 332,000 ლარი. აღნიშნული თანხა ექვემდებარება სტუდენტებისთვის უკან დაბრუნებას.
უნივერსიტეტში არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული 44 872 912 ლარის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, საბალანსო მონაცემებში დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები უსაფუძვლოდ გაზრდილია 174 651 ლარით, რაც შიდა კონტროლის სისუსტესა და აღრიცხვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.“
ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა პოსტი დატოვა. ყოფილი დირექტორის თქმით, სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ განცხადება ახალ წლამდე დაწერა.
საპარლამენტო არჩევნებში თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს პარტიიდან – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”. ამ პარტიაში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატები წევრიანდებოდნენ.
საარჩევნო კამპანიის დროს მარჯანიშვილი ოპერის დირექტორად მუშაობდა.
გასული წლის აპრილში ერთ-ერთ შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კოლეგების თანდასწრებით თორნიკე მარჯანიშვილი გააკრიტიკა და უთხრა, რომ მის ადგილას ახლავე დატოვებდა თეატრის დირექტორის პოსტს.
უკავშირდება თუ არა ცხრა თვის წინანდელ ამბავს თორნიკე მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლა? ამ კითხვაზე თეატრის ყოფილი დირექტორი გვპასუხობს, რომ შეხვედრა კულტურის მინისტრთან დიდი ხნის წინ იყო და „ძველ“ ამბებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
„ხომ შეიძლება დავივიწყოთ ძველი ამბები“ – ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.
ის გვიდასტურებს, რომ მუშაობა ქუთაისის მერიას დაქვემდებარებულ კულტურის აიპების გაერთიანებაში დაიწყო მრჩევლად. მისი განმარტებით, აქ ახალგაზრდებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა აქვს და თავს უკეთ გრძნობს.
„არავის არაფერი დაუძალები, თავად დავწერე განცხადება და წამოვედი, ეს უფრო შესაფერისი სამსახურია ჩემთვის“ – ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.
ის ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი 2014 წლიდან იყო.
ბათუმის ცენტრალური, ქვაფენილიანი ქუჩები ბევრ ადგილზე დაზიანებულია. მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდია, ფარნავაზ მეფის და კიდევ ბევრ სხვა ქუჩაზე, ქვაფენილი თვეობით ამოყრილია. ამოყრილი ქვების ადგილი წვიმის დროს წყლით ივსება, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისას, ასევე ქვეითებისთვის.
ბათუმის მერიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და ამოყრილ ქვაფენილს ასწორებენ, თუმცა როგორც თავად გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ ზედაპირულ მოსწორებას აკეთებენ და გრძელვადიან შედეგზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
მემედ აბაშიძის ქუჩა „შეკეთების“ შემდეგ. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ამ სამუშაოებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დაკვეთით შპს „ბიელი“ ასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 26 დეკემბრამდეა გაფორმებული. ერთ-ერთი ასეთი სამუშაოების შესრულების დროს „ბათუმელები“ ამ სამსახურის სპეციალისტ მიშა ძორელაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ქვაფენილების დაზიანებას და ამოყრას, სანიაღვრე სისტემების უქონლობა იწვევს.
„ჩვენ ვერ შევაკეთებთ ამ ქუჩებს კაპიტალურად, მხოლოდ დაზიანებული მონაკვეთების ჩალაგება და მოხრეშვა კეთდება. სულ სამი 4-4 კაციანი ჯგუფი გვყავს, ისინი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და დაზიანებულ ქვაფენილებს ასწორებს.
მთელი წლის მანძილზე 340 ათასი ლარი გვაქვს ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი, ეს ძალიან მცირე თანხაა, რადგან ამ თანხით არა მარტო ქვაფენილები უნდა გავასწოროთ, არამედ ფილების, ბოწკინტების და ბორდიურების მოწესრიგებაც შედის.
გარდა ამისა, ამ ქუჩებზე, სადაც დაზიანებულია ქვაფენილები, არ არის სანიაღვრე სისტემა და ძლიერი წვიმის დროს დაგუბებული წყალი აზიანებს“, – გვეუბნება მიშა ძორელიშვილი.
ხშირ შემთხვევაში ე.წ. შერემონტების დროს, ქვებით შექმნილი დეკორაციების სიმეტრია და ორნამენტები დარღვეულია. ზოგან ადგილზეა მიმოყრილი, მორჩენილი ქვები.
ძორელიშვილი ამბობს, რომ მუშები მაქსიმალურად ცდილობენ ვიზუალის დაცვას, თუმცა ყოველთვის არ გამოსდით. „როგორც ვხედავთ, ეს ორნამენტები ზოგად რკალისებურია, ზოგან ბაქლავისებური, ვცდილობთ, რომ დავიცვათ სიზუსტე. 4-4 კაცითაა სამი ჯგუფი დაკომპლექტებული და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც ვწვდებით ეს არის“, – ამბობს ძორელიშვილი.
ქვაფენილი შეკეთების შემდეგ, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მისი თქმით, ჯგუფები თითქმის ყოველდღე გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე და ცდილობენ დაზიანებული ადგილების მოსწორებას.
„თუ სად არის დაზიანება, ამის შესახებ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი გვაწვდის ინფორმაციას და იმის მიხედვით გავდივართ. სადაც ყველაზე დიდი დაზიანებაა, ჯერ იქ გავდივართ, შემდეგ მცირე დაზიანებებსაც ვასწორებთ. სიტუაციას ართულებს ვიწრო ქუჩები, სადაც დღის საათებში ინტენსიური მოძრაობაა და ვერ ვახერხებთ სამუშაოების დასრულებას“, – ამბობს ძორელიშვილი.
კლდიაშვილის ქუჩა. ქუჩების მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტში 340 ათასი ლარია გათვალისწინებული
ჯგუფი დღეს, 8 თებერვალს ვაჟა-ფშაველაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე მუშაობს. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბევრი ლოკაციაა ქალაქში, სადაც ქვაფენილები ამოყრილი და დაზიანებულია.
ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის ქვაფენილი აყაროს ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე, რადგან მერიის განცხადებით, ინტენსიური მოძრაობის გამო, ვერ უზრუნველყოფენ ქვაფენილიანი საფარის შენარჩუნებას.
“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.
ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის იყო.
საქმის მასალების მიხედვით, დაახლოებით საღამოს 10 საათზე რესტორნის კერძო დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ კლიენტს წელს ზევით სრულად გაშიშვლების გამო შენიშვნა მისცა. ეს კლიენტი 25 წლის დავით დ. იყო, რომელიც ამ დროს ცეკვავდა.
გამოძიების ვერსიით, დავით დ.-მ დაცვის თანამშრომელს არაერთი თვითმხილველის თვალწინ გულში დაარტყა დანა, რომელსაც თან ატარებდა. კაცს მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“შენიშვნა მიუცია, ჩაიცვი მაისურიო, ხომ იცი, რესტორანში ქცევის წესიო, ჩემ ქმარს უთქვამს,” – თვითმხილველი არ იყო, მაგრამ რაც უთხრეს, ის ამბავი მოუყვა მოსამართლეს გარდაცვლილის მეუღლე ვარდო ბ.-მ. ის დაზარალებულის უფლებამონაცვლეა.
“მერე გარეთაც გაუყვანია ის ახალგაზრდა, ჩაიცვი ტანზე და ისე შემოდიო. ის მაინც შემოსულა და პირდაპირ დაურტყამს დანა ჩემი ქმრისთვის, საბედისწერო აღმოჩნდა…” – სიტყვა გაუწყდა ქალს და მერე მოსამართლეს ისიც უთხრა, რამდენიმე დღის წინ იტალიაში, ემიგრაციაში წასულმა ბრალდებულის დედამ ტელეფონზე როგორ დაურეკა.
“მითხრა, ყველაფერს ვიზამ, დაგეხმარებიო, შეხვედრა მინდაო, მე უარი ვუთხარი შეხვედრაზე. არ მინდა,” – დასძინა მოკლული კაცის ცოლმა.
“კამერის ჩანაწერში გამოჩნდა, როგორ გარბოდა ის თანმხლებ პირთან ერთად ამ შემთხვევის შემდეგ,” – უთხრა მოსამართლეს ინსპექტორ – გამომძიებელმა როსტომ ცინცაძემ, რომელსაც 21 ივლისის ღამეს გამოძიება დაუწყია და დღეს მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.
გამომძიებლის თქმით, დავით დ. ჯერ თვითმხილველებმა ფოტოზე ამოიცნეს 22 ივლისს, ხოლო შემდეგ ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც ამოიღეს.
“არა. დასკვნა რა საჭირო იყო, მე უკვე პიროვნულად ვიცნობდი ამ ორ პიროვნებას (ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე მეგობარი ახლდა)… ეს ვიდეო ჩანაწერები დათვალიერდა 31 ივლისს,” – აღნიშნა გამომძიებელმა.
“არ მესმის ხმა,” – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა, რომელიც ისევე, როგორც ადვოკატები, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრნენ.
მოსამართლე ბრალდებულს მოუყვა, რაც მოწმე პოლიციელისგან მოუსმინა და მოწმეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ხმამაღლა ესაუბრათ.
“ჩემი დათვალიერება როცა მიმდინარეობდა დაზიანებებზე…,'”- მოწმე პოლიციელს მიმართა თავად ბრალდებულმა დისტანციური ჩართვის, თუმცა ის თავისივე ადვოკატმა გააჩერა.
“კითხვა თუ გაქვს, ის დაუსვი, ეგ მერე მოყევი,” – უთხრა ბრალდებულს ადვოკატმა, რის შემდეგაც დავით დ.-მ საუბარი შეწყვიტა.
დავით დ. პოლიციელებმა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ის ამ დროს ბათუმში, ნაქირავებ ბინაში იყო და მეორე სართულიდან გადმოხტა.
“ბრალდებული ადასტურებს, რომ დაზიანებები მიიღო თვითონ, მაგრამ მას ჰქონდა დაზიანებები ყელის არეშიც, რაც მიაყენა მას დაცვის თანამშრომელმა, რომელიც გარდაიცვალა,” – ამბობს ადვოკატი კახა ცნობილაძე.
“ამიტომაც არ მოგიწერათ ოქმზე ხელი დაკავებულმა, რომ თქვენ ეს მონაცემი არ ჩაწერეთ ოქმში,” – მორიგ მოწმეს, პოლიციელ რომან სირაძეს მიმართა ამჯერად ადვოკატმა.
“არ ვადასტურებ, არ ყოფილა ასე,” – იუხერხულა ადვოკატის ნათქვამი პოლიციელმა და გაიმეორა, რომ ოქმში დაკავებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები სრულად ასახა.
“მკვლელობის მიზანი ბრალდებულს არ ჰქონია, მაშინ ერთხელ რატომ დაარტყამდა დანას?” – გვითხრა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეუცვალონ. დაცვის მხარის ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული დაცვის თანამშრომლისგან რეალურად თავს იცავდა, რომელიც მას ხელკეტს ურტყამდა და სცემა რესტორნის გარეთ.
“დააკვირდით, დანის დარტყმა მოხდა გარეთ, ბულვარში. გარეთ რა საქმე ჰქონდა დაცვის თანამშრომელს ბრალდებულთან? ის ხელკეტით ძალადობდა, ურტყამდა და ეს იგერიებდა, რეალურად ეს იყო… ეს იყო აუცილებელი მოგერიება გადამეტებით,” – გვითხრა კახა ცნობილაძემ.
ბრალდებული დავით დ. თბილისში ცხოვრობს. ის მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული ბათუმში დასასვენებლად, როცა ბულვარში ეს ამბავი მოხდა.
რა გააკეთა ბათუმის მერიამ სამარშრუტო ხაზების მფლობელების მიერ თვითნებურად გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით? რატომ ვერ მიიღეს ბაღის აღმზრდელებმა იანვრის თვეში გაზრდილი ხელფასი და რას გეგმავს მერია ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მდებარე ავარიულ სახლთან დაკავშირებით? რატომ ჩაიბარა მერიამ მე-13 ბაღის მშენებლობა, როცა ის უხარისხოდ იყო შესრულებული და აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყებებს მიმართოს – ეს არის იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებიც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის მერიის კანცელარიაში არჩილ ჩიქოვანს წერილობით დაუტოვეს.
ბათუმის არჩეული მერი, არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციას არ ხვდება. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ოპოზიციამ მერის კაბინეტში შესვლა ვერ მოახერხოს, მერის მისაღებთან მუდმივად მობილიზებულია დაცვის პოლიცია.
მსგავსი პრაქტიკა არც ერთი მერის პირობებში არ ყოფილა.
„ბათუმის მერი ამ წერილის მერე ვალდებული იქნება ამ კითხვებზე პასუხი გაგვცეს,“ – თქვა ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-იდან ბაჩი მექვაბიშვილმა საკრებულოში წერილის შეტანის დროს.
ოპოზიციის წევრებმა ბათუმის მერს კანცელარიაში წერილი დაუტოვეს
„წერილობით მიმართვა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მერმა იცოდეს, იმ შემთხვევაში თუ შეგვხვდება ჩვენ ამ კითხვებს დავუსვამთ. ამ კითხვებზე გვინდა პასუხები. ახლა კეთილი ინებოს და თუ უნდა წერილობით, უნდა იმედზე, აჭარის ტელევიზიაზე – ნებისმიერ სამთავრობო არხზე შეუძლია დაჯდეს და გააკეთოს განცხადება. რადგან არ გვხვდება და ეს პოლიციელი ბიჭებიც ყოველდღე უნდა შევაწუხოთ, გადავწყვიტეთ ამ ფორმის მოფიქრება,“ – განმარტა რეზო ხარაზმა მიზეზი, თუ რატომ მიმართა ბათუმის მერს წერილობით.
მისივე თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბათუმის მერი ოპოზიციის წევრებს არ ხვდება. უფრო მეტიც, მათი შეხვედრის თავის ასარიდებლად საკუთარი კაბინეტის წინ დაცვა დააყენა.
8 თებერვალი – ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის სამუშაო კაბინეტის კარს დაცვის პოლიცია იცავს
ბათუმის მერიის შენობა ორსართულიანია. არჩილ ჩიქოვანის მერად გახდომამდე, მერიის შენობაში დაცვა მხოლოდ პირველ სართულზე იდგა. ახალი მერის მოსვლის შემდეგ კი, ბათუმის მერიაში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდა. მერიის შენობის წინ, შესასვლელ კართან მუდმივად დგას დაცვის ერთი პოლიციელი, უშუალოდ შენობაში, პირველ სართულზე, მეორე სართულის ასასვლელ კიბეს ასევე პოლიცია აკონტროლებს. ბათუმის მერის კაბინეტის წინ კი რამდენიმე კაციანი დაცვა დგას.
მათი ოდენობა იმის მიხედვით იცვლება, აპირებს თუ არა მეორე სართულზე ასვლას ოპოზიცია. არადა ისინი საკრებულოს წევრები არიან და წესით სამუშაო კაბინეტებიც იმავე შენობაში უნდა ჰქონდეთ, სადაც მერი მუშაობს.
მაგალითად დღეS, 8 თებერვალს, არჩილ ჩიქოვანის კარს დაცვის ხუთი თანამშრომელი იცავდა, გუშინ, 7 თებერვალს კი მისი კაბინეტის კართან 12 პოლიციელი იდგა.
ბათუმის მერის კაბინეტს დაცვის პოლიცია გასული წლის დეკემბრიდან იცავს.
ბათუმში დღეს, 8 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.
PM10 ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი; 8 თებერვლის დღის 3 და 4 საათისთვის კი, ეს მონაცემი ბათუმში იყო 45,49, ანუ დამაკმაყოფილებელი.
PM2.5 ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი კი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ზე მეტი კი – საშუალო და ცუდი. დღეს, 8 თებერვალს, ბათუმში 29.02, ანუ ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით, დაბინძურებული იყო 4 თებერვალსაც:
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაშინ გაავრცელა განცხადება, რომ „ატმოსფერულ ჰაერში პირველი თებერვლიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“
დღეს მსოფლიოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნება. ვირტუალური სამყარო უნიკალური ასპარეზია პატარა მომხმარებლისთვის. მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს,ახალი აითვისოს, გაერთოს, შეიმეცნოს, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ამავე დროს ვერ შეძლოს თავად ამოიცნოს და აღმოაჩინოს ინტერნეტთან დაკავშირებული საფრთხეები.
პროგნოზირებადი და უსაფრთხო რომ გახდეს ბავშვის წვდომა გლობალურ ქსელთან, სილქნეტი ჭკვიან სერვისს, „ინტერნეტ მშობელს“, თავაზობს მომხმარებლებს.
აპლიკაციის დახმარებით თქვენ
იცავთ შვილებს ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან;
გეცოდინებათ რას ეძებენ თქვენი შვილები ინტერნეტში;
შეძლებთ დაბლოკოთ მათთვის არასასურველი საიტები;
აარიდოთ კიბერბულინგს და ყალბ ინფორმაციას;
უწესებთ ინტერნეტში ყოფნის დროს;
მარტივად იგებთ მათ ადგილმდებარეობას და მობილური მოწყობილობის ელემენტის სტატუსს;
იღებთ შეტყობინებას ბულინგის ან სხვა საფრთხის შემცველი ტექსტის მიღების შემთხვევაში;
ეს ყველაფერი ბავშვთან შეთანხმებით ხდება. მან უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში „ინტერნეტ მშობელი“ დაიცავს.
სერვისის სამართავად აუცილებელი პირობაა პორტალზე mysilknet.com რეგისტრაცია, სადაც განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია ქართულ ენაზე და აპლიკაციები. შეგეძლებათ SilkTV-ის მენიუში საინფორმაციო შემეცნებით ვიდეოს გაეცნოთ. https://www.youtube.com/watch?v=_tMPpFrBgXU&t=6s
ქობულეთის მერიის შენობაში ჟურნალისტებს და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს არ უშვებენ. საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ბონდო თედორაძე, სხვა კოლეგებთან ერთად დღეს, 8 თებერვალს, მივიდა ქობულეთის მერიაში. მას საკრებულოს ფრაქციის სამუშაო ოთახში განცხადება უნდა გაეკეთებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ჰქონდა ქალაქში არსებულ პრობლემებზე და აუდიტის დასკვნის შესახებ.
ჟურნალისტები ამ ამბის გასაშუქებლად იყვნენ მისული მერიაში, თუმცა ქობულეთის მერიის შესასვლელი [ამავე შენობაშია საკრებულოც] დაცვის პოლიციის კორდონით გაამაგრეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ქობულეთის მერიაში არ შეუშვეს ტელეკომპანია „მთავარის“ „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.
„დაახლოებით ნახევარი საათი ვითხოვდით ქობულეთის მერიაში შესვლას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი პოლიციელი, რომლის ვინაობა ჯერ ვერ დავადგინე. მერმა შემოგვითვალა, რომ პანდემიის გამო არ გვიშვებს ჟურნალისტებს შენობაში, “ – უთხრა „ბათუმელებს“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თეა ვაშალომიძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღია განმარტება, რის საფუძველზე არ შეუშვეს ჟურნალისტები მერიის შენობაში.
„მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ნაწილდება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, როცა მას ვთხოვეთ განემარტა, როგორ ანაწილებს პრიორიტეტებს, როცა ქალაქში ქვაფენილის აყრასა და ხელახლა ასფალტის დაგებაში 8 მილიონი იხარჯება, ხოლო ქალაქის დასახლებებში – ადლიაში, აეროპორტის უბანში, კახაბერში, მახვილაურში, გონიოში, კვარიათში – კანალიზაციის სისტემაც კი არ აქვთ?
მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ადლიაში ან ანგისაში არ მოუთხოვია კანალიზაციის სისტემა? – ვკითხეთ არჩილ ჩიქოვანს მას შემდეგ, როცა მან თქვა, რომ „მოთხოვნის შესაბამისად“ ანაწილებს პრიორიტეტებს.
„თქვენ არ ადევნებთ თვალს ჩვენს განცხადებებს. კიდევ ერთხელ უნდა განგიმარტოთ, რომ KFW-ს მე-5 ფაზა, რომელიც ხელმოწერის ეტაპზეა, სრულად უზრუნველყოფს შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალარინების სისტემების, ასევე წყლის სისტემების სრულად უზრუნველყოფას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელიც აუცილებლად განხორციელდება ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი პროექტები,“ – გვითხრა ბათუმის მერმა.
რატომ არ მიიჩნია საჭიროდ მერიამ აქამდე მინიმუმ კანალიზაციის სისტემა მოეწყო შემოერთებულ ტერიტორიაზე და როდის დაიწყება ეს სამუშაოები? – კითხვის პასუხად არჩილ ჩიქოვანმა ის თქვა, რასაც ის ყველაზე ხშირად ახსენებს სხვადასხვა პრობლემაზე დასმულ კითხვაზე საუბრის დროს:
„შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მალე დაიწყება,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.
როდის დაიწყება ეს სამუშაოები და როდის დასრულდება? როდის იქნება, მაგალითად, ადლიის დასახლებაში კანალიზაციის სისტემა? – ვკითხეთ ისევ ბათუმის მერს და შევახსენეთ, რომ პასუხი სჭირდება ქალაქის ათასობით მცხოვრებს, სადაც თვე-ნახევარში ისევ არჩევნებია.
„გიპასუხეთ უკვე… მე ყველა შეკითხვას ვპასუხობ, მათ შორის, სამოქალაქო შეხვედრებზე, ღია ტიპის შეხვედრაზე,“ – დასძინა არჩილ ჩიქოვანმა „ბათუმელებთან“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს – ზოგან წვიმა.
მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 2 – 5 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 10 თებერვალს აჭარაში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში – თოვა, მომდევნო 2 დღეს კი, 11-12 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოში 99 143 ადამიანს ჰქვია დავითი. გასულ, 2021 წელს, ეს სახელი 693 ახალშობილს დაარქვეს.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული კაცის სახელია გიორგი – ქვეყანაში 192 960 ადამიანს ჰქვია ეს სახელი.
რაც შეეხება ქალის სახელებს, საქართველოში ყველაზე პოპულარული სახელებია ნინო და მარიამი. ნინო ქვეყანაში 115 692 ქალს ჰქვია, ხოლო მარიამი [და მარიამ] – 116 691 ქალს.
რატომ გადაწყვიტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში შავ ზღვაზე ყურადღების გამახვილება ახლა? – საქართველოს აშშ-ში ყოფილი ელჩი და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იზრდება. „თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს სტაბილურ და მშვიდობიან შავ ზღვას,“ – გვითხრა მან.
„რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს,“ – თქვა 5 თებერვალს კელი დეგნანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
ბათუ ქუთელია ასევე მიიჩნევს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს ჰქონდა გზავნილი საზოგადოებისთვისაც, როცა ის „უკანა ეზოდ“ გადაქცევის საფრთხეზე საუბრობდა.
ბატონო ბათუ, თქვენი დაკვირვებით, ახლა რატომ მიიჩნია საჭიროდ კელი დეგნანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ეთქვა: „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, განსაკუთრებით კი, ჩვენი რეგიონისთვის. პირველ რიგში, შავი ზღვა გახდა მთავარი კომპონენტი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების. ეს პროცესი დაიწყო 2016 წელს, როცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე კომუნიკეში ნატო-მ პირველად პარტნიორობიდან რუსეთი შეცვალა და მოიხსენიებს უკვე მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და საფრთხედ.
ამავე კომუნიკეში 5 სხვადასხვა მუხლში 12-ჯერ გვხდება ჩანაწერი „შავი ზღვა“, ბუნებრივია, სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით. ამ პერიოდიდან იწყება შავი ზღვის მნიშვნელობის გაზრდა. პარალელს თუ გავაკეთებთ, დღევანდელი გადმოსახედიდან შავი ზღვის როლი ევროპული უსაფრთხოებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც თავის დროზე იყო ბალტიის ზღვის უსაფრთხოება ევროპისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა ჩამოიწია ახლა სამხრეთით. ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელიც საქართველოსთვის იხსნება.
ბათუ ქუთელია
როდიდან გააქტიურდა შავი ზღვის საკითხი დასავლეთში და რამ შეუწყო ამას ხელი?
2016 წლიდან დაიწყო ყურადღების მიქცევა შავი ზღვის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ეს იყო ყირიმის ანექსიის შემდეგ.
დღეს, როდესაც უკრაინაში რუსეთს აქვს განმეორებითი და შემდგომი აგრესიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.
ნელ-ნელა ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მეტ კონტექსტს იძენს. ამ გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ რომ ჩვენს ყურამდე მოაღწია ასე გვიან, ეს პრობლემაა ასევე ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არაფერს აკეთებს ამისათვის. პირიქით, ხელისუფლებამ ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტი, მოშალა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. ჩვენ უფრო რუსეთზე ვართ ორიენტირებული ეკონომიკურად, ვიდრე დასავლეთზე.
შესაძლოა კელი დეგნანმა პირველად ახსენა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ აქვთ ნათქვამი შავი ზღვის შესახებ. განსაკუთრებით „ყირიმის ანექსიის“ შემდეგ გაიზარდა ნატო-ს ყოფნა შავ ზღვაზე, იგივე როტაციული ნატო-ს ჯარების და ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ყოფნა პორტებში. საუბარია ასევე უფრო ღრმა ინტეგრაციაზე რეგიონის ქვეყნების როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.
ეკონომიკურ პოტენციალს გაუსვა ხაზი ასევე კელი დეგნანმა შავ ზღვაზე საუბრის დროს და თქვა, რომ ის არის „დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ კომერციული ტვირთის ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად.
კი, გეოპოლიტიკური უსაფრთხოება არის არამხოლოდ უსაფრთხოება, არამედ მართლაც შავი ზღვის დანახვა, როგორც ხიდის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გადის ალტერნატიული სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფანი, რომელზეც არ აქვს წვდომა რუსეთს.
აშშ-ის ელჩმა ისაუბრა ანაკლიის პორტზეც და განაცხადა, რომ „ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“. რას აჩვენებს ელჩის მხრიდან ამ თემაზე აქცენტის გაკეთება?
ბუნებრივია, ეს გზავნილი მიემართებოდა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ანაკლია საქართველოს ტერიტორიაა. სამწუხაროდ, ეს გზავნილი კიდევ უფრო მაღალ დონეზე პომპეომ გააჟღერა. მაშინაც ეს უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.
ამ შემთხვევაში, საჯარო განცხადების ამოცანა არის ის, რომ მხოლოდ ამ ქვეყნის მთავრობამ კი არა, მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, რატომ არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები იმით, რომ საქართველო იყოს შემდგარი დემოკრატია. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ არის ამერიკის ინტერესიც – ჩვენ ვიყოთ შემდგარი დემოკრატია.
ამას ემატება ისიც, რომ ამ ინტერესების საპირწონედ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შევძლოთ და ყურადღება გავამახვილოთ ასეთ სტრატეგიულ, ისტორიულ ფანჯარაზე, რომელიც იხსნება. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი გამოვლინება არის ამის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ესეც გზავნილი იყო.
აღნიშნეთ, რომ საჯარო განცხადების მიზანია მოსახლეობისთვის იყოს გასაგები, რა იცვლება ჩვენ გარშემო და მათ შორის, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს შორის. ელჩის განცხადებებიდან რა იკვეთება?
იმისთვის, რომ შავი ზღვა გადაიქცეს მართლაც რუსეთის უკანა ეზოდ, რუსეთს ამისთვის აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია. ეს იყო, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს. შემდეგი ეტაპი იყო ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ ეტაპად განიხილება აზოვის ზღვის მონაკვეთზე კონტროლის აღდგენა. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, რომ თავისი გავლენა შავ ზღვაზე გაზარდოს, რომ აკონტროლოს, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური აქტიურობა, რადგან შავ ზღვაზე არის ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი და არსებობენ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები: უკრაინა, საქართველო.
თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს სტაბილურ და მშვიდობიან შავ ზღვას.
რუსეთის ამოცანაა, რომ საქართველო და უკრაინა ჩამოაშოროს ნატო-ს და გაზარდოს თავისი გავლენა. ამ შემთხვევაში მართლა გადაიქცევა შავი ზღვა და საქართველოც რუსეთის „უკანა ეზოდ“. სწორედ ამიტომ წამოაყენა პუტინმა მოთხოვნად, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდეს ნატო-ში, რაზეც ძალიან მტკიცე უარი მიიღო, მაგრამ ეს ადასტურებს სწორედ რუსეთის სტრატეგიულ ხედვას.
ამავდროულად, აშშ-მ ძალიან მკაფიო უარი განუცხადა რუსეთს გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე, ევროპის დაყოფაზე გავლენის ზონებად. აშშ-მ მოკავშირეებთან ერთად უთხრა რუსეთს, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არაა, როდის გახდება, მაგალითად, ნატო-ს წევრი საქართველო და უკრაინა.
ეს არის სწორედ ის ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკა მხოლოდ პრევენციული დიპლომატიით არ შემოიფარგლება, არამედ პრევენციულად შეაიარაღებს, თავდაცვისთვის მოამზადებს ქვეყნებს, მათ შორის, უკრაინას და საქართველოს, თუ ჩვენ ინტერესს გამოვიჩენთ, შეაკავონ რუსეთის აგრესია და უკეთ მოვემზადოთ ნატო-ში გაწევრიანებისთვის სხვა დანარჩენი კომპონენტებით. ასე რომ, კელი დეგნანის ეს განცხადება არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საქართველოს კუთხიდან ინტერპრეტირება, რაც გზავნილი იყო სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაშინ, როდესაც 30 წელი გავიდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და ამ პერიოდში აშშ-მ განსაკუთრებით ბევრი გააკეთა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის.
კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ რუსეთი ცდილობს „დაბნეულობის გაღვივებას“ და „განხეთქილებას“. არსებობს რესურსი, რომ რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის მოვლენების შემდეგაც რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს?
დაბნეულობის და ეჭვის გაჩენა არის რუსეთის არამხოლოდ პროპაგანდის, არამედ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. ამ გზით ცდილობს რუსეთი გააძლიერო თავისი გეოპოლიტიკური გავლენა. ეს ეხება ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც მუშაობს რუსული პროპაგანდა.
ამაზე საუბრობდა ტონი ბლინკენი, რომ საქართველო ამ შემთხვევაში არის ერთი მთავარი სამიზნე. კელი დეგნანის განცხადება კი ადასტურებს, რომ ეს ასეა, საქართველო არის რუსეთისთვის მთავარი სამიზნე და რუსეთმა სწორედ საქართველოდან დაიწყო აგრესიული რევიზიონიზმი 2008 წელს, რის შესახებაც 2007 წელს განაცხადა მიუნხენის კონფერენციაზე. კელი დეგნანის ეს განცხადებები რომ შევაკოწიწოთ, მთლიანობაში კარგად აჩვენებს საქართველოს მნიშვნელობას ამ დაპირისპირებაში დასავლურ სამყაროსა და პუტინის ავტორიტარიზმს შორის.
რუსული სქემა პრინციპში ახლა გაშიფრულია. რუსეთი, სხვათა შორის, აღარ მალავს ბოლო პერიოდში, რომ მთავარი ამოცანა არის ბზარების გაჩენა ტრანსატლანტიკურ ალიანსში, ამერიკასა და ევროპელებს შორის, ასევე ბზარის გაჩენა ევროპულ ქვეყნებს შორის, მაგალითად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის და კიდევ უფრო მიკროდონეზე დემოკრატიულ ქვეყნებში შიგნითაც მოახდინოს პოლარიზაცია. რაც უფრო მეტი გამყოფი ხაზებია, მით უფრო უადვილდება რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანების მიღწევა. ჯერჯერობით მან ეს ვერ მოახერხა და პირიქით, საკმაოდ დიდი რესურსით უპირისპირდება დასავლეთი, ნატო და ტრანსატლანტიკური ალიანსი ერთიანია. ევროპის პასუხიც რუსულ აგრესიაზე ერთიანი იყო, თუმცა აქ გარკვეული რისკები ისევ არსებობს. მაგალითად, ცალკეული ორმხრივი ურთიერთობები და მოლაპარაკებები რუსეთთან, რასაც, მაგალითად, ახლა მაკრონი განახორციელებს, მანამდე კი, გერმანიის კანცლერმა განახორციელა. ეს მაინცდამაინც ხელს არ უწყობს ამ ერთიანობის შენარჩუნებას, რადგან სწორედ ამ ორმხრივ ფორმატს იყენებს ხოლმე რუსეთი გარკვეული ბზარის და უნდობლობის გასაჩენად. იმედი მაქვს, რომ ეს ამჯერად ვერ გამოუვა, რადგან ხელის გულზე დევს პრაქტიკულად ის ტაქტიკური მეთოდები, რასაც დღეს რუსეთი იყენებს.
რა ჩანს საქართველოს ხელისუფლების რეაქციიდან იგივე აშშ-ის ელჩის ამ განცხადებებზე?
საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აღარ რეაგირებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევებზე. სახეზე გვაქვს მიტაცებული სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და აქედან გამომდინარე, რუსეთთან მაამებლური პოლიტიკა უფრო არის მათთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში.
რაც შეეხება რუსეთის რეაგირებას, ჩემი აზრით, დასავლური ერთიანობა, რომელშიც ბზარი ვერ გააჩინა რუსეთმა, ასევე წერილობითი პასუხი, რაც მიიღო, ადასტურებს იმას, რომ ამან გარკვეულწილად შეამცირა იმის ალბათობა, რომ რუსეთმა მორიგი სამხედრო ავანტიურა დაიწყოს, თუმცა ჯერ კიდევ საფრთხე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შემდეგი ერთი-ორი კვირა იქნება ყველაზე უფრო ინტენსიური ამ გზავნილების ზუსტად გადათარგმნისთვის პუტინისთვის, თუ რას გამოიწვევს ეს რუსეთისთვის, რადგან შემდეგი ავანტიურა უკრაინაში უკვე შესაძლოა თავად რუსეთის სახელმწიფოს დაშლით დამთავრდეს.
რამდენად შესაძლებელია ამ სიტუაციაში უკრაინასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებაც უფრო მეტი ყურადღების საგანი გახდეს?
საქართველოსთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივიღოთ დამატებით უსაფრთხოების გარანტიები და მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრირება დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან.
უკრაინის კრიზისის შემდეგ დაიწყება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა ევროპაში. თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიოდ გამოხატული პოზიცია იმაზე, თუ სად ვდგავართ, აქ უკვე ვეღარ იარსებებს შუალედური ზონა: ან ხარ ისტორიის ნათელ მხარეს, ან ხარ ავტორიტარ პუტინთან ერთად. თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიო პოზიცია, ეს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის რისკი კი დიდია, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია პოზიციის დაფიქსირების, არ აქვს ხედვა იმაზე, საერთოდ რა ხდება. ის მარტო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებითაა დაკავებული.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2019-2020 წლებში, სახელფასო ფონდი კანონდარღვევით იყო გაზრდილი, ხოლო ამავე პერიოდში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, დოკუმენტური დასაბუთების გარეშეა გადახდილი ჯამში 238 975 ლარი.
სახელფასო ფონდის გაზრდის პარალელურად, „ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. ზემოაღნიშნული საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს“, – აცხადებს აუდიტი.
ქობულეთის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში 2019 წელს სრულმა სახელფასო ხარჯებმა შეადგინა 8 323 191 ლარი, ხოლო 2020 წელს − 8 554 537 ლარი. შესაბამისად, ეს 9.6%-ით და 12.6%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მათ შორის, 2018 წელთან მიმართებით 2019 წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების საკასო შესრულება გაზრდილია 41.7%-ით, ხოლო 2020 წლის − 54.6%-ით.
აუდიტის მიხედვით, „ქობულეთის მუნიციპალური ორგანიზაციები, 2019-2020 წლებში ასევე არ აწარმოებდნენ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის/სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელს, ხოლო ხელფასების დარიცხვა და გაცემა ხდებოდა მხოლოდ საშტატო განრიგისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ამასთანავე, ორგანიზაციებს დოკუმენტის სახით არ აქვთ სამუშაო აღწერილობები, შრომითი ხელშეკრულებები კი შაბლონურია და არ იძლევა შესასრულებელი სამუშაოების იდენტიფიცირების შესაძლებლობას“.
გაზრდილი სახელფასო ფონდი ქობულეთის მერიაში
2018 წელთან შედარებით სახელფასო ხარჯები გაზრდილია ასევე ქობულეთის მერიაში, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 24.1%-ით, ხოლო 2020 წელს − 30.4%-ით.
„ქობულეთის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯების ზრდა დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელების პირობებში, როდესაც არ ხდებოდა თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ან/და შესრულებული სამუშაოს სხვა ფორმით დადასტურება. ასევე შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასრულებელი სამუშაო არ ატარებს დამხმარე ხასიათს ან/და არამუდმივი ამოცანების შესრულებას“ – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან განკარგვას, ასევე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დადასტურებას.“
დასაბუთების გარეშე ხარჯების ანაზღაურება ქობულეთის საკრებულოში
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2019-2020 წლებში მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში 238 975 ლარი გადაუხადა.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის რეკომენდაციით, „მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში.“
„ბათუმში როცა ბინა შევიძინე, მაშინ მითხრეს, რომ გაზის შეყვანას 800 ლარი სჭირდებოდა და ამ თანხაში შედიოდა ერთი წერტილი. ახლა გადაგვახდევინეს 1 100 ლარი და ის ერთი წერტილი არ შედის, კიდე უნდა გადაიხადოთ თანხაო. „სოკარში“ მითხრეს მარეგულირებელი წყვეტს ამ საკითხებსო და იქნებ გაგვარკვიოთ რა ხდება“ – მოგვწერა ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
„ბათუმელები“ მარეგულირებელს, ანუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას [სემეკს] დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ბინაში გაზის შესაყვანად 800 ლარის ნაცვლად ბინის მესაკუთრემ 1 100 ლარი უნდა გადაიხადოს.
1 100 ლარია გადასახდელი თვითმმართველ ქალაქებში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მდებარე კორპუსებს, აქ გაზის ბინაში შეყვანა 400 ლარის ნაცვლად, უკვე 700 ლარი ღირს.
გაზის შეყვანის საფასური 300 ლარით, როგორც სემეკში გვითხრეს, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან გაძვირდა და გაძვირდა სემეკისავე დადგენილებით. თუმცა, არის ერთი ნიუანსი – ამ 1100 და 700 ლარში გაზის გამანაწილებელ კომპანიას ვალდებულება აღარ აქვს გაზი უშუალოდ ბინაში შეიყვანოს და როგორც ადრე იყო, ერთი წერტილი [ვთქვათ, გაზქურა] ჩართოს.
მაგალითად, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მფლობელი რომ აბონენტად დარეგისტრირდეს და ბინაში გაზი ჰქონდეს, ცალკე იხდის 1 100 ლარს – ეს ბინამდე გაზის მიყვანისა და მრიცხველის საფასურია. უშუალოდ ბინაში [ე.წ. შიდა] გაზგაყვანილობის ქსელის მოწყობაში თანხას ცალკე იხდის. როცა სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია „შიდა ქსელი“ და გადახდილია 1 100 ლარი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული გაზგამანაწილებელი კომპანია [ამ შემთხვევაში „სოკარი“] ბინა უზრუნველყოს გაზმომარაგებით, ანუ ახალ აბონენტს გაზი ჩაურთოს.
ამასთან, თუ თვითმმართველ ქალაქებში აბონენტებს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველის დამონტაჟება სურთ [ეს ინდივიდუალურად შეუძლიათ მოითხოვონ], 1 100 ლარის ნაცვლად 1 600 ლარი უნდა გადაიხადონ [დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი – 1200 ლარი].
თუ კორპუსი არ არის გაზიფიცირებული, ამ შემთხვევაში თანხა წინსწრებით უნდა გადაიხადოს ყველა ბინის მესაკუთრემ ერთად [თვითმმართველ ქალაქებში 800 ლარს დამატებული 300 ლარი, ანუ 1100 ლარი თითომ, სხვაგან კი – 700 ლარი [400+300].
სემეკის ინფორმაციით, თუ კორპუსი უკვე გაზიფიცირებულია და ვთქვათ, იქ ბინის გაყოფა ხდება, ახალ აბონენტს გაზმომარაგებისთვის დამატებით 300 ლარის გადახდა არ მოუწევს და გადაიხდის მხოლოდ 800 ლარს – თვითმმართველ ქალაქებში, ხოლო სხვა ადგილებში – 400 ლარს.
სემეკის მიერ გასულ წელს მიღებული დადგენილებით, ახალი [საყოფაცხოვრებო] მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით თვითმმართველ ქალაქებში 800 ლარი, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 400 ლარი ძალაში დარჩა, თუმცა, მრავალბინიანი კორპუსების შემთხვევაში, ამ საფასურს დაემატა „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ – 300 ლარი.
რატომ? – სემეკში აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციებით, გაზგამანაწილებელი კომპანიის ხარჯებს ტარიფი ანაზღაურებს, ამ შემთხვევაში კი [ახალი კორპუსების გაზიფიცირება], კომპანიის ხარჯი მინუსებში წავიდა.
„თუ მიერთების საფასურის გადასახადი არ ფარავს მიერთების ხარჯს, ამ შემთხვევაში კომპანიას კანონით აქვს უფლება მოითხოვოს, რომ ეს ხარჯი აისახოს ტარიფზე. მაქსიმალურად ვცდილობთ დაცული იყოს ტარიფი ასეთი სპეციფიკური ხარჯებისგან.
ზოგადად, როგორც კი კომპანია გვანიშნებს, რომ რაღაც ნაწილში დამატებითი ხარჯი განიხილება, ასეთ დროს ჩვენ [სემეკი] ვცდილობთ, რომ რა კატეგორიის მომხმარებელიც იწვევს ამ ხარჯის ზრდას, იქვე მოხდეს ამ ხარჯის, ასე ვთქვათ, აკუმულაცია, რომ დადგენილ ტარიფზე არ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში, 300 ლარით გაზრდა მოხდა იმიტომ, რომ ახალი კორპუსების გაზიფიცირება უკვე არსებულ მომხმარებლებს არ დაეფინანსებინათ, ანუ, გაზის გადასახადი რომ არ გაზრდილიყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვანო მეჭურჭლიშვილმა, სემეკის რეგულირებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა.
მიუხედავად ამისა, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო ანუ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით გაძვირდა.
„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული,“ – განაცხადა მაშინ „სოკარმა“.
—
ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შესაყვანად 800 ლარი სემეკმა 2019 წლის 30 დეკემბრიდან დაადგინა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის კი, უცვლელად, 400 ლარი დატოვა.
საფასურის გაორმაგება სემეკში მაშინ ასე ახსნეს: „ცვლილება ბუნებრივი აირის სექტორს შეეხო, ვინაიდან არსებული საფასურის ოდენობა, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულებიდან გამომდინარე, არარეალური იყო. ამიტომ რეალური საფასურის დადგენა ხელახლა იყო საჭირო. მიზეზი თვითონ სამუშაოების სირთულეებია, მაგალითად, თვითმმართველ ქალაქებში ძალიან ბევრ ადგილზე, საჭიროა ასფალტის გადათხრა, სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება [იგივე, ტექნიკის დაქირავება, შეთანხმებები და ა.შ.], რაც სხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში არ დგას დღის წესრიგში“.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართული უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის მიზანი სკოლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა. რას შეცვლის პროგრამა დაწყებითი საფეხურის განათლების ხარისხში, ამ თემაზე „ბათუმელებს“ მანანა რატიანი ესაუბრა, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების დირექტორია.
ქალბატონო მანანა, რა არის ამ პროგრამის მიზანი და რა შედეგს ელოდებით მისგან?
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მისი განმახორციელებელია ამერიკული ორგანიზაცია ,,სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი’“ (RTI International), რომელიც ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა და 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. აქვთ გამოკვეთილი სფეროები – ეს არის განათლება, ჯანდაცვა და ტექნოლოგიები.
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, საქართველოში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, აქტიურად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისა და ქართული უნივერსიტეტების ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებით. პროგრამა ორი წელია დაინერგა საქართველოში და 8 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ჩვენთან საბაზისო განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა და დაწყებითი საფეხური ერთ-ერთია, სადაც განათლების დაბალი ხარისხი გვაქვს. არადა, ეს ის საფეხურია, როცა მოსწავლეს უნდა გამოვუმუშაოთ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება, რაზეც შემდეგ უნდა მოხდეს ცოდნის დაშენება.
აკადემიურ წარმატებას ვერცერთ საგანში ვერ მივაღწევთ, თუ ეს საბაზისო ცოდნა და კომპეტენციები არ აქვს მოსწავლეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, პროგრამის მიზანია ამ საბაზისო უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ დაწყებითის მასწავლებლებს.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამას ახორციელებენ უნივერსიტეტები – საუნივერსიტეტო კომპონენტი ძლიერდება ამ პროგრამით, რადგან სწორედ უნივერსიტეტები გადიან შემდეგ სკოლებში და ისინი მუშაობენ როგორც სკოლის ლიდერ მასწავლებლებთან, ასევე ხვდებიან სკოლის დირექტორებს. ამ პროგრამაზე დაყრდნობით მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული ზრდა.
ეს ნაწილი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროექტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტები მზად იქნებიან ხარისხიანი პროგრამები მიაწოდონ სკოლებს და ის ჯაჭვი, რომელიც დღემდე გაწყვეტილი იყო უნივერსიტეტსა და სკოლას შორის, დაწყებითი განათლების საფეხურზე შეძლებს კავშირის აღდგენას: უნივერსიტეტი, საბოლოო ჯამში, მოამზადებს დაწყებითი განათლების პროფესიონალ მასწავლებლებს.
როცა ჩვენ ვსვამდით კითხვებს, თუ რატომ ვერ ამზადებდა უნივერსიტეტი პროფესიონალ კადრებს სკოლებისთვის, მიზეზად სწორედ იმას ასახელებდნენ, რომ უნივერსიტეტსა და სკოლას შორის კავშირი არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, ეს პროგრამა დაძლევს ამ კრიზისს?
აქ მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განხორციელებაში უნივერსიტეტები არიან ჩართული და თავად მუშაობენ სკოლების პედაგოგებთან. ტრადიციულ სწავლებასთან ერთად, ისინი პედაგოგებს მიაწვდიან ახალ ცოდნას, შეისწავლიან სკოლის საჭიროებებს და ეცოდინებათ, რა ტიპის მასწავლებელი სჭირდება სკოლას დაწყებითი განათლების საფეხურზე.
ახალი პროგრამა როგორ ინერგება უნივერსიტეტებში. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას დაემატება, თუ ინტეგრირებული, 300-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამის კომპონენტი იქნება?
ამ შემთხვევაში მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა შევა ინტეგრირებულ 300-კრედიტიან პროგრამაში, რომელიც დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს ამზადებს.
შევეხებით 60-კრედიტიან პროგრამასაც და შემოგვაქვს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა რემედიაცია, განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სტრატეგიები და ასე შემდეგ. მთელი კრიტიკული ნაწილი, რაც ყველაზე სუსტი წერტილია დღევანდელ სკოლაში და ყველაზე მეტად უჭირთ მასწავლებლებს ამ მიმართულებით.
შესაბამისად, ამ კომპონენტებს ვაშენებთ პროგრამებში. ჩვენ ამ რესურსებს მთლიანად ვაძლევთ უნივერსიტეტებს, უნივერსიტეტებმა უნდა ასახონ თავიანთ პროგრამებში ჩვენი შექმნილი რესურსები და გააძლიერონ არსებული პროგრამები.
8 რეგიონული უნივერსიტეტია ჩვენი პარტნიორი, მათ შორისაა ბათუმის რუსთაველიც უნივერსიტეტიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტებსა და სკოლას შორის კავშირი გაიზრდება, რადგან სწორედ ისინი აწვდიან კადრებს სკოლებს და უკეთ იციან რა მოთხოვნაა ბაზარზე.
ჩვენ წინასწარ ვიკვლევთ უნივერსიტეტების საჭიროებებს და მათთან სამუშაოდ ჩამოგვყავს საუკეთესო საერთაშორისო ექსპერტები. ახლაც გადაგზავნილი გვაქვს კითხვარები უნივერსიტეტებთან – 21 თებერვალს ჩამოვა მათთან ძალიან ცნობილი პროფესორი განათლების მიმართულებით მაიკლ მილერი. მას ექნება როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო შეხვედრები უნივერსიტეტებთან.
მთავარი მიზანი დაწყებითი საფეხურის პროგრამების გაძლიერებაა და პედაგოგების პროფესიული განვითარება.
თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით „მასწავლებლის სახლში“, რომელიც ასევე ვალდებული იყო ეზრუნა პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე. როგორც ამბობდით, ბევრი რესურსი შემუშავდა მათი პროფესიული წინსვლისთვის, თუმცა ეს არ იყო მაინცადამაინც შედეგიანი. მასწავლებლების ნაწილი ამბობდა, რომ გადამზადების პროგრამები უხარისხო იყო. რატომ ვერ იქმნებოდა ხარისხიანი პროგრამები?
ჩვენც არაერთხელ ვცადეთ დაგვეძრა დეცენტრალიზაციის პროცესი პროფესიულ განვითარებაში, გვქონდა ხელმოწერილი დოკუმენტიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შევძელით ამ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება.
რატომ?
იდეურად მომხრე ვიყავით იმის, რომ სხვადასხვა პროვაიდერი ორგანიზაცია ჩართულიყო მასწავლებლების გადამზადებაში, რადგან რაც უფრო მრავალფეროვანია შეთავაზება, მით მეტია არჩევანიც.
მასწავლებელი 60 ათასია, შენ კი 2-3 ტრენინგს როცა აკეთებ, ყველასთვის ვერ იქნება საინტერესო. ზოგი დამწყები მასწავლებელია, ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე მათ სხვადასხვა საჭიროება აქვთ. როდესაც ცენტრალიზებულად ერთი ორგანიზაცია აკეთებს ტრენინგებს, ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ეს არის უკმაყოფილების საწყისიც.
ერთ-ორჯერ მოვახერხეთ და გამოვაცხადეთ საგრანტო პროგრამები პროვაიდერებისთვის, თუმცა ამას დასჭირდა თანხები, ტენდერები და არ აეწყო, ასე რომ ვთქვათ.
გარდა ხარისხისა, პედაგოგებს პრეტენზიები ჰქონდათ იმაზე, რომ მათ პროფესიულ ზრდაზე ის ადამიანები ელაპარაკებოდნენ, ვისაც საერთოდ არ ჰქონდათ მასწავლებლად მუშაობის პრაქტიკა და რეალურად ვერ გრძნობდნენ, რა ხდება კლასში.
სწორედ ამაზეა ახალი პროგრამა გათვლილი – ყველაფერი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული რეალურ ცხოვრებას, რეალურ საკლასო ოთახს. პროგრამის ექსპერტებიც ის ადამიანები იქნებიან, ვინც კარგად იცნობენ სკოლას. გვინდა, რომ სკოლა და უნივერსიტეტი დავაახლოოთ ერთმანეთს, ამიტომ უნივერსიტეტის ლექტორები შევლენ სკოლის მასწავლებლებთან, ლიდერ მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ. პროგრამა ითვალისწინებს გაკვეთილზე დაკვირვების კომპონენტს, რომ ვნახოთ რა ხდება რეალურად კლასებში, როგორ აისახა გადამზადება მასწავლებლებზე.
მასწავლებელი, რომელიც ამბობს, რომ კლასში არ აქვს ინტერნეტი, კომპიუტერი და სხვა საჭირო რესურსი, ხარისხიან გაკვეთილს ჩაატარებს?
როდესაც მასწავლებელი იწყებს მიზეზების ძებნას, თუ რატომ ვერ ატარებს ხარისხიან გაკვეთილს, ეს უკვე ცოდნის პრობლემაა და სინამდვილეში საკუთარ კომპეტენციებში ეპარება ეჭვი.
აქვე მინდა გამოვრიცხო პანდემიის პერიოდი და ეს ფაქტორი, რადგან დღეს მართლა რთულ მდგომარეობაში არიან პედაგოგები. მაგრამ, ჩვენ, ზოგადად, იმაზე ვსაუბრობთ, მასწავლებელს შეუძლია თუ არა საკუთარი ინსტრუქციების ცვლილებით, გაკვეთილის სწორად დაგეგმვით, ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით კარგი გაკვეთილის ჩატარება.
რა თქმა უნდა, კარგია, როცა ფიზიკური გარემო გიწყობს ხელს და კლასში ყველაფერი მოწესრიგებულია. კარგია ისიც, როცა სამასწავლებლოც მოწესრიგებულია და მასწავლებელს შეუძლია ამ გარემოში იმუშაოს და არ უწევდეს სახლში, საოჯახო საქმეების პარალელურად გაკვეთილების დაგეგმვა, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშეც შესაძლებელია კარგი გაკვეთილის ჩატარება. ნებისმიერი რესურსით შესაძლებელია კარგი გაკვეთილს ჩატარება.
როცა გეოგრაფიის მასწავლებელი ვიყავი, საერთოდ არაფერი მქონია კლასში… მაგრამ შეგიძლია ხელი მოკიდო ბავშვებს, ჩაიყვანო ეზოში და ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელო. კარგი შემოქმედებითი მასწავლებელი არის ის, ვინც იცის, რა აინტერესებთ მოსწავლეებს. ჩვენ მოსწავლეებს კი აინტერესებთ რეალურ ცხოვრებასთან კავშირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ტექნოლოგიებზე ვიყოთ მიჯაჭვულები. კარგია, მაგრამ შესაძლებელია ამის გარეშეც კარგი გაკვეთილის ჩატარება.
როგორც მითხარით, რვა უნივერსიტეტია ჩართული პროგრამაში. ისინი ყველა სკოლაში შეძლებენ შესვლას?
აუცილებლად შედიან ყველა სკოლაში. ესენი რეგიონული უნივერსიტეტები არიან, განაწილებული აქვთ სკოლები და ფარავენ ყველა სკოლას. თითო სკოლიდან მათ აჰყავთ 2-3 ლიდერი მასწავლებელი დაწყებითი განათლების კათედრიდან, აქვთ შეხვედრები მცირე ჯგუფებშიც და ახალისებენ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა ორი წელია დანერგილია არაქართულენოვან სკოლებშიც. სამწუხაროდ, ამ სკოლებში 1-2 წლის დაგვიანებით შედის ხოლმე ყველა სიახლე და ეს პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლებსაც.
როდის შეფასდება პროგრამის შედეგი, როგორ არის გათვლილი დროში?
პროგრამის მონიტორინგი წელს დაიწყება და ვნახავთ იმის შედეგს, რაც აქამდე გაკეთდა. ეს შეფასება გამოგვადგება საბოლოო შეფასებისთვისაც. ამავდროულად, საგაკვეთილო პროცესებზე დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ ეფექტური ინსტრუმენტები, რომლითაც შემდეგში დააკვირდებიან მასწავლებლებს.
დაკვირვების კომპონენტი გათვალისწინებულია მხოლოდ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება მათი შემუშავება და ეს არ არის ზოგადად მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი.
პროგრამის შედეგებს შეაფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეამოწმებს რამდენად ეფექტური იქნება ამ პროგრამის შედეგები.
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის არეჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ექსპერტებთან ერთად სწავლობენ სანაპირო ზოლს და გადაწყდება, თუ როგორ უნდა აღადგინონ-გაამაგრონ სანაპირო.
„ბოლო ორ თვის განმავლობაში, სანაპირო ზოლთან არსებული სიტუაციის გამო, ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან. დღეს ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ნაპირდაცვის სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის წარმომადგენლები, ყველა პასუხისმგებელი პირი, რომლებთანაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა და შევჯერდით კონკრეტულ მოცემულობებზე, სამომავლო პერსპექტივებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, ეროზირებული ტერიტორიების აღდგენა“, – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოების გატარებას აპირებს მერია, არჩილ ჩიქოვანს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საპროექტო დავალებების გაცემამდე შეისწავლიან პრობლემას და ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მოაწვდიან ინფორმაციას.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ დღეს წერილობით მიმართა ბათუმის მერს და მოითხოვა, რომ შეიქმნას ექსპერტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბულვარის სანაპირო ზოლში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის/გამყარების შედეგია, რადგანაც ხშირად სწორედ თავად დოლარი/ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს.
ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება. ამასთან, მართალია ჯერჯერობით არარეზიდენტების მიერ დეკემბერსა და იანვარში ლარში ინვესტირების მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც აქტივობა მაღალი იყო. ფისკალური კომპონენტი კი, იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერში დეფიციტი ტრადიციულად მაღალი იყო, ლარის გამყარების განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნებოდა.
ინფლაციის მხრივ, იანვრის თვიური მაჩვენებელი სამიზნეს აღემატებოდა. თუმცა, ეს სავარაუდოდ უფრო გამონაკლისია ბოლო თვეების საერთო დინამიკისგან, როდესაც წლიური ინფლაცია მაღალი იყო, თუმცა მხოლოდ 2021 წლის პირველ 7 თვეში დაფიქსირებული მაღალი თვიური ინფლაციის შედეგად. სადღეისოდ, როგორც დოლარის, ასევე განსაკუთრებით ეფექტური კურსის მხრივ, უფრო ძლიერი ლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ თიბისი კაპიტალის ინფლაციის წინა პროგნოზით დაშვებული მაჩვენებლები დაახლოებით იმავე დონეზეა, 2022 წლის ბოლო პერიოდის ინფლაცია უფრო სამიზნეზე დაბლაა, ვიდრე მასთან ახლოსა. ამდენად, ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში გუნდი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის, ვიდრე ეს 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზშია ასახული.
დამატებით, გასათვალისწინებელია შესაძლო რეგიონული სამხედრო კონფლიქტის თიბისი კაპიტალის აზრით ძალზედ მცირე, თუმცა მაინც გარკვეული ალბათობა. დოლარის მხრივ, მართალია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების საკმაოდ მკვეთრი აწევა უკვე საბაზო სცენარია, თუმცა თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ არაა აუცილებელი ამან დოლარის შემდგომი მატერიალური გამყარება გამოიწვიოს. უფრო მეტიც, წინა კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კომენტარი მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთის აწევის არ გამორიცხვის შესახებ, ბაზრებისათვის სიურპრიზი იყო და ევრომაც დოლართან პოზიციები მცირედით გაიმაგრა. ლირის კუთხით, თიბისი კაპიტალის წინა შეფასებასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი რწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლირის შემდგომი შედარებით ზომიერი დასუსტების შემთხვევაშიც, ეს ფაქტორი ეკონომიკის ზრდისა და ლარისათვის ძირითადი გამოწვევა არაა.
ლარის განაკვეთების მხრივ, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზი, სადაც 2022 წლის განმავლობაში 2 პროცენტული პუნქტით შემცირება ივარაუდებოდა, უცვლელია. პირველი, 50 საბაზისო პუნქტიანი შემცირება კი უკვე მარტშია მოსალოდნელი. ამასთან, ლარის შემოსავლიანობის მრუდი და ეროვნული ბანკის შედარებით მკაცრი ტონი, შესაძლოა განაკვეთის უფრო მომდევნო პერიოდში კლების არგუმენტი იყოს.
შეჯამების სახით, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 7 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
რუსეთის მიერ უკრაინასთან ძალების მობილიზაციის ფონზე, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა? ელიან თუ არა კიევში შეჭრას, რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების პოზიციაზე და მიიჩნევენ თუ არა საკმარისად არსებულ და შესაძლო სანქციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ესაუბრა.
იგორ დოლგოვი: შეიძლება გადაიდგას პატარა, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯები. მაგალითად, გერმანიის გუშინდელი გადაწყვეტილება, აიკრძალოს „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა. უკრაინაში ყველა რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალულია.
არის ეს საკმარისი? არა. რუსული პროპაგანდა ყველგან აქტიურობს, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინაში ახალი რუსულენოვანი ტელეარხი – „დომ“ დავაფუძნეთ. მისი მიზანია მიაღწიოს ოკუპაციის ხაზს იქით მცხოვრებ ადამიანებამდე. არც ესაა საკმარისი.
საუკეთესო პასუხი რუსულ ოკუპაციაზე უკრაინელების ცხოვრების დონის ზრდაა. სწორედ რომ უკრაინისა და საქართველოს წარმატებაა კრემლის მთავარი შიში. ჩვენი წარმატება რუსეთის ფედერაციაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს დააფიქრებს — „ისინი უკეთესად ცხოვრობენ“.
ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში. ისინი ხედავენ, რომ ბათუმი დიდად განსხვავდება სოხუმისგან. სოხუმი საბჭოთა წარსულში ცხოვრობს, ბათუმი კი თანამედროვე ქალაქია. მე როგორც ვიცი, სოხუმში ახალაშენებული მხოლოდ რუსეთის საელჩოს ბუნკერია.
ჩვენი აზრით, კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა არსებობს. დიპლომატია არ არის ერთადერთი საშუალება. დიდად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და მეზობლების მხარდამჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება არა მარტო განცხადებებით. ვაგრძელებთ აშშ-დან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან იარაღის მიღებას.
უკრაინაში, თავის მხრივ, ვაგრძელებთ სამხედრო ძალების გაძლიერებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით გაიზარდა უკრაინის სამხედროების რაოდენობა და გამოიყო დამატებითი ფინანსური რესურსები. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, ბრძოლა უკრაინას მოუწევს, არავინ მოვა ჩვენს ტერიტორიაზე უკრაინის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს დასაცავად. ესაა ჩვენი ვალდებულება და მზად ვართ. უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გზა დამოუკიდებლობის დასაცავად არ გვაქვს.
ყნოსვისა და გემოს დაკარგვა კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, რაც შესაძლოა 10 დღეში ან რამდენიმე კვირაში აღდგეს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი აღენიშნებათ, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩათ კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, კვლავ დაქვეითებული აქვთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი სპეციალურ სახელმძღვანელოში კონკრეტულ ვარჯიშებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.
თუ ყნოსვა და გემო გაქვთ დაქვეითებული, რეაბილიტაციის პროცესის გასამარტივებლად და დასაჩქარებლად:
დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, დღეში ორჯერ კბილების გახეხვით;
ჩაიტარეთ ყნოსვის ვარჯიშები, დაყნოსეთ ლიმონი, ვარდი, მიხაკი და ევკალიპტი 20 წამის განმავლობაში, დღეში ორჯერ;
სცადეთ ისეთი მწვანილის და სანელებლების დამატება საკვებში, როგორიცაა: წიწაკა, ლიმონის წვენი და ახალი მწვანილი, რათა გემო შეჰმატოთ მას, მაგრამ ფრთხილად იყავით, თუ კი კუჭის დაავადებები აღგენიშნებათ.
5 თებერვალს შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟის ერთი მონაკვეთი მიიტაცა, ჩამოშალა პრომინადის ნაწილი და დააზიანა პლაჟის ინფრასტრუქტურა. სასეირნო ბილიკები უკვე გაწმენდილია. ახალ ბულვარში პრომინადზე [გარდა ველობილიკისა] აკრძალვის ნიშნებია განთავსებული, თუმცა ადამიანები მაინც გადაადგილდებიან.
შტორმის დროს ზღვამ პლაჟის ნაწილი მიიტაცა
გეოლოგი ტარიელ ტუსკია, “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმთან შავი ზღვის სანაპიროს სჭირდება ე.წ. ხელოვნური კვება, ინერტული მასალის შეტანა და ჩაყრა სანაპიროზე. მისივე თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 2009 წელს შეიტანეს ინერტული მასალა. შემდეგ წლებში კი მსგავსი რამ აღარ მომხდარა.
ბულვარი შტორმის შემდეგ
ახალ ბულვარში ზღვის აბრაზია [ნაპირის ნგრევა] ბოლო წლებში გახშირდა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბათუმის სანაპირო გადარჩეს.
ზღვისგან მიტაცებული სანაპირო ბულვარშიდანგრეული სანაპირო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 31 სკოლაა გადასული.
კორონავირუსის გავრცელების გამო ბათუმში 15 სკოლა სწავლობს დისტანციურად, ხელვაჩაურში – 2, ქობულეთში – 4, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით მასწავლებელთა 5,8 და მოსწავლეების 2,1 პროცენტია ინფიცირებული.
მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ამ დროისთვის 73.6 პროცენტია.
რისკის ჯგუფიდან გამომდინარე დისტანციურ ფორმატში 146 მასწავლებელი მუშაობს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში.
ბათუმში, თამარის დასახლებაში, საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შეისყიდის. შესასყიდი დოკუმენტების სავარაუდო ფასის დასადგენად კი, კომპანია ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.
კომპლექსი ტბეთის ქუჩაზე, 5 111 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. ობიექტის სარეაბილიტაციო პროექტის ფასი კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტების მართვის კომპანიას 7 თებერვლის ჩათვლით წარუდგინონ. პროექტს თან უნდა ახლდეს ხარჯთაღრიცხვა – რა თანხა დასჭირდება კომპლექსის რეაბილიტაციას.
პირობის მიხედვით, საჩოგბურთო კომპლექსში საჭირო სივრცეები უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტებით; გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიაზე სახანძრო შესასვლელი, დარბაზის ინვენტარით მომარაგების გზა, საკომუნიკაციო არხები; ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.
გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი
დახურული კორტის და ადმინისტრაციის შენობაში ჩასატარებელი სამუშაოები მოიცავს: დახურული კორტის დარბაზის და მასში განთავსებული ადმინისტრაციის შენობის სახურავის დემონტაჟსა და სენდვიჩ-პანელის სახურავით გადახურვას; დარბაზის ფანჯრების და შესასვლელი კარის გამოცვლას; ადმინისტრაციის შენობის გარე ფასადისა და ინტერიერის მოწესრიგებას; დარბაზის უკანა ტერიტორიის გადახურვას საწყობის მოწყობისათვის; წყალანირების სისტემის მოწესრიგებას და სანიაღვრე ქსელზე დაერთებას; დარბაზის განათების სისტემის მოწყობას; გასახდელების კეთილმოწყობას.
ღია კორტის სრული რეაბილიტაცია მოიცავს: კორტების საფარის ტიპის ცვლილებას, კერძოდ, ტერიტორია უნდა გაიზარდოს კორტებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 2.5 მ-ით, მოიხსნას არსებული ამორტიზებული საფარი და მის ნაცვლად მოეწყოს ჰარდკორტის ტიპის საფარი… ასევე უნდა დაეგოს კაუჩუკი, ზედაპირი პორფილერით დამუშავდეს და 6 ფენა სპეციალური რეზინის საღებავით დაიფაროს; მოეწყოს განათების სისტემა და კორტის სხვა ინვენტარის (ბოძები, ბადეები, კოშკურები და სხვ.) დემონტაჟი და მონტაჟი;
ასევე დაგეგმილია წყალშემკრები ქსელის მოწყობა; ცენტრალური კორტის ტრიბუნის რეკონსტრუქცია – ორმხრივი ტრიბუნის მოწყობა; არსებული ბეტონის ღობის ამაღლება და კეთილმოწყობა.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სასტუმროს და დამხმარე შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას, შიდა და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობას – სასტუმრო კორპუსის პირველ სართულზე სამედიცინო, სამწვრთნელო და ტექნიკური დანიშნულების სივრცის მოწყობას, გარე ფასადის და სახურავის მოწესრიგებას;
დაგეგმილია არსებული დამხმარე ნაგებობის და მასზე განთავსებული ტრიბუნის დემონტაჟი და შემდგომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ეზოს გაფართოება; დარჩენილ ნაწილზე დამხმარე ნაგებობის – საერთაშორისო სტანდარტის გასახდელების, საშხაპეებისა და სასტუმროს 2 ნომრის მოწყობა; ეზოსა და გარე პერიმეტრის [ფილებისა და ბორდიურის] კეთილმოწყობა.
დაგეგმილია საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია ტერიტორიაზე, რომელიც წითელი ხაზითაა მონიშნული / ბათუმი, ტბეთის ქუჩა
2021 წელს ავტოავარიის შედეგად სულ 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის, 85 ქვეითი იყო. ავტოავარიით 16 წლამდე ასაკის 9 პირი გარდაიცვალა – ესეც მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სულ 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ცალკეა იმ ავტოავარიების სტატისტიკა, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა და ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა.
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ავტოავარიის შედეგად სულ 7705 ადამიანი დაშავდა.
აჭარის რეგიონში 2021 წელს 493 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ისეთი, რაზეც გამოძიება დაიწყო. ამ ავტოავარიების შედეგად აჭარაში წლის განმავლობაში 35 ადამიანი დაიღუპა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 2021 წელს 61 და მეტი წლის ასაკის 62 ადამიანი გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის.
2022 წლის 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ:
საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:
ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;
ან წარადგენს COVID-19-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;
ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
საელჩოს ცნობით, ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.